დესპანიგაფრინდი მისკენ, სიჩუმეში შობილო წიგნო
და შესთხოვე, მიმღეროს ისევ
ის სიმღერა, იდუმალად ახლაც რომ ვისმენ.
ის შეგვიწყალებს, იმ ცოდვებსაც ის მაპატიებს,
მე რომ მამძიმებს
და მის დიდებას ეს ცოდვებიც გაახანგრძლივებს.
უთხარი, რომ ეს სიმღერა რბილ ჰაერში ტრიალებს ახლაც _
მას, სხვა, ალბათ, არაფრად აგდებს,
ჩემს ყოფას კი, სიცოცხლეს მატებს.
შევთავაზებ, რომ იცოცხლოს ისე, ვით ვარდმა,
გრძნეულ ქარვაში შეიმოსოს, წითლად და თეთრად მანათობელი,
ერთი ფერის და ერთი არსის გახდეს მშობელი.
მის ტუჩებს მოწყდა და ისაა ამ ჰანგის მთქმელი,
მაგრამ არ იცის, თუ ვინაა მისი შემთზველი.
ეს სხვა ბაგეა, დასაბამით რომელიც მღერის,
იმ ტუჩებივით იდუმალი და მშვენიერი.
საუკუნეებს გადაწვდება ხმა საკვირველი,
იმატებს მისთვის მლოცველი და მადლისმწირველი.
ჩვენს ნეშტს დაფლავენ, ვეხსომებით ამ ქვეყნად არც ვის
და დრო სუყველას დავიწყების საცერში გაგვცრის.
ამ ნამსხვრევებში გადარჩება მშვენიერება.