THH
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 151080
რეგისტრ.: 18-June 12
|
#32159962 · 16 Jul 2012, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველი შვილის დაბადებიდან არ იყო დიდი ხანი გასული, როცა ღია ბარათი მივიღე. დაკრძალვის მაუწყებელი ცნობა იყო, გარდაცვლილი ქალის ვინაობით, რომელიც ამ ქვეყნიდან ოცდათექვსმეტი წლის ასაკში წასულა. ეს სახელი არაფერს მეუბნებოდა. ღია ბარათი ნაგოიადან გამოეგზავნათ. კარგა ხნის ფიქრი დამჭირდა, იმის მისახვედრად, თუ ვინ იყო გარდაცვლილი. ის იყო იძუმის მამიდაშვილი, კიოტოში რომ ცხოვრობდა. მისი სახელი სრულიად დამვიწყებოდა. მის მშობლებს ეტყობა ნაგოიაში უცხოვრიათ. დღესავით ცხადი იყო, რომ ღია ბარათი იძუმის გამოგზავნილი იყო. სხვა არავინ იყო ამ ქვეყნად, ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა. საინტერესო იყო თუ რატომ შემატყობინა? თავიდან ვერაფრით მივხდი, მაგრამ ღია ბარათის არაერთგზის გადაკითხვის შემდეგ, როცა მთლიანად ვიგრძენი, ის გამყინავი სიცივე, რაც ამ სტრიქონებს თან ახლდა, მივხდი რომ იძუმის არათუ არ დავიწყებია ის, რაც მოვიმოქმედე, არამედ არც არასდროს უპატიებია ჩემთვის.
იძუმის მამიდაშვილი და ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა თვალწინ დამიდგა. მისი ოთახი, მისი სხეული და თავბრუდამხვევი სექსი, მაგრამ ამ მოგონებებს უკვე სიცხადე აკლდა და ისინი ისევე მშორდებოდნენ, როგორც კვამლი ქარიან ამინდში. წარმოდგენა არ მქონდა რა იყო სიკვდილის მიზეზი. ოცდათექვსმეტი წელი სიკვდილისთვის ძალიან არაბუნებრივი ასაკია. გვარი არ შეეცვალა, რაც ნიშნავს რომ ან საერთოდ არ გათხოვილა, ანდა გაცილებული ყოფილა.
იძუმიზე და მის ადგილსამყოფელზე თანაკლასელმა მიამბო. მას წაეკითხა ჩემდამი მიძღვნილი სპეციალური სტატია ''ტოკიოს ბარების მეგზური'', რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ ''ბრუტუს-მა'' გამოაქვეყნა. გარეკანზე ჩემი ფოტო იყო დაბეჭდილი და შეიტყო რომ აოიამაზე ორი ბარის მფლობელი ვყოფილვარ. ერთ საღამოს შემოიარა და სალაროსთან მჯდომარეს მომიახლოვდა: ''გამარჯობა, როგორ ხარ? საუკუნეა არ მინახიხარ.'' სპეციალურად ჩემს სანახავად მოსულს არ ჰგავდა. ეტყობოდა თანამეინახეებთან ერთად იყო დასალევად შემოსული და გადაწყვიტა გამომლაპარაკებოდა.
''ამ ბარში ხშირად დავდივარ'' მითხრა თანაკლასელმა ''სამსახურიდან ორ ნაბიჯზეა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, შენ თუ გეკუთვნოდა. რა პატარაა ეს ქვეყანა, არა?''
უფროსკლასებში მე აუტსაიდერთა რიცხვში ვიყავი, მას კი კარგი ნიშნები ჰქონდა და სპორტშიც გამორჩეული იყო. მოსწავლეთა საბჭოს წევრიც ხშირად ყოფილა. სასიამოვნო ადამიანი იყო, არასდროს მოგაბეზრებდა თავს. სკოლის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და მაშინვე კაი ზორბა ვინმე იყო, მაგრამ ეხლა გვარიანად გასუქებულიყო, ღაბაბი ჩამოშვებოდა, ხოლო მუქი ლურჯი კოსტუმი-სამეული აშკარად ვიწროდ ჰქონდა. როგორც ამიხსნა, სამსახურის გამო ხშირად უწევდა გავლენიან მომხმარებელთა გამასპინძლება, რაც მის ფიგურას საგრძნობლად დაეტყო. ''დიდი კომპანიები ბორბლებზე შემდგარი ჯოჯოხეთია, არავინ დაგიდევს სამუშაო საათებს, მომხმარებელთა გამასპინძლება, მივლინებები, თუ სამუშაო ადგილის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. ვერ გაართმევ თავს კარგად და ამოგკრავენ პანღურს და ისე გამოგისვრიან, მათ მოთხოვნებს შეასრულებ და ისინიც უფრო და უფრო მეტს მოგთხოვენ. ბიზნესში წესიერ ადამიანთა ადგილი არაა''. მისი სამსახური აიომას პირველივე უბანში ყოფილა, ქუჩის ბოლოს, აქედან ორიოდე ნაბიჯის იქით.
ჩვენ ავლაპარაკდით და ბუნებრივია ერთმანეთს უამრავი კითხვით მივმართეთ. რამდენი რამის გაგება მოგინდება თანაკლასელისაგან, რომელიც თვრამეტი წელი არ გინახავს! თავდაპირველად კითხვები სამსახურს, ოჯახს, შვილებს შეეხებოდა. მერე საერთო ნაცნონები გავიხსენეთ, ვინ როდის შეგვხვდა. აი, ამ დროს გაჟღერდა იძუმის სახელი.
''გახსოვს, გოგოს რომ ხვდებოდი? სულ ერთად რომ იყავით? მგონი ოჰარა ერქვა''. ''კი, იძუმი ოჰარა'' მივუგე მაშინვე. ''მართალი ხარ, იძუმი ოჰარა! იცი, არც ისე დიდი ხნის წინ ვნახე.'' ''ტოკიოში?'' გაკვირვებულმა ვიკითხე. ''არა, ტოკიოში კი არა, არამედ ტოიოჰაში''. ''ტოიოჰაში?'' კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვუთხარი. ''აიცჩის პრეფექტურაში, რომ ტოიოჰაშია, იქ?'' ''კი, მანდ.'' ''ვერაფერი გამიგია, როგორ შეხვდი იძუმის ტოიოჰაში? რა ჯანდაბა უნდოდა მას იქ?'' მომეჩვენა რომ ჩემს ხმაში მკაცრი და მომთხოვნი ტონი შენიშნა. ''არ ვიცი რატომ'' წაიდუდღუნა. ''უბრალოდ იქ ვნახე. სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვი. არც კი ვარ ბოლომდე დარწმუნებული ის თუ იყო''. მან კიდევ ერთი ვისკი ''გარეული ინდაური'' შეუკვეთა, მე კი ისევ კოკტეილი ჯიმლეტი ავიღე. ''არ მაინტერესებს ბევრი გაქვს თუ ცოტა სათქმელი. მსურს ვიცოდე ყველაფერი რაც კი იცი.'' ''იცი რა?'' ეტყობოდა ყოყმანობდა. ''იმის თქმა მინდოდა, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც კი მინახავს. უცნაური გრძნობაა, თითქოს გესიზმრა, მაგრამ იცი რომ ეს სინამდვილეში მოხდა, ალბათ ასეთი რამ შენც განგიცდია. ძნელია სიტყვებით გადმოსცე.'' ''მაგრამ ხომ სინამდვილეში მოხდა?'' შევეკითხე მოუთმენლად. ''კი'' მიპასუხა. ''მაშ მომიყევი'' თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ვისკი მოსვა. ''ტოიობაში ჩემი უმცროსი და ცხოვრობს და მას ვესტუმრე. ნაგოიაში ვიყავი სამსახურის საქმეებზე, რადგან პარასკევი იყო, გადავწყვიტე დას ვსტუმრებოდი და ღამე იქ გამეთენებინა. ჰოდა, ზუსტად იქ შევხდი იძუმის. ის ჩემი დის სახლის ლიფტში შემხვდა. გავიფიქრე კიდეც: ეს ქალი რა საოცრად ჰგავს ოჰარას. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია! შეუძლებელია, ჩემი დის სახლის ლიფტში ჩემს კლასელს რომ შევხდე. მისი სახე სხვანაირად გამოიყურებოდა. საკუთარ თავისთვისაც კი ვერ ამიხსნია, იმწუთშივე როგორ ვიცანი. ალბათ ინსტიქტია.'' ''დარწმუნებული ხარ რომ იძუმი იყო?'' მან თავი დამიქნია.''აღმოჩნდა რომ ის ჩემი დის სართულზევე ცხოვრობს. ჩვენ ორივე ერთდროულად გამოვედით ლიფტიდან და კორიდორშიც ერთი მიმართულებით წავედით. ის იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც ლიფტიდან იგივე მხარესაა რაც ჩემი დის, სანამ ჩემი დის ბინის კარს მიადგები, ჯერ მისი უნდა გაირო, ჩემი დის კარებამადე, ორი კარით ადრე. დავინახე როგორ შევიდა თავის ბინაში, ცნობისმოყვარეობამ მძლია და კარებზე წარწერაც წავიკითხე. ოჰარა ეწერა''. ''შეგამჩნია?'' შევეკითხე. თავი გადააქნია. ''მართალია ერთ კლასში ვსწავლობდით, მაგრამ ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით. ამის გარდა მას მერე ძალიან გავსუქდი და ვეღარ მიცნობდა''. “ მაგრამ იყო კი ის მართლა იძუმი? ოჰარა საკმაოდ გავრცელებული გვარია, და სხვა ადამიანებიც იარსებებენ ვინც მას ჰგავს” . ''მეც თავდაპირველად მასე ვიფიქრე, ამიტომაც დას ვკითხე თუ როგორი პიროვნება იყო მისი მეზობელი ოჰარა. ჩემმა დამ მიჩვენა მაცხოვრებელთა სია. ხომ იცი, ყველა სახლში აქვთ ასეთი სია, რათა შეძლონ გაუთვალისწინებელი ხარჯის უცბად გადანაწილება. იქ ყველა მაცხოვრებლის სახელი და გვარი ეწერა. იქიდან გავიგე რომ ის მართალაც იძუმი ოჰარა იყო. ამასთან იძუმი კატაკანათი ეწერა, ხოლო ოჰარა ჩინური იეროგლიფებით, ასეთნი კი არც ისე ბევრნი უნდა იყვნენ. ამაში შენც დამეთანხმები, არა? '' ''მართლაც ასეთი კომბინაცია დიდი იშვიათობაა. ეგ იმასაც ნიშნავს რომ არ გათხოვილა, არა?'' ''ჩემმა დამ არაფერი იცის ამის თაობაზე'' მიპასუხა. ''როგორც გავიგე, იძუმი ოჰარა იმ სახლის ყველაზე გამოუცნობი ბინადარია. ამდენი ხნის მანძილზე სახლის ვერც ერთმა მაცხოვრებელმა ვერ მოახერხა მასთან ერთხელ მაინც გამოლაპარაკება. თუ კორიდორში შეგხვდა და მიესალმები, ის უსიტყვოდ ჩაგივლის. თუ კარებზე დაურეკავ, არ გაგიღებს. ნამდვილად არანაირი შანსი არა აქვს, სახლის ყველაზე პოპულარული მაცხოვრებლის ტიტულის მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებისა ''. ''შეუძლებელია რომ ის იყოს'' გავიცინე და თავი გავაქნიე. ''იძუმი ყოველთვის თავაზიანი პიროვ-ნება იყო, სულ იღიმებოდა და ძალიან ადვილი იყო მასთან გამოლაპარაკება.'' ''შეიძლება მართალიც იყო'' მიპასუხა. ''შეიძლება მართლაც სხვა ვინმე შემხვდა, სხვა პიროვნება, რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს. მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.'' ”მაგრამ იქ იძუმი ოჰარა მარტო ცხოვრობს?'' ''მასე გამოდის. არავის შეუმჩნევია როდისმე მისი აპარტამენტიდან ვინმე გამოსულიყოს. არავინ იცის თუ რითი არსებობს. ეს საკითხი სრული იდუმალებითაა მოცული''. ''შენ პირადად რას ფიქრობ?'' ''რის შესახებ?'' ''მასზე. იძუმი ოჰარას შესახებ, ვინც შეიძლება იყოს, ანდა სულაც არ იყოს ის, ვისაც იგივე სახელით იცნობენ. შენ ხომ ის ნახე? ხომ შეამჩნიე მისი სახე ლიფტში? რას ფიქრობ მასზე? როგორ ფიქრობ კარგად გამოიყურება?'' ის ცოტას ჩაფიქრდა და მიპასუხა: ''ვფიქრობ რომ კარგად უნდა იყოს.'' ''როგორ გამოიყურება ეხლა?'' მან ვისკის ჭიქას ხელი მოუჭირა, უცნაური ხმა გამოსცეს ყინულის ნამტვრევებმა. ''რა თქმა უნდა უკვე ასაკი ეტყობა. ის ხომ უკვე ოცდათექვსმეტისაა, ისევე როგორც შენც და მეც. მეტაბოლიზმი იკლებს. წონაში იმატებ, ყოველთვის უფროსკლასელად ვერ დარჩები''. ''გეთანხმები.'' ''რატომ სხვა თემაზე არ გადავალთ? ის ალბათ სხვა ვინმე იყო.'' თავი დავუქნიე. ორივე ხელით დავეყრდნე რაფას, სახეში შევხედე და ვუთხარი. ''მისმინე, მე მინდა ვიცოდე. მე ეს უნდა ვიცოდე! სკოლის დამთავრების წინ მე და იძუმი დავშორდით. ყველაფერი საზიზღრად დამთავრდა. ნამდვილად ძალიან ცუდად მოვექეცი და გულიც მწარედ ვატკინე. იმის მერე მასზე არაფერი გამიგია. წარმოდგენა არ მქონდა სად იყო და რას აკეთებდა. გთხოვ მითხრა სიმართლე, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ის. განა ის იძუმი არ იყო?'' მან თავი დამიქნია. ''თუ ასეა საქმე, რა გაეწყობა. კი ნამდვილად იძუმი იყო. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ''. ''გულწრფელად მითხარი, როგორ გამიყურებოდა?'' ის ერთხანს ჩუმად იყო. ''თვდაპირველად ერთი რამ მინდა იცოდე. მეც ხომ მის კლასში ვსწავლობდი და ყოველთვის ძალიან მომწონდა, მართლაც სასიამოვნო გოგო იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება. ძალიან ლამაზიაო ვერ იტყოდი, მაგრამ საოცრად მიმზიდველი კი იყო, ალბათ შენც ასევე ფიქრობდი, არა?'' მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ' 'მართლა გინდა სიმართლე იცოდე?'' ''დანამდვილებით.'' ''სიმართლე არ მოგეწონება.'' ''ეგ ნაკლებად მადარდებს. მსურს ვიცოდე სიმართლე.'' მან ერთხელ კიდევ მოსვა ვისკი. ''შენი მშურდა სულ მის გვერდით რომ იყავი. მეც მინდოდა მყოლოდა ასეთივე მომხიბვლელი გოგო. ეხლა უკვე შემიძლია ეს გაგიმხილო. არასდროს დამვიწყებია. მისი სახე კი, ყოველთვის ათბობდა ჩემს სკოლისდროინდელ მოგონებებს. ამიტომ იყო, განვლილი თვრამეტი წლის მიუხედავად, გულმა ის ლიფტში შესვლისთანვე იცნო. ამით მინდა გითხრა რომ, არანაირი მიზეზი არ მაქვს მისი ძაგებისთვის. დამიჯერე მეც ელდასავით მეცა და არაფრით მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს სიმართლე იყო. მირჩევნია ასე ჩამოვაყალიბო საბოლოო აზრი: ის უკვე აღარ არის მომხიბვლელი არსება''. მღელვარებისგან ტუჩზე ვიკბინე. ''რას გულისხმობ?'' ''იმ სახლის ბავშვთა უმრავლესობას მისი ეშინიათ.'' ''ეშინიათ?'' უაზროდ გავიმეორე. თვალები არ მომიცილებია მისთვის. ეტყობა სიტყვები სწორედ ვერ შეარჩია. ''რას გულისხმობ, როცა ამბობ რომ მისი ეშინიათ?'' ''იქნება ამით მოვრჩეთ, კარგი? ნამდვილად არ მსურს ასე რომ გავაგრძელოთ.'' “მოიცა, მოიცა! რას აკეთებს ასეთს? ბავშვებს ცუდად მიმართავს?'' ''როგორც უკვე გითხარი, მას არასოდეს არავისთან არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.'' ''ისე გამოდის რომ ბავშვებს მისი სახე აშინებთ.'' ''სწორედ მიხვდი.'' “იქნებ შრამი აქვს, ანდა რაღაც მისი მსგავსი?'' ''არანაირი შრამი.'' ''მაშ რა აშინებთ?'' ვისკი ბოლომდე გამოცალა, ჭიქა მიაცურა და ძალიან დიდხანს უსიტყვოდ მიყურა. აშკარად ნერვიულობდა და გვარიანად შეცბუნებულიც იყო. მისი გამომეტყველება სხვა რამესაც მეუბნებოდა. მისი სახე უფრო და უფრო დაემსგავსა იმას, რასაც სკოლის პერიოდში კარგად ვიცნობდი. მიყურა კიდევ ერთხანს და მერე მზერა შორს გადაიტანა, თითქოს გარეთ, უცბად მოვარდნილ ნიაღვარს უთვალთვალებსო. ბოლოს ამოღერღა. ''ამის კარგად ახსნა შეუძლებელია და არც სურვილი მაქვს. ამიტომ ნურც მომთხოვ, კარგი? საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ გაიგო. მის უნახავად ვერავინ მიხვდება, თუ რაზეა საუბარი.'' უსიტყვოდ თავი დავუქნიე და ჯიმლეტს მივუბრუნდი. მისმა მშვიდმა კილომ დამარწმუნა, რომ შემდეგ გამოკითხვას აზრი აღარ ჰქონდა. ის ეხლა მიყვებოდა ორი წლის წინანდელ ბრაზილიაში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს, თუ როგორ შეეჩეხა სან-პაულოში თავის ერთ-ერთ ადრინდელ თანაკლასელს, რომელიც ტოიოტას ფირმაში ინჟინერად მუშაობს. მისი სიტყვები უკვე აღარაფერს მეუბნებოდნენ. წასვლისას, მხრებზე წამომიბარტყუნა და მითხრა: ''რას იზამ, წლები ადამაინებს სხვადასხვანაირად ცვლის. არ ვიცი თქვენს შორის მაშინ რა მოხდა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყოს ყველაფერს საკუთარ თავს ნუ დააბრალებ. ასე თუ ისე, ყველა ჩვენთაგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა. მეც მათ შორის, და ეს ხუმრობის გარეშე. მეც გამომიცდია ეგ, მაგრამ ვერაფერს გააწყობ. სხვა ადამიანის ცხოვრება იმ ადამიანის ცხოვრებაა და შენ ვერ აიღებ მასზე პასუხისმგებლობას. თითქოს უდაბნოში ვიყოთ. უნდა შეეგუო. დაწყებით კლასში განა არ გაჩვენეს დისნეის ფილმი ''ცოცხალი უდაბნო?'' ''კი'' ვუპასუხე. ''სამყაროც სადაც ვცხოვრობთ ზუსტად ისეთია. წვიმა მოდის და ყვავილები ყვავიან. გვალვაა და ხმებიან. ჭია-ღუები მწერებს ჭამენ, ხოლო მათ ჩიტები ჭამთ, მაგრამ ბოლოს ყველა იღუპება და მტვრად იქცევა. თაობა მიდის და თაობა მოდის. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. მრავალნაირი არჩევანია სცოცხლისაც და სიკვდილისაც. მაგრამ ბოლოში განა დიდი სხვაობაა? ჩვენს შემდეგ მხოლოდ უდაბმო დარჩება''. ის სახლისკენ წავიდა. მე კიდევ დიდხანს ვიჯექი და ვსვამდი. მას მერეც რაც ბარი დაიკეტა, მას მერეც, რაც ყველა მომხმარებელმა დასტოვა ბარი და იმის შემდეგაც, რაც ბარში მომუშავე ყველა პერსონალი წავიდა. მე ვიჯექი და ვსვამდი. არ მსურდა, ამ ხასიათზე მყოფი სახლში მივსულიყავ. ცოლს დავურეკე და ვუთხარი, რომ სამუშაოზე რაღაც მისახედი იყო და გვიან დავბრუნდებოდი. სინათლე ჩავაქრე და სიბნელეში ვისკს დიდხანს ვსვამდი. ყინულის მოძებნის თავი არ მქონდა და გაუზავებლს მივეძალე. ყველაფერი გასაქრობადაა გამზადებული. ზოგიერნი უბრალოდ უჩინარდებიან, თითქოს ამოჭრესო. სხვანი ნელ-ნელა ქრებიან. ჩვენს შემდეგ მხოლოდ უდაბმო დარჩება. ბარი გამთენიისას დავტოვე. წვიმდა. აოიამის მთავარ ქუჩაზე გამოსულს, მსუბუქი წვიმა წამომეწია. განადგურებული ვიყავი. წვიმა უხმოდ ასველებდა შენობათა რიგს, რომლებიც სასაფლაოს ქვებივით იდგენენ. მანქანა ბარის წინ ავტოსადგომზე დავტოვე და სახლისკენ ფეხით დავადექი. გზად შემოღობილზე ჩამოვჯექი, ერთხანს უზარმაზარ ყვავს დავუწყე ყურება, რომელიც შუქნიშანზე შემომჯდარიყო და დიდის ამბით ყრანტალებდა. დილის ოთხ საათზე ქუჩები მოუვლელი და დანაგვიანებულნი ჩანდნენ. ირგვლივ ტოტალური დაშლის და განადგურების აჩრდილი მძლავრობდა. მეც მისი ნაწილი ვიყავ, ჩრდილი რომელიც კედელზე მიდუღებულიყო.
|