ბურჭულაძის შაბათ-კვირა მქონდა.
ადრე, მისი ,,ნორმა" და ,,ხსნადი კაფკა" - მოთხრობების კრებული - მქონდა წაკითხული,
მახსოვდა, რომ ,,ხსნად კაფკაში" რაღაც მომენტები მომეწონა, მაგრამ არ ვიცოდი ზუსტად რომელი.
ჰოდა, შაბათს მეგობრის ბიბლიოთეკაში ბურჭულაძის სხვა წიგნებიც ვნახე და გამოვაყოლე ხელს.
ქართველი თანამედროვე ავტორების ის მომწონს, რომ პატარა ტექსტებია, სულ რომ არ ვარგოდეს,
კითხვისას დაკარგულ დროზე ვერ დაიწუწუნებ. ბურჭულაძის 4წიგნიც ორ დღეში წავიკითხე.
ჯერ ,,გასაბერი ანგელოზით" დავიწყე- ძალიან კი ვეცადე რაღაც ღრმა და საინტერესო აღმომეჩინა, მაგრამ ვერაფერი.
დაბოლილზე დაწერილ რომანს ჰგავს.
არც სიუჟეტია ბოლომდე გაწერილი, გმირებიც მუყაოს ქაღალდისგან გამოჭრილს გვანან.
შემდეგ ,,მინერალური ჯაზით" გავაგრძელე, რომელიც თავიდანვე ისე მოსაწყენად და უინტერესოდ იკითხებოდა,
რომ სადღაც შუაში ძალა აღარ მეყო ბოლომდე წამეკითხა.
იმ წიგნებს მივაკუთვნე, რომლის წაკითხვაც, დიდი ალბათობით, ახლიდან არასდროს მომინდება.
შემდეგ ,,ტურისტის საუზმით" გავაგრძელე, ეს რომანის ნაცვლად, ავტორის დღიური აღმოჩნდა,
მომენტებში იყო საინტერესო დაკვირვებები გერმანიაში ცხოვრებაზე, თვითანალიზის მცდელობა,
თან რაც მთავარია სამშობლოს გააზრების მცდელობა ემიგრანტის პოზიციიდან.
ბორჯღალი და საქართველოში ,,უმანკოების მუზეუმის" პოპულარობის ახსნა - ერთობ სახალისო იყო.
მთლიანობაში, უკეთესია, ვიდრე ,,გასაბერი ანგელოზი" და ,,მინერალური ჯაზი".
ბოლოს ,,ადიბასით" დავასრულე- მგონი, მისი მთავარი რომანია.
კითხვის დროს იმაზე ვფიქრობდი, წიგნის გამოცემისას,
რატომ იყო ეს წიგნი ასე სკანდალური ან ავტორი ,,ოდიოზურად პოპულარული".
ალბათ, იმიტომ, რომ წიგნში, რომელიც ერთი შეხედვით 2008 წლის ომზე დაიწერა,
ომის ნაცვლად ძირითადად სექსზე და მეორად ტანსაცმელზეა საუბარი,
ვიხსენებდი და მგონი, ზუსტად 2007-2012წელს, განსაკუთრებულად მოდაში იყო ევროპული მეორადი ტანსაცმელი.
ალბათ, იმ დროის ,,სული იგრძნო" და მეორადი ტანსაცმლის მოყვარული ბომონდის ,,დატროლვაც" მოისურვა.
რომ შევაჯერო, არც არაფერი ისეთი, ფასეული, მაგრამ შესაძლოა თანამედროვე ქართული რეალობაც სწორედ ასეთია