სტეგ, გცივა?
_ არც ისე.
_ მე მცივა, სტეგ.
_ ცუდია.
_ რაზე ფიქრობ, სტეგ?
_ არაფერზე.
_ ჰო, მეც არაფერზე, აი, მცივა მარტო.
_ მართლა არაფერზე ფიქრობ?
_ აი, ისე როგორც შენ.
_ მე ვფიქრობ.
_ რაზე, სტეგ?
(პაუზა)
_ არაფერზე.
სტეგი ჩემსკენ მოდის. დიდი ვარდისფერი თვალები აქვს. იღიმება. ალბათ რაღაც ახალი აღმოაჩინა. აი მაგალითად გუშინ აღმოაჩინა, რომ მეოთხე თვალი ამოსდის, დანარჩენ სამ დიდ ვარდისფერ თვალთან მუწუკივით რომ მოუჩანს. სტეგი ყოველთვის ამბობს, რომ არავინ იცის ხვალ როგორები ვიქნებით. ადრე არ მჯეროდა მისი. ახლა უკვე მჯერა. ის ჩემზე ბევრად დიდია და მეტი იცის. ადრეც უნდა დამეჯერებინა. ალბათ. სტეგმა რაღაც იცის და მე არ მეუბნება. ვგრძნობ ამას, რაღაცნაირად ვგრძნობ. მე არაფერი მახსოვს. ძალიან ბევრი კითხვები მაწუხებს, მაგრამ სტეგი ყველაფერს არ მეუბნება. ისე, მგონი არც მან იცის ყველაფერი. აი ახლაც, ჩემსკენ მოდის. დიდი ვარდისფერი თვალები აქვს. საერთოდ ძალიან ცოტას ლაპარაკობს. რამე თუ არ ვკითხე, თვითონ არაფერს იტყვის. მეც დავუჯდები ხოლმე და თავს ვაბეზრებ. არასოდეს ბრაზობს. თუმცა ხანდახან აღარაფერს მეუბნება და ასე ჩუმად აშტერდება თეთრ კედლებს. ჰო, რა გამახსენდა, ერთხელ როცა სწორედ ასე, ჩემგან გაბეზრებულმა სივრცეში დაიწყო ყურება, მეც ჩავაშტერდი მისი მზერის მიზანს, ის კი მომიტრიალდა და მეკითხება:
_ იედაი, იცი რა არის თეთრი კედლების მიღმა?
_ “თეთრი კედლების მიღმა” რას ნიშნავს სტეგ? რა უნდა იყოს. არც არაფერი.
_ ჰო, არაფერი. სწორია. _ თქვა და ისევ გაიღიმა.
ეს მომენტი კარგად დამამახსოვრდა. მაშინ პირველად შემეშინდა მისი. ისე კი სტეგი ძალიან კეთილია. ძალიან ლამაზი ზღაპრები იცის. სულ მიყვებოდა ხოლმე ძილის წინ. მერე ჩვევად შემომრჩა და ახლაც მიყვება ხოლმე, რაღაცნაირ არსებებზე მიყვება, სტეგი მათ ადამიანებს ეძახის. ის ამბობს, რომ ისინი ყველანი ერთმანეთს გვანან. უცნაურია. სტეგი მიახლოვდება. ისევ იღიმის. ცისფერ სითხეს მაძლევს და თვითონ იქვე ახლოს ჯდება. მომწყინდა ამ საზიზღრობის დალევა. ადრე მეგონა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო. მერე სტეგმა თანდათან შემაჩვია იმ აზრს, რომ სულ უნდა ვსვა ეს რაღაც. ჯერაც ვერ მივხვდი საიდან მოაქვს ეს ლურჯი სითხე, ან სად პოულობს ხოლმე საჭმელს, თუმცა სტეგმა იცის და მე აღარ ვეკითხები უკვე. ერთხელ ვკითხე და გაუგებრად მიპასუხა, სხვებს მოაქვთო, მაგრამ როცა ჩავეძიე, როგორ თუ სხვებს-მეთქი, არაფერი მითხრა და გაიღიმა ისევ. მან უკეთ იცის.
_ იედაი, ბოლომდე დალიე.
_ უგემურია.
_ და აუცილებელი.
_ რატომ?
_ რომ იცოცხლო.
_ და თუ არ დავლევ?
_ უნდა დალიო.
_ შენ რატომ არ სვამ ხოლმე?
_ ვსვამ.
_ მე ერთხელაც არ დამინახავს, რომ ეს სითხე დაგელიოს.
_ მერე რა.
_ მერე ის, რომ უგემურია.
_ იედაი!
_ ფუუუ
_ აი, ხომ ხედავ რა იოლი დასაცლელი ყოფილა.
_ ეგ შენთვისაა იოლი, ჩემთვის საშინელებაა.
_ კარგი რა, იედაი, სულ არაფერია.
_ არაფერი არა?
_ ჰო, არაფერი.
_ მაშინ აღარ დავლევ.
_ ძილამდე ნუ დალევ.
_ არც მერე დავლევ.
_ რატომ?
_ უგემურია.
_ და აუცილებელი.
_ თან არაფერი თან აუცილებელი?
_ თან არაფერი თან აუცილებელი.
ამ ბოლო დროს სტეგი ძალიან შეიცვალა. კიდევ უფრო ცოტას ლაპარაკობს. სტეგს ძალიან დიდი პირი აქვს. თითქმის ყურებამდე და როცა ლაპარაკობს ყურები ცოტათი უთამაშებს, ვეხუმრებოდი ხოლმე ამაზე და ისიც კი ვიფიქრე, ეს ხომ არ ეწყინა და იმიტომ ხომ არ დადის სულ ჩუმად-მეთქი, მაგრამ მგონი ეს არ უნდა იყოს მიზეზი. ყოველ შემთხვევაში ეს რომ წყენოდა ალბათ მეტყოდა. ერთადერთი დრო, როცა მელაპარაკება, ლურჯი სითხის დალევის მომენტია. ამ დროს სტეგი განსაკუთრებით აქტიურია, თითქოს უნდა ბოლომდე შთამაგონოს რომ ეს უგემური რაღაც ჩემთვის აუცილებელია. სისულელეა და მეტი არაფერი. თუმცა სტეგმა უკეთ იცის. ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. ჩვენს გარშემო სულ თეთრი კედლებია, თეთრი კედლები ყველგან და მათ მიღმაც თეთრი კედლები. მაგრამ რაღაცნაირადაა დაყოფილი, თეთრი კედლის მიღმა თეთრ კედელთან რომ აღმოჩნდე თეთრი დერეფანი უნდა გაიარო და სულ ასეთი გასასვლელ-გამოსასვლელებითაა დაყოფილი ერთმანეთისგან, თუმცა არაფერი განასხვავებს. ყველგან თეთრი კედლები. სტეგს თავისი ოთახი აქვს. ჩემი ოთახიდან მისაში მოსახვედრად მხოლოდ ერთ თეთრ კედელს უნდა აუქციო გვერდი. ნაცრისფერი საწოლივით რაღაც უდგას მხოლოდ, საწოლსაც ვერ დავარქმევ, მაგრამ სტეგს ძალიან უყვარს. ერთხელ შევამჩნიე როგორ შეძვრა მის ქვეშ და თითქოს იქ რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მე რომ დამინახა არაფერი შეიმჩნია და უკანვე გამოძვრა. არა, სტეგი ძალიან შეიცვალა. ჩემს ოთახში შავი საწოლი დგას და კიდევ ორი შავი სკამი. სკამები სტეგმა მაჩუქა ერთხელ, თუმცა არ ვიცი საიდან მოიტანა. სტეგს რაღაცნაირი უნარი აქვს, არარსებულ საგნებს და ნივთებს აჩენს ხოლმე მოულოდნელად. სტეგის ოთახის გვერდით კიდევაა პატარა თეთრი შესასვლელი და იქაც თეთრი კედლებია. სტეგი სულ ჩამჩიჩინებს, რომ იმ ადგილს არ მივეკარო. არ ვიცი რატომ. მაგრამ სტეგმა იცის. მან უკეთ იცის. მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.
_ იედაი, აქ მოდი.
_ რა მოხდა?
სტეგს უკვე შესამჩნევად წამოეზარდა მეოთხე თვალი. თითქმის დანარჩენებივით დიდია. ახლა ზუსტად ახალ თვალს მაშტერებს და მაკვირდება.
_ იედაი, შენ თავს ატყობ რამეს?
_ ანუ?
_ რამე ცვლილებას ატყობ?
_ არ ვიცი, რას?
_ ვერაფერს ამჩნევ?
_ ვერაფერს.
_ იედაი, შენს მხრებს შეხედე.
_ სტეგ, ხომ იცი, რომ ვერ ვხედავ ჩემს მხრებს.
_ ჰო, მაპატიე.
_ რა გაპატიო?
_ არა, არაფერი, ისე. იედაი, მგონი ხელები გამოგდის.
_ რაები?
_ ხელები!
_ ანუ, შენსავით, აი შენ რომ გაქვს ეგრე?
_ ჰო. ვერაფერს გრძნობ? შენ იედაი, შენ ყველაზე მეტად გავხარ ადამიანებს.
_ ვის?
_ ადამიანებს. მე გიყვებოდი ხომლე მათზე.
_ აა, ჰო. _ მეღიმება _ რითი?
_ აი ხელები თუ გამოგივა, მერე ერთი თვალიც და შენ
_ რა? ადამიანებს დავემსგავსები? სტეგ, ისინი ხომ ზღაპრებში არიან.
_ და არა მხოლოდ.
_ როგორ?
_ არა, ისე, უბრალოდ.
_ ანუ?
_ არაფერი. დალიე დღეს?
_ ის საშინელება? დავლიე, ჰო.
_ არ შეწყვიტო, იედაი, სვი.
_ რატომ?
_ რომ იცოცხლო.
_ შენ უკეთ იცი, სტეგ.
ერთხელ, შუა ძილში მყოფს რაღაც ხმაური მომესმა და გამომეღვიძა, ხმაური გაგრძელდა. მივხვდი რომ სტეგს არ ეძინა. თავის ოთახში ფრჩხილებით რაღაცას ჩხაპნიდა კედელზე. გაურკვეველ ფიგურებს. ჩხაპნიდა და ხაზავდა. ჩხაპნიდა და შლიდა. სტეგი ხშირად იქცევა უცნაურად, მაგრამ მე იმის ნახევარიც კი არ ვიცი, რაც მან იცის. ის ჩემზე დიდია, გამოცდილი, ამიტომ ყოველთვის ვუჯერებ. თუმცა მაშინ მეორე შემეშინდა მისი. ეს მაშინ, თორემ ისე სტეგი ძალიან კეთილია. მას მერეც არაერთხელ გამიგია ხმაური სტეგის ოთახში, რაღაცნაირი ჩხაპნის და ხოკვის ხმა. მაგრამ მაშინ ყველაზე შთამბეჭდავად ისმოდა. მე სტეგისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი თვალი მაქვს. ის ხშირად მეუბნება რომ ასე ბევრად უკეთესია. არ ვიცი. მაგრამ ხშირად ძალიან მიჭირს ასე. სტეგს შეტრიალებაც არ სჭირდება, ისე შეუძლია დაინახოს ყველაფერი მის გარშემო, მე კი ასეთ მომენტებში ძალიან მიჭირს. მაგრამ რადგან სტეგი მეუბნება, რომ ასე უკეთესია, ალბათ უკეთესიცაა, მან უკეთ იცის. მაშინაც, როცა სტეგის ოთახიდან წამოსულმა ხმაურმა გამომაღვიძა, ერთი შეხედვით ვერ შევძელი აღმექვა რას აკეთებდა სტეგი. ამისათვის დაკვირვება დამჭირდა, ამასობაში კი მანაც შემამჩნია. ის ყველაფერს ხედავს გარშემო. რომ შემამჩნია, გაჩერდა. მთელი კედლის ნახევარი აჭრელებული იყო. ის ნაჩხაპნები მერე თვითონვე წაშალა სტეგმა, მაგრამ მაშინ მთელ ნახევარ კედელს უცნაური სახე ჰქონდა მიღებული. მე შევეცადე არაფერი მეკითხა მისთვის, მაგრამ მან თვითონ შემატყო დაბნეულობა.
_ იედაი, გღვიძავს?
_ გამეღვიძა. მაპატიე, ახლავე წავალ.
_ მოიცადე.
_ ჰო
_ ალბათ გიკვირს ჩემი საქციელი
_ არ ვიცი. უბრალოდ, არ ვიცი.
_ იედაი, იცი აქ რა წერია?
_ “წერია” ანუ?
_ ანუ, აქ მე რაღაც სიტყვები ამოვკაწრე.
_ მართლა?
_ ჰო. გაინტერესებს?
_ ძალიან.
_ აი აქ ნახევარ კედელზე წერია “მუტანტი”
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს ჩვენი საერთო სახელია, იედაი.
_ ანუ?
_ აი გახსოვს მითიური არსებები, ადამიანები.
_ ჰო, ზღაპრიდან.
_ მათ ხომ ჰქვიათ საერთო სახელი, ჩვენც გვქვია.
_ ანუ მე მუტანტი ვარ. და შენც.
_ დაახლოებით.
_ მაგარია.
_ არა.
_ რატომ?
_ ადამიანებთან უფრო საინტერესოა.
_ რა იცი?
_ მე ვყოფილვარ მათთან. ადრე.
_ სტეგ, ბოდავ?
_ არა. კარგი, არაფერი, დაიძინე, იედაი.
_ ...
_ ისე უბრალოდ ვთქვი.
_ კარგი, სტეგ შენ უკეთ იცი.
_ ჰო.
ჩემს წინ ლურჯი სითხე დგას. უნდა დავლიო. ვუყურებ. ვაშტერდები. აი ზუსტად ისე, როგორც სტეგი აკვირდება ხოლმე თეთრ კედლებს. ოღონდ მე ლურჯ სითხეს ვუყურებ, უგემურს და საშინელს. რა იქნება ერთხელაც მოვიდეს სტეგი და მითხრას, რომ ამის დალევა აღარაა საჭირო. უცნაური სითხეა. ძირში უფრო მუქია, ზედაპირზე შედარებით ბაცი. ნეტავ სტეგსაც ასეთი უგემური ეჩვენება? იქნებ მას უყვარს კიდეც და მეც იმიტომ მაძალებს, ჰგონია რომ სასარგებლოა და აუცილებელი. შეიძლება. სტეგი თავის ოთახში წევს. უფრო სწორედ იწვა, სანამ ამ ლურჯ სითხეს მომიტანდა. მერე მისი ოთახიდან ისევ ის ჩვეული ხმაური მესმის. სტეგს მეოთხე თვალი ბოლომდე გაეზარდა. უკვე აღარაფრით გამოირჩევა დანარჩენი სამისგან. მე ძალიან მიყვარს სტეგი. თვალებიც. დიდი ვარდისფერი თვალები. ის გარშემო იყურება და ყოველთვის როცა ჩემს ოთახშია, მგონია რომ თეთრ კედლებს უყურებს, ამ დროს კი შეიძლება უბრალოდ მე მიყურებდეს. ახლა სტეგი ისევ ხმაურობს. მე კი ლურჯ სითხეს ვუყურებ და თვალს ვერ ვაცილებ. მე შავ სკამზე ვზივარ, ჭიქა მეორე სკამზე დევს. ვდგები და ჭიქასთან ახლოს მივდივარ. ვყნოსავ. სუნიც საშინელი აქვს. სტეგის ოთახისკენ მივდივარ. ვჩერდები. იქნებ სტეგს სულაც არ ესიამოვნოს რომ ჩავეჩრები მის საქმეში. იქნებ ახლა განმარტოება უნდა. ან საერთოდ რას ნიშნავს ეს ხმაური მისი ოთახიდან. არ ვიცი. თუმცა სტეგმა იცის და მე მჯერა მისი, იმიტომ რომ მან უკეთ იცის.
_ იედაი!
მეძახის. მიყვირის. ისევ მეძახის.
_ იედაი! იეეეეედაიიიიი!
ჩემს ოთახში ლურჯი სითხე დგას. სტეგის ოთახიდან ხმაური ისმის. ჩემს ოთახში ორი შავი სკამი დგას. სტეგის ოთახში ერთი ნაცრისფერი საწოლი. ჩემს ოთახშიც დგას საწოლი, შავი. სტეგის ოთახში მეტი არაფერია, მხოლოდ თეთრი კედლები. ჩემს ოთახშიც თეთრი კედლებია. ოთახებს შორის დერეფნებშიც თეთრი კედლებია. სტეგი მეძახის. მე მივდივარ მისკენ. სტეგს საწოლი გადაუნაცვლებია. ახლა იმ კედელში, რომელთანაც მისი საწოლი იდგა, უცნაური ხვრელია. ახლა მესამედ მეშინია სტეგის. მაგრამ სტეგი კეთილია, ძალიან კეთილი.
_ იედაააი! მოდი აქ, მალე იედაი!
სტეგი მიყურებს. ახლა ნამდვილად ვიცი რომ ოთხივე თვალით მე მიყურებს. სტეგი მისკენ მიხმობს, თვითონ ნახევარი ტანით იმ ხვრელშია შემძვრალი. მე მივდივარ სტეგთან. ახლაღA ვამჩნევ, მისი ოთახის კედლები მთლიანად დაჩხაპნილია, ისევ ისეთი ფიგურებით. ოღონდ სხვა რაღაც წერია. არ ვიცი რა. სტეგმა იცის ალბათ. სტეგმა ჩემზე ბევრი იცის და მე მჯერა მისი.
_ მალე იედაიიი!
სტეგი ხელს მავლებს მხრებში და თავისკენ მიზიდავს, თვითონ იმ ხვრელში გადის. ეს ალბათ კიდევ ერთი ახალი ოთახის დერეფანია. არ ვიცი. სტეგი გადის. მე მივყვები. სტეგი გადის. მე მივყვები. სტეგი გადის. მე მივყვები. სტეგი გადის. მე მივყვები. სტეგი გადის. მე მოვყვები. ვჩერდები. ხვრელის იქით არ ვიცი რა არის. ვხედავ, მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი. საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება
_ სტეგ, ეს რა არის?
_ გავედით! გავედით. გავედით..
_ სტეგ
_ მე ეს შევძელი, შენთვის მაინც.
_ სტეგ!
სტეგი თანდათან იცვლება. რაღაც მოსდის. არ ვიცი რა მოსდის. იყინება. დნება. იშლება. არ ვიცი.
_ სტეგ!
_ იედაი. ეს დედამიწაა. ჩვენი ლაბორატორიის მიღმა სამყარო. აქ შენნაირები ცხოვრობენ. ისეთები, როგორიც შენ უნდა გახდე.
_ სტეგ!
_ აი აქ, მე გიყვებოდი. აი ამაზე. აქეთ. ეს ადამიანები. აქ ადამიანები
სტეგი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს გაუგებარ ფრაზებს.
_ აქ ადამიანები არიან. გახსოვს ადამიანები?
_ სტეგ!!
_ ჰო, ჰო, ადამიანები, შენც, აი ხედავ იედაი? ხელები უკვე გამოგდის, თვალიც. თვალიც და ადამიანი ხარ. ნამდვილად ადამიანი.
_ ...
_ ლაბორატორია დაინგრევა. ისინი ძებნას დაგვიწყებენ. შენ უნდა გაიქცე. გაიქცე. გაიქცე.
_ სად სტეგ? სად? რა ხდება? შენ?
_ მე დამტოვე აქ და დაგეწევი. შენ უნდა გაიქცე, იედაი.
არაფერი მესმის. მაგრამ სტეგმა ჩემზე ბევრი იცის. გარშემო გაუგებარი გარემოა. არ ვიცი ეს რა არის. სტეგმა იცის ალბათ, სტეგმა უკეთ იცის და მე მჯერა მისი, მე მჯერა სტეგის. მივდივარ. მივდივარ. მივდივარ. უნდა გავიქცე. სტეგი უკან წევს. მე მივდივარ. სტეგს ჯერ კიდევ ვხედავ. მივდივარ, ზურგს ვაქცევ ხან სტეგს, ხან იქეთ სივრცეს.
_ იედაი! იედაი!
სტეგი თითქმის განახევრებულია. მეძახის.
_ სტეგ
_ იედაი, დღეს ხომ დალიე ლურჯი სითხე?
_ სითხე?
_ ხომ დალიე, იედაი?
_ სტეგ!
_ დალიე?
_ ...
_ იედაიიიი!
_ არა, სტეგ.
_ იედაი
_ არ დამილევია, სტეგ.
_ არა?
სტეგი იცინის, ასეთ დროს ყურები უთამაშებს ხოლმე, მაგრამ არა ახლა. იცინის. ხმამაღლა იცინის.
_ სტეგ!
_ არ დაგილევია არა?
სტეგი ისევ იცინის.
_ არა, სტეგ. რა იყო?
უკვე შორიდან ვეძახი. მისი ხმა ძნელად აღწევს ჩემამდე.
_ არაფერი, იედაი, არაფერი, ისე. ისე გკითხე. გაიქეცი, გაიქეცი, ან როგორც გინდა.
_ სტეგ! სტეეეეეეეეგ!
სტეგი აღარ ჩანს. გავრბივარ.
-------------------
ამას გაგრძელება არ აქვს?