ჰმმ, უყურე შენ პუშკინას!
რა ვიცი აბა რამდენად უწმაწური პოეტური მარგალიტია ,მაგრამ მაინც

გოლიათი გოგონა
რაც კი ბუნებამ თვის შემოქმედ ძალთა ნავარდით
იწყო ჩასახვა ცისმარე დღეს ბუმბერაზ ყრმათა,
მსურდა, მეცხოვრა მე გიგანტი გოგონას გვერდით,
როგორც დედოფლის გვერდით ცხოვრობს ავხორცი კატა.
მსურდა მენახა მისი სულის და მისი ტანის
სწრაფზრდა წიაღში გოლიათურ თამაშობათა,
გამეგო, მიღმა ამ თვალების, წყალ-ნისლიანის,
ღვივის თუ არა ნაკვერჩხალი ფარულ ტრფობათა.
მსურდა, დიდრონი ნაკვთებისთვის თვალი შემევლო
ცოცვით ვეება მუხლისთავთა კალთებზე მევლო,
და ზოგჯერ, როცა, დათენთილი მზის დასხივებით,
ის მთელი ტანით გაწვებოდა ხასხასა ველად
მსურდა, მეთვლიმა მისი მკერდის ჩეროში შვებით,
როგორც სოფელი მთების ძირში თვლემს უშფოთველად.
* * *
ერთიცა

***
ერთ ღამეს, როცა ქალთან, ვინაც ყველასთან წვება,
ვიწექი ისე გაშოტილი, ვით გვამთან გვამი,
მე ვიხმე სიზმრად ის მშვენება სევდანასვამი
რომელსაც ჩემი ღრმა სურვილი აქ ეთხოვება.
თვალწინ დამიდგა დიდებული ნაკვთების წყება,
ის გამოხედვა, სიმტკიცით და გრაციით სავსე,
თმა, სურნელოვან ჩაჩქანივით დამდგარი თავზე,
რომლის ხსოვნაზე სიყვარულით ეს გული ლღვება.
_ო, მე მხურვალეს დავკოცნიდი შენს მეფურ სხეულს,
რბილ ტერფებიდან მივწვდებოდი კულულებს მრუმეს
და დავაფრქვევდი ყველგან ალერსს უნაზეს-უღრმესს,
თუ ერთ საღამოს ერთადერთ ცრემლს, უვნებლად მცვრეულს,
შEნ დაიდენდი, დედოფალო არშებრალების,
რომ დაგებინდა ბრწყინვა შენი ცივი თვალების!