Zuduვახ შენ გენაცვალე

ქეთი აქ იშვიათად შემოდის. მივწერ ეხლა ფეისბუკზე და გამოვართმევ მაგ ლექსს
* * *
მაღალი ძაბვის ელექტრო-ბოძი -
ორ ქალაქს შორის გრძელი კავშირი,
შენი ამბები შორიდან მომდის -
ქარებს მოჰყვება ყრუ და დაშლილი.
მითხრეს უშენოდ წუხს, გაცივდაო,
არ უხდებაო თბილისს ავდრები,
შენზე დარდობსო, თვალთ დააკლდაო,
ოპერის წინო მოსჭრეს ჭადრები.
მოიხარაო თბილისი წელში,
ვიღაც დათვრაო ვერაზე მითხრეს,
მე ამერია ის მთვრალი შენში
და ყველა ქუჩას შორიდან ვისმენ.
აქ წვიმებია, ალბათ გეტყოდნენ...
ჩემთვის დარჩენილ ბეღურებს ვწყემსავ,
ხშირად ვსეირნობ გრიბოედოვზე,
უშაქრო ყავას ჰო, ისევ ვერ ვსვამ...
ვწრიალებ. თითქოს ფილტვებს მაჭრიან,
ხან ზღვა თუ მაწვდის ჰაერს პეშვებით...
გზებზე ნისლები ისე დადიან,
ხანდახან ვფიქრობ, რომ შევეხები.
ვიწყენ. მოხეულ კალენდარს ვკემსავ,
შენთან ზამთარსაც პეწი აქვს, ვიცი.
მე კი სულელი ბეღურებს ვწყემსავ,
ვსველდები, ვშრები და ფანჯრებს ვიცვლი...
ხშირად მგონია დრო გზაზე ამცდა,
ხშირად ვფიქრობ, რომ მე შორს ვარ ბევრად...
თავი სხეულის ფიცრულში მაქვს და
ვიქეცი შენი ქალაქის მრევლად
* * *
კიდევ არის რამდენიმე ახალი ლექსი, რომლებიც მგონი არ დევს ჯერ აქ:
მორჩა!
ვეღარ დაგიცდი. მაისიც მორჩა
იმდენი მზეა - მწყურია წყალი
სხვაგან კი არა, უბრალოდ შორს ხარს
სავალიც მაქვს და გამოსავალიც.
როგორც საფლავთან მიმხმარ ბალახებს
ძველ სარეველა ფიქრებს ვიშორებ
რა მოხდა თუკი სურვილს არ ვამხელ
და სიახლოვეს ვარჩევ სიშორეს
ასე აეწყო: დავძველდით, ვიცი,
ერთი ჩიხია შენი სავალი.
სადაც საღამო დილამდე იცდის
და ყველა დილას შენ ხვდები მთვრალი
ხატე, მძიმეა შენი მოლბერტი,
რამდენი თვალი მოგპარავს სევდას...
რამდენი ტილო იქნება ბერწი
რამდენი ფერი აჩუქე ყველას
მე კი დავშრი და გაგიშავთეთრდი,
ვეღარ დაგიცდი, წავედი, მორჩა
ესეც ჩიხია, რაღაც რომ ვერ ვთქვი
ისიც ვიმყოფე, რაღაც რომ მოხდა
* * *
კიდევ ერთი ლექსი:
იერუსალიმს რეკავდა ზარი...
კუვუკლიასთან პატიარქს ჩხრეკდნენ,
ჯერ განიმოსა, შევიდა...მოხდა!
მომლოცველები წამოდგნენ ფეხზე,
იყო ხანძარი, ზეიმი, ლოცვა!
იყო სიცოცხლის პირობა ციდან...
იყო ძალიან მაღალი წნევა,
თავი სულ ყველას ეგონა წმინდა,
იყო ადამი და ბევრი ევა.
აქ მაქციებმა მხარი იცვალეს,
აქ გაქრა ჩრდილი ყველა სიავის,
მომლოცველები ხუჭავდნენ თვალებს
და არ იძროდა ტაძრად ნიავი.
კვლავ სოლომანის ამბაზით, წყალით
ეძებდნენ ღმერთთან უცნაურ კავშირს.
იერუსალიმს რეკავდა ზარი -
როგორაც ერთხელ, როგორაც მაშინ ...
გარეთ კი ღამე იჯდა და ეზოდ
ვიღაცა, ერთი, ურჯულო ბავშვი,
და არ იცნობდა ამ ხალხს საერთოდ,
და არა ელოდა არავინ სახლში.
იყო ხანძარი, ზეიმი, ლოცვა
და დაძლეული სულ ყველა შიში!
მომლოცველების მარში რომ მორჩა,
ომარის მეჩეთს აუყვა ბიჭი...
* * *
დუმილი
როცა სათქმელი არაფერია
და ტანზე აგდის ვიღაცის სუნი,
სხვა ყველაფერი დანარჩენია
და არაფერი ჯობია დუმილს.
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი,
ფეხი მოუჩანს საბნის კიდედან,
დგახარ ორპირი ქარივით კარში
და გაღიმებას მხოლოდ მიბედავ.
და დგება ისევ დუმილი - საშვი
რამდენი სიტყვა გამოგვრჩენია...
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი
სხვა ყველაფერი - დანარჩენია
* * *
მეტი რა გითხრა...
ჩამთავრდეს მარხვა - გნახავ უნახავს.
და ღრუბელივით დაგწურავ წვიმად...
სანამ მზე მოვა და სანამ წახვალ,
და თავი ისევ ღრუბლამდე მიგაქვს.
დილა იქნება მშრალი (შენა გგავს) -
სულ არაფერზე ცოტათი მეტი...
მეტი რა გითხრა, ალბათ ჩვენს ამბავს
დილით ყავასთან ვიღაცას ვეტყვი