შიო ძალიან მიყვარს.
http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=http...Dka%26w%3Dutf-8ეს ელექტრონული ვერსია რამდენიმე რამ მისი შემოქმედებიდან, ეტიუდები და სხვა...
ადრე წავაწყდი მისთვის განკუთვნილ საიტს, მაგრამ ახლა ვეღარ ვპოულობ

მცირე ეტიუდს კი აქ დავწერ, რაც არაა ზემოაღნიშნულ ვებგვერდზე შეტანილი
,,გულ _ცივობამ!..''კოდა-ხევის შესართავთან პატარა კლდეზე მოთავსებულმა გაბრომ ყურებამდის მხრები აიწურა, შუბლი დაინაოჭა და მწარის ღიმილით, ჩაჟინებით მზერა დაუწყო იქვე, ფეხთ ქვევით, განრისხებულ არაგვს.
სჩქეფს, ღრიალებს არაგვი...მთლად ზვირთებად ქცეული, იერიშით, მოდის პატარა კლდის შესამუსრავად, რომელიც თითქოს დარაჯად ჩასდგომიაო უპატრონოდ მიტოვებულ ,,ბებრის ციხეს'', რომ გაცოფებული არაგვი აუცეროს იმ ფშხვიერ გორაკს, რომელზედაც ჩვენ წინაპართ არსებობის დასაცველად აუშენებიათ ეს ციხე.
მაგრამ პატარა კლდე მწუხარებით უმზერს და თავის მკერდს უშვერს მედგარ ტალღებს, რომლებიც შუილ-ხუილით ეკვეთებიან და იმავე წამს დანაწილებულნი, შხეპებად ქცეულნი კვნესით უკუ გარბიან.
გაწბილებული არაგვი ნაზად ჩაუდის ,,ბებრის ციხეს'', მაგრამ პირქაფ მოსულობა-კი ამხელს, რა ძალდატანებითი სინაზეც არის, რანაირი შხამითაც არის აღვსილი მისი სინაზე.
,,ბებრის ციხეს'' ჩაცილებული არაგვი ძალას იკრებს და მხიარულის ღრიალით მუქარას უთვლის პატარა კლდეს, ემუქრება და მიეშურება...
საით!?.
,,არაგვო, არაგვო!.. - გულის ტკენით ჩასჩურჩულებს პატარა კლდე: - რას ამოგიღივარ თვალში, რისთვის მოგინდომებია ჩემი შემუსვრა?! ნუ-თუ უპატრონოს დარაჯობისთვის?! ეჰ, ჩემო კარგო, რადა ხარ მაგეთI ხარბი?.. აბა მიიხედ-მოიხედე: რა დიდია შენი კალაპოტი. რო გაიფანტო, ვერც-კი დაჰფარავ, კარგი, მეც შემმუსრე, გააფართოვე შენი კალაპოტი.მერე? ჰმ... ვისთვის გინდა? მაგრე სისწრაფით რომ გარბიხარ და თან მუქარას მითვლი, თუ გგონია გიძმობს? ნუ სტყუვდები, ჩემო კარგო არაგვო, ნუ...იმისი ტკბილი ხმა ნანად ნუ შემოგესმის, ის პირველში ძმურად გიხუტავს გულშI; დინჯი, მეტის-მეტად დინჯი შენს ფეხს იდგამს და მკლავ გადახვეული მოგიხტის გვერდით და იმას-კი ვეღარა ჰხედავ, თუ თან-დათან ბურუსში როგორა გხვევს და...
სადღაა შენი ხსენება?...
,,დიდებული მტკვარი მოდისო, გეძახიან ქვევით და შენი სახელი-კი...''
- ეეხ!.. _ გულ-ამოსკვნით წამოიძახა გაბრომ და შუბლზე ხელი გადაისვა.
მწუხარებამ ისე მიასუსტა, დაუჩლუნგა გონება, რომ დიდხანს, დიდხანს შუბლ-შეკრული და მხრებ-აწურვილი გაქვავებული იჯდა. ამ დროის განმავლობაში არავითარ აზრს გაუვლია მის თავში.
გზა-დაბნეულ ცხვარსავით მოვიდა და კლდეზე მოლეშით ჩამოჯდა, არ შეუმჩნევია გაბროს არც არავის ბრძოლა კლდესთან, არც ეტლების ტრიალი იქვე გზა-ტკეცილზე და არც ის, თუ თან-და-თან როგორ მისწყდა ფეხის ხმა და მხოლოდ არაგვი-ღა ქუხდა, ვერც მთვარის ამოსვლა შენიშნა გაბრომ, და ახლა, როდესაც თავისდა უნებურად გულის სიღრმიდან კვნესა აღმოხდა და ცივი ოფლი შუბლიდან მოიწმინდა, მთვარეს შეხედა, რომლის დანახვაზედაც გული მოეკუმშა, წელში მოებჯინა, თვალი საჩქაროდ მოაშორა და არე-მარეს გადაავლო, მაგრამ იქაც, იქაც იგივე შენიშნა: მთა, ღრე მდინარე მთვარესავით გულცივად შესცქეროდა გაბროს.
აგერ, გაღმით ჭალიდანაც ბულბულის აღგზნებული ყეფა ,,ტია-ტია'' ოდნავ გამოისმა და არაგვის მოთქმას შეუერთდა.
,,ეგ... ეგ მაშინაც ჰყეფდა, მაგრევე გატაცებით, როდესაც მე აქვე...ოხ!..''
საფეთქლებზე ხელი მიიფარა და მწარედ ქვითინი მორთო.
სწრაფად გადაეფურცლა მისი ცხოვრების მატიანე და სანუგეშო ვერა ჰპოვა-რა, მხოლოდ ერთ გარემოებას მოჰკრა თვალი, რომლის იმედითაც ლამობდა შელახული ძალის აღდგენას და ისიც ხომ...
,,ღმერთო, ღმერთო!..- წამოიკვნესა გაბრომ და უფრო მაგრა მოუჭირა თავს ხელები, - წყვდიადში ხეტიალი, ხელების ფათური, -ქვითინებდა გაბრო: - როდემდის უნდა გაგრძელდეს?...ან-კი რად უნდა ხელი აფათურო, რას ელტვი, რისთვის ან ვისთვის სცხოვრობ?..''
- რას სულელობ, რას?.. სადაური კითხვაა: ,,ვისთვის ან რისთვის?'' - ეკითხება იდუმალი ხმა.
- რომ მაგრე მკიცხავ, გეცოდინება რისთვისაც.- გაბრომ შესწყვიტა უეცრად ქვითინი და თვალები მოიწმინდა.
- ვიცი და მისთვის გეუბნები.
- ოოხ. მითხარ, მითხარ!.. ოღონდ ეგ გამაგებინე და ...ვგიცავ ჯოჯოხეთს, რომელსაც ჩემს გულში დაუბუდნია, გაგაღმერთებ, გეთაყვანები! - გაბრწყინებული თვალებით შეეკითხა ზეცას.
- ვისთვის და საზოგადოებისთვის.
- ჰმ!..მეც არა ვსთქვი, მართლა იცი! - გულნატკენად წამოიძახა გაბრომ და თვალები მჩქეფარე არაგვს მიაპყრო.
- რატომ მაგრე მწარედ იღიმები?... შენ გეკითხები! მაშ არ უყნდა ემსახურო იმას, ვინც დაგბადა, აღგზარდა?!. ვალს გადახდა არ უნდა?
- შეგნებულად მეუბნები მაგას?
- შეგნებული რომ არ მქონდეს, არც გეტყოდი.
- მაშ კარგი, ყური დამიგდე: საზოგადოებამ დაგბადაო, მეუბნები, ეგ ტყუილია, მე, არ ვიცი კია რა განზრახვით, ბუნებამ გამზარდა, ხოლო საზოგადოებამ წამართვა ის, რაც ბუნებამ მომანიჭა, ან კიდევ, თუ არ წამართვა, დამამახინჯა, გამირყვნა და შემილალა, აგერ, არ გეყურება, როგორ გატაცებით გალობს ბულბული?! ეგალობება და გალობს, როდესაც გეტირება უნდა იცინო, და იტირო, როდესაც გეცინება! საზოგადოებას რომ ის მივუწყო, რაც მე იმან, მაშინ აი, წინ უნდა გაგიმძღვარო და ჯერ ის მივანდო არაგვს და მერე მე მივეცე, გულქვა, გულცივი, თავის წევრის ფეხის დამჭირებელი საზოგადოება მოდის და გეუბნება: ,,შენ ჩვენი მოძმე ხარ, ესა და ეს ჩვენთვის უნდა გააკეთო... გვანაცვალე ჩვენ, ვინც - კი გყავს, ან გაქვს რამე, შენ მოვალე ხარ...'' კარგი, პატიოსანი. თუ მე ვარ მოვალე, პატივცემულო საზოგადოებავ, შენც მოვალე ხარ;თუ მე შენ გეკუთვნი, შენ კიდევ მე უნდა მეკუთვნოდე. საზოგადოება მსხვერპლს გთოხვსმ ძალას გატანს. შენ-კი დანა ყელთან რომ გქონდეს მიტანილი, ხელს არ გამოგიწვდის საშველად?.. როდის გაუწვია თავის წევრისათვის ძმურად ხელი, გაუმხნევებია სასოწარკკვეთილი, აღუდგენია სულით დაცემული? გეყურება? შენ გეკითხები, შენა, რომ საზოგადოების ვალს თავს მახვევ!
- სტყუი, საზოგადოება ყოველთვის გლოვობს, როდესაც მის წევრს უბედურება რამ ეწევა.
- ხა, ხა, ხა, ,,გლოვობსო!'' დიაღ, გლოვობს, სწუხს, სტირის, მაგრამ, აბა ჩაუკვირდი, რას წარმოადგენს ეს გლოვა, ტირილი, მისი ცრემლი? დაკარგულ წევრს გლოვობს თუ თავის თავს, დაკარგული წევრითვის აფრქვევს ცრემლს თუ თავის თავისთვის? აბა, შენ იყავ მხოლოდ ადამიანი, უჩინარი, თუ შენ გიგლოვოს, ცრემლი აფრქვიოს, იმას ჰგონია, რომ შენის დაკარგვით არა დააკლდება-რა. შენს უბედურებას ვერც-კი შეიტყობს. თუ მასხარა ხარ , საზოგადოება გიგლოვს, ცრემლს დააფრქვევს, რადგანაც მოაკლდება შენი მასხარაობა, ვეღარ იმხიარულებს შენი მასხარაობით, შენ გიგლოვს, როგორც მასხარას და არა როგორც წევრს-ადამიანს. მწერალი ხარ ან სხვა რაიმე ხარ, რითაც შენ საზოგადოებას ამხიარულებ, ასარგებლებ, გიგლოვს, რადგანაც შენის უბედურებით აკლდება მას სიამოვნება, სარგებლობა. შეიგნე, რომ თავის სიამოვნების შემცირებას გლოვობს და არა დაკარგულ წევრს! მაშ..
,,ეჰჰე, რაებსა მალაპარაკებ?! რაც ცხადია, რაც ნათელია, იმას ახსნა, განმარტება უნდა?
,,თვით მონა, ყურმოჭრილი მონა ძლიერისა ცდილობს დაგიმონავოს, გაგანადგუროს, სისხლი გაგიშროს, და ამ საზოგადოებისათვის მირჩევ კიდევ ვიცოცხლო. ვალი გადავუხადო?
,,ახ, რომ შემეძლოს მისი ვალის გადახდა?! მაგრამ არა!...
არა!.. არ მინდა მეც ის საძაგლობა ჩავიდინო, მოღალატეობა, სუსტის განადგურება, ძალმომრეობა და ფეხ-ქვეშ დაგება მე არ შემიძლიან. და თუ ასე არ მოიმოქმედე, მაშინ ადგილი არა გაქვს საზოგადოებაში. იმისთვის მეც...
- კარგი, მაგას თავი დავანებოთ, ვსთქვათ, შენ მართალი ხარ...
- როგორ თუ ვსთქვათ?! მაშ დარწმუნებული არ ხარ?
- როგორ არა!.. დარწმუნებული ვარ. დავანებოთ თანამედროვე საზოგადოებას თავი, სიძულვილის ღირსია. აბა, ახლა გაიხედ-გამოიხედე: ხედავ, აგერ იქ, ზედაძნის საბეროს მთის წვერზე, ქვევით კიდევ, ჯვარ-პატიოსნისას, მცხეთის ტაძრებს, ნანგრევებს და , აი, შენ გვერდით ,,ბებრის ციხეს''! ვერ ხედავ, როგორ გამოკრთიან მთვარის შუქზე? ნუ-თუ შენს სულს და გულს შენი დიდების მოწმენი არას გეუბნებიან?! განა ყოველივე ეს შენ წინაპართ არ გაგონებს, როდესაც მათი სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა ამ მხარეს?! განა...
- კმარა!... ვხედავ, კარგად ვხედავ ჩვენ წინაპართ დიდებას და იმასაც კარგად ვხედავ, რომ დიდებას ჩვენი გათახსირება, არარაობა მოჰყვა, რას წამოადგენს ის დიდება, რომელსაც შედეგი ასეთი ექმნება? ჩვენი არარაობა იმ დიდების შემდეგ უფრო მწვავეა, უფრო...
- აი სწორედ ამ გათახსირების დროს უნდა ბრძოლა.
- ოხ, მომეც რწმენა მომავლისა და, აი, ამ მთას მეორე ნაპირას გადავდგამ, თავს შევაკლავ...
- მშვენიერ არსებას შეუძლიან მოგანიჭოს რწმენა, გამოგარკვიოს და...
- სსს.. - მწარედ წაისისინა გაბრომ ამ სიტყვებზე და დაღრეჯით თავი გაიქნ-გამოიქნია.
-რა იყო?
- ნუღარას მკითხავ, მომშორდი!
- კარგი, ყოველისფერში მართალი ხარ, მაგრამ ერთ კითხვაზედაც მიპასუხე: მაგრე რამ გამოგაშტერა?
- საზიზღარო, მომშOრდი, არ გეყურება? ადამიანი უკიდურესაც მდგომარეობამდის მისულა და შენ გულ-გრილად მასხარად იგდებ!.. აი მაგ გულცივობ ამ გამიტეხა გული, გულცივობამ!..
- ნუ-თუ გულშემატკივარი არავინ გყავს, რომ თავს იმეტებ?! განა შენის სიკვდილით არავის აატირებ, გულწრფელად ცრემლი არავის არ წამოსცვივა?!.
-წყვილი ცრემლიც რომ გადმოაგდოს ვინმემ გულ-წრფელად, ვფიცავ, თუნდ ამ ნანგრევებს, ამ ,,დიდების მოწამეთ, - როგორც შენ მონათლე, - ავიტანდი ყოველგვარ ტანჯვას ოღონდ თბილი, გამაცოცხლებელი ცრემლი მოხვდეს ჩემს მკერდს და მე მკვდარიც გავცოცხლდები. მაგრამ სადაა, სად?! ვეძებდი, მაგრამ...
,,მხოლოდ არაგვი ვიპოვე, აი, ვერ ხედავ, თავისკენ მიმიწვევს, მეალერსება... ცრემლები მზად აქვს... ყველას მკერდს აპკურებს, დაალბობს თბილი, გამაცოცხლებელი ცრემლებით-კი არა, ცივი, მომაკვდინებელით, აი ესე, როგორც ჩემს მკერდს...
,,აახ!..''
არაგვი ოდნავ შეჩქაფუნდა, შეშოშმინდა და სწრაფ ისევ ისე ჩვეულებრივი დენა დაიწყო; მთა, ღრე, ,,დიდების მოწმენი'' ისევ ისე გულ-გრილად, ცივად გადმოსცქეროდნენ პატარა კლდეს, რომელიც უკვე განთავისუფლებულიყვნენ ზედ მოთავსებულ გაბროსაგან, და მთვარე ხომ...
გულბულიც ისევ აღგზნებით ჰყეფდა ,,ტიატიასა.''
გულ-გრილად ვერ ვკითხულობ.........
მომწონს მისი სტილი, მანერა...... ყველაფერი...
ზემოჩანოთვლილებთან ერთად მიყვარს კიდევ ,,ქარი-კი ამ დროს ზმუოდა, კვნესოდა და გმინავდა'' და ,,...ხითხითებს და ხითხითებს''...
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.