reality
dream is my reality

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1433
წევრი No.: 39929
რეგისტრ.: 13-August 07
|
#10463930 · 18 Jul 2008, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაჰათ-ლუხუმი მოხუც სულეიმანს სტამბოლის გარეუბანში გადავეყარე.
სხვისა არ ვიცი და მე კი, რამდენჯერაც მოგზაურობიდან შინ დავბრუნებულვარ, ყველაზე ტკბილ მოგონებად მუდამ უცხო ქალაქების შუკებსა და ქუჩაბანდებში ხეტიალი გამომყოლია. ამიტომ იმ დღესაც, დამთავრდა თუ არა დარბაზობა სულთნის დიდ ვეზირთან, ჰერცოგს დავეთხოვე და მყისვე სახეტიალოდ გავეშურე. ძველ მესას რომ გავცდი, გეზი დასავლეთით ავიღე, გადავწყვიტე, ის ადგილები მენახა, სადაც, გადმოცემის თანახმად, ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ მეოთხე კონსტანტინოსის დროს გააშენეს საუცხოო ბაღები და ვენახები.
ალალბედზე მივდიოდი და იმ პატარა, დამრეც, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზეც შემთხვევით აღმოვჩნდი.
როგორც კი შევუხვიე, მაშინვე დავინახე მოხუცი თურქი, რომელიც გარინდებული იჯდა მზის გულზე, გზის პირას, ღობეზე მიმაგრებულ დაბალ, ვიწრო მერხზე; გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელები მუხლებზე ეწყო, ოდნავ წინ წახრილიყო და თვალები მიელულა; ვერ გაიგებდით, ფიქრებს მისცემოდა თუ თვლემდა. ფეხებთან სახელდახელო ყუთი ედგა და შიგ რაჰათ-ლუხუმის მოგრძო, ოთხკუთხა ნაჭრები ეწყო. სიბერეს (და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარებას) ისე გაელია, ისე ჩამოედნო და გამოეშრო, შორიდან პატარა და ჩია მომეჩვენა, თუმცა მერე, კარგად რომ დავაკვირვდი, მივხვდი, რომ გვარიანად მაღალი კაცი ყოფილა. შავგვრემანი სახე, რომელსაც უკვე ავადმყოფური სიყვითლე შეჰპარვოდა, ღრმა და ხშირი ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ყვრიმალის ძვლები ისე ამოშვეროდა, თხელი, სიფრიფანა კანი ძლივსღა უფარავდა. თავზე წითელი ჩალმა ეხურა, გრძელი, ჭაღა¬რა, ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა. ღრმად ჩამსხდარ, წვრილსა და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუთოების ქვეშ სახედველად მცირე ნაპრალიღა დარჩენოდა. იჯდა ასე ვიწრო მერხზე, გამომხმარი, გამოფიტული და უცხოდ, არაამქვეყნიურად გარინდებული, თითქოს სულს პატრონი სახლიდან გაეგდო და ქუჩის პირას რაჰათ-ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა, რათა მარტო დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე ეფიქრა, რასაც სხეულთან უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.
სტამბოლში, ამ დიდ, ჭრელსა და ხმაურიან ქალაქში, სადაც მოგზაურის თვალს ათასი რამ ახარებს და ატკბობს, თრაქიასაგან გამომშრალი ბერიკაცები, რომელთაც ყოველ ქუჩაზე თუ არა, ყოველ მეორე ქუჩაზე მაინც წააწყდები, დიდი ვერაფერი სანახაობაა. მეც ერთი შევავლე თვალი რაჰათ-ლუხუმის მოხუც გამყიდველს და, მისი ხმა რომ არ გამეგონა და მისი სიტყვებისთვის არ მომეკრა ყური, რომლებიც ასე უცნაურად ჩამრჩა გულში, ყურადღებას არ მივაქცევდი და, ისე გავემგზავრებოდი სტამბოლიდან, ამ ქუჩისკენ პირს აღარ ვიზამდი.
ტუჩებს რომ აცმაცუნებდა, ეს შორიდანვე შევნიშნე, მაგრამ ამის გამო ცნობისწადილი არ აღმძვრია, რადგან კარგად ვიცი, რომ მოხუცებს სჩვევიათ ხმამაღლა ფიქრი (პაპაჩემმაც ასე იცოდა).
ამასობაში ახლო მივედი და იმ ადგილიდან, სადაც პირველად მოსწვ¬და ყურს მისი ხმა, ვიდრე იმ ადგილამდე, საცა ეს ხმა ისევ მიწყდა, მკაფიოდ გავიგონე (თურქების ენა მაშინ უკვე კარგად ვიცოდი) სიტყვები: “...უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული! ო, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ფერფლი და ნაცარი დარჩება...”
ეს სიტყვები ჯერ თითქოს შორიახლო მომდევდნენ. ქუჩა რომ ჩავათავე, მაშინღა წამომეწივნენ და ისეთი ხმაურით შემოცვივდნენ გონებაში, რომ შევკრთი და შევჩერდი. ვის ემუქრებოდა ასე გაბოროტებით ეს კაცი, რომელიც ოთხმოცდაათს გადაცილებული თუ არა, მიტანებული მაინც უნდა ყოფილიყო და ალბათ უკვე იმ ქვეყნისად უფრო ითვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნისად? ასე მწარედ რა ჩაჰყვა სულში, რომ ღრმა სიბერეშიც კი, როცა კაცი ღვთის სიახლოვეს უნდა გრძნობდე და მასთან შეყრის მოლოდინმა ყველა ამქვეყნიური ამაოება, ავიცა და კარგიც, უნდა დაგავიწყოს, ჯავრი ვერ მოენელებინა?
ერთი დაპირება გზის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ გულმა არ მომითმინა, მივტრიალდი და უკან წავედი. ამჯერად უფრო ნელა მივაბიჯებდი იმ იმედით, რომ მეტს გავიგონებდი და ეგებ გამეგო კიდეც, ასეთი რა ბალღამი უტრიალებდა გულში. მალე შევნიშნე, რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა. ტუჩების ცმაცუნი შეეწყვიტა, უკვე სრულიად გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე ღრმად ჩაძირულიყო უცხო გარინდებაში, რომ დასჭირვებოდა, ალბათ, თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი თავის მოძებნა. მაგრამ სწორედ იმ წამს, რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა ჩამევლო, მოულოდნელად ცივი, გამკინავი ხმით დასძახა:
– იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
და ისევ ისე, ერთბაშად და მოწყვეტით, გაჩუმდა.
ამ ხმის გაგონებაზე ისე შევკრთი, წამით მომეჩვენა, თითქოს მკვდარმა დაილაპარაკა, რომელსაც უეცრად მოაგონდა, რომ სიცოცხლეში რაღაც დარჩა სათქმელი. ასე იყო თუ ისე, მოხუცი არ შერხეულა, ძარღვი არ შეტოკებია და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ალბათ თვითონაც არ გაუგია.
მე შევჩერდი და ერთხანს შევიცადე, მაგრამ რა დავინახე იმქვეყნი¬ური სიღრმიდან ამოსვლას აღარ აპირებდა, გამოლაპარაკება ვერ გავბედე, უკანვე გავტრიალდი, სხვა ქუჩაში შევუხვიე და ჩემი გზა განვაგრძე.
იმედი მქონდა, სტამბოლის დიდებული სანახების წყალობით მოხუცის უცნაური სიტყვები მალე გულიდან გადამვარდებოდა. ჩემდა გასაკვირად პირიქით მოხდა: რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ფიქრები მით უფრო მჭიდროდ იყრიდნენ თავს რაჰათ-ლუხუმის გამყიდველის ირგვლივ. რა უკეთური ძალა ტანჯავდა ასე საბრალო ბერიკაცს? რომელი მიწა-წყალი უნდოდა ამოეწვა ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე? რა ბოღმა და ნაღველი ჰქონდა ასეთი, რომ ამქვეყნად ვერ მოეშორებინა და იმ ქვეყნად მიმავალს თან მიჰყვებოდა?
ეს კითხვები ისე მაწვალებდა და მაფორიაქებდა, რომ ვერ მოვისვენე და მეორე დღეს, მზის ჩასვლის ჟამს, კვლავ იმ ქუჩას მივადექი.
მოხუცი იქ დამხვდა, საცა დავტოვე. იჯდა გაშეშებული, გარინდებული, ფიქრებში ჩაძირული. მე ნაბიჯი შევანელე და გამოლაპარაკების საბაბს დავუწყე ძებნა. ბედად, ახლო რომ მივედი, ტუჩები ააცმაცუნა და მალე წუწუნს მოჰყვა:
– შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი, ომან ფაშავ, ჩემო არწივო, მაგრამ მოხუც სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სასახლეში სხედან და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ... ესა თქვა და გაჩუმდა.
მაშინ მე მორიდებით შევეხმიანე:
– მიუტევე კადნიერება უცხო ქვეყნიდან მოსულ მოგზაურს. ჩემდა უნებურად ყური მოვკარი შენს მწუხარე სიტყვებს და დაუძლეველმა ცნობისწადილმა შემიპყრო; ჩანს, ომან ფაშას ამბავი ფრიად საგულისხმო და ღირსსაცნობი უნდა იყოს. მოხუცი არ შერხეულა. ვიფიქრე, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონა-მეთქი, და ის იყო თავიდან უნდა დამეწყო, რომ უცებ ნაღვლიანად და სინანულით თქვა:
– ხედავ, ჩემო დიდებულო ომან ფაშავ: შორეული ქვეყნებიდან უცხო გვარ-ტომის ხალხი მოდის შენი ამბის გასაგებად... – აქ ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე თავი ნელა ასწია, ჯერ ჩემს დაშნას დააცქერდა, მერე მანტიას ისე ააყოლ-დააყოლა მუშტრის თვალი, თითქოს რაღაცას ანგარიშობსო, ბოლოს ცივი მზერა სახეზე მომაბჯინა და უცებ დაჰკივლა: – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
მიყურებდა და მიმქრალ თვალებში მოლოდინი ედგა. მე აღმოსავლეთის ქვეყნებში ბევრი მიმოგზაურია და ადვილად მივხვდი, რომ ომან ფაშას ამბის საფასურად რაჰათ-ლუხუმის ყიდვა მომიწევდა. ტკბილეულის მოყვარული საერთოდ არა ვარ, მით უმეტეს მისი ხელით მოწოდებული არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ ახლა ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი ცნობისწადილის დაკმაყოფილება, ამიტომ სწრაფად გავიკარი ხელი ჯიბეზე და რაჰათ-ლუხუმი გამოვართვი.
მთელ სტამბოლი რომ მოგევლოთ, ამაზე უგემურ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავდით. ერთი კი შევშინდი, მოხუცს არ შეემჩნია, რა ზიზღით ვჭამდი მის ნაქებ ნუგბარს, და ცალი თვალით ქურდულად გავხედე, მაგრამ მას ჩემთვის აღარ ეცალა: ფული კარგად, დაკვირვებით გასინჯა, მერე ხვანჯარი გაიწია და შარვლის ქვეშ ჩაიტენა. ამას რომ მორჩა, ხელები მუხლებზე დაიწყო, მილულული თვალები შორს, ჩემთვის უხილავ რომელიღაც წერტილს მიაპყრო და გაირინდა. მანამ იჯდა ასე გარინდებული, სანამ დანაოჭებულ სახეზე სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანი არ წაეშალა. როდესაც მთლიანად ჩაიძირა სადღაც, არარსებობის უფსკრულში, და მეგონა მეც დავავიწყდი და რაჰათ-ლუხუმიც-მეთქი, უცებ დაბალ ხმაზე მოთქმით თუ წამღერებით დაიწყო:
– ო, ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ, მოხუცი სულეიმანის იმედო და სასოებავ! ო, ლომისა და მზის ნაშიერო! შენი მხარ-ბეჭი ფართო იყო, როგორც ქაფადაღის მთა, შენი ტანი ჩამოქნილი იყო, როგორც თაფლის სანთელი, შენი თვალები კაშკაშა იყო, როგორც ზაფხულის მზე! შენი მშვენიერი პირისახის დანახვაზე ტურფა ხათუნები ჩუმად ოხრავდნენ! მე შენ არწივად და შევარდნად გზრდიდი, რათა ღრუბლების თავზე გეფრინა. ო, მამაცო და ლომგულო! შენი მოკვეთილი თავი მკვდარ მზეს ჰგავდა, ბრძენო და გმირო! შენ მთვარე ტახტად უნდა გდგმოდა, ვარსკვლავთა ჯარი ფეხქვეშ ხალიჩად გფენოდა და მზე ჩირაღდნად გნთებოდა, ო, ომან ფაშავ!..
აქ მოხუცი გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო, მერე ნელ-ნელა გამოერკვა, სახეზე კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის მცირედი ნიშანი, თვალებშიც ძველებური სიცივე ჩაუდგა, მძიმედ ასწია თავი, ერთი გაკვირვებით ამათვალ-ჩამათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ ვიყავი და აქ რა მინდოდა, ბოლოს ისევ სივრცეს ჩააცქერდა, წეღანდელივით ჩაიძირა სადღაც, უხილავ სიღრმეში, და ახლა უკვე წყნარი, ბუნებრივი ხმით განაგრძო:
– მეშვიდე წელიწადში იდგა, როდესაც მის მასწავლებლად მიმიწვიეს. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ბევრი რამ მენახა და ბევრი რამ ვიცოდი. თავიდან საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა და მალე მამაცი და თავზეხელაღებული მეომრის სახელი დავიგდე. ბრძოლა რომ მომბეზრდა, ხან ყურანის შესწავლას მივყავი ხელი, ხან სიბრძნისმეტყველებას ჩავუღრმავდი; ერთხანს ლექსებსაც ვთხზავდი და სასახლის მგოსნებს ვეჯიბრებოდი. მაგრამ ბოლომდე არც ერთ საქმეს არ მივყოლივარ. დაუდგრომელი გული მქონდა, ყველაფერი მალე მყირჭდებოდა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებდი. თავად არ ვიცოდი, რა მინდოდა. ომან ფაშას მასწავლებლად რომ მიმიწვიეს, ჯერ უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე დავთანხმდი. ვიფიქრე, როცა მომბეზრდება, ავდგები და ამასაც მივატოვებ-მეთქი. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე ალაჰის ნებით ჩემი ცხოვრების თავ-მიზანს მივდგომოდი, სწორედ ის მეპოვა, რასაც მთელი სიცოცხლე შეუცნობლად ვეძებდი! ომან ფაშა საკვირველი ყმაწვილი გამოდგა. მარდი იყო, მოქნილი, შეუპო¬ვარი ხასიათი ჰქონდა და მკვირცხლი გონება. ჯერ კიდევ ბალღი ისე დააგელვებდა უბელო რაშს, როგორც ზღაპრული ჭაბუკი, ხმალს გაწაფული მეომარივით ატრიალებდა, ყურანის ცოდნით სწავლულები განცვიფრებაში მოჰყავდა. ყველაფერი უხვად ჰქონდა მომადლებული – ჭკუა-გონებაც, ძალ-ღონეც, სილამაზეც. ერთი სიტყვით, ალაჰის ბრწყინვალე მზის ქვეშ საუკეთესო შეგირდმა საუკეთესო ოსტატი იპოვა. და მე კადნიერი მიზანი ამოვიჭერი გულში: გადავწყვიტე, ისე გამეზარდა, მთელ ოსმალეთში მისი მჯობნი არავინ ყოფილიყო და, თუ ალაჰიც ინებებდა, თავის დროზე სულთნის ტახტი ჩაეგდო ხელთ. ომან ფაშა სულთნად იყო დაბადებული, მაგრამ ამისათვის ოსტატად სულეიმანი უნდა შეხვედროდა, ხოლო სულეიმანი სულთნის აღმზრდელად იყო დაბადებული, მაგრამ ამისთვის შეგირდად ომან ფაშა უნდა შეხვედროდა. რაკი ამ შეხვედრას დიდმა ალაჰმა დასტური მისცა, ჩემს სიცოცხლეს ამის შემდეგ სხვა მიზანი არა ჰქონია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნ¬დებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და თანდათან ნათლად ვხედავდი ჩვენს მომავალს: ის, მზე და ლომი, დიდი და ბრწყინვალე სახელმწიფოს ტახტზე იჯდა, მე კი, მისი გამზრდელი და მთავარი მრჩევე¬ლი, მხარმარჯვნივ ვედექი... ოცი წლისა რომ შეიქნა, მისი განსწავლულობის, სიბრძნის, გონიერებისა და ჭაბუკისთვის ესოდენ ნაადრევი სიდინჯისა და წინდახედულობის ამბავი სასახლეში უკვე ცნობილი იყო. მისი თვალტანადობა, პირმშვენიერება, მომხიბლაობა, თავდაჭერილობა და სიტყვა-პასუხი მთელ სტამბოლს პირზე ეკერა. მალე ძალგულოვნება და სიჩაუქეც დაამტკიცა: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა და სახელიც გაითქვა, სულთნის წინაშე წარვადგინე გამოსაცდელად და დიდი აღლუმის დროს, რომელიც სულთნის დაბადების დღეს მიეძღვნა, ქვეყნის საუკეთესო მხედართა და მეომართა ასპარეზობაზე ყველა სახელგანთქმული ვაჟკაცი დაჯაბნა. სულთანი დიდად ნაამები დარჩა. გამარჯვებული ომან ფაშა შვილივით მიიღო და გურჯისტანიდან თავის დროზე დავლად წამოღებული ოქროსტარიანი ხანჯალი უბოძა. ო, რა დიდებული სანახავი იყავი, სწორუპოვარო ომან ფაშავ, როდესაც სულთნის წინ მუხლმოყრილმა ნაჩუქარი ხანჯალი ბაგეებთან მიიტანე და ეამბორე!.. იმ დღეს ჩემმა არწივმა ფრთები ისე დაიქნია, რომ ცხადი შეიქნა, ასაფრენად უკვე მზად იყო. მაგრამ დიდი სიფრთხილეც სწორედ ამ დროსაა საჭირო. მართალია, სულთანმა შვილივით მიიღო და მიეალერ¬სა, მაგრამ ამან სასახლის დიდებულთა უგუნურ შურს კიდევ მეტი ცეცხლი შეუნთო, არწივი კი ჯერ იმდენად მოღონიერებული არ იყო, მტრებისა და მოშურნეების თვალწინ შიგ სატახტო ქალაქის შუაგულში აფრენილიყო. ახლა ყველაფერს ისა სჯობდა, სადმე, ქვეყნის განაპირა მხარეში წავსულიყავით, სადაც თავის გამოჩენა უფრო იოლია, და როცა დიდების შარავანდედით დაბრუნდებოდა, ჯარისკაცების შური და მტრობაც შიშად და მოწიწებად იქცეოდა. ბევრი ვიფიქრეთ და არჩევანი გურჯისტანის ვილაიეთზე შევაჩერეთ. იქ, ყიზილბაშებთან მეტოქეობაში, ჭკუაც უკეთ გამოჩნდებოდა და მკლავიც. ოღონდ ყოველივე ისე მოვაწყეთ, თხოვნა არ დაგვჭირვებოდა. რომ გვეთხოვა, დიდებულებს ეგებ ეჭვი აეღოთ და საქმე უკუღმა შეეტრიალებინათ. ჩვენ ჭკუა ვიხმარეთ და სწორედ ის დიდებულები გამოვიყენეთ, რომლებსაც ომან ფაშა ყველაზე მეტად სძულდათ. მოხერხებულად ჩავაწვეთეთ ყურში, რომ ომან ფაშას აღზევება მათს სიძლიერეს დიდ ხიფათს უქმნიდა და ერჩივნათ, სანამ დრო იყო, თავიდან მოეშორებინათ და სადმე შორს, ვთქვათ ახალციხეში, გადაეკარგათ. ხერხმა იოლად გაჭრა და ამგვარად განზრახვა ჩვენივე მტრების ხელით შევისრულეთ. ომან ფაშა ახალციხეში დაინიშნა ჯარის უფროსად... – აქ მოხუცმა თავი ჩაჰკიდა, – ეე-ჰე-ჰე-ჰე, ჩემო ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ! შენ კი ალაჰის კალთაში გიდევს თავი, მაგრამ საბრალო სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ... – მოხუცი გაჩუმდა. მე ვიდექი და მოთმინებით ველოდი.
ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო:
– ახალციხეში მართლაც სულ მალე დიდი სახელი მოიხვეჭა. განსაკუთრებით მეომრებს უყვარდათ, ისე უყვარდათ, მისი გულისთვის თუნდაც ცეცხლში გადაცვივდებოდნენ. ყველაფერი რიგზე მიდიოდა. ახლა საჭირო იყო ერთი დიდი ბრძოლა გადაგვეხადა და ისე მოგვეგო, რომ მთელი სტამ¬ბოლი აგველაპარაკებინა. ომან ფაშა არ ჩქარობდა და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. მალე ეს შემთხვევაც მოგვეცა. დაჰკრა გადამწყვეტმა ჟამმა. ო, რა კარგად გვქონდა მთელი გეგმა დაწყობილი და მოფიქრებული! თუ ალაჰი არ გადაგვიდგებოდა, სხვა ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს: ლუარსაბ-ხანს დატყვევებულს მივგვრიდით დიდ სულთანს, მთელ გურჯისტანს, ვიდრე კახეთამდე, ოსმალეთის ხელდებულად ვაქცევდით და პირშიჩალაგამოვლებულ ირანის შაჰს სიმწრისაგან სულ წვერს ვაგლეჯინებდით. მაშინ გამარჯვებული არწივიც ისეთ კამარას შეკრავდა, მისი მტრები და მოშურნეები კურდღლებივით სოროებში მიიმალებოდნენ. მაგრამ ვაი, რომ ჩვენს სანუკვარ იმედს აღსრულება არ ეწერა... ეეჰ, ალი მირზა, როგორ გაცუდდა შენი მისნობა!.. – აქ მოხუცი ისევ გაჩუმდა და დიდი ხნით ჩაიძირა ფიქრებში. მერე, როდის-როდის, განაგრძო, – ათასი წელ რომ ვიცოცხლო, ათასი წელი ჩემთან ერთად იცოცხლებს ის საშინელი სანახაობა, რომელსაც მას შემდეგ მუდამდღე ვხედავ და ვერსად დავმალვივარ... პირველი ბრძოლა გურჯებმა ვიწრო ხეობაში გაგვიმართეს. თუმცა იმ ბრძოლას ბრძოლა არც ეთქმოდა, თამაში უფრო იყო, რადგან გურჯები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ იმას ცდილობდნენ, დავეყოვნებინეთ და დრო მოეგოთ, რათა ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. მართალია, იმ უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ დაღლილობისაგან ფეხზე ძლივსღა ვიდექით, მაგრამ ასეთ მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეს მაინც იოლად ვეყოფოდით და, ესეც არ იყოს, ბრძოლის დროს კაცს დაღლა სწრაფად გავიწყდება. აბა, მაშინ რა ვიცოდით, რომ თურმე ალაჰმა ხელი აგვაღო და ბედისწერა ფეხდაფეხ მოგვდევდა!.. ფიცხელი ბრძოლა ატყდა, ჩანს, გურჯებს ჩვენს შესაკავებლად სულ დარჩეული მეომრები გამოეგზავნათ. გუნდ-გუნდად ვიბრძოდით. მე ბრძოლაში გავერთე და არ გამიგია, როგორ დავშორდი ომან ფაშას. ესეც, ეტყობა, ალაჰის ნება იყო და ბედისწერის განჩინება, თორემ აკი დათქმული მქონდა, ჩემს გაზრდილს გვერდიდან არასოდეს მოვცილებოდი! ახლაც არ ვიცი, ასე როგორ გამიტაცა ბრძოლამ, რომ აღთქმა დავარღვიე. ოი, ბედკრულო სულეიმან! დავარღვიე თუ არა აღთქმა, მოსახდენიც მაშინვე მოხდა: ბრძოლაში გართულს უეცრად რაღაც საზარელი, ველური კივილი შემომესმა, რომელიც დღესაც ყურებში მიდგას: “ჰაიტ! ტა-ტა-ტა-ტა-ტა!” ისეთი ხმა იყო, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ხმალი ჰაერში გამიშეშდა. წამიც და ჩემი მოპირდაპირე დამასწრებდა. ნეტა დაესწრო! ნეტა ნაწილ-ნაწილ ავეკუწე! მაშინ ხომ ჩემი უბედური თვალები აღარ იხილავდნენ იმას, რაც იხილეს!.. სწრაფადვე მოვეგე გონს, მოწინააღმდეგეს ხმალი მხარში დავკარი და, ცხენიდან რომ გადმოვარდა, იმ მხარეს მივიხედე, საიდანაც ის შემაძრწუნებელი ხმა მომესმა... ო, მუხთალო წუთისოფელო! ო, ბედისწერის მსახვრალო ხელო!.. მივიხედე და ვხედავ, ჩემი არწივი შუბით მკერდგანგმირული მიწაზე გდია, ზედ ერთი ვეება, გაბურძგნული გურჯი დადგომია, ცალი ხელი წვერში ჩაუვლია, მეორეში ხანჯალი უჭირავს და ყელს ღადრავს... გონს რომ მოვეგე, უკვე ცხენზე იჯდა და ომან ფაშას თავი ხელში ეჭირა. აქ სხვებმაც დაინახეს და ისინი, ვინც უფრო ახლო იყვნენ, ხმალამოწვდილები მისკენ გაქანდნენ. ხიფათი რომ იგრძნო, გურჯმა ომან ფაშას თავი უეცრად პირისკენ წაიღო. ო, ალაჰ! იდიდოს შენი სახელი! მეგონა, შეჭმას უპირებს-მეთქი. გაოგნებული შევცქეროდი. გურჯმა კი ომან ფაშას თავი წვერით კბილებშუა მოიქცია, ხელი გაითავისუფლა, ხმალი იშიშვლა და ცხენი ადგილს მოწყვიტა. ომან ფაშას თავი მის ბანჯგვლიან მკერდზე უსასოოდ კონწიალობდა. თითქოს რაღაც უმძიმეს კითხვაზე მწარე დასტურს იძლევაო. სანამ რამეს მოვისაზრებდი, გურჯმა დაბნეულ მეომრებს შორის ცხენდაცხენ გაიკაფა გზა და მალე თვალს მიეფარა... – მოხუცმა თავი ჩაჰკიდა და შეძრწუნებით ჩაიბუტბუტა, – შორიდან ორთავიან ურჩხულს ჰგავდა... – აქ გაჩუმდა და დიდხანს ჩუმად იყო. ვიდექი და ველოდი. მოხუცი როგორც იქნა გამოერკვა, ერთი შემოხედვა შემომხედა კიდეც ჩაბჟუტული თვალებით, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.
მე ერთხანს კიდევ შევცქეროდი მოლოდინით და ბოლოს, რაკი დუმილს განაგრძობდა, ვკითხე:
– მერე? მერე რაღა მოხდა, სულეიმან ეფენდი?
მოხუცმა ოდნავ ასწია თავი და მოჭუტული თვალები შორეულ სივრცეს მიაპყრო.
– რაღა უნდა მომხდარიყო... – თქვა წყნარად და მწარე ნაღველით, – მზე ჩაქრა და ქვეყნიერება სიბნელეში გაეხვია... სარდლობა ისმაილ ფაშამ ითავა, მაგრამ აბა ისმაილ ფაშა ომან ფაშას მაგივრობას როგორ გასწევდა!.. აკი ვერც გასწია. გადამწყვეტ ბრძოლაში, მდინარის პირას, რომელიც ჩვენი მდინარეა, რადგან ჩვენი მიწიდან მიედინება, ლუარსაბ-ხანმა და სააკაძემ ისეთი დღე დაგვაყარეს, ახალციხეში რამდენიმე კაციღა დავბრუნდით... ეეჰ, სული ტკბილია, თორემ დაბრუნებას სიკვდილი მიჯობდა. აბა, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას განა კიდევ ცხოვრება ჰქვია?!.
მოხუცი კვლავ გაჩუმდა. ამჯერად დუმილი ჩვეულებრივზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს, რა შევიტყე, ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, გავბედე და, უხერხულობა რომ გამეფანტა და ჩემი თავიც შემეხსენებინა, ვთქვი:
– საკვირველი კია, ასეთ ვაჟკაცს იმ გურჯმა როგორ აჯობა...
მოხუცმა ცერად გამომხედა და მინავლულ თვალებში წამით თითქოს ზიზღი გაუკრთა. მერე მზერა ისევ ამარიდა, სივრცეს ჩააცქერდა და გაირინდა. მეგონა, კვლავ ფიქრებში ჩაიძირა-მეთქი, მაგრამ უცებ შემცივნულივით გააკანკალა და გამოერკვა.
– ის ჯოჯოხეთი, რომელიც, ახლაც არ ვიცი, მართლა გადაგვხვდა თუ მოგველანდა, ჯერ კიდევ თვალწინ გვედგა. ყველაზე მეტად ომან ფაშა იყო გაოგნებული. დროდადრო გახევდებოდა, ლაპარაკს შუა სიტყვაზე შეწყვეტდა და თვალი გაუშტერდებოდა. ახლა დანამდვილებით ვიცი, იმ წყეული მღვდლის უცნაურ ღიმილს ხედავდა, ტანჯულსა და ნეტარს. ერთხელ ყურიც მოვკარი, ამგვარად გახევებულმა როგორ ჩაილაპარაკა: “აკი ყველანიო, ალი მირზავ? მაშ, ეს რა იყო?..” ასეთ დროს ბავშვიც კი აჯობებდა. ჩანს, ბრძოლაშიც ეგრე მოუვიდა. აკი ვამბობ, იმ წყეული მღვდლის სული ბედისწერასავით მოგვდევდა ფეხდაფეხ... თორემ ისე ერთი გურჯი რას მიქვია, გურჯების მთელი გუნდი ვერ გაუმკლავდებოდა.
აღმოსავლეთში კაცს თავშეკავება გმართებს. სულწასულობა თუ შეგატყეს, ძვირად დაგისვამენ. მაგრამ ეს სიბრძნე მაშინ გულიდან გადამვარდა, ცნობისწადილი ვეღარ დავიოკე და მოუთმენლად ვკითხე:
– ასეთი რა შეგემთხვათ, სულეიმან ეფენდი? ან ის მღვდელი ვინ იყო?
მოხუცმა მწარე სინანულით გადაიქნია თავი.
– შორეული ქვეყნებიდან მოსული უცხო გვარ-ტომის ხალხი მღვდლის ამბავსაც კითხულობს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო... თუმც რა გასაკვირია: განა ის წყეული მღვდელი შენი ბედისწერა არ იყო?! ალაჰის ნება, ალაჰის რისხვა და ალაჰის მახვილი... – და უცებ დაჰკივლა, – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
აქ პირველად გამკრა ეჭვმა, ეგებ ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ხრიკია, რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოგონილი, და ვინ იცის, ცბიერი მოხუცი გულში ჩემს მიამიტობაზე იცინის-მეთქი. არადა, მე აქ, სტამბოლში, ჰერცოგს სწორედ სავაჭრო საქმეთა მრჩევლად ვახლდი! მაგრამ, ტყუილი იყო თუ მართალი, ომან ფაშას თავგადასავალმა უკვე ისე გამიტაცა, რომ უკან დახევა აღარ შემეძლო. ამიტომ კიდევ ერთი ულუფა ვიყიდე და ძალისძალად შევჭამე. მოხუცმა ფული წეღანდელივით ყურადღებით გასინჯა, შარვალში ჩაიტენა, მერე ხელები მუხლებზე დაიწყო, გაშეშდა, გაირინდა და, საბოლოოდ რომ ჩაიძირა სადღაც, თვალუწვდენელ სიღრმეში, წეღანდელივით მოთქმითა თუ წამღერებით ალაპარაკდა:
– ო, წყეულო მიწავ, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ალაჰი უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული. ო, ბოროტებისა და უკეთურობის აკვანო! ცეცხლის ენები გადაბუგავს შენს სამყოფელს! სისხლის მდინარეში დაიხრჩობი! ფერფლი და ნაცარი დარჩება შენი ქალაქებიდან და დაბებიდან! – ეს რომ თქვა, მოხუცი გაჩუმდა. ერთხანს ჩუმად იყო და მერე წყნარად განაგრძო, – ომან ფაშა ახალციხეში ჯარს წვრთნიდა და ბედს ელოდა. ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლოდინი შეუძლია. მართლაც, ერთ დღეს ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში დაედო ბინა, რომელიღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველაფერი მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზადისს. თუ საზღვარს სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად შეგვეძლო მოულოდნელად დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგვეგდო თავის ამალიანად, რომელთა შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკაძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო დიდებულთაგანი გვეგონა, სხვათა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და ტარტაროზი გაგვიშვია ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც მისი მუხანათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო... მე და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკლებად ვიცნობდით. მართალია, ახალციხეში მრავალი გურჯი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი უმეტესად ქლესა მონები იყვნენ, ხოლო მონების მიხედვით რომ მთელ ხალხზე იმსჯელო, უეჭველად მოტყუვდები. ჩვენი ვარაუდით, როდესაც ლუარსაბ-ხანს შევიპყრობდით, ქართლის გამგებლობას სულთანი ომან ფაშას მისცემდა. უცხო ქვეყანა რომ მართო, დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს. მონების ცნობა აქ არას გარგია, მონა ყველგან ერთნაირია. ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო, უნდა მიუხვდე, რა გულისთქმა აქვს, რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო, რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული. იმ დროს ახალციხეში მრავალი დიდებული იყო, გურჯისტანს რომ კარგად იცნობდა, მაგრამ მე და ომან ფაშამ ალი-მირზასთან დათათბირება ვამჯობინეთ. ალი-მირზას მრავალი წელი დაეყო გურჯისტანში და კიდევაც დიდხანს აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქართლის მაშინდელმა მპყრობელმა, სვიმონ-ხანმა, რაღაცაზე აითვალწუნა, აუხირდა, ბოლოს, საბაბი რომ ჰქონოდა, მსტოვრობა დასწამა, დაასაჭურისებინა და თავისი სამფლობელოდან გამოაძევა. მას შემდეგ ახალციხეში ცხოვრობდა და მთელ სამაჰმადიანოში გამოჩენილი ბრძენისა და მისნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ჩვენი სტუმრობა დიდად ეამა და შესაფერი პატივითაც მიგვიღო. როდესაც შეიტყო, გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით, თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა: “გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...” ომან ფაშამ ჩვენი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირდებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლე¬ვა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო. გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარუ¬ლი ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელ¬თაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავ
--------------------
In heaven that's all they talk about -the ocean - and how wonderful it is. They talk about the sunsets they have seen. They talk about how the sun turned blood-red before it set.And they talk about how they felt,when the sun was loosing its power
|