არა, სრულად არ იყო.... ბიულერბიუელ ბავშვებსაც კი შეეხოთ ცენზურა.....

სხვათა შორის, ახალ თარგმანში ბულერბიელი ბავშვები ჰქვიათ... აი, ნაწყვეტი ახალი თარგმანიდან, ეს ნამდვილად არ შედიოდა საბჭოთა გამოცემაში (ჩემთვის ნამდვილად გაურკვეველია, რატომ.... ):
რა კარგია ზაფხული! სწავლა გვიმთავრდება თუ არა, მაშინვე დიდი მხიარულება იწყება ხოლმე. ჯერ მხოლოდ ერთი გამოცდა მქონდა. გამოცდის წინა საღამოც მშვენიერი იყო. სკოლის დარბაზი ყვავილებითა და ფოთლებით მოვრთეთ. ბულერბიელმა ბავშვებმა არყის ხის ტოტები დავამტვრიეთ და ნუშის ყვავილები შევაგროვეთ.
სკოლამდე გრძელი გზაა, რადგან ჩვენი სკოლა მეზობელ სოფელშია. ბულერბიში სულ ექვსი ბავშვი ვართ და, აბა, ცალკე სკოლა ხომ ვერ გვექნება?! სანამ სკოლამდე მივაღწევდით, ყვავილები ცოტათი კი დაგვიჭკნა, მაგრამ მერე წყალი ვასხურეთ და მაშინვე გამოცოცხლდნენ. საკლასო დაფასთან შვედეთის დროშები და არყის ხის გირლანდები ჩამოვკიდეთ და ყველაფერი ყვავილებით მოვრთეთ. რომ იცოდეთ, რა სასიამოვნო სურნელი იდგა მთელ სკოლაში!
როდესაც ყველაფერი მოვამზადეთ, სიმღერაში ვარჯიში დავიწყეთ. გამოცდაზე უნდა გვემღერა. ჩვენთან ერთი გოგოა, ულა ჰქვია. ის ულა შეცდომით მღეროდა სიტყვებს. კიდევ კარგი, მასწავლებელმა დროულად შენიშნა, თორემ გამოცდაზეც შეცდომით იმღერებდა.
სკოლიდან რომ გამოვედით, მშვენიერი ამინდი იდგა. ჩვენ, ბულერბიელი ბავშვები, შინ ერთად ვბრუნდებოდით. სახლამდე მისვლას დიდი დრო მოვანდომეთ. ლასემ თქვა, გზის პირას რომ ქვები ყრია, იმ ქვებზე ვიაროთო. შეჯიბრივით იყო. ვინც ქვის ნაცვლად მიწაზე დადგამდა ფეხს, `მკვდარი~ იქნებოდა.
პირველი ულე ჩამოხტა ქვიდან და ბოსემ უთხრა:
– მკვდარი ხარ!
– არაფერიც, შეხედე, როგორი ცოცხალი ვარ?! – მიუგო ულემ და ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა.
ყველას სიცილი აგვიტყდა.
მერე ღობეზე ავძვერით და მესერს ცოცვით გავუყევით.
– როგორ ფიქრობთ, ვინ გადაწყვიტა, რომ ადამიანებს მარტო გზაზე შეუძლიათ სიარული? – იკითხა ლასემ.
– ალბათ რომელიმე უფროსი გადაწყვეტდა, – აზრი გამოთქვა ბრიტამ.
– შეიძლება, – დაეთანხმა ლასე.
მესერზე დიდხანს, ძალიან დიდხანს მივცოცავდით. ცოცვა ისე მომეწონა, ვიფიქრე, ჩვეულებრივ გზაზე აღარასოდეს გავივლი-მეთქი. უცებ ეტლით მერძევე გამოჩნდა და დაიძახა, ეს რა ყვავები ჩამომსხდარან ღობეზეო...
მეორე დღეს, გამოცდაზე რომ მივდიოდით, ღობეზე აღარ ავმძვრალვართ, იმიტომ, რომ ლამაზად ვიყავით გამოწყობილები: მე – ახალთახალ კოპლებიან კაბაში, ბრიტა და ანა კი – ლურჯ კაბებში. სამივეს ბაფთები გვეკეთა და ახალი ფეხსაცმელები გვეცვა.
სკოლის დარბაზში მშობლები ისხდნენ და გვისმენდნენ. მე ყველა შეკითხვას სწორად ვუპასუხე. ბოსემ კი თქვა, შვიდჯერ შვიდი 56-იაო. ლასე მიუბრუნდა და მკაცრად შეხედა.
– არა, არა, შემეშალა, 46-ია, – გამოაწორა ბოსემ.
სინამდვილეში მეც კი ვიცი, რომ ორმოცდაცხრაა. მართალია, გამრავლების ტაბულის სწავლა ჯერ არ დამიწყია, მაგრამ მესმოდა ხოლმე, რას პასუხობდნენ მასწავლებელს სხვა ბავშვები. მთელ სკოლაში სულ ოცდასამი ბავშვი ვართ, ამიტომ ყველანი ერთ ოთახში ვსხედვართ.
მერე რამდენიმე სიმღერა ვიმღერეთ და მასწავლებელმა გამოგვიცხადა:
– ახლა კი გემშვიდობებით! ბედნიერ და მხიარულ არდადეგებს გისურვებთ!
უცებ გული ამიფართქალდა.
ყველა ბულერბიელ ბავშვს კარგი ნიშნები გვქონდა. შინისაკენ რომ მივდიოდით, მაშინ შევამოწმეთ. ბოსეს ძალიან კარგი ნიშნები არ მიუღია, თუმცა არა უშავს რა ნიშნები მასაც ჰქონდა.
იმავე საღამოს გზის პირას წრეში ბურთი ვითამაშეთ. უცბად ბურთი ბუჩქებში გადაგვივარდა. მე მოსაძებნად გავიქეცი და, რომ იცოდეთ, რა ვიპოვე! ბუჩქის ძირას ქათმის თერთმეტი კვერცხი იდო. ძალიან გამიხარდა. ჩვენ ერთი დედალი გვყავს, რომელიც საქათმეში არ იბუდებს ხოლმე, სულ სხვაგან გარბის და კვერცხებს გარეთ დებს. მე, ლასე და ბოსე ძალიან დიდხანს ვეძებდით, სად ჰქონდა კვერცხები დადებული. დედალი ძალიან ფრთხილობდა და კვერცხებს ისეთ ადგილებში დებდა, რომ ვერ მიგვეგნო. დედამ გვითხრა, ყოველ ნაპოვნ კვერცხში ხუთ ერეს მოგცემთო. ასე რომ, ახლა 55 ერეს კვერცხები ვიპოვე. სამაგიეროდ ბურთი ვერ მოვნახე.
– მოდი, ბურთის ნაცვლად კვერცხებით ვითამაშოთ, – შემოგვთავაზა ლასემ, – მთელი ბულერბი კვერცხით იქნება მოთხვრილი.
მე კვერცხები წინსაფარში ჩავილაგე, დედასთან მივედი და სანაცვლოდ დაპირებული 55 ერე მივიღე. მერე ყველა ბავშვს 5-5 ერე ჩამოვურიგე, დანარჩენი ყულაბაში შევინახე. ჩემი ყულაბა გასაღებით იკეტება, გასაღები კარადაში, ლურსმანზეა ჩამოკიდებული.
ბურთი მოგვიანებით ანამ იპოვა და კიდევ რამდენიმე საათს ვთამაშობდით. იმ საღამოს ჩვეულებრივზე გვიან დავიძინეთ, რადგან ზაფხულის არდადეგები დაგვეწყო და მეორე დღეს შეგვეძლო, რამდენ ხანსაც მოგვინდებოდა, იმდენ ხანს გვძინებოდა.
* * *
სალტკროკა, "მიო, ჩემო მიო", "ბულერბიელი ბავშვები", კალე ბლუმკვისტი და ემილი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა... ახალი, შევსებული თარგმანია
* * *
ხო, მაგრამ შვილი ბავშვთა თვშესაფარში მიაბარა...

საშინლად ჩამწყდა გული, ეს რომ გავიგე... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, უზომოდ მიყვარს ეს ქალი....
"თავდაყირა დგანან და ხელისგულებით დადიან მეოცნებე ადამიანები"...