Tarnum
Sound of silence

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1340
წევრი No.: 42318
რეგისტრ.: 21-September 07
|
#10289176 · 3 Jul 2008, 12:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა. წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა. ნი ლამაზი იყო...
“ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ. წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.” წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს...
იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა. ნი ძალიან კარგი იყო..
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა. თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა "ნი" დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა. ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ცადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა. ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა. ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა... იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა. ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა. იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა: - ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო. ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა. იგიმ კიდევ თქვა: - ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა. ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის. ხოლო იგიმ კიდევ თქვა: - ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. ნი სწრაფად წამოჯდა. - იგის სხვა რამე უნდა? ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები.. იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მაინცადამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე. ნიმ თვალი გაახილა. - აღარ უნდა იგის ნისთან? იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა. "გავიდეს ნი იგის სხეულიდან!" ნი არ გადიოდა. მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა. " იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი". - მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო. სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა. ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა. თბილ სილაში ჩაიჩოქა.
"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან". ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა. "იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის".
"იგიმ დიდი რაღაც იცის"..
"ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს?"...
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა: - იგი სხვა ჯიშისაა. ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა. ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერთიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი. ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა. გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა. იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი. ირგვლივ დუმილი იდგა. იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.
იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში. ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა. - ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა. ნი ლამაზი იყო. - რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც. ნიმ წყნარად თქვა: - ნის იგისთან უნდა. იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა. - კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი. - არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა. იგის გაუკვირდა. - აბა, რა უნდა ნის? - ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას. "რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა. ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი... იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა. დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. - როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია... ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ ნიავივით დაიჩურჩულა: - იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.
ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ. იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში. ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი. ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო. იგი ნელა მიაბიჯებდა.. უცებ შეკრთა, სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა.. სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!" იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა. იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც. მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა. კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო".
P.s. არ შეიმჩნიოთ, გაატარეთ... ჩემთვის მოვინიშნე....
|