სულ სხვა რამეს ვეძებდი სიტყვით " XXXX გარდაიცვალა" და ამას გადავაწყდი ...
ასე ასწავლიან ახლა გამსახურდიას?
არაა ეს რელიგიური ფანატიზმი?
კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” გრიგოლ რობაქიძის თვალითXX საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი
“დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”. როგორც თვითონ მწერალი აღნიშნავს, მიჩქმალული გმირის აპოლოგიას უძღვნა მან მდუღარება თავისი სულისა. მიჩქმალული გმირი საქართველოს მეფე გიორგი პირველია, რომელსაც ქართულ
ქრონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი გმირი რომანისა გიორგი
პირველია და არა კონსტანტინე არსაკიძე. ნაწარმოებში ხოტბაშესხმულია დიდი ხელოვანის ჯაფა და მისი თავდადება.
ამ რომანს არ დაჰკლებია აღფრთოვანებული შეფასებები: ქართველი კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ ავტორისა და
მისი თხზულების გენიალურობას. გურამ ასათიანი წერდა: “დიდოსტატის” ავტორმა თითქოს ყალყზე შეაყენა ჩვენი ლიტერატურა და თავბრუდამხვევი ნახტომისათვის ასე შემართულს, კუნთებდაძაბულს, ამაღლებულს,
ახალ სივრცეებთან შეჭიდება მიანდო”(გ. ასათიანი, ,,თანამდევი სულები,’’ გ. 111).
“როგორც რომანის გმირმა კონსტანტინე არსაკიძემ ტლანქი და მოუხეშავი ლოდებისგან შექმნა ხელოვანის მღელვარე სულით გამთბარი, ზეცამდე ატყორცნილი და სივრცეში გაქვავებული მომაჯადოებელი ქვის ჰარმონია, ისე მწერალსაც ლეგენდასა და ამ ოთხსტრიქონიან ხალხურ ლექსში ჩამარხულ მარცვალზე აღმოუცენებია სიტყვიერი ხელოვნების შესანიშნავი ნაგებობა” (ბ. ჟღენტი, ს. ჭილაია, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო. გ. 153) _ ასეთ ხოტბას ასხამდა ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო მწერალსაც და მისი ნაწარმოების მთავარ გმირსაც.
ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებლად მოიხსენიებს კონსტანტინე გამსახურდიას სარგის ცაიშვილი. მკვლევარი “დიდოსტატის მატჯვენას” მწერლის შემოქმედების გვირგვინად მიიჩნევს, ხოლო რომანის ძირითად თემად_ხელოვანის ბედს და მის უწმინდეს მისიას_ იყოს მშობლიური ხალხის სანუკვარ ოცნებათა გამომხატველი
(ს. ცაიშვილი, ,,წინამორბედნი და თანამედროვენი,’’ გ. 124).
კრიტიკოსთა საერთო აღფრთოვანება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მკვლევართა აზრი ვერ გასცდა რომანის შთამბეჭდავ ფასადს.”კრიტიკას მაშინ აქვს ფასი, თუ კრიტიკოსმა მხატვრულ ნაწარმოებში წაიკითხა ის, რაც სხვამ ვერ წაიკითხა”,_წერდა აკაკი ბაქრაძე (აკ. ბაქრაძე, დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში საშუალო სკოლებისათის, გ. 225).
აკაკი ბაქრაძის აზრით, “ისტორიულ თემას, როგორც მხატრული ნაწარმოების მასალას, ორ შემთხვევაში მიმართავს მწერალი: პირველად მაშინ, როცა სურს ამა თუ იმ ხალხის ისტორიის სული გადმოსცეს, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ისტორიული მასალა გამოადგება იმისთვის, რომ ალეგორიის მოშველიებით გამოთქვას აზრი. “დიდოსტატის მარჯვენა” ძირითადად ალეგორიული რომანია. ამის საბუთად თავად კ. გამსახურდიას ნათქვამიც კმარა: ამ რომანით ჩემი პოეტური მრწამსი გადმოვეციო.” (აკ. ბაქრაძე, ,,სევდა ისტორიისა,’’ გ. 226)
საინტერესო და ორიგინალურია ამ რომანის აკაკი ბაქრაძისეული წაკითხვა. “ხუროთმოძღვარი არსაკიძე ჰიბრისიანი კაცია (ჰიბრისი_ურჩობა, დაუმორჩილებლობა, ამპარტავნობა). იგი ეურჩება ფარსმან სპარსსაც, მეფესაც და კათალიკოსსაც... აქვე იბადება უზენაესთან მეტოქეობის სურვილიც: “ქაოსს შემოაცლის სრულყოფილს, ბედნიერი შემოქმედი შესძახებს ქმნილებას: იქმენ ნათელი!” ეს ხომ უფლის სიტყვებია! არსაკიძეს ეოცნებება მათი გამეორება და გაიმეორებს კიდეც. ტაძრის კურთხევის დღეს, როცა იგი დაჭრილი შეიყვანეს სვეტიცხოველში, მან ჩუმად, ისე, რომ არავის გაეგონა,
ჩაიბუტბიტა:_,,იქმენინ ნათელი!” (აკ. ბაქრაძე, ,,თვინიერების უარმყოფელი,’’ გ. 330) ჰიბრისის საპირისპირო ცნებაა სოფროსინე_ _ ზომიერება, თვინიერება, კეთილგონიერება. ჰიბრისი აუცილებლად ისჯება ნემეზისით (ნემეზისი შურისგება, სამაგიერის გადახდა).
“არსაკიძის შემოქმედი სული შეიპყრო ჰიბრისმა და ამისთვის ისჯება იგი... ნემეზისი აღსრულდა. ყველასგან მიტოვებული არსაკიძე მორიელებმა დაკბინეს და საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა... ხუროთმოძღვარ არსაკიძის ცხოვრება არის სოფროსინეს უარმყოფელი კაცის თავგადასავალი ...
სოფროსინეს ერთგულს არ ელის ნემეზისი და შეუძლია მშვიდად გალიოს წუთისოფელი. ოღონდ ეს არის, ვერც სვეტიცხოველს ააშენებს იგი ვერასოდეს”(იქვე, გ. 332) ამრიგად, აკ, ბაქრაძის აზრით, რომანი აგებულია ანტიკური ტრაგედიის პრინციპით.
ზვიად გამსახურდია თავის წერილში ,,კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა” მკვეთრად დაუპირისპირდა იმ მკვლევარებს,
რომლებმაც გაბედეს საუბარი კ. გამსახურდიას გმირების არაქრისტიანობაზე: ,,კონსტანტინე გამსახურდიას გმირები წარმართები არიან_გვარწმუნებს ს. სიგუა თავის წიგნში “კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტურა”_ “დავით აღმაშენებელი წარმართობას უფრო ერთგულობს, ვიდრე ქრისტიანობას”(?) ამგვარ მკრეხელობას სხვებთანაც შევხვდებით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ, რომ ამგვარ კრიტიკოსებს თავად მხოლოდ
ცალმხრივი, არასრული გაგება აქვს ქრისტიანობისა და საერთოდ, რელიგიის არსისა” (ზ. გამსახურდია, ,,კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიოანობა,’’ გ. 383)
ბოლშევიზმის გავლენის შედეგად მიიჩნევს ამ რომანს გრიგოლ რობაქიძე. “სულის დაშლა” უწოდა მან იმ წერილს, რომელშიც ბოლშევიკური ატმოსფეროს თვისებებზე საუბრობს. აი, როგორია ამ ატმოსფეროს მხატრული სახე: ,,წარმოვიდგინოთ: ვინმე მხეცადქცეულმა ვაჟმა ძალა იხმარა ქალწულზე, რომელსაც თავისი სიქალწულე საკრალურად მიაჩნია... პატივაყრილი ქალწულის ქვეშეცნეულ ფენებში თავს იჩენს დროდადრო ერთი მეტად საიდუმლო და თან საგულისხმო პროცესი. ქალწულს უელვებს ხანდახან ფიქრი: შესაძლოა სასწაული მოხდეს და მან კიდეც შეიყვაროს პატივამყრელი. მაშინ? მაშინ მომხდარი თითქოს არ მომხდარა და ქალწული აღარ იტანჯვის. იგი უახლოვდება თავის პატივამყრელს, დღითიდღე, თანდათან, თითქმის უნებლიედ უახლოვდება, რადგან მოწადინებულია მასში რაიმე დადებითი ნახოს. ნახავს ასეთს რამეს, თუ გინდ სულ მცირეს, იგი აზვიადებს მას უზომოდ. პატივამყრელი, რასაკვირველია, უცვლელი რჩება... ქალწული კი განაგრძობს ერთხელ აღებულ გზას და ვერ ხედავს, რომ ყოველი მის მიერ გადადგმული ნაბიჯი დასაახლოებლად მხოლოდ უფსრულისკენ მიაქანებს მას. მისი არსი ორდება, მისი თვისების მთლიანობა ირღვევა. იგი, ასე ვთქვათ, გულწრფელია თავის ქცევაში ყოველ წამს, ხოლო არც ერთ წამს ნამდვილი, ვინაიდან მეობა მისი გაბზარულია შიგნიდან.”(,,სულის დაშლა,’’გრ.რობაქიძე, ,,ჩემთვის სიმართლე ყველაფერია, ‘’გვ.54–55) ასეთ ქალწულს ჰგავს საბჭოთა მოქალაქე, რომლის სულიც გაბზარული და გაორებულია.
მწერლობაშიც ეს პროცესები ხდება; ანუ ირღვევა ,,შინაგანი ნამდვილობა”. ამ აზრის დამადასტურებელ არგუმენტად გრ. რობაქიძეს ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა,” რომელსაც ქართველ ტყვეთა გადმოცემით, თვალსაჩინო გამარჯვება რგუნებია საქართველოში, რომლის ღერძი კონსტსნტინე არსაკიძის ცხოვრებაა, რომელმაც ააშენა სვეტიცხოველი... სვეტიცხოველი, ვიცი უფრო ძველია, არსაკიძემ მისცა მას მხოლოდ ის ფორმა, რომლითაც ეხლა ჩვენ გვევლინება.
მხატვრულ ნაწარმოებს მსჯავრი, რომ დასდო საბოლოო, ამისათვის საჭიროა მისი ორჯერ მაინც წაკითხვა. აქ მხოლოდ ჩემს პირველ შთაბეჭდილებას გავაცნობ მკითხველს: ეპიურ ნაწარმოებში ,,მთელი” ისე უნდა ჩანდეს, როგორც კამარა მოვლებული განფენილი ლანდშაფტის, ამ რომანში კი დეტალები ნთქავენ მთელს. ისტორიული რომანი მეცნიერული კვლევა არაა, ცხადია, იქ არყოფილსაც აქვს ადგილი. ხშირად სწორედ ამას, ხოლო არყოფილი ისე უნდა იყოს იქ გადმოცემული, თითქო იგი მართლაც ყოფილიყოს...
გამსახურდიას რომანში კი მრავალი სცენები თითქოს “ზღაპრობის” შთაბეჭდილებას ტოვებენ. რომანში ყოველი ამბავი ცოცხლად უნდა იყოს თხრობილი, ეს თავისთავად ცხადია, ხოლო იქ, სადაც მოთხრობილია საუკუნეებში გადასული ამბავი, ეს “ცოცხალი თხრობა”, ასე ვთქვათ შორეთიდან უნდა ჰქროდეს. ესე იგი, ამბის აღქმისას ერთგვარი “მანძილი” უნდა იყოს დაცული. აქ კი ხშირად ისეა ამბავი თხრობილი, თითქო იგი გუშინ მომხდარიყოს. ეს სხვათა შორის ზემო მუხლში ნათქვამითაც აიხსნება: თუ ვერ წვდები წარსულს ვიზიონერულად, მაშინ ძალაუნებურად შეგაქვს იქ“ჰავა”აწმყოსი. (”გრ. რობაქიძე ,,ჩემთვის სიმართლე ყველაფერია,’’ გ. 55)
გრ. რობაქიძე მოკლედ მიმოიხილავს რომანში აღწერილ მოვლენებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს
მოწამლული ჯვრით ჭიაბერის მკვლელობაზე. მწერალი ასეთ დასკვნებს აკეთებს: მწერალი ასეთ დასკვნას აკეთებს:
,,1. მეფე “გაბითურებულია”_ რაა ის მეფე, რომელიც მოწინააღმდეგის მოსაცილებლად ასეთ საშინელებას მიმართავს?
2. ,,გაბითურებულია” ხატიც._რაა ის სათაყვანო ხატი, რომელსაც ასე ექცევიან და ასე იყენებენ?
ბოლშევიკები, რასაკვირველია, გაიხარებენ, როცა რომანის ამ ადგილს წაიკითხავენ, ხოლო ქართველნი? ყოველ ქართველს ეს სცენა ისარივით მოხვდებოდა და მოხვდება გულში... აქ მალულად, თითქოს სუნთქვით, თითქოს ,,ხელმწიფების” იდეაც არის გაკაწრული, ის იდეა, რომლითაც გამართულია ,,ცხოვრება ქართლისა”, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თავიდათავი აქ ხატის შელახვაა.
“სვეტიცხოველი” საკრალული შუალედია საქართველოს ისტორიისა და მისი ხატი სიმბოლური სახე ამ შუაგულის” (გრ. რობაქიძე, ,,ცემთვის სიმართლე ყველაფერია,’’ გ.57)
განსაკუთრებით ძვირფასია გრ. რობაქიძისათვის მცხეთა: ,,მცხეთის ახლოს, ერთ გორაკზე, რომელსაც მოგვთასს უხმობდნენ, ძველად მოგვნი მზესა და ცეცხლს თაყვანს სცემდნენ. მცხეთის გვერდით ეგულებოდათ კარდუს საფლავი, მცხეთაში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული, მეოთხე საუკუნის დამდეგს. აქ გამოსჭრა წმინდა ნინომ ჯვარი, რომელსაც თავისი თმები მოახვია: უნივერსალური სიმბოლო მთელ საქრისტიანოში, მცხეთა უძველესი დედაქალაქი იყო საქართველოსი, მის წიაღში განისვენებენ მეფენი და მთავრები. არ არის შემთხვევითი ამბავი, თუ აქ აგებულ ტაძარს “სვეტიცხოველი” დაერქვა. გასაგებია ისიც, რომ ქართველთა განცდაში და შეგნებაში ამ სვეტის გარდამქმნელი ძალა “გასაგნდა”, როგორც სასწაულმოქმედი ხატი და აი, გამსახურდიას რომანში ეს ხატია შეგინებული, რელიგიური კულტი რომ განზე დავტოვოთ, ეს შეგინება ფსიქოლოგიურად მაინც ქეძაფივით მწველია.
ეს არის ერთი მოკლე ეპიზოდი რომანში, გარნა ვიცით: ხშირად ერთ წვეთს საწამლავისა შეუძლია მოწამლოს მთელი წყარო. აი, სადამდე მისულა გამსახურდიას “დათმობა”, იმ გამსახურდიასი, რომელიც ერთ დროს მისტიკოსად და მორწმუნედ თვლიდა თავის თავს! ამ დათმობით “მოწამლა” მან არა მხოლოდ თავისი წიგნი, არამედ თავისი თავიც. საბჭოთა ატმოსფეროში რომ არ ეცხოვრა, ამ დათმობას იგი არ დაუშვებდა და ვერც დაუშვებდა. თავისთავადი აქ ესაა.” (გრ. რობაქიძე, ,,ჩემთვის სიმართლე ყველაფერია,’’ გ. 57)
გრ.რობაქიძის აზრით, ბოლშევიზმი და ხელოვნება ერთიმეორეს ეწინააღმდეგებიან. თვალსაჩინო ნაწარმოების შექმნა მხოლოდ ბოლშევიზმის გვერდის ავლითაა შესაძლებელი: ,,ავტორები უთუოდ გულით იყვნენ მოწადინებული რაიმე კარგი შეექმნათ, მაგრამ ისინი ,,შინაგან არ იყვნენ ,,ნამდვილნი,” რაც გრ. რობაქიძეს მათი წარუმატებლობის ძირითად მიზეზად მიაჩნია.
გრ. რობაქიძე მიმართვაში ქართველი მწერლებისადმი აღნიშნავს: ,,საბჭოეთის სისტემით გაშლილ ატმოსფეროში “აკრძალულია ყველაფერი, რაც არაა ნაბრძანები... ვერც სოციალური დაკვეთა იხსნის მწერლობას საბჭოურ პირობებში, რადგან დაკვეთა საბჭოეთის ხელისუფალთ მწერლის საქმეში “ჩარევად” ესმით. ისტორიამ არ იცის დაკვეთა, გარნა არა საბჭოური. მიქელანჯელომ მოხატა “სიქსტის კაპელა” პაპის დაკვეთით, ხოლო პაპი არ ჩარეულა ხელოვანის შემოქმედებაში. ჩარეულიყო,_ნათითხნი გამოვიდოდა ნახატი” (გრ. რობაქიძე, ,,მიმართვა ქართველ მწერლებს", "ჩემთვის
სიმართლე ყველაფერია,’’ გ. 61)
,,კულტურის წიაღი ხალხია და არა ესა თუ ის სოციალური წყობა. ერთი და იგივე ხალხი განივლის ხოლმე სხვადასხვა წყობას სოციალურს. წყობა წყობას ცვლის, ხალხი იგივე რჩება. აქაა სათავე ყოველი კულტურისა.” ალბათ ასეა მწერლობაც: წყობა წყობას ცვლის, ჭეშმარიტი ნაწარმოები კი სამუდამოდ რჩება.
გრიგოლ რობაქიძეს ემიგრაციაში არ განუცდია საბჭოური იდეოლოგიური წნეხის ზეგავლენა. მას შეეძლო, საბჭოურ ყოფაში შექმნილი ტექსტები თავისუფლად ეკვლია და ინტერპრეტაციისათვის სასურველი მიმართულება მიეცა. მისი ,,სულის დაშლა,’’ როგროც ვნახეთ, ეწინააღმდეგება ,,დიდოსტატის მარჯვენას’’ იმ შეფასებებს, რომლებიც
ათწლეულების მანძილზე მკვიდრდებოდა საბჭოთა საქართველოში.
დღეს, ცხადია, შესაძლებელია გრ. რობაქიძისეული ინტერპრეტაციის შესწავლა და მიღება, თუმცა ეს არ გულისხმობს გამსახურდიას რომანის დაგმობას ან მისი ღირსებების უარყოფას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ
ისტორიული კონტექსტი და ქარისტიანული
რეალიები მწერალმა დაუქვემდებარა მხატვრული ჩანაფიქრის ალეგორიულად გამოხატვის პრინციპს, ერთგვარად ,,შესწირა’’ ისტორიული და რელიგიური სიმართლე პოლიტიკურ ქვეტექსტებს, რათა აესახა ,,ბედი ხელოვანისა ტირანულ სახელმწიფოში.’’ ამ ვითარებაში
კ. გამსახურდია, ნებსით თუ უნებლიეთ, ვერ ასცდა ისტორიულ– რელიგიური ასპექტების ,,გამრუდებას.’’ საბჭოური იდეოლოგიისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო ჯვრის მოწამლვის, წმიდა გიორგის ხატის მოპარვის, სასულიერო პირთა უარყოფით კონტექსტში წარმოდგენის, ქრისტიანულისა და წარმართულის დაპირისპირება. გრ. რობაქიძე დაუშვებლად მიიჩნევდა საკრალურის ხელყოფას, სიწმინდის არსის შებღალვას თუნდაც მხატვრული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამიტომაც დაიწერა მისი ,,სულის დაშლა,’’ ,,ჩაკლული სული’’ და სხვა პუბლიცისტური თუ მხატვრული ტექსტები.
გამოყენებული ლიტერატურა
1. გრ. რობაქიძე, “ჩემთვის სიმართლე ყველაფერია”. კრებული, თბ. 1996 წ.
2. კ. გამსახურდია. “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”, ბოლოსიტყვა, თბ.
1939 წ.
3. აკ ბაქრაძე, დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტეტურაში საშუალო
სკოლებისათვის, თბ. 2004 წ.
4. გ. ასათიანი. “თანამედროვე სულები”, თბ. 1983 წ.
5. ბ. ჟღენტი, ს. ჭილაია, ქართული ლიტერატურა, დამხმარე სახელმძღვანელო მე-10
კლასისათვის. თბ. 1981 წ.
6. ს. ცაიშვილი. წინამორბედი და თანამედროვენი. თბ. 1986წ.
7. ზ. გამსახურდია, წერილები, ესსეები. თბ.1991 წ.
5Page 6
ნინო ტაბეშაძე,
პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე
მასწავლებელი: ლელა წიქარიშვილი
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/