ვტ საკმაოდ მრავალნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, როგორც ცნობილია.
მოკლედ, ვკითხულობდი რაღაც ტექსტებს და მომივიდა ასეთი აზრი: ტარიელის მეირ ლომ–ვეფხვის დახოცვა და ვეფხვის ტყავით შემოსვა არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი?
ალბათ იცით, ბერსერკერის (ბერსერკის) სახელით მოიხსენიებდნენ ერთგვარ სკანდინავიელ მეომრებს, გამორჩეულებს განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ არაადამიანური სიშმაგით ბრძოლაში, მხეცური გააფთრებით, ბრძოლაში უწყვლადობით, ცხოველის ტყავით, რომელსაც სამოსად იყენებდნენ (არის მეორე მოსაზრებაც, რომ ასეთი მეომრები წელზევით შიშვლა" იბრძოდნენ).
ლიტერატურაში გავლებულია გარკვეული პარალელები სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ გმირებსა და ბერსერკერებს შორის და თითქოს ბევრი რამ არის მათ შორის საერთო. ავიღოთ ჰერაკლე, აქილევსი, დიდი აიაქსი, სიგმუნდი, სიგურდი, ბეოვულფი, შმაგი როლანდი, სულ ძველად გილგამეში...
ყველგან ფიგურირებს უმეტესობა ამ ნიშანთაგან: სიგიჟის ეპიზოდები, განსაკუთრებული, ეპიური რისხვის/მძვინვარების უნარი, მხეცის (ძირითადად ლომის ან მგლის) მოკვლა და მისი ტყავით შემოსვა ან შეჭმა (როგორც ჩანს, ერთგვარი ინიციაციის რიტუალი), მაქციობა ანუ shape-shifting, (ფორმის შეცვლა), ბრძოლაში უვნებლობა (ხშირად გარდა მცირე ხარვეზისა, რომელიც საბედისწერო ხდება ხოლმე)... მხეცის მოკვლა ხდება ხელით და არა ცივი იარაღით, როგორც წესი. ნუ კიდე არის საერთო ნიშნები, მაგალითად, ადამიანისგან განსხვავებული ფორმის მქონე აღმზრდელის ყოლა და ა.შ.
ტარიელის შემთხვევაში, რა გვაქვს?
სიგიჟე, ხელად ყოფნა – მართალია "აღმოსავლური" მიჯნურობის სიგიჟის სახით, მაგრამ მაინც.
ლომის და ვეფხვის დახოცვა – თანაც ვეფხვის მოკვლა ხდება ხელით, განსხვავებით ლომისგან.
ვეფხვის ტყავის სამოსად გამოყენება.
გმირი ძალიან ხშირად მოიხსენიება ლომად. გვხდება ასეთი სტრიქონიც: „აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების...“
ბრძოლაში უცნაური, არაადამიანური გაშმაგება – ავიღოთ თუნდაც ცნობილი სტროფი: „კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე...“ აშკარად უჩვეულოა ასეთი ქცევა, რაღაც მხეცობა, დაუნდობლობა იგრძნობა, არა?... ასევე ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი, ტარიელის „ხელწერა“ გამორჩეულად სასტიკი და შემმუსრავია:
„მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.
ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი - სრეული,
და ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: "საქმე არს მისეული".
მაქციობა, shape-shifting – ოღონდ გაუჩინარების ფორმით:
„რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა...“
მოკლედ, ამ პერსონაჟს აშკარად აქვს გამოხატული ბერსერკერის, ან მაქციის ნიშნები. სხვათაშორის, ტარიელი არის ამირბარი ანუ საზღვაო ფლოტის სარდალი. ნესტანის ძებნა, ქაჯების მიერ მისი წაყვანის შემდეგ, ხდება ზღვაში და ზღვის ნაპირებზე. ფრიდონის მტრების დამარცხებაც ხდება ზღვიდან გადმოსხმის, დესანტირების შემდეგ.
ბერსერკერები, როგორც წესი, იყვნენ დაქირავებული ელიტარული მებრძოლები, ამა თუ იმ კონუნგის თუ მეფის სამსახურში, ანუ გვარდია ან პირადი დაცვა. მაგრამ ასეთ მებრძოლებს ხანდახან აჯანყება და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაც შეეძლოთ. ტარიელთანაც თითქოს იგივე სიტუაცია გვაქვს: მართალია, ის დაქირავებული არაა, მეფის შვილობილია, მაგრამ არა მემკვიდრე, ანუ რაღაცნაირად მაინც დაქირავებული გამოდის. ტარიელი აწყობს აჯანყებას, ჰკლავს მეფის ასულის საქმროს – მომავალ მეფეს, მაგრამ გარბის ქვეყნიდან. რეალურ სამეფოში ეს იქნებოდა ალბათ იმის გამო, რომ ტარიელი დროებით დამარცხდა, მაგრამ პოემაში მეფის ასულის გაუჩინარებაა და მისდამი ტარიელის სიყვარულია მიზეზი. შემდეგ ის უმეგობრდება/უკავშირდება სხვა გმირებს, მათთან ერთად ბრუნდება ქვეყანაში მეფის გარდაცვალების შემდეგ ან შესაძლოა დაბრუნებისას ამარცხებს და ჰკლავს მას და ხელში იგდებს ძალაუფლებას, ასევე მეფის ასულსაც. ავტორისეულ პოემაში, რომელსაც ფილოსოფიური და სხვა მრავალი პლასტები აქვს, ცხადია, ასე ვერ იქნებოდა, რადგან ეს არ არის საგას ტიპის ეპოსი. (? ნუ ეს წინადადება მე თვითონ არ მაქვს ბოლომდე გააზრებული

).
რაც შეეხება გმირების, მებრძოლების კავშირს. ნუ, სკოლის ასაკიდან გვახსოვს თემები: ტარიელის და ავთანდილის მეგობრობა და ა.შ. რა თქმა უნდა, რაინდული მეგობრობის პლასტიც არსებობს, თანაც ავთანდილს აქვს „ტრუბადურული“ ევროპელი რაინდის თვისებები (განსხვავებით ტარიელისგან), მაგრამ სხვა კუთხიდანაც შევხედოთ...
ბერსერკები ქმნიდნენ ერთვარ რაზმებს, რომელიც ხშირად საკმაოდ ჩაკეტილი ჯგუფი იყო და სხვა კანონებით ცხოვრობდა, ვიდრე ტიპური გვაროვნული გაერთიანებები. აქ დიდი მასალაა, რასაც შეისწავლის ეთნოგრაფია და ანთროპოლოგია, კერძოდ მაგიური რიტუალები, მაქციობა, შამანიზმი, ინიციაციები, „მამაკაცური" ან "საიდუმლო" კავშირები და ასე შემდეგ. ასეთი რამ დაფიქსირებულია ბევრ ხალხში და ზოგ ადგილას დღემდეც შემორჩა. კავკასიის რეგიონზეც მოიპოვება ცნობები მაქციებზე და ახალგაზრდა მამაკაცების საიდუმლო ან საბრძოლო კავშირებზე. სხვათაშორის, საინტერესო იქნებოდა ვახტანგ გორგასალის შესწავლა, რადგან აქ აშკარად ჩანს კვალი ბერსერკერის ანალოგის, ულფჰედნარის, ანუ „მგლისთავიანის“. სხვათაშორის, ვიკინგები საქართველოშიც „მოღვაწეობდნენ“, თუ არ ვცდები, ბაგრატ მეოთხეს ჰყავდა რაღაც პერიოდში დაქირავებული რაზმი, თუმცა ამ რაზმში ბერსერკერების მსგავსი მეომრების ყოფნის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ეს ყველაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსთაველი იცნობდა საგებს და ეს შეუძლებელიც არის ქრონოლოგიურად, მაგრამ „ბერსერკერი“ არ არის მხოლოდ სკანდინავიური მოვლენა, რადგან ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ტაციტუსი იძლევა მსგავს ცნობებს, ბერნულ მითოლოგიაში, ილიადაში და ა.შ. იგივე მომენტები აშკარად ჩანს... ანუ საქმე გვაქვს ქცევის რაღაც მოდელებთან, რაც უკავშირდება გარკვეულ რიტუალებს, საბრძოლო მაგიას, მეომრულ ინიციაციას, მხეცად გარდაქმნას ან მხეცის ძალის დაუფლებას, ა.შ. და ეს არქეტიპული მოდელები მეორდებიან სხვადასხვა ეპოქაში და ხალხებში...