ალექსეი ლოსევი: სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე
...ქართული ნეოპლატონიზმი რას წარმოადგენს? დიახ, ქართული ნეოპლატონიზმიც ანთროპოცენტრიზმი გახლავთ. აქაც ადამიანია ყველაფრის საფუძველი. აქაც არის მისწრაფება ადამიანის უკვდავყოფისა და მისთვის ამქვეყნად ბედნიერების მინიჭებისა. მაგრამ აქვე ჩნდება უღრმესი განსხვავება, ერთი მხრივ ქართულ ნეოპლატონიზმსა და, მეორე მხრივ, იტალიურ და გერმანულ ნეოპლატონიზმს შორის, აღმოსავლურსა და დასავლურ ნეოპლატონიზმს შორის. მათ შორის უდიდესი განსხვავებაა, რაც თქვენ უნდა შეითვისოთ. ამის გარეშე ვერ გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს ქართული ნეოპლატონიზმი და ვერ გაიგებთ, რა არის ქართული აღორძინება.
ეოპლატონიზმი, რასაც იზიარებდნენ ქართული აღორძინების ეპოქის წარმომადგენლები – იოანე პეტრიწი და რუსთაველი – ანთროპოცენტრიზმი გახლავთ. მაგრამ ის სრულებითაც არ უარყოფს ბუნების მბრძანებლობას, იმ ბუნების, რომელსაც თაყვანს სცემდა ანტიკურობა. დიახ, არ უარყოფს ამ ბუნებას, მის ვარსკვლავებს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მის სწორ მოძრაობას. დიახ, ეს ყველაფერი აქ რჩება, ამ ქვეყნად, მაგრამ რჩება არა ერთადერთი აბსოლუტის სახით, ანტიკური საბერძნეთის მსგავსად, რჩება აბსოლუტის, ყოფიერების სახით, მაგრამ ისეთისა, რომელსაც შინაგანად განიცდის ადამიანი, მოცემული აქვს სუბიექტურად და აღიქვამს როგორც თავისას, რაღაც ძალზე ღრმად ინტიმურს. ანთროპოცენტრიზმი აქ ბუნების განადგურებას არ ნიშნავს, როგორც ეს დასავლეთშია. არა, ბუნება აქ მდიდრდება იმით, რომ ადამიანი მასთან სუბიექტის მოთხოვნილებებით მიდის, იმის გამო, რომ ადამიანი გახდა პიროვნება, რომელსაც სურს ყველაფერი იგრძნოს, ყველაფერი თავის ნებაზე გადააკეთოს. აქ ბუნება, ანუ კოსმოსი კი არ ისპობა, პირიქით იზრდება ინტერესი სულიერი ცხოვრებისადმი, პოროვნების ცხოვრებისადმი, სუბიექტის ცხოვრებისადმი, სუბიექტისა, ვინც მთლიანად ბუნებითაა შეპყრობილი.
ბუნება თავისი საკუთარი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ის საინტერესოა, ის არა მხოლოდ ზღაპრულია და არა მარტო ღვთაებრივი ქმნილებაა, არამედ ისიც არის, რასაც გულით განიცდის კაცი, გონებით განიცდის, როგორც ისეთ რამეს, რაც შეუძლია თავისი ძალებით შეიცნოს და ბოლომდე განსაჯოს.
იგივე უნდა ითქვას ქართული ნეოპლატონიზმის მიმართებაზე სპირიტუალიზმისადმი. მეტად უხეში შეცდომა და ვულგარიზაცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართული ნეოპლატონიზმი აბსოლუტურად აუქმებს ყველანაირ სპირიტუალიზმს. ამას არ ესწრაფვოდნენ იოანე პეტრიწი და რუსთაველი. ისინი აღიარებდნენ ბუნების სულიერ საწყისს. აღიარებდნენ მის უმთავრეს მნიშვნელობას მთელყოფიერებაში. მაგრამ ამას მაინც თავისებურად ამბობდნენ, თავისი სათქმელი სწორედ სუბიექტის, ინტიმურად განმცდელი სუბიექტის ენაზე გადაჰქონდათ.ამიტომ არ კმაროდა მხოლოდ აბსოლუტის თაყვანისცემა და მისი შეუცნობლობისა და მიუწვდომლობის ქადაგება. არა, ყოფიერების სულიერი საფიძვლის მიწვდომაშეიძლება, ის ადამიანურია, ის ადამიანის ცხოვრებისეული მოთხოვნილება გახლავთ. აი, როგორია ქართული ანთროპოცენტრიზმი განსხვავებით იტალიური და გერმანული ანთროპოცენტრიზმისაგან.
ქართული ანთროპოცენტრიზმი არ აუქმებს ბუნებას და არ აუქმებს სულს, მას მხოლოდ გადაჰყავს ერთიც და მეორეც თავის სუბიექტურ, ჩვეულ განცდათა ყაიდაზე. ქართულ ნეოპლატონიზმს სურს ბოლომდე გაიაზროს და განიცადოს ის აბსოლუტი, რომელიც დასავლეთში განუცდელი და მეტად აბსტრაქტული იყო. უფრო მეტიც. ქართულ ნეოპლატონიზმს სურს ყველაფერი ეს ცხოვრებაშიც გამოიყენოს, აქვე განახორციელოს ადამიანის ოცნება სიცოცხლის დანიშნულებაზე. სწორედ ეს განასხვავებს ქართულ ნეოპლატონიზმს სხვადასხვა სახის დასავლური ნეოპლატონიზმისაგან.
ნათქვამი რომ გავიგოთ, უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი მიწიერი ადამიანი, რომელიც ისწრაფვის სრულყოს თავისი მიწიერი არსებობა, მაგრამ არა მიწიერი საშუალებების, საჭმელის ან სასმელის დახმარებით, სუფთა მატერიალური ან ცხოველური მდგომარეობის მისაღწევად. არა, მისი ანთროპოცენტრიზმი ძალზე სულიერია, ძალზე ამაღლებული, და რაც მას სურს ცხოვრებას მოუხერხოს, ცხოვრების კარდინალური და ღრმა გარდაქმნაა, მძიმე ბრძოლა ცხოვრების ნაკლთან, სწრაფვა სხვა ადამიანური არსებობის უფრო თავისუფალი და იდეალური ფორმისაკენ. აი, ამით აშკარად გამოირცევა ქართული ნეოპლატონიზმი. ის სუბიექტურია, ნათლად შესაგრძნობი, მაგრამ ამასთან ერთად იგი საქმიანობის პრინციპიც გახლავთ, სინამდვილის გარდაქმნის, უმაღლესი სრულყოფილებისადმი სწრაფვის პრინციპიც.
ყოველივე აქ თქმულის შემდეგ გასაგები ხდება, თუ რატომ გაიმარჯვა ამ ფილოსოფიურმა სისტემამ საქართველოში და იმ კულტურული მიმართულების საფუძვლად იქცა, აღორძინება რომ ეწოდა. ქართული აღორძინება წარმოუდგენელია ნეოპლატონიზმის გარეშე. ახლა ეს უკვე დამტკიცებულია და დამტკიცებულია მეცნიერულად, თუმცა ეს დებულება საკმაოდ პოპულარული არ გამხდარა და მრავალთ ნეოპლატონიზმი კვლავ ძალზე მახინჯ, უბადრუკ, მეტად მისტიკურ და ფანტასტიკურ მოძღვრებად წარმოუდგენიათ. სინამდვილეში ნეოპლატონიზმი, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრებაა. მოძღვრება სულის გარდაქმნის შესახებ. მაგრამ როგორი გარდაქმნის და როგორი სულისა. აი, სწორედ ამას არ ითვალისწინებენ, როცა ქართულ ნეოპლატონიზმზე საუბრობენ, რომელსაც იმ სწორი აზრით, ზემოთ რომ ვსაუბრობდი, კოლოსალური მნიშვნელობა აქვს.
არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ჩვენი თანამედროვე მსოფლმხედველობა სავსებიტ განსხავებულია, სხვაა ჩვენი დანიშნულება, სხვაა ჩვენი მიზნები და აზროვნების მეთოდები. მე სრულებითაც არ ვაპირებ აღვადგინო XI-XII საუკუნეების ნეოპლატონიზმი საქართველოში. ამისათვის როდი გიკითხავთ ახლა ლექციას. მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ ქართული ნეოპლატონიზმი, აღორძინებისდროინდელი ქართული ნეოპლატონიზმი, ერთი იმ ნიმუშთაგანია, ადამიანური აზროვნების იმ ღრმა და ზუსტად დამუშავებულ ნიმუშთაგანი, ცხოვრების გარდაქმნისადმი რომ არის მიმართული, მიმართულია ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვისა და ამაღლებული ცხოვრების მიღწევისადმი. ეს არის მეტად მიწიერი ფილოსოფია, მაგრამ, ამავე დროს კეთილშობილი და ამაღლებულიც. ეს არის სულიერი ფილოსოფია, რომელსაც მიწისაგან განუწყვეტლივ სურს ეს მიწა რაღაც ახლებურად გარდაქმნას.
ქართული ნეოპლატონიზმი საქართველოს კულტურული განვითარების დიდმნიშვნელოვანი მიღწევაა. და როგორ უნდა ავუაროთ მას გვერდი? და ძალზე კარგად იციან საქართველოში როცა აქვეყნებენ თავის ნეოპლატონიკოსებს, თარგმნიან და კომენტარებს ურთავენ. მე ვიტყოდი, რომ ამ მხრივ, საქართველო ის ადგილია, სადაც შეიძლება ვისწავლოთ, თუ როგორ ვიკვლიოთ ნეოპლატონიზმი.
ჩვენთან ხომ წინათ ნეოპლატონიზმი პოპულარული არ იყო. იყო ცალკეული გამოკვლევები ნეოპლატონიზმის შესახებ, მაგრამ არ იყო ღრმა, ამაღლებული და ჩაღრმავებული წვდომა ამ ფილოსოფიური სისტემისა. და ამგვარი გააზრება ჩვენ ქართველებისაგან უნდა ვისწავლოთ, და რაც უფორ მეტს ვისწავლით, მით უფრო გაიზრდება რუსთა და ქართველთა მეგობრობა.
მაგრამ ესეც არ კმარა. მინდოდა მეთქვა ნეოპლატონიზმის თანამედროვე მნიშვნელობაზე, აღმენიშნა, რომ თუმცა ეს მსოფლმხედველობა შორს ჩამოგვრჩა ქრონოლოგიურად, მაინც უდიდეს თაყვანისცემას იმსახურებს. ქართული ნეოპლატონიზმი, როგორც ითქვა ანთროპოცენტრისტულია. და ეს სავსებით სწორია, მაგრამ ამ დროს წარმოიშობა დიდი საფრთხე, საფრთხე პიროვნების იზოლაციისა მთელი ობიექტური სამყაროსაგან. საფრთხე ბუნებისაგან, ხალხისაგან, ისტორიისაგან მოწყვეტისა. ამგვარი შეზღუდული გაგება პიროვნებისა სრულებით არ ახასიათებს ქართულ ნეოპლატონიზმს. დიახ, ეს ანთროპოცენტრიზმია, მაგრამ ისეთი ფილოსოფია, პიროვნებას ბუნებისაგან რომ არ აცილებს. პირიქით, პიროვნებასა და ბუნებას რაღაც ერთ მთლიანობად აქცევს. საზოგადოება აქ წარმოდგება როგორც პიროვნებათა მთლიანობა. ამგვარი ანთროპოცენტრიზმისათვის უცხო არ არის ისტორიული პროცესის არავითარი სულიერი მხარეები.
შემდგომ, ჩვენ უკვე ვსარგებლობთ სიტყვებით «სუბიექტი», «სუბიექტურობა», «სუბიექტივიზმი». თუკი ქართული ნეოპლატონიზმი ანთროპოცენტრისტულია, მაშინ ის, რა თქმა უნდა, ერთგვარი მოძღვრებაა ადამიანის სუბიექტურობის შესახებ. არ უნდა განვასხვავოთ სუბიექტურობა სუბიექტივიზმისაგან. ის სუბიექტივიზმი და ფსიქოლოგიზმი, რაც დასავლეთში განვითარდა, ხშირად დიდ უკიდურესობამდე მიდიოდა. ადამიანს ისეთ სუბიექტურობას მიაწერდნენ, რომელიც ყველაფერს თავის გაღმერთებით ასრულებდა. ადამიანის ბუნებრივი, კეთილშობილური განცდები განისაზღვრებოდა როგორც გამორჩეულად სუბიექტივისტური, ადამიანი განისაზღვრებოდა როგორც ასეთი დასავლეთევროპული სუბიექტი, უკიდურეს სუბიექტივიზმსა და ფსიქოლოგიზმს რომ აღიარებდა, და დეკადენტურიც ხდებოდა, ესე იგი ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, როცა სიამოცნებით უწყებდა ცქერას საკუთარ განცდებს, ტკბებოდა და ვერაფერს ამჩევდა საკუთარი განცდის გარდა.
ქართულ ნეოპლატონიზმს ამასთან არავითარი საერთო არა აქვს. ის გვაძლევს სუბიექტის მდიდრულ სურათს, მაგრამ ამასთან ერთად გვასწავლის, თუ როგორ ავიცილოთ სუბიექტივიზმი და ფსიქოლოგიზმი, თავის მოტყუების ყოველგვარი თავდასხმა. აქ არც ფსიქოლოგიზმია და არც განცდებით ტკბობა, აქ არის კეთილშობილი, ამაღლებული, საქმიანი კულტურა გრძნობებისა.
და კიდევ.
ცნობილია, რომ ანტროფოცენტრისტული ფილოსოფია ხშირად მიდის ჭეშმარიტების ჭვრეტამდე და ღრმავდება ამ ჭვრეტაში, უარს ამბობს საქმიანობაზე, მოღვაწეობაზე. ქართულ ნეოპლატონიზმში ძალზედ ბევრია საჭვრეტი, მაგრამ ამასთან ერთად ის გვასწავლის არა მარტო ჭვრეტაში ჩაღრმავებას, არამედ გამუდმებით სწრაფვას საქმისაკენ. ეს არის ანთროპოცენტრიზმი, რომელსაც უსათუოდ სურს რაიმეს შექმნა და არა მარტო შექმნა, არამედ სინამდვილის გარდაქმნა. სინამდვილის გარდაქმნა რომ საჭიროა, ამას დიდებულად გრძნობს ყველა ქართველი ნეოპლატონიკოსი. ჭვრეტა ქართულ ნეოპლატონიზმში სიცოცხლის, როგორც ჰარმონიული მთლიანობის წვდომას ერწყმის და ამ ჰარმონიულმა მდგომარეობამ უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა. ქართული ნეოპლატონიზმის ამ თავისებურებებს აქვს არა მარტო მსოფლიო, არამედ თანამედროვე მნიშვნელობაც. და რაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ჩვენი მსოფლმხედველობით XI-XII საუკუნეებისაგან, აღსანიშნავია, რომ ამ ანტიფსიქოლოგიზმსა და ქმედებით წამოწყებას ქართველი ნეოპლატონიკოსებისას, თანამედროვეობისდათვისაც აქვს მნიშვნელობა.
სრულად:
http://www.ai-ia.info/online-arqivi/179-al...platonizmze.htm This post has been edited by ikasso on 31 Mar 2015, 19:10