demna_
სადღა შემიძლიან

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4337
წევრი No.: 79475
რეგისტრ.: 20-December 08
|
#17735166 · 31 Jan 2010, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მონოლოგი მეორე პირში
ეჭვს ვინ შეიტანს შენს სიყვარულში, ვინ გაბედავს, ცოდვას ვინ იტყვის! პირიქით, ნახე, როგორ მოსწონთ შენი შიშველი გრძნობების ჭვრეტა, თითქმის ისევე, როგორც შენ მოგწონს ამ გრძნობების მოშიშვლება ყველა შემხვედრთან, ვისაც დრო აქვს, შეისმინოს ჭეშმარიტი სიყვარულის შენეული ყალბი ვერსია; შეხედე, როგორ თანაგიგრძნობენ, შეხედე, როგორ შენატრიან იმ გოგონას, რომელიც, თურმე ნუ იტყვი და, ძალიან გიყვარს. ეჭვს ვინ შეიტანს შენს სიყვარულში - შენ ხომ ასე გულწრფელად და უანგაროდ ატყუებ ყველას და შენს ნაღეჭ სინდისთანაც მართალი რჩები, რადგან თავსაც არანაკლებ იტყუებ იმით, რითაც სხვების თანაგრძნობა დაიმსახურე. მოდუნებულან, მოშვებულან შენი გრძნობები, და თუკი ვინმე აღარ გახსოვს, როდესაც გიყვარს, პირველ რიგში ის გოგონა აღარ გახსოვს, რომლისთვისაც მოიგონე ეს სიყვარული, რომლისთვისაც გამოძერწე უამრავი სევდიანი მონოლოგი, და თანაც ისე, რომ ვერვინ გკადრებს, სევდიანი მონოლოგი რომ უწოდოს მონათხრობს შენსას. ვინ, ვინ გაბედავს დაეჭვებას შენს სიყვარულში! გაიხსენე, თუ რამდენჯერ შეგშინებია, იმასაც არ შევუყვარდეო, და ბარემ ისიც გაიხსენე, თუ რამდენჯერ გიფიქრია მის დაკარგვაზე და იმაზეც გიფიქრია, თუ ამის მერე რას იზამდი, ვის რას ეტყოდი, თავს ვის როგორ შეაცოდებდი; სევდიანი ტექსტები გაქვს გამზადებული, წინასწარ გაქვს მოზომილი სევდის ნიღბები... გაიხსენე, ბარემ ისიც გაიხსენე, რომ იმ გოგოს სიკვდილზეც კი გიფიქრია, გიფიქრია მის საფლავზე სათევ ღამეზეც - ვიღაცა რომ გიხილავდა შემთხვევით იქ და ამ ამბავს რომ მერე ყველას მოუყვებოდა... არადა, გიყვარს, რა თქმა უნდა, ეჭვს ვინ შეიტანს! შენ ხომ ის გოგო ასე ბრმად და ერთგულად გიყვარს!.. ხატის წინაც დამხობილხარ, რომელიღაც წვეროსანი წმინდანის ხატსაც ხომ შესთხოვე, ის გოგონა მიწყალობეო, მერე შენს თავსაც ხომ უთხარი ნიშნისმოგებით - რომ არ მიყვარდეს, ხატს რაღატომ შევთხოვდიო სიყვარულს მისას; ვის მოატყუებ, არ გწამდა და იმიტომ სთხოვე! ან ხატის ან ღმერთის რწმენა რომ გქონოდა, ღვთის წყალობის იმედი რომ შეგრჩენოდა ამომშრალ გულში, იმ ხატის წინ ძალითაც ვერ დაგაჩოქებდნენ და სულს უფრო ადვილად და უფრო სწრაფად ამოაძვრენდნენ შენი ხორხიდან, ვიდრე თხოვნას, ის გოგონა მიწყალობეო... ახლა ზიხარ და ლექსით ითხოვ მონანიებას, მაგრამ ისე წერ, თითქოს ვიღაც დაცემულ და გამოგონილ ცოდვილს მოძღვრავდე და არა შენს გაყინულ სულ-ხორცს. ვერ გაგიბედავს, რომ ბოლომდე გაიმეტო საკუთარი უსურვილობა, არ იქნა და ”შენ”-ს მაგივრად ”მე” არ წამოგცდა. მაგრამ, ბოდიში, შენ ხომ გიყვარს, გოგონა გიყვარს, თანაც - ძალიან, - სხვანაირად როგორ იქნება, - სადაც შენა ხარ, იქ ხომ მხოლოდ ძალზე დიდი სიყვარული იგულისხმება!.. მაგრამ - რა გინდა? რაღაცა ხომ უნდა გინდოდეს და, ნეტავ რა გინდა? ნუთუ მაინც იმ გოგონას სიყვარულის მოპოვება ჩაიხვიე გულში სურვილად? არა, არ გინდა, ეს არ გინდა და არც იმ ხალხის თანაგრძნობა არაფრად გიღირს, შენი ნამდვილი სიყვარულით ერთთავად რომ აღტაცებულან. აბა რა გინდა? იქნებ ეს გხიბლავს, შეყვარებული მამაკაცის თბილი სახელი, იქნებ ამას უფრთხილდები, ან იქნებ იმათ, იმ შენს ლექსებს, როგორც მხეცს - ხორცი, სიყვარული მოშიებიათ? იქნებ... მაგრამ არც ასეა, არც ეს არ გინდა! ან, იქნებ, ხორცი გინდა მისი, იქნებ იმ გოგოს თბილი ტანი გესურვილება და მონაგონი სიყვარული ერთადერთი გზაა შენი სურვილისაკენ? მაგრამ არა, თუკი რამე მართლა გაშინებს, ეს იმ გოგონას ნედლ სხეულში შეღწევა და გარინდებაა... მაშინ რა გინდა? მაშინ რატომ ვერ გაძეხი შენი წილი ჟინით და ვნებით? მაშინ რატომ მოუგონე საკუთარ თავს ეს გულჩვილი ბოროტება - თვითონაც რომ გულს გირევს და თვითონაც რომ მოგბეზრებია? ან ამ ლექსს რაღა გაწერინებს, სად აივსე ამ ნატიფი უტიფრობით, ვინ ამოგქოლა? რა ძალით, როგორ ჩაატიე ამ საზარელ სტრიქონებში შენი სიმართლე - ისეთი მწარე, სიმართლედ ყოფნის უფლება რომ არ გააჩნია? მაგრამ რა გითხრა, რა მოგთხოვო, შენ ხომ ის გიყვარს, შენ ხომ მას ითხოვ, ხომ მოელი, ხომ გენატრება... მიდი, უთხარი, გაუმხილე, აუხსენი, გააგებინე, დააჯერე, შთააგონე, დააძალე, დაემუქრე, აუტირდი, გაუნაზდი, გაუსპეტაკდი - რომ წავიდეს, - შენ ხომ გინდა მისი წასვლა, - დროზე წავიდეს, დროზე დაგწყვიტოს მართალი გული და დაგიტოვოს, შემოგწიროს პატარა რწმენა - რომ ეხსომები, როგორც კაცი, ვისაც უყვარდა, რომ ეხსომები, როგორც კაცი, რომელიც ასე გაიმეტა და მიატოვა, რომ ეხსომები, როგორც კაცი, რომელსაც ასე უყვარდა და რომელიც მუდამ დაელოდება, რომ ეხსომები, ეხსომები, ეხსომები, ეხსომები, როგორც კაცი, როგორც კაცი, როგორც კაცი, როგორც კაცი... აღსარებაშიც, იმედია,მოგიხსენიებს.
--------------------
ნარგიზა საოცრებათა ქვეყანაში
|