Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ილია ჭავჭავაძე
, 1837 წლის 8 ნოემბერს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12567847
· 11 Feb 2009, 14:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
IX
„И Камни вопиют! Камни не лгут!..“ - იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი. რა საბუკ-ნაღარო სიტყვებია, რა მაღალ ფარდებშია ადამიანის გრძნობის სიმთა ჟღერა, რომ ცეცხლმოსაკიდებელ აზრს ამ სიტყვებისას გულიც სავსე ჰქონდეს მართალითა და გამოფიტულს, ჭიანს ნაჭუჭს არ მოასწავებდეს. ასეა თუ ისე, ბ-ნი გოლმსტრემი, ვითომდა მართლა გამწვავებული და გულაღტყინებული სიმართლისათვის, გულში ხელს იცემს და გვეფიცება, რომ ღვაწლმოსილნი ქვეყნის წინაშე ურარტელნი, ძველისძველადვე ღირსებით და სიკეთით სავსენი, სომხები არიან და, მაშასადამე, ძველისძველი ისტორიული საბუთი გვეუბნება, რა დიდის ძალ-ღონის სულიერად, თუ ხორციელად წარმომადგენელია დღევანდელი სომეხი, ვითარცა სისხლ-ხორცი სახელოვან ურარტელისა. ამ ურარტელების სომხობას იღაღადებენ ქვები და ქვები ხომ ტყუილს არ იტყვიანო. ვნახოთ, მართლა ესეა, როგორც ამ შემთხვევაში მოზმანებია ბ-ნს გოლმსტრემს, თუ არა.
ფრანსა ლენორმანი, რომელიც წინათაც ვახსენეთ და რომელიც დიდად გამოჩენილი და ყველასაგან ცნობილი სწავლულია და მცოდნე ძველად-ძველის ისტორიისა, დიდად სახელმოპოებული მკვლევარია იმგვარ საბუთებისა, რომელსაც წარმოადგენენ ლურსმულნი წარწერანი, ნამეტნავად ასურულ-ბაბილონურნი, საცა-კი აღმოჩენილან. სწორედ იგი ლურსმული წარწერანი ქვებზე, რომელთაც ბ-ნი გოლმსტრემი იღაღადებს სომხებისათვის, განსაკუთრებით გამოძიებულია ამ სახელოვან ლენორმანისაგან.
სწორედ ეს ლენორმანი ამტკიცებს, რომ არმენია გეოგრაფიული სახელწოდებაა (ტერმინია) და არა ეთნოგრაფიული და ეს სახელი პირველად იხსენება აქემენიდების დროს, სახელდობრ მეშვიდე საუკუნის დასასრულ ქრისტეს წინათ. ჯერ სომხების, ესე იგი ჰაიკების ჭაჭანებაც არ იყოო იმ ადგილებში, რომელთაც კრებულს ასურული და ადგილისავე ლურსმული წარწერანი სახელს სდებენ „ნაირი“ და ბოლოს „ურარტს“ და ერს, იქ მკვიდრებულს, „ურარტელებს“ ეძახიანო. ჰაიკები, ჰაოსიანები (სომხები) მეექვსე საუკუნეს ქრისტეს წინათ შემოვიდნენ „ურარტს“ და ლურსმული წარწერანი-კი, რომელნიც ურარტელების ამბავს მოგვითხრობენ, ეკუთვნიან უფრო წინანდელს საუკუნეებს. სულ თავი წარწერა ეკუთვნის მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინადო32.
აშკარაა, ქრისტეს წინათ მეცხრე საუკუნეზე ადრე ამოჭრილი ლურსმული წარწერა ვერ მოგვითხრობდა იმ ერის ამბავს, რომელიც გამოჩნდა მერე თითქმის სამს საუკუნეს შემდეგ. ქვანი იღაღადებენ განა, სომეხთა მეცნიერნო! ღაღადით კი იღაღადებენ, მაგრამ „სასმენთა კარნი მათთვის გშხობიათ“.
თუნდ ეს მეცხრე საუკუნეც არ იყოს, როცა ქვებმა თავის გულზე დაიწერეს თვისი მიუდგომელნი და უტყუარნი ღაღადნი და როცა სომხები არც-კი გამოჩენილან. „ნაირთა“ ქვეყანა, რომელიც მერე ურარტად ცნობილია, ჯერ კიდევ ასურთა მეფის სალმანასარ პირველის და მერე თიგლათ-პალასარის პირველის დროს არის ხსენებული ლურსმულ წარწერებში და სალმანასარი მეფობდა მეთოთხმეტე საუკუნეს და თიგლათ-პალასარი მეთორმეტე საუკუნეს ქრისტეს წინათ33.
ყოველ ამის შემდეგ საბუთი გვაქვს თუ არა ვკითხოთ ბ-ნ გოლმსტრემს. იგი ლურსმული წარწერანი, იგი ქვები, რომელნიც მოწმად მოჰყავს, რა სასწაულით მოგვითხრობდნენ სომხების ამბავს, როცა მხოლოდ ექვსას-შვიდას და სულ ნაკლებ სამასის წლის მერმეთ გამოჩნდნენ სომხები ურარტის ქვეყანაში, საცა ურარტელები უკვე მკვიდრობდნენ და ებრძოდნენ ასურელთ მთელი ექვსი თუ შვიდი საუკუნე სომხების მოსვლამდე, და რომელთაც თუ ღვაწლი რამ მიუძღვით მსოფლიო ისტორიის წინაშე და თუ მაგარი ხასიათი, კულტურა, სულიერი და ხორციელი ძალღონე გამოუჩენიათ, თავისს სასახელოდ გამოუჩენიათ და არა სომხების საქებ-სადიდებლად.
აშკარაა, იგი ლურსმული წარწერანი, რომელთ ღაღადს ვითომც ცეცხლი მოუკიდებია ბ-ნ გოლმსტრემისათვის და რომელნიც, მასისავე სიტყვით, მეცხრე საუკუნეზე უგვიანესი არ არიან, ურარტელების სომხობას საბუთად ვერ გამოადგება და აქაც იმავე ქარაფშუტა მეცნიერებას ვხედავთ, რასაც ყოველთვის, როცა კი სომხებზეა საუბარი სომეხთა ფილოსოფოსების და დელინგერებისა.
„ფილოლოგიაო, - ამბობს ლენორმანი, - ეს ალგებრა ენათა ცოდნის მეცნიერებისა (ლინგვისტიკისა), როგორც მას უწოდებენ, ეს მეტად ძლიერი და მაღალი საშუალება, აღმადგინებელი ძველის ეთნოგრაფიისა, გვიმტკიცებს, რომ პირველნი მემკვიდრენი იმ მიწისა, რომელსაც არმენია ჰქვიან, ქრისტეს წინ მეშვიდე საუკუნის ბოლომდე იყვნენ იმავე ნათესავისა, რომელსაც ეკუთვნიან ქართველები და ზოგიერთი ახლანდელი ხალხი კავკასიისა34. ეს სწორედ ის ძველნი მემკვიდრენი არიან, რომელთაც დაბადება (ბიბლია X, 3) უწოდებს „თოგორმ“ და რომელთაც არარიგი ერთობა არა აქვთ სომხებთან, ჰაოსიანთან. ამავე სახელს „თოგორმ“ სდებს არმენის მკვიდრთა ეზეკიელ (XXVII, 14, XXXVIII, 6) იმ დროს, როცა დიდი ნაწილი ლურსმულ წარწერებისა უკვე ამოჭრილი იყო ქვებზე, იმ წარწერებისა, რომელთაც აქამდის ვანის წარწერებს უწოდებენ“.
ლეონორმანი მეტად აშკარად ამტკიცებს, რომ ურარტელნი და ალაროდიელნი ერთი და იგივე სახელწოდებააო. ერთი და იგივეობა ამ ორის სახელწოდებისა არამც თუ მარტო ლეონორმანმა დაამტკიცა, არამედ სახელოვანმა ინგლისის მეცნიერმაც რაულინსონმა, რომელიც თვით ლენორმანმა ამ შემთხვევაში იმოწმა. ამ იგივეობაზე დააფუძნა ლენორმანმა თავისი დასკვნა, რომ ურარტელების ენა და ლურსმული წარწერანი ალაროდიანულ ენად და წარწერებად უნდა იყვნენ წოდებულნი და არა არმენიულადო. ამ ენას და ერს რარიგი ნათესაობა არ აქვს სომხურ ენასთან და ერთანაო. რაულინსონი ამბობსო, უმატებს ლენორმანი, რომ „ალარუდი“ წარმოადგენს უბრალო ვარიანტს „არარუდი“-სას, რადგანაც ძველი სპარსნი ერთნაირად გამოსთქვამდნენ „ლ“ და „რ“, „არარუდი“-დამ დიდი მანძილი არ არის „არარატამდე“ და აქედგან ასსურელების წარწერებში მოხსენებულს „ურარტამდე“.
ამას ზედ უმატებს ლენორმანი: „ალაროდიელნი (იბერნი) წარმოადგენენ სწორედ იმ ძველს რასას, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ და რომელსაც დაუტოვებია არმენიის ლურსმული წარწერანი“. ეს იგივეობა ხსენებულ სახელებისა დასახსომია, რადგანაც შემდეგში გამოგვადგება.
„ჩვენის აზრით, - ამბობს ლენორმანი, - არმენიაში (ბ-ნ გოლმსტრემის მიერ ხსენებულნი ლურსმული წარწერანი აქვს სახეში) ნაპოვნ ლურსმულ წარწერათა ენა მეტისმეტად ემსგავსება ქართულს ენას“... „იმედი მაქვს მომავალში, როდესაც ახლანდელი ჩემი გამოკვლევა წინ წაიწევს, ბლომად წარმოვადგინო შეურყეველნი საბუთნი ამ მსგავსებისა. ეხლა-კი წარმოგიდგენთ ერთს შეურყეველს საბუთს, დაფუძნებულს არსებითის სახელის ბრუნვაზედა“.
აქ ლენორმანს ასეთი საოცარი მაგალითები მოჰყავს, რომ ეჭვის მოყვარესაც ეჭვის ხალისს მოუკლავს და ბოლოს უმატებს, - დიდებულის ეჟენ ბურნუფის გამოკვლევა მომეტებულს საბუთს იძლევა, რომ არმენის ლურსმულს წარწერათა ენა და ქართველებისა ერთი და იგივეაო.
„არმენის ლურსმულ წარწერათა ენა რარიგად, არაფრით, დაშორებითაც არა ჰგავს ჰაოსიანთა ენასაო, - ამბობს ლენორმანი - იმ ხალხს, რომელსაც გამოუჭრია ეს წარწერანი35 და ქრისტეს წინ მეექვსე საუკუნემდე უფლობნია არმენიაში, არა ჰქონია არარიგი ნათესაობა სომხებთან, ჰაოსიანებთან, როგორც თავისის შთამომავლობით, ისეც ენით“.
„ჰაოსიანნი შემოვიდნენ არმენიაში ვანის სულ ბოლონდელ წარწერის გამოჭრის შემდეგ, სახელდობრ იმ დროს, როცა თვით წარწერის გამომჭრელმა ერმა (ურარტელებმა), შესუსტებულმა რამდენისამე საუკუნის განუწყვეტელ ბრძოლით საზარელ ნინევიის (ასურელთ) და ბაბილონის მფლობელებთან, დაიწია ჩრდილოეთისაკენ, სწორედ იმ ადგილებისაკენ, რომელსაც ძველეთი უწოდდა „ივერიას“ და ეხლა უწოდებენ საქართველოს (Géorgie)“.
ამ სახით, ლენორმანის სიტყვით გამოდის, რომ ურარტელების სახელს ტყუილად იჩემებენ სომხები, უწინდელს დიდს არმენიას ტყუილად ჰხადიან თავის პირველყოფილ სამკვიდროდ და თუ ურარტელების სიკეთე გამოჰყოლია ვისმე მოდგმით და თუ მაგ სიკეთით შესაძლოა ვინმე თავი მოიწონოს, ესე ყოველი ქართველობის კუთვნილებაა და არა სომხობისა. რაკი ეს ლენორმანის მიერ გამონარკვევი გამომზევდა, სომეხთა მეცნიერთა გაწიწმატებაც ზედ მოჰყვა.
განსვენებული ილია სერებრიაკოვი, პროფესორი ლაზარევის ინსტიტუტისა, ერთს წერილში36 ამბობს, „ლენორმანმა არამც თუ გააუქმა ქართველებისა და სომხების ერთშთამომავლობა, თვით სომხეთიც აქემენიდების ხანამდე ჩამოართვა სომხებს და საბოლოოდ დაუმტკიცა ქართველებსა. ამ ამბავმა ისე გააბრაზა პროფესორი პატკანოვი, რომ მთელი ცამეტი წელიწადი მოსვენებას ვეღარ მიეღწია და ბოლოს, რაკი უკეთესი ვერა გააწყო-რა, დაბეჭდა თავისი ცნობილი ფელეტონი, საცა დიდის ხრიკებით, თვალთმაქცობით სხვისი ნამოქმედარი თავისს თავს მიაწერა, შეუცვალა ცნობილ ფაქტებს ფერი და ამითი „ქართლის ცხოვრების“ გაუქმებას ჰლამობდა“.
ამისთანა საქციელი სომეხთა მეცნიერისა რაზე გაჰკვირეებია ცხონებულს სერებრიაკოვს. ეს ჭირი არ ახალია, - ძველია სომეხთა სწავლულთათვის. ჩვენ ამისი მაგალითი ბევრი სხვა მოვიყვანეთ ამ წერილში. ჩვენ, ქართველებს, იქნება, მიდგომით ლაპარაკი შეგვწამონ. აბა ეხლა მოვუსმინოთ იმისთანა მოწამეებს, როგორიც ლენორმანი და ჰანრი რაულსონია და დავინახავთ, რომ გადასხვაფერება, სხვისა თავისად დაჩემება, აფხეკა და ჩაფხეკა საბუთებისა, გაბათილება სხვისა და სხვის ადგილას თავიანთ თავის გამოჭიმვა და სხვა ამისთანა სიკეთენი მათი ძველისძველი უნარია და ძველადვე ამისი ოსტატობა სცოდნიათ.
„ყველა ზემორე საბუთების ძალითო, - ამბობს ლენორმანი, - იძულებული ვარ გამოვთქვა იგივე, რაც გამოსთქვა ბ-ნმა ანრი რაულსონმა: აურარტის ენას არა აქვს არარიგი ნათესაობა ეხლანდელ ჰაოსიანთ ენასთან“. ჰაოსიანნი გამოვიდნენ ფრიგიიდგან და ნელ-ნელა დაიპყრეს ფრიგიის აღმოსავლეთით მდებარე მაღლობნი, საიდანაც ძველი ურარტელნი მემკვიდრენი გააძევეს და ზოგი ჩანთქეს და შესცვალეს მათი სახელი, ენა, სარწმუნოება, გარდამოცემანი თავიანთითაო“. შეცვლა სახელისა თავიანთით, ენისა, გარდამოცემისა და სხვა ამისიანისა ძველად ძველი თვისება და ჩვეულება ყოფილა და ჩვეულება ხომ რჯულო უმტკიცესია, ლენორმანი იმავ წერილში ამბობს, რომ თარგამოსისაგან შთამომავლობა სომხებმა ტყუილად დაიჩემესო. მითამ რა ეხარჯებათ!..
მარტო ლენორმანი არ ამბობს, რომ მთიანი ქვეყანა, რომელსაც ლურსმული წარწერანი ურარტად ასახელებენ, ჯერ კიდევ 721 წელს ქრისტეს წინათ სამკვიდრო იყო ქართველებისა და თვით ურარტელნი ქართველის ნათესაობის ერი იყო. მეორე დიდი მცოდნე და მკვლევარი ძველისძველის ისტორიისა მასპერო ამბობს: „მთიანი ქვეყანა (ურარტი), საიდამაც გამოდიან ტიგრი და ეფრატი, ჯერ კიდევ ასურელთა მეფის სარგონის დროს (721 წ.) დასახლებული იყო ერთის მოდგმის ერითა, რომელიც მთლად განსხვავებულია ეხლანდელ სომეხთაგან და ეკუთვნის ნათესაობით ქართველებსა. ეს დასკვნა ლენორმანისა სახელგანთქმულად დამტკიცებულ იქმნა სეისის და გუიარის მეცნიერულ ღვაწლითაო“ 37.
„საიდამ არის ეს ერი (ურარტელნი) - დღეს ეს საგანი ბნელით არის მოცულიო, - ამბობს იგივე მასპერო: - ზოგი მეცნიერნი ამბობენ, რომ ჩრდილოეთიდამ და აღმოსავლეთიდამ მოსულან და პირველნი დამკვიდრებულან არმენიაში არარატის ძირობაზე, ტიგრისა, ეფრატის და მტკვრის (Кир, Кура) სათავეების ჩაყოლებაზე და ზოგნი-კი პირველს მათს სამკვიდროს გვაჩვენებენ სამხრეთისაკენ არაბეთის ნახევარ-კუნძულზეო“ 38.
ამ სახით, ბ-ნ გოლმსტრემის ხმამაღალი და რიხიანი ძახილი: „И Камни вопиют! Камни не лгут!..“ მარტო ცალიერი გაბერილი სიტყვებია და გოდება მისი სომხებისათვის ცარიელი შუშხუნაა, რომლის აპრიალების შემდეგ მარტო ფერფლი და ნატისუსალიღა ჰრჩება. გამოდის, რომ თუ კაცს სდომებია, იმისთანა მაგარს და უტყუარს მოწამესაც გადაათქმევინებს სიტყვას, როგორიც ქვაა და ქვათა ღაღადი. სომეხთა მეცნიერს რომ მოსვლოდა ამისთანა ამბავი, კიდევ ჰო. სომეხთა მეცნიერთათვის ესეთი ოინები შეჩვეული ჭირია და ზოგს შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინსა. ხოლო საოცარი ეს არის, რომ ასე ექცევა მეცნიერებას, ჭეშმარიტებას, იგი კაცი, რომელიც ასე ფიცხად, ასე გულმხურვალედ დიდის საყვირით ჰყვირის: „И Камни вопиют! Камни не лгут!..“ გაგონილა ასე სასაცილოდ აგდება ქვათა ღაღადისა, ქვათა უტყუარობისა! მოდით და ნუ იტყვით:
„ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ხნე გჭირსა!..“
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12588233
· 13 Feb 2009, 05:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
X
ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას, გადაკეთებას არა ჰკმარობს: ქვა მკვდარი საგანია, თავის თავს ვერ გამოესარჩლება, ვერავის ეტყვის, - ჩემი სიტყვა, ჩემი ნათქვამი რად გადამიკეთე, მართლის მაგიერ ტყუილი რად მათქმევინეო. საქმე ის არის, რომ ბ-ნი გოლმსტრემი ცოცხალ კაცის სიტყვასაც, მოწმობასაც ასე ექცევა. არც იმას ერიდება, რომ მოწამე არ შემარჩენს ამისთანა საქციელს, არც იმას, რომ გამიმხელენ სხვანიო. ეს მაღალ ფრაზებით მაღლა მყვირალა ვაჟბატონი ბ-ნის ნიკოლსკის სახელით იმისთანა ამბებს ასაღებს, რომელიც ბ-ნ ნიკოლსკის ფიქრადაც არ მოსვლია, პირიქით სულ სხვას ამბობს, სულ სხვას ამტკიცებს.
ბ-ნი ნიკოლსკიო, ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, გვემოწმებაო, რომ ურარტელნი სომხები ყოფილანო. ბ-ნი ნიკოლსკი სომეხთა მეცნიერი არ არის და, მაშასადამე, ამის მოწმობას და სიტყვას თავისი სამართლიანად დამსახურებული ფასი აქვს. აბა ერთი თითონ ბ-ნ ნიკოლსკისა ვკითხოთო: მართლა ისეა თუ არა, რასაც ბ-ნი გოლმსტრემი მისის მოწმობით გვეფიცება. აი ბ-ნი ნიკოლსკი რასა სწერს სწორედ იმ ქვების შესახებ, რომელთ ღაღადსაც ასე ამაოდ აუშუშხუნებია ბ-ნი გოლმსტრემი: „ვანის ლურსმული წარწერანი უეჭველის საბუთის ძალით ეკუთვნიან მეცხრე საუკუნის დასასრულს და პირველ ნახევარს მერვე საუკუნისას ქრისტეს წინ“ 39.
აშკარაა, იგიც იმ აზრისაა, რომ ამ ქვების წარწერებში მოხსენებულნი ერნი სომხები არ არიან, რადგანაც მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე, ან, უკეთ ვთქვათ, მეექვსე საუკუნის დასაწყისამდე ქრისტეს წინათ ვანის ადგილებში სომხების ჭაჭანებაც არა ყოფილა, როგორც ზევით ვნახეთ და როგორც დღეს უეჭველად ცნობილია მეცნიერებაში და პატკანოვის მიერაც, რადგან სხვა გზა არ იყო, დამტკიცებულ-დაბეჭდილია.
ეს ერთი უვიცობა ბ-ნ გოლმსტრემისა და ერთი მაგალითი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი, როგორც მცოდნე კაცი და დიდად საზრისიანი, იმას არ იტყოდა, რაც ათქმევინა ბ-ნმა გოლმსტრემმა, ეს რომ ეთქვა ბ-ნ ნიკოლსკის, ის უნდა ეთქვა, რომ ქვები იღაღადებენ და მოწმობენ იმას, რაც მას უკან, სამას წელიწადს შემდეგ მოხდა. ამისთანა წინასწარმეტყველობა ქვებისა ჯერ არავის გაუგონია და როგორ ვაკადროთ ამისთანა განუკითხაობა ბ-ნ ნიკოლსკის, რომელიც ცნობილია ვითარცა ფრთხილი და ჭკუათამყოფელი მეცნიერი. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს „დღევანდლამდე არ არის ნაპოვნი ის ნათესაური ოჯახი ენებისა, რომელსაც შესაძლოა მიეწეროს იგი ენა (ენა ვანის წარწერებისა), იგი რაღაც ცალკე ენაა, მთლად განკერძოებული. თითო-ოროლა მაგალითი მსგავსებისა ქართულ ენასთან ჯერ კიდევ საბუთს არ გვაძლევს დავადგინოთ ნათესაური კავშირი, თუმცა ეს ნათესაობა ქართულ ენასთან შესაძლოდ დანახულია თითქმის ყველა იმათგან, ვისაც კი გამოურკვევია იგი წარწერანი. სამწუხაროდ, შედარებითი ცოდნა კავკასიურ ენებისა და განსაკუთრებით ქართულისა, მათის ისტორიისა, დიალექტებისა ჯერ ნაკლებია. მაინცდამაინც მარტო ქართულის მცოდნე ლინგვისტებისაგან უნდა მოველოდეთ უფრო გადაწყვეტილს პასუხს ამ საგნის შესახებ“ 40.
ხომ ჰხედავთ, ბ-ნი ნიკოლსკი ამ საგანს რარიგად ფრთხილად, თავდაჭერილად ეპყრობა, ისე ფრთხილად და წინდახედულობით, როგორც შეშვენის მართლმოყვარე მეცნიერსა, ღირსეულს სწავლულს, რომელიც ვიდრე გამოსჭრიდეს, ათჯერ გაზომავს ხოლმე. იმასაც ხედავთ, რომ, თუ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების ქართველობას დაბეჯითებით არ აღიარებს, იმას ხომ სრულებითაც არ იხსენიებს, ვითომც სომხები და ურარტელნი ერთისა და იმავე მოდგმისანი არიანო. ამისათვის ბ-ნი ნიკოლსკი ერთს სიტყვასაც შორეულადაც არ იმეტებს. მაშ საიდამ გამოატყვრინა ბ-ნმა გოლმსტრემმა, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების სომხობას ემოწმებაო? ეს თითონ ბ-ნ გოლმსტრემსა ჰკითხეთ, ან სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა. არც ეს არის ჯერ კიდევ დიდი რამ.
აი'ერთი უფრო ძლიერი მაგალითი იმისი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ამაოდ ხსენებულია, ამაოდ მოწვეულია მოწმად ბ-ნ გოლმსტრემისაგან, და ამის შემდეგ გვიკვირს ბ-ნ ნიკოლსკისაგან, რომ თავი არ გამოუდვია თავისის პატივცემულ სახელის ამაოდ ხსენებისათვის. სახელის ამაოდ ხსენება კიდევ დიდი უკან სადევნებელი საქმე არ არის საქმიან კაცისაგან. ყურს ვინ ათხოვებს, - ვინ უხსენებს სახელს ცალკე კაცს ამაოდ და ვინ არა. სამწუხარო აქ ის არის, რომ ისეთს ხსენებას, როგორიც მოუწადინებია ბ-ნ გოლმსტრემს, მოსდევს შეწამება სრულის უვიცობისა, უმეცრებისა იმისთანა პატივცემულ მეცნიერისას, როგორიც ბ-ნი ნიკოლსკია, რომელიც მართლა საქმის მცოდნეა და არა ქარაფშუტა სომეხთა მეცნიერთამებრ. აქ შებღალულია თითონ მეცნიერება და მისნი გამონარკვევი, მისნი დასკვნანი, მისნი ნაძიებნი, მერე ვისის სახელით? ბ-ნ ნიკოლსკის სახელით და მოწმობით. აი, შეუწყნარებელი, შეუსაბამო აქ რა არის და არა მარტო ის, რომ ცალკე კაცის სახელი ამაოდ ხსენებულია, თუმცა ესეც საკადრისი საქციელი არ არის თავისთავად. დავუგდოთ ყური თითონ ბ-ნ ნიკოლსკის ნათქვამს და სამართალი ისე ვქმნათ.
იგი ამბობს: „ურარტის ქვეყანა, ასურელ და ბაბილონის საბუთების ძალით, არის ის ნაწილი უფრო დიდის და ვრცელის ქვეყნისა, რომელსაც იგი საბუთები უწოდებენ „ნაირი“... „მეცნიერებაში ჯერ დადგენილი არ არის მტკიცედ ცნობა და ნამდვილი სახელწოდება იქ დამკვიდრებულ ერებისა, ხოლო ლენორმანის და ჰომმელის მიხეღვით შესაძლოა იმ ერებს ვუწოდოთ „ალაროდიელნი“... „თუ ამ ალაროდიელებს არ ეკუთვნიან ეხლანდელნი ქართველები, უნდა მიღებულ იქმნას, რომ იგი ერი მოისპო ამცირე აზიის და ამიერკავკასიის მკვიდრთა შორის იმ ერის მოდგმისა აღარავინ არის“ 41.
აშკარაა, ურარტელნი, იგივ ალაროდიელნი, ბ-ნ ნიკოლსკის აზრით, ან ახლანდელი ქართველოები არიან, ანდა იმათის მოდგმისა აღარავინ არის. სად არის აქ მოწმობა ურარტელების სომხობისა? პირიქით, განა აქ სრული და გადაწყვეტილი უარყოფა არ არის იმისი, რასაც ასე კადნიერად სწამებს ბ-ნ ნიკოლსკის ბ-ნი გოლმსტრემი და მისის სახელით ასე უდარდელად, უპრაგონოდ ასაღებს, თითქო აქ არაფერი ცუდი და გასაკიცხი არა არის-რა. კიდევ ვიტყვით: ცოდვაა, ცოდვა, რომ ამისთანა პატივსაცემი, თავდაჭერილი, ჭკუადამჯდარი მეცნიერი კაცმა თავისს გულისთქმაზე შესვას, ტყუილების გუდა აჰკიდოს და ისე ატაროს ქვეყნიერებაზე. რა გაჭირება ადგა ბ-ნ გოლმსტრემს, რომ ასე უპატიურად მოექცა ჯერ მეცნიერებას და მერე ბ-ნ ნიკოლსკის? ქვანი იღაღადებენო!.. ქვანი არა ტყუიანო!.. ქვანი კი არა ჰღაღადებენ, აქ ბ-ნის გოლმსტრემის თავშეუდებელი საქციელი ჰღაღადებს. ქვანი-კი არა ტყუიან, ბ-ნი გოლმსტრემი არა მართალობს და ფარისეველსავით გულში ხელს იცემს, მაღალ ფარდებში სიმს აჟღარუნებს ვითომდა ჩაგრულ ჭეშმარიტებისათვის, ვითომდა პირქვე დამხობილ მართლისათვის სისხლის ცრემლსა ღვრის. კომედიავ, კარგი რამა ხარ თავისს ადგილას, აქ-კი მარტო გულს უზრზენ ადამიანს, რადგანაც გულის მაგიერ ჩვენ თვალწინ მჩვარსა სწვამ და გგონია მჩვარი გულად გავაო.
ბ-ნი ნიკოლსკი უფრო შორს მიდის და ამასაც ამბობს, რომ „უდიდესი და უაღრესი ერი სირიის და მცირე აზიისა, შემქმნელი განსაკუთრებულ კულტურისა და გულადი მეტოქე ეგვიპტისა და ზოგჯერ ასურეთისა „ხეტტი“ ეკუთვნოდა ალაროდიელ ნათესაობასაო42. ალაროდიელნი აშკარაა იგივეა, რაც ურარტელნი, სახელიდამ „ურარტი“, არარატი, მხოლოდ რ გადაქცეულია ლ-დაო43. „თაბალი“, ერი, რომელიც მკვიდრობდა კაპადოკიაში, აშკარაა აგრედვე ალაროდიელთა ნათესაობისა იყო“ 44.
„ხეტტების“ და ქართველების ნათესაობას, ერთთესლობას ამტკიცებს მასპეროც, რომელიც ამბობს, რომ ხეტტელნი ნათესავები იყვნენ ტაბალებისა, მუშკებისა, რომელნიც თუბალებად, მოსოხებად ცნობილნი არიან და თუბალნი და მოსოხნი (მესხნი) ხომ ქართველის მოდგმის ხალხებად მიჩნეულია მეცნიერთაგან. ხეტტელთა ქვეყანა, მასპეროს სიტვით, შუა იდვა ორს დიდს უმთავრეს ქვეყნებ შორის, ქადლდეისა და ეგვიპტისა და ამის გამო იგი შეიქმნა ერთს დიდ ბაზრად აღმოსავლეთისათვისაო. ამ ხალხს დიდი და განვითარებული ცივილიზაცია ჰქონიაო, საკუთარი ლიტერატურა და აყვავებული მრეწველობაო. რაც ვიცით ამ ერისა, სულ ეგვიპტელთა და ასურელთა საბუთებით ვიცითო, რადგანაც თვით ამ ერის ნაშთი ძალიან ცოტაა და ცოტაობით ცნობილიო. წარწერანი მათნი იეროგლიფურია, სრულიად განსხვავებული ეგვიპტურისაგან და დღევანდლამდე წაკითხვა მათი ხელთ არ ეძლევა სწავლულთა მეცადინეობასაო45.
თუ მართალნი არიან ბ-ნი ნიკოლსკი და მასპერო იმაში, რომ ხეტტელნი ქართველის ნათესაობის ერი ყოფილა, ჩვენ აქ ცოტა ხანს შევდგებით, რადგანაც, იქნება, სხვა მეორე შემთხვევა აღარ მოგვეცეს ამაზე საუბრისა და სანანურად დაგვრჩება, რომ ამისთანა დიდად შესანიშნავს, ლამის ჩვენს ნათესავს ერზე, როგორც ხეტტელნი ყოფილან, არა თქმულა-რა ჩვენს ლიტერატურაში ჯერ აქამომდე.
ხეტტელნი, ანუ როგორც ზოგნი ეძახიან გიტნი, დიდი ღვაწლმოსილი ერი ყოფილა, დიდის კულტურის მქონი და რიცხვმრავალი. ვშიშობო ამის თქმასა, ვშიშობთ, იმიტომ რომ სომეხთ მეცნიერებსა და მათს ამქარს ერთი მიზეზი კიდევ არ მივცეთ სხვისას ხელი ჩაავლონ, ხეტტელებად თავიანთი თავი გამოატყვრინონ და ამ გზით, როგორც ყოველთვის, სხვისა დაიჩემონ და თავი მოიწონონ ქვეყნის წინაშე, - აი რანი ვყოფილვართო.
რადგანაც მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, არც ჩვენ ჩავიწყვეტთ ენას.
ინგლისის მეცნიერი რ. ანდერსონი ამბობს, რომ ევროპის ცივილიზაციის სათავე ხეტტების, იგივე გიტტბის ცივილიზაციაა, და ევროპა მადლობელი უნდა იყოს ხეტტებისა, რადგანაც დასაბამი საბერძნეთის კულტურისა ხეტტელებისაგან არის მიღებულიო. ბევრს ადგილას მცირე აზიაში კაცი შეხვდება კვალს ან გარდასრულის, მაგრამ ოდესღაც გაბრწყინკალებულ კულტურისას. ეიუკს, მდებარეს მცირე აზიაში მახლობლად ღალისის მდინარისა, რომელიც მიდის შავის ზღვისაკენ, სამხრეთიდამ ჩრდილოეთზედ მიმართული, დღესაც მოჩანან დანგრეული კედლები ხეტტელების უზარმაზარ სრა-სასახლისა, უშველებელ რკაკუთხიან თლილის ქვებისაგან ნაშენისაო. გზასა, სრა-სასახლეში მიმავალსა, ქვისაგან გამოჭრილი ლომები ინახავდნენო, ჭისკარი გამაგრებული აქვს უზარმაზარ ჯავარიან ქვებით, რომელთზედაც ამოჭრილია სფინქსებიო. მრავალი ხუროთმოძღვრული წვრილმანი ამხილებს, რომ ეგვიპტელთა ხელოვნების ბაძიაო. თვით შენობა, ბაბილონის სრა-სასახლეებისამებრ, განგებ გაკეთებულ ხელთქმნილ მიწერ ბექზეა აგებულიო, ამბობენ, რომ ეს საზაფხულო სადგომი იყოო ქადეშის მეფეებისა (ხეტტების სატახტო ქალაქია), როცა „მწვავი მზე სირიისა ძალიან აცხუნებდა ორონტის ველსაო“. სპეციალისტები - ჰერალდიკოსები გაიკვირვებენ, რომ ორთავიანი არწივი გერმანიის, რუსეთის და ავსტრიის ღერბისა წარმომდგარია ხეტტელების აწ გამქრალ ხელოვნებისა და სიმბოლოობისაგანო. ეჭვს გარეშეა, რომ გამოხატულობა ორთავიან არწივისა ყველა გამოხატულობაზედ უფრო ხშირია, რაც-კი ხეტტელების სახსოვართა ზეღ აჩნევიათო. ეს ორთავიანი არწივი ჯერ თურკომანების მეფეებს შეუთვისებიათ და მერე ჯვაროსანთ შემოუტანიათ ევროპაში და აქედამ გამხდარა გერმანიის იმპერატორების ემბლემად და გერმანიის იმპერატორებისაგან გადასულა რუსეთსა ღა ავსტრიაშიო46.
„ზოგნი დიღბუნებოვანნი კაცნი ძველის საბერძნეთისაო, - ამბობს მერე ანდერსონი, - მცირე აზიის შვილნი არიანო, მაგალითებრ ჰომიროსი, თალესი, პითაგორი, ჰეროდოტეო, და ვისაც ამათს ხსენებაზე აგონდება ეგეიის ქალაქები, იმას შეუძლიან უფრო ღრმად შეხედოს საქმეს - სახელდობრ, კულტურას გიტტებისას, ანუ ხეტტებისასაო“ 47.
ანდერსონი, იხსნენიებს-რა ერთს საბუთს, განაგრძობს, რომ ეს საბუთი ცხადად გვანიშნებს, რომ ხიტა, ხეტტთა ანუ გიტტთა ქვეყანა, - თავისის მდებარეობით, მდგომარეობითა და ძლიერებით თვით ეგვიპტის თანასწორი და ტოლი იყოო. როგორც ანდერსონი, ისეც მასპერო დიდ ქებაში არიან ხეტტების კულტურისა, სიმდიდრისა, აღებ-მიცემობისა, ვაჟკაცობისა და ძლიერებისა,
გვიკვირს, ეს ხეტტების საქებ-სადიდებელი ამბები როგორ გამოჰპარვიათ სომეხთა მეცნიერებს. უსათუოდ არა სცოდნიათ, თორემ აბა რას შეარჩენდნენ ქართველთა ნათესაობის ერს ამითანა საქებურს ამბებსა. მერე იციან, რომ ქართველნი დაუდევარნი არიან და იმ ჭიან ლიბერალობით თვალებაბმულნი, რომ არც-კი ეტყვიან, ძმანო და მეგობარნო! მართალია, თქვენის კეთილის გულის ამბავი ვიცით, რომ საცა პურია, ბინას იქ იკეთებთ, არა ჰკითხულობთ, პური ვისი გამომცხვარია და მიირთმევთ, ოღონდ-კი გემრიელი იყოს, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელია. რას გვემართლებით? ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ და ვიქონიოთ, თქვენ - თქვენი“. ხოლო რას იზამთ? „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი“.
* * *
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
XI
ჩვენ ხომ ვნახეთ, - რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრამს ბ-ნი ნიკოლსკი იმის მოწმად, ვითომც იგი ამტკიცებდეს ურარტელების სომხობას. ეხლა ჩვენ ვიმოწმებთ იმავ ბ-ნ ნიკოლსკის იმაში, თუ რა ჭირვეულობას, რა თაღლითობასა და ოინბაზობას ეწევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ ქვათა ღაღადს იგი ათქმევინონ, რაც თითონ ჰსურთ, და ამ სახით ქვებსაც-კი, ქვებსაც თაღლითობა გააწევინონ, ტყუილი ალაპარაკონ ღა ყურები გამოგვიჭედონ „ქვები ღაღაღებენო“ მას, რასაც ჰღაღაღებენ მარტო მატყუარანი „ბაგენი მათნი ნამეტანობისაგან გულისა“.
ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, რამდენიმე ლურსმული წარწერანი უპოვნია სომეხთა ეპისკოპოსს მესროფ სუმბათიანცს. ამის თაობაზე ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს: სამოციან წლების დასაწყისში ბ-ნმა მესროფმა, მაშინ ჯერ კიდევ ვარდაპეტმა, ამოიკითხა მეხითარისტების წერილებში, რომ იქ, საცა ეხლა სომხები მკვიდრობენ, არის ლურსმული წარწერანი, და მოიწადინა ამათი შეკრება, რადგანაც ჰგონებია, რომ სომხების ძველისძველს ისტორიას ძალიან ასლო შეეხებიანო. ბ-ნ მესროფს, იმავე ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ალჩუ დასჯდომია, მაგრამ იმის გამო-კი არა, რის იმედიცა ჰქონია. აღმოუჩენია ექვსი, თუ რვა წარწერა, გადაუღიათ ეს წარწერანი და გაუგზავნიათ იმ მეცნიერთათვის, რომელნიც ცნობილ არიან მკვლევარად ამგვარ წარწერებისა, სახელდობრ მორდტმანისათვის, სეისისა და მიულერისათვის. ამაო გარდამცემად ღა შუამავლად ჰყოლიათ პროფესორი პატკანოკი, რომელსაც სწამებია, რომ იგი წარწერანი სომხობის ისტორიული ნაშთია და აბა - რა თქმა უნდა - სიხარულით ფეხზე ვეღარ დადგებოდა. ბოლოს გამოჩნდაო, ამბობს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ-იგი ლურსმული-წარწერანი იმ ენაზეა ნაწერნი, რომელსაც არავითარი მზგავსება არა აქვს სომხურისაო48.
რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ცუდად უცვალა ფერი ბ-ნ მესროფსაც და პატკანოვსაც. საჭიროა ვიცოდეთ, რომ უფროს-ერთი წარწერა, ნაპოვნი ბ-ნ მესროფისაგან, აღმოჩენილია ეჩმიაძინის სამხრეთ-დასავლეთით, 25 ვერსტის მანძილზე ეჩმიაძინიდამ. იქ ერთი ქედია, სახელად „ბლური“, ამ ქედთან ძველი რაღაც ნანგრევებია და სომხები დიდი ხანია მუშტრის თვალით შესცქერიან და იძახიან, რომ სწორედ აქ იყოო ჩვენი დედა და სატახტო ქალაქი, რაღაც მითოლოგიური „არმავირი“, ცნობისმოყვარე მეცნიერებამ აქაც მიაწვდინა თავისი დალოცვილი თვალი და ხელი. აქ დაუწყეს თხრა გრაფ უვაროვის ზედამხედაობით, სინჯეს ნანგრევები, აქეთ ეცადნენ, იქით ეცადნენ, მთელი შვიდი დღე თხარეს, დი ის იპოვეს, რაც სომეხთა მეცნიერთ ჩვენის სახელის მოთხრისაგან, ესე იგი არაფერი სომხების საჩხუბარო და სანუგეშო არა აღმოაჩინეს-რა. რასაკვირველია, დაიწყეს ჭინჭყლი და ჭირვეულობა და ბ-ნმა მესროფმა და პატკანოვმა სამდურავი გაძთაცხადეს, კარგად ვერ უთხრიათ და უძიებიათო და ხელახლად მოითხოვეს იმავ ადგილების თხრა და სინჯვა.
ამისთანა დაჟინება მარტო იმით აიხსნებაო, დასძენს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ ჯერ შემცდარს აზრს აჰყოლიან შესახებ ამ წარწერების თვისება-ხასიათისა და გაჩენისა და მერე, - ადვილად მისახვედრია სომეხთა მეცნიერთა ატაცებული სურვილი, რომ აღმოჩენილ იყოს ძველი სატახტო ქალაქი არმენიისაო49.
სჩანს, ჯიუტობით, ჭირვეულობით ლარის გატანა სომეხთა მეცნიერთა განუყრელი თვისება ყოფილა. სჩანს, რაც „ჩოტკში“ არ მოდის, რაც-გინდ მართალი იყოს, მაინც თავისის გაყვანა უნდათ, თორემ რა გასამართლებელი საბუთია, შემცდარის აზრით გატაცებულნი არიან და ადვილად მისახვედრია რის გამო ურჩობენ და ჭირვეულობენო სომეხთა მეცნიერნიო. აშკარაა, თუ ბ-ნ ნიკოლსკიმ აქ მეტი არა სთქვა-რა ამისთანა საქციელზე, ეს მის თავდაჭერილსა და მართებულს მეტყველებას მოასწავებს და არა საქციელის სრულს დახასიათებასა და დასახელებას. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნ მესროფისაგან ნაპოვნ წარწერათა შორის, ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ერთი წარწერაა, რომელიც აღნიშნულია XV ნომრით ღა „ზახალუსად“ წოდებულ ადგილის ახლოა აღმოჩენილი. ამისი ასლი დაბეჭდილი იყო სომხურს ჟურნალს „არარატში“, რომელიც ეჩმიაძინში გამოდიოდა. ამ წარწერის გამო ბ-ნი ნიკოლსკი სწერს, რომ „აქედამ გადმოღებული ნაწერი, „არარატში“ დაბეჭდილი, ისეთი დამახინჯებულია, რომ ნიშნებიც-კი თითქმის არა ჰგვანან ვანის წარწერებს. შესაძლოა ვიგულოთ, რომ გადმომდებს განგებ სდომებია ეს ნიშნები მიამსგავსოს სახით სპარსულ აქემენიდების წარწერასაო იმ მიზეზით, რომ წარმოუდგენია ვითომც იგინო ერთნი და იგივენი არიან, ან რაიმე ნათესაური კავშირი აქვთო“ 50.
ესეთი ოსტატობა და ოინბაზობა არ დაეფიცებათ იმათ, ვინც ძველს ქვას აცლის ან თითონ ქვას იპარავს და ეშმაკმა იცის სადა კარგავს. ახლა იკითხავთ: რა ანგარიშია, რომ ხსენებული წარწერა გადაუმახინჯებიათ, გადაუსხვაფერებიათ? ოინბაზობა, თაღლითობა, რუსები რომ იტყვიან подлог, მართალია დიდს ოსტატობას, დიდს გაგებას და თითქმის ერთსგვარს გულადობასაც თხოულობს, მაგრამ არც იმისთანა საქებური და სასახელო ხელობაა, რომ კაცმა თავი შეიდოს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იკადროს მარტო სახელისათვის, თუ სახელს სახრავიც ზედ არ მოჰყვება. მაშ საბუთი გვაქვს ვიკითხოთ რად ნდომებიათ, რომ ძველი წარწერა ასურეთის ხანასი აქემენიდების წარწერისათვის განგებ მიემსგავსებინათ, როგორც ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვებიდამა სჩანს.
აი რა ანგარიში უნდა ვიგულისხმოთ: წინანდელ წერილებიდამ უკვე ვიცით, - რა დიდი საბუთია მართალ მეცნიერთათვის ის გარემოება, რომ ვანის ლურსმული წარწერანი რადგანაც ეკუთვნიან აქემენიდების წინა დროს და სომხები მარტო აქემენიდების დროს მოსულან არმენიაში და მინამდე მათი ჭაჭანებაც იქ არ ყოფილა, აშკარაა, ანგარიშია სომეხთა მეცნიერთათვის დაამტკიცონ, რომ წარწერები ასურელთა დრონისანი-კი არ არიან, არამედ აქემენიდების დროინდელნი. იგი წარწერანი რომ ასურეთის ხანასი იყვნენ, ესე იგი იმ დროინდელი, როცა იმ ადგილებში, საცა იგი წარწერანი უპოვნიათ, სომხების ხსენებაც არ ყოფილა, სომხები ისე ადვილად ვერ დაიჩემებდნენ - იქ ჩვენი ისტორიაა მოთხრობილიო. და თუ აქემენიდების დროისანი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ოინბაზობის და თაღლითობის ქსელი ადვილად გაიბლანდებოდა, ადვილად გაისმოდა სხვისის სახელის და ისტორიის დასაჩემებლად და იმას ვეღარ უსაბუთებდნენ გასამტყუნებლად, რომ თქვენ ჯერ სად იყავით, როცა ეს წარწერანი ქვებზე ამოუჭრიათო.
ნუთუ ეს ოინბაზობა, ეს თაღლითობა იგივე არ არის, რაც სთქვეს სომეხთა მეცნიერებზე დ. ბაქრაძემ, ილო სერებრიაკოვმა, ლენორმანმა, რაულინსონმა, ბ-ნმა ნიკოლსკიმ და რასაც ჩვენ ამ წერილებით ვამტკიცებთ.
ყოველ ამის შემდეგ, განა აშკარა არ არის, რომ იმისთანა მეცნიერნი, როგორიც პატკანოვია, ფილოსოფოსი არწრუნია და ვიღაც ეზოვები, ხუდაბაშოვები და მთელი მათი ამქარი, არაფერს თაკილობენ ოღონდ-კი თავისი შავი გაათეთრონ და ჩვენი თეთრი გააშავონ იმისდა მიხედვით, რა დროს რა სწყურიათ, რა დროს რა უხდებათ ტანად და პირად. ამას რომ მარტო ჩვენ, ქართველები ვამბობდეთ, კიდევ არ დაიჯერებოდა, მტრობაში ჩამოგვართმევდნენ, შურით მოსდითო, იტყვიან. ლენორმანი, რაულინსონი, ბ-ნი ნიკოლსკი, ჩვენი მამადაშვილები, ან ნათელ-მირონები ხომ არ არიან, რომ ამათაც მიდგომით ლაპარაკი შესწამონ.
ბ-ნი გოლმსტრემიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სომეხთა მეცნიერთა ფეხის ხმას აჰყოლია და ჩვენთვის, ქართველებისათვის, მღაღადებელს ქვებს სომხებისათვის აღაღადებს და დიდის ბუკითა და ნაღარით იძახის: „И Камни вопиют! Камни не лгут!..“... აქ ქვანი კი არ ჰღაღაღებენ, ქვანი მართალს ამბობენ - ხოლო ჰღაღადებენ და სტყუიან სომეხთა გაცუღლუტებულნი მეცნიერნი, ან გამეცნიერებული ცუღლუტები ეზოვები და სხვა ამისთანები. ეს რაღაც მთელი გუნდია, რომელსაც თითქო პირი შეუკრავთ, გაფიცულან, რომ ქვეყანა ატყუონ, მელა-ტურა ლომად აქციონ, ლომი კატად, და ფრთაგაცვივნულ, გაქუცულ უხეირო კრუხ-ქათამსავით წიწილები სჩეკონ არწივის ნაბუდარზედა.
* * *
* * *
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
XII
სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და უშიშრად. არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი, სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს „მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას“.
ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითი თუ უნებლიეთი შეცდომა გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა ნეტა რამ და რისთვის დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება.
გვიკვირს, თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ჩი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არარსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.
კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, - სანთლითაც რომ ვეძებოთ, - ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არარსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ, თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი ხელობაა.
ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიები. ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპიელი, ან რუსი დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ.
თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია მიუდგომელობისა, მიუკერძოებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“.
მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, - ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან51. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები52 ქართველთა მამა-პაპანი ყოფილანო53.
დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტელთა სომხობას და ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ ანუჩინისა რატომ დავიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, - სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: „საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!“.
ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბძანებს ბ-ნი გოლმსტრემი: ამ საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი სწორედ ამაზე ითქმის, ერიჰაა! მაშ რაზე შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ თითქმის მთელი ფელეტონი ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომეთ და, სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ სიმტკიცესა და მედგრობას ახლანდელის სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან ურარტელებისას. მაშ რად ჰღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: „თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა) ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან „ფერუმარილ წაუსმელისა“, გადაუკეთებელისა, უნდა ყურადღება მიაქციოთ“ ძველს, ჭაღარამოდებულს დროს, არქეოლოგებს და სწავლულ მოგზაურებსაო“ 54. მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს, სიტყვებო!..
საოცარია, - რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც თვალი და ყური აუქცია ჭაღარამო დებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც, სწავლულთა მოგზაურთაც და იმ ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით, возопиют!
„კიდევ ბევრს, ბევრს სხვას ჰღაღადებენ არმენიაში ნაპოვნი ქვებიო“, იძახის დიდის პათოსით ბ-ნი გოლმსტრემი. მართალია, ბევრს რასმე ჰღაღადებენ და ვაი რომ იმათს ღაღადს ყურებში ბამბადაცძული მსმენელი შეჰხვედრია. ბევრს რასმე ჰღაღადებენ, მხოლოდ მთლად და ხელაღებით იმის წინააღმდეგს, რაც ბ-ნს გოლმსტრემს ურარტელთა გასომხებისათვის წამოულაგებია „Петербургские Ведомости“-ში. კიდევ ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს: თუ ჩვენ მართალს არ ვამბობთ, აბა ერთი საბუთი, აბა ერთი მართალი სწავლული, მართალი მეცნიერი, აბა ერთი ქვა და მისი ღაღადი წამოგვიყენოს პირში, მაშინ ჩვენ ჩვენს მშვილდს ძირს დავდებთ და ბ-ნ გოლმსტრემის წინაშე ქედს მოვიხრით, ჩვენს შეცდომას შევინანებთ საქვეყნოდ.
სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის თქმასაც კი შესაძლებელად ჰხადის: „ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თვისი შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ აღთქმებისაო“. რა თქმა უნდა, ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა. სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი. ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში და რუსის მწერლობაში საკუთრად. მაშასადამე, ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი ერთგულება აღმოუჩინეს ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო55, არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე, აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში და მას აქეთ სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც სომხები აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია რუსეთში და რუსის მწერლობაში.
რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულ
This post has been edited by
El Pastor
on 13 Feb 2009, 05:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეორგევიჩი
Minarchist
ჯგუფი: Registered
გეორგევიჩი
Minarchist
ჯგუფი: Registered
წერილები: 1408
წევრი No.: 36834
რეგისტრ.: 20-June 07
#12597662
· 14 Feb 2009, 00:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წაიკითხეთ ხალხო
მაგარი ვეშჩია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12599137
· 14 Feb 2009, 03:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
XII
სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და უშიშრად. არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი, სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს „მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას“.
ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითი თუ უნებლიეთი შეცდომა გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა ნეტა რამ და რისთვის დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება.
გვიკვირს, თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ჩი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არარსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.
კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, - სანთლითაც რომ ვეძებოთ, - ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა
ჩურუქა მეცნიერებისა
, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არარსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ,
თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი ხელობაა.
ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიები. ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპიელი, ან რუსი დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ.
თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია მიუდგომელობისა, მიუკერძოებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“.
მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, - ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან51. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები52 ქართველთა მამა-პაპანი ყოფილანო53.
დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტელთა სომხობას და ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ ანუჩინისა რატომ დავიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, - სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: „საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!“.
ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბძანებს ბ-ნი გოლმსტრემი: ამ საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი სწორედ ამაზე ითქმის, ერიჰაა! მაშ რაზე შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ თითქმის მთელი ფელეტონი ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომეთ და, სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ სიმტკიცესა და მედგრობას ახლანდელის სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან ურარტელებისას. მაშ რად ჰღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: „თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა) ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან „ფერუმარილ წაუსმელისა“, გადაუკეთებელისა, უნდა ყურადღება მიაქციოთ“ ძველს, ჭაღარამოდებულს დროს, არქეოლოგებს და სწავლულ მოგზაურებსაო“ 54. მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს, სიტყვებო!..
საოცარია, - რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც თვალი და ყური აუქცია ჭაღარამო დებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც, სწავლულთა მოგზაურთაც და იმ ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით, возопиют!
„კიდევ ბევრს, ბევრს სხვას ჰღაღადებენ არმენიაში ნაპოვნი ქვებიო“, იძახის დიდის პათოსით ბ-ნი გოლმსტრემი. მართალია, ბევრს რასმე ჰღაღადებენ და ვაი რომ იმათს ღაღადს ყურებში ბამბადაცძული მსმენელი შეჰხვედრია. ბევრს რასმე ჰღაღადებენ, მხოლოდ მთლად და ხელაღებით იმის წინააღმდეგს, რაც ბ-ნს გოლმსტრემს ურარტელთა გასომხებისათვის წამოულაგებია „Петербургские Ведомости“-ში. კიდევ ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს: თუ ჩვენ მართალს არ ვამბობთ, აბა ერთი საბუთი, აბა ერთი მართალი სწავლული, მართალი მეცნიერი, აბა ერთი ქვა და მისი ღაღადი წამოგვიყენოს პირში, მაშინ ჩვენ ჩვენს მშვილდს ძირს დავდებთ და ბ-ნ გოლმსტრემის წინაშე ქედს მოვიხრით, ჩვენს შეცდომას შევინანებთ საქვეყნოდ.
სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის თქმასაც კი შესაძლებელად ჰხადის: „ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თვისი შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ აღთქმებისაო“. რა თქმა უნდა, ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა. სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი. ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში და რუსის მწერლობაში საკუთრად. მაშასადამე, ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი ერთგულება აღმოუჩინეს ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო55, არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე, აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში და მას აქეთ სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც სომხები აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია რუსეთში და რუსის მწერლობაში.
რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულია და სომეხთ ვერ დავუკარგავთ დიდს ღვაწლს, ქრისტიანობისათვის მათ მიერ დადებულსა. ქრისტიანობისათვის ბევრი რამ გაუწირავთ, ბევრი სისხლი უღვრიათ და მეტი არ იქმნება ვთქვათ, რომ ქრისტიანობას ანაცვალეს მათ თითქმის მთელი თვისი ისტორია, თვისი სამეფო, თვისი მამული, თვისი სამშობლო და ამით, თვისდა მართლადა სასახელოდ, შეინახეს თვისი რჯული, ენა და ყოველმა ამან შეანახვინა თვით მათი ვინაობაცა, მათი ეროვნული არსებობა. ვერც ისტორია და ვერც კაცობრიობა ვერ დაივიწყებს სომეხთა ღვაწლს, სომეხთა თავგანწირვას ქრისტიანობისათვის. ამიტომაც ბ-ნს გოლმსტრემს რომ გაეხსენებინა ეს დიდებული ღვაწლი საერთოდ ქრისტიანობის წინაშე, მართალი იქნებოდა და რაკი შიგ ჩაურია „მართლმადიდებლობა“, ბალღსაც სიცილს მოჰგვრის, რომ სომხები შეურყეველად ერთგულნი ყოფილან სხვის სარწმუნოებისა და, მაშასადამე, შერეულნი თვის საკუთარს სარწმუნოებაში. სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც, იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც გაუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყვნელად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება-კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს. ამიტომ არა გვგონია კეთილმორწმუნე სომხებს ეს ქება ბ-ნ გოლმსტრემისა სასიქადულოდ გაუხდეთ. სომხებს რაც გინდ დააბრალეთ, და ორგულობას სარწმუნოებისას-კი ვერავინ შესწამებს. პირიქით, მათ, თვისდა სასახელოდ, კარგად იციან ფასი თავისის სარწმუნოებისა და ამისათვის უღელი ყოველ გვარის უბედურებისა გულგაუტეხლად უტარებიათ და ჯვარცმულან.
დასასრულ, ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა გაჭირება დასდგომია ბ-ნ გოლმსტრემს, რომ საცოდავი ქვებიც-კი უწამებია, შეუწუხებია პატივცემულნი მეცნიერნი და ჯანაბაში გადუკარგავს თვით მეცნიერებაცა. ეს ჩვენ არ ვიცით და არც დიდი სურვილი გვაქვს ვიცოდეთ. ჩვენ მარტო იმას ვკვირობთ, ჩვენ მარტო ის გვეოცება, რომ აქაც იგივე პროგრამაა გამოჭიმული და დოინჯშემოყრილი, რომელიც სომეხთა მეცნიერთ მემკვიდრეობით დასჩემებიათ: სომეხთა ბამბაც უნდა ჩხრიალებდეს და ქართველების არც კაკალი. ვიყვიროთო და ყვირილიც ეს არის.
აბა სენკოვსკიდამ დაწყებული ბ-ნ გოლმსტრემამდე, ამ სამოცის წლის მანძილზე, ლარი გააბით და გახედეთ, თუ ყველა სომეხთა მეცნიერს ამ ლარზე ხელი არ ეკიდოს, ერთსა და იმავე პროგრამას არ ემსახურებოდეს საოცარის ერთგულობით და ერთსულობით. ებღაუჭებიან ამ პროგრამას კბილით, ხელით, ფეხით და მთელითა ცხოვრებითა მათითა. განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომეხზე უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის მცირე აზიაში და ნამეტნავად ამიერკავკასიაში. მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც „ვრაცები“ ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც ახსენებენ, მაგრამ ასეთს საქმეს დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ. თუ ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-წყალი აქვთ და ჩვენ ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი, დავაჯერებთ, რომ ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან ამოსწყდებიან დედაბუდიანად, ან გასომხდებიან.
ამ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, რასაკვირველია, ბ-ნს გოლმსტრემს არავითარი წილი არ უდევს და მადლობელნი ვართ, რომ შეგვიბრალა და ავად მაინც არ გვახსენა, სომხებს ზედ არ წაგვაკლა ქათამსავით, სომეხთა მეცნიერებისამებრ. ხოლო ძნელი მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვები, არწრუნები და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ თავიანთთათვის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას-კი - ნურას უკაცრავად! - ვერ შევარჩენთ, ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსთესეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. ამით, სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს სომხებზე და სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცის წლის წინად ერომანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა მეცნიერთა გულნამცეცობას, უვიცობას, ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს. მარტო ერთი ბ-ნი ეზოვი საკმაოა, ადამიანი შეუშინდეს თავისთავსა და სასოწარკვეთილებით ჰკითხოს: ნუთუ ადამიანი მართლა ღვთის სახისა და მსგავსებისაა? ღმერთმა მოჰკითხოს ყველას მისნი შეცოდებანი და შეუნდოს, თუ ამისთანა საქციელი შესანდობარია.
თორემ ჩვენ სომხებისა არა გვშურს-რა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთი - ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასლანმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მოიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი. მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფოს კაცნი არაფერს არა გზოგავდნენ, რომ ეშველათ სომხეთისათვის, როცა-კი გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ჩვენს მეფეებს არ ესმოდათ - რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის სომხეთის არსებობას. დაეცა სომხეთი და სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად. თუმცა სომხეთის დაცემის შემდეგ მთელი თითქმის შვიდი საუკუნე კიდევ მაინც გავუძელით ათასჯერ ჩვენზე ძლიერს მტრებსა, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორიული დღენი მოვღალეთ და შევალიეთ სამხრეთის კარის დაკეტა და ვერა გავაწყეთ-რა. ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დაჰნებდა და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა.
განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა! ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას.
ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა,
შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით.
„მტერისა შინა ყოლასა ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია“ - ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი.
1899 წ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12791179
· 1 Mar 2009, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართვლის დედა
ილია ჭავჭავაძე
(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)
გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო.
ხალხური სიმღერა.
ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს
აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,
რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,
რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,
დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.
მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე, — მომიტევე მე სითამამე...
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა, —
ამით მამართლე, მიიღე და ნუ განმკიცხავ მე.
**
(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა)
დედა
თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი,
და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, —
და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!
ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია, —
მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...
(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)
ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
ძის სიყვარული თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
და ეგრეთ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
მისთვის, რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:
ვით დედა შენი, იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.
(ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,
მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
ეგრეთ ნაშოვნი რად წაგვერთვი მესავთა შენთა?
რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..
შვილი
(შემოდის გახარებული)
მოვიდა დიდ ხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
მაგრამ შენ სწუხხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.
დედა
მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!..
ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.
შვილი
როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?
დედა
სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმა სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.
შვილი
არას დროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
შენ, დედა-ჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...
შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!
(ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდება)
დედა
(თავის-თავად)
არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები...
იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
ვიდრე საომრად, შვილო ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, —
და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.
(ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)
”ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაი
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს — ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც
მტერთან გულდაგულ ომია.
თავისუფლების მშოვნელი
ამ ქვეყნად მარტო თოფია,
შინ უღლით გაქნილს მშვიდობას
ომში სისხლის ღვრა სჯობია!
მაშ მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!”
(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და სოფლის პატარა ბიჭების ძახილი: ”ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს”, ისმის კიჟინა და ხმაურობა)
დედა
(აღელვებული)
მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.
(ჩამოიყვანს ლოგინიდან, დედას შეუჯდება მხრებში და მიიყვანს ფანჯარასთან)
შვილი
შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.
(დედა, რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)
შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?
დედა
ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომ ჩვენ შეგვასწროს, მამულისთვის თავდადებულნი
კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.
(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)
ვაიმე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
რომ ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..
შვილი
რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!
(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და გარედამ იძახის)
ცხენოსანი
კიაზო, წამო!.. რაღას იცდი, გვიგვიანდება,
დრო საშურია... ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.
შვილი
აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
ჩემგან — მეომარს, შენგან — შვილსა ითხოვს მამული.
(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)
მშვიდობით, დედი!.. შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
ნუ სტირი, დედი! გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი.
დედა
ვაი შენს დედას!.. მოვიდა დრო განშორებისა
და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...
მაგრამ ნუ სწუხხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!
ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..
(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის)
დედა
დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?
შვილი
(გაოცებით)
მერე, რომ მიყვარს?
დედა
(ძლივს ბედავს თქმას)
მასთან დარჩი!
შვილი
მერე, მამული?
დედა
(თითქო ეხლა გაახსენდაო)
მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია.
მაგრამ ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი... ნუ გვიანდები.
შვილი
ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედაც კი შვილის სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში;
რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
მშვიდობით, დედი! მეძნელება შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.
(შვილი გადის)
დედა
(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)
ვაიმე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი
ჩემი სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...
დიდ ხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალი,
ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი!..
(კვდება)
14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი
(ბოლო რედაქცია 18 მარტი, 1871წ.)
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12806426
· 2 Mar 2009, 22:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეფე დიმიტრი თავდადებული
ილია ჭავჭავაძე
(ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს)
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
“ეჰ, რას ჰყაყანებთ, — დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამა-შვილობას!
გვითხარი რამე, ბერო-კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:
I
”მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, —
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ ქართველნი წინა დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში,
როცა მამულიშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში,
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავის-თავს
შეაკლავდა როგორც ლომი.
მამულსთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად — ხმალი ხელში.
ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...
II
”ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ.
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახ ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.
III
”ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარ-ბეჭ-პრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარეთ რისხვით მტრისა მსრველი,
შინ მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.
IV
”მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის —
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.
V
”ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
— ”რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო”.
გაუგზავნა მოციქული:
— ”გამოცხადდი ჩემ-წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარ-ტუტას ავადენო”.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთის-რისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქმნას? თითონ მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
— ”წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა”.
ბოლოს ბრძანა: — ”თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?”
VI
”ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ: — „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, _ ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარ-ტუტასა.
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება”.
VII
„დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი-სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.
— ”მეფევ! ნეტა რა გვიბრძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!
თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.
მოვიდეს, რომ იმუქრება
ის ურჯულო სისხლის-მსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.
მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!
ბრძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამა-პაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.
სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა შენსა შემნატვრელსა.
ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილის-შვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე”.
VIII
”ეხლა წადგა სპასალარი...
— ”მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, —
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, —
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, — მამ-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი”.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდ ხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...
IX
”ბოლოს ბრძანა: — ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ:
რა ვქნა, — ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხვარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი — ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა-შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.
X
”ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ, იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.
XI
”შენ რას ბრძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად?”
ატირდა და მოახსენა:
”ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.
მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, —
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!..”
XII
”მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
— ”დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასთათვის თავდადება
გვიბრძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და — სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა”.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი:
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.
XIII
”ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბრძანა
წასასვლელად მომზადება.
სთქვა და ურდოს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქმნაო ერთი არი.
გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჯინჭველა ჰფუსფუსებდნენ
შინა-ყმანი სასახლისა.
ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, —
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.
შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.
მივიდნენ, ნახეს მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.
წინათ ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.
XIV
”თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, —
ყველა ასე კარგნი იყვნენ.
წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!
კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა
მათს სიკეთეს, სიტურფესა.
მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარეთა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.
იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დატვირთულნი
თითო — თითო სოფლად ჰღირდა.
მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.
მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი — თითქო ვეფხია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.
ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც შველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა —
თუ არ ბატონის ხელია.
ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდინს ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.
XV
”გამობრძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.
მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.
მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.
ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულის-ტკივილითა.
”უბრძანა თუ: — ”რასა სწუხხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!..
ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.
რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგხსნით... დეე ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო“.
ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.
მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.
XVI
”უცებ მეფემ თვალი მოჰკრა,
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერი-კაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.
მოჰყავთ ცაცხცახით, ხანხალით
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.
მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.
ის ამ ქვეყნის აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.
XVII
”მოახსენა: — ”ჰე მეფეო,
ნუ შემრისხავ ერთგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდასრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.
მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.
ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,
როცა ნდომობს თავგანწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?
ერს ოფლის მღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმე უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?
ამას ვტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.
ჩემებრ უძლურს, გაჭირებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!
XVIII
”ნუ სწუხხართო!.. განა მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს — მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.
გულს რად გვიკლავ? რად მიდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.
ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.
აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;
მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.
შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუ-დგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!
ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადაჰხედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.
ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!..”
XIX
”უბრძანა თუ: — ბერო-კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.
მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.
ჩვენის ქვეყნის შავი ბედი
როგორც ტაროსი იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.
მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა;
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტოთ თქვენა?..
განა თითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის
ღმერთი იყო და ჯვარს ეცვა.
XX
”მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეს სიკვდილი სიცოცხლეა.
არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.
არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.
წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.
ეჰ, რაც ჰსურდა, არ დასცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.
თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა...
მე კი...მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა”.
XXI
”თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, —
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...
თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.
XXII
”მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: — მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით.
ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.
ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.
მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდევით”.
ბრძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა;
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.
მტერსაც კი რომ დაენახა
თვალი გაუშტერდებოდა;
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.
გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.
ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას
და მეფემაც დართო ნება.
წაბრძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.
XXIII
”მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მისვლის იმედი
ყეინსა გადასწყვეტოდა...
ებრძანა თავის სარდლისთვის:
— ”შეჰკრიბე ჯარი ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი , ანუ მკვდარი;
თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო”.
წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.
უხმო მხლებელთ და უბრძანა:
— ”ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.
თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული!
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, —
წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!
ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო,
ბრძენთაგანა ასე თქმულა.
კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა”.
XXIV
”რას იქმოდნენ? მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.
ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა გულმწარედ: ”ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენ ჩვენს შერცხვენას!”
ბატონმა ბრძანა: — „ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ — რა სწადიან?
თუ მე უნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან...”
მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: — „სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბრძანებული;
მითხრა: — „მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...”
იამა, ბრძანა: — „მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება”.
თვით წაბრძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბრძანა თუ: — „მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი”.
მისცვიდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე ხელმწიფე სვიანი.
XXV
„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას...
საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.
გაწყრა: — „როგორ გაბედეო,
არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.
იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.
მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ-წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფეხთ-წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი...”
მეფემ უთხრა: — „შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.
შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.
ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, —
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?..”
გაწყრა ყეინი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბრძანა: — „ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო”.
წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.
XXVI
”სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის-მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა ტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლის-მსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამები
ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: — „ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, — მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, — სისხლი აქ დაღვრილი
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალ-წინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი”.
XXVII
”უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრებით, როგორც ჩრდილი.
მოვიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.
მოახსენეს: — „შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!.. თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.
ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, — ასეაო
ყეინისა თურმე ნება”.
უბრძანა თუ: — „ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ-მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.
ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა!”
ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათ ხვეწნას და მუდარათა!
XXVIII
”გათენდა დღე ზართ-ამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.
ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეინისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.
ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.
ამ ორ შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.
მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...
შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანც-წყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.
მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...
გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.
მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათი ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.
თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი,
სახლი, კარი, თვისი, ტომი,
ქვეყანა და თავის ერი...
ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!..
მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: — „დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!..”
სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
— „ჰა ჯალათო!” — დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.
მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა”.
[1878 წ.]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
amadeus
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
amadeus
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6121
წევრი No.: 19409
რეგისტრ.: 20-April 06
#12986925
· 17 Mar 2009, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სრული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ილიას წიგნებს ვის შეუძლია ჩამოთვალოს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#13480940
· 20 Apr 2009, 14:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
უცხოეთში
მთვარე მიცურავს დინჯად ცაზედ
და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;
მძინარ სოფელსა კამარა ცისა
თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.
ყოველი ჰჩუმობს გარშემო ჩემსა,
სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,
ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,
ყველას მშვიდობა გარს ეფინება, -
და მხოლოდ ჩემი, ურვით მოკლული,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვჭვრეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?
თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,
ზეცა სულ სხვაფრად გაბრწყინებული
და სულ სხვაგვარად დამშვიდებული.
23-სა ივლისს, 1858 წელსა,
სოფელი ტიარლევო
This post has been edited by
El Pastor
on 20 Apr 2009, 14:38
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lost-ele
BavariEL :*
ჯგუფი: Members
Lost-ele
BavariEL :*
ჯგუფი: Members
წერილები: 3709
წევრი No.: 88172
რეგისტრ.: 5-April 09
#15549495
· 16 Sep 2009, 17:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დამეხმარეეთ რააა ილია ჭავჭავაძის ( ნუ რადგან მისი თემაა აქ ამიტომ ვწერ თორე არ აქვს მნიშვნელობა ვისიიი იქნება) რამე პატარა მოთხრობა მინდა .. რომ დღეს მოვასწრო სწავლა
ვერ დამეხმარებიით? : |
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chioreli
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
chioreli
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 21141
წევრი No.: 28093
რეგისტრ.: 10-January 07
#16854273
· 9 Dec 2009, 09:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინმემ ხომ არ იცით სად ვნახო ინფორმაცია დუელის შესახებ რომელიც კინაღამ გაიმართა ილიასა და თუ არ ვცდენი ნიკოლაძის შორის. წინასწარ დიდი მადლობა
--------------------
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ერთ კვადრატულ მეტრზე ნიჭიერების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონები ვართ! მ. სააკაშვილი
"ბა-ზუ-ქუ" ახალი მეგალოპოლისის კონტურები იკვეთება დას. საქართველოში!
ჯერ სად ხართ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
joy joy jaju
Newbie
ჯგუფი: Registered
joy joy jaju
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 106542
რეგისტრ.: 3-December 09
#16878559
· 10 Dec 2009, 16:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთავარია კედელზე ჩამოვკიდოთ ჭავჭავაძის ფოტო ან ბიბლიოთეკაში ერთი წიგნი მაინც გვეგდოს( რა იცი რა ხდება) თორემ რას წერდა და რაზე აბა ეგ რა ჩემი საქმეა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lurdes
Crazy Member
ჯგუფი: Members
lurdes
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2223
წევრი No.: 60308
რეგისტრ.: 6-May 08
#16925582
· 13 Dec 2009, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
amadeus
QUOTE
სრული ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს ილიას წიგნებს ვის შეუძლია ჩამოთვალოს?
ილიას ფონდი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.
თუ მის საავტორო გამოცემებს გულისხმობ?
This post has been edited by
lurdes
on 13 Dec 2009, 18:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Count Filth
მტკივნეულად თავაზიანი
ჯგუფი: Members
Count Filth
მტკივნეულად თავაზიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 5052
წევრი No.: 27413
რეგისტრ.: 24-December 06
#16930484
· 13 Dec 2009, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ეს მაღიზიანებს,
აი ძალიან მაღიზიანებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09
#17193558
· 30 Dec 2009, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა ფშაველა
ფშავის ხევიდან ვესტუმრე
დღეს იმერეთის მხარესა.
ამ ტურფა არე-მარეში
ფიქრებს განვიცდი მწარესა.
ვდღესასწაულობთ კარგ დღესა,
დაღამებულსა შავადა,
ბოლოს-ღა ვიხრით მის წინ ქედს,
ვინც ჩვენ მოვკალით ძალადა.
ბოლოს-ღა ვტირით და ვნანობთ,
რად მოვეპყარით ავადა
დიდს მოამაგეს მამასა,
ჩვენს საწყლობაზე მტირალსა:
“გაფხიზლდით”, “გაიღვიძეთო”,
დაუცხრომელად მყვირალსა,
ქართველ მუშაკთა წინამძღვარს,
მოაზრეს გასაკვირალსა.
გზა შევუკარით, თოფები
ვესროლეთ, როგორც ფირალსა.
მას, ვინც ურჩევდა თავადსა,
ძმობა ჰქონიყო გლეხთანა,
სწამდა, რომ ამით ძალასა
შეიმატებდა ქვეყანა,
და უფრო საშიშრად ჰქმნიდა
ერთად ორივეს მტერთანა.
ვინაც თავისი სამშობლო
თვით ღმერთზე მეტად იწამა
და დიდად პატარა ერი
გულმა ითვისა მისამა,
უდროოდ უნდა შეჭამოს
ოხერმა დედამიწამა?!
ახ, რა ცუდია, რა ცუდი
გზა-არეულად მსჯელობა,
ცეცხლ-მოდებულის ერისა
თავისვე თავის მტერობა!
დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია,
ნეტავ, ასეთი ხელობა?
შავმა დრომ შავი ნაყოფი
ჩამოგვაბერტყა თავზედა;
ცრემლი, ცეცხლი და მუქარა
დარაჯად გვიდგა კარზედა.
ნუთუ არ არის ეხლა დრო,
ვმღერდეთ შეწყობილს ხმაზედა?
გაფრინდი, ჩემო ოცნებავ,
გასჭერ სამარის დირენი,
იქ ნახავ მამულიშვილთა,
არიან არა-მცირენი, -
და დაამშვიდე ამ ამბით
ის ჩემი ამატირენი.
ჩვენს ილიასაც იქ ნახავ,
გთხოვ, ანუგეშო სიტყვითა:
მტკიცდება ქართველთ კავშირი
ძმობა-ერთობის ფიცითა,
მტერსა და მოკეთეს ვარჩევთ,
კარგი და ავი ვიცითა,
მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად,
ვატარებთ გულის ფიცრითა.
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Paharote
Super Member
ჯგუფი: Registered
Paharote
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1531
წევრი No.: 104165
რეგისტრ.: 5-November 09
#18286455
· 3 Mar 2010, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
”ასი წლის შემდეგ” ან ”ასი დღის შემდეგ”
ილია ჭავჭავაძეს მსგავსი რამ ხომ არ დაუწერია?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0986 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.