Aleksandre166
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
|
#60323721 · 28 Apr 2023, 23:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა
უკანასკნელი წლების მანძილზე, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდენობაში მრავალი ასპექტით იქნა გაშუქებული კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება.მიმდინარეობს შესწავლა მისი ბიოგრაფიისა, შემოქმედებითი მეთოდისა, ენისა და სტილისა, სწავლობენ მის მხატვრულ სამყაროს სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობასთან მიმართებაში, მის ნაწარმოებებს განიხილავენ ისტორიული, სოციალურ–პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა მწერლის მსოფლმხედველობაზე, მის რელიგიურ–ფილოსოფიურ კრედოზე. ამჯერად, ჩემი მიზანია გავაშუქო კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ზოგი თავისებურება ბიბლიასთან და ქრისტიანულ კულტურასთან მიმართებაში, გავამახვილო ყურადღება ისეთ ასპექტებზე, რომელთაც მხოლოდ გაკვრით თუ შეხებიან მკვლევარნი. ბიბლიისა და სახარებისადმი სიყვარული, ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაუნერგეს მშობლებმა პატარა კონსტანტინეს. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი, სვიმონ გამსახურდია არ გამოირჩეოდა მწიგნობრობისადმი დიდი მიდრეკილებით, იგი ფსალმუნსა და “ვეფხისტყაოსანზე” ზრდიდა ვაჟს (საერთოდ გამსახურდიას გვარი კი მწიგნობრობით გამოირჩეოდა, ისინი სახლთუხუცესები იყვნენ დადიანის კარზე). დედა გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. ბალღი სოფლის დიაკონს მიაბარეს, რომელსაც იგი წირვის დროს ეხმარებოდა. “დიაკონმა ევგენი ქოიავამ შემაყვარა ბიბლია, სახარება და ეკლესია”, მოგვითხრობს მწერალი “ლანდებთან ლაციცში”. გამდელი ეკაია ნიადაგ მაცხოვარზე და წმინდა გიორგიზე ესაუბრებოდა მომავალ მწერალს, რელიგიურ მოწიწებას და ღვთისმოსაობას უნერგავდა, რაც მთელი ბავშვობისა და სიჭაბუკის მანძილზე გაჰყვა მას. მაგალითად, აი, როგორ გვიხასიათებს მწერალი თავის განცდებს გიმნაზიაში პირველი დაპატიმრებისას, პატრიოტული ორგანიზაციის, “ცხრა მუხას” შექმნის გამო: “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ რაჟამს გდევნონ ჩემი სა- ხელისთვის” (“ლანდებთან ლაციცი”). ასე რომ, როგორც ვხედავთ, სახარების ამ უჭკნობი სიტყვების პერიფრაზა სიჭაბუკეშივე ცხოვრებისეულ კრედოდ იქცა მწერლისათვის. “წმინდა გიორგის პატარა ხატი მეკიდა გულზე იდუმალ და ვიბრძოდი, ვიბრძოდი...” წერს იგი გერმანიიდან გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში. წმინდა გიორგი იყო მისი საყვარელი სახე, უდიდესი ფაქტორი მის შემოქმედებაში. შემდეგ დადგა განსწავლისა და მოგზაურობის წლები. ბერლინში, რომში, პარიზში მწერალი სწავლობს კათოლიკურ თეოლოგიას და ფილოსოფიას, კულტურასა და ხელოვნებას, ეწაფება ქრისტიანულ მისტიკას, სვედენბორგისა და შტაინერის მოძღვრებებს. თუმც, ამავე დროს, მასაც შეეხო ეპოქის სენი. ესთეტიზმის, ნიცშეანიზმის და დიონისიზმის სამსალა მასაც ჩაეწვეთა სულში. ამ ეპოქიდან იწყება მასში გაორება, რაც აირეკლა მის პირველ რომანში “დიონისოს ღიმილი”. როგორც გმირის გაორება ქრისტე–დიონისოს შორის ეს გაორება ტრადიციულია და ამავე დროს, ეს არის მისი თანამედროვე ევროპული კულტურის სახე. ესაა გაორება იულიანე აპოსტატისა, გოეტესი, ვაგნერისა, ნიცშესი. ამ გაორებამ დაღი დაასვა ქართულ სულიერ კულტურას, მითოსურ შემოქმედებას, ხალხურ რელიგიურ მრწამსს. გავიხსენოთ ფშავ–ხევსურული ხატობები, ქაჯებს განდობილი მინდია გველისმჭამელი, გველი – წარმართული სიბრძნის სიმბოლო; გავიხსენოთ სვანეთში ერთის მხრივ – ლამპრობა, მეზირი, საქმისაჲ, ხეც, ქამერდე, ხოლო მეორე მხრივ – ჯგრაგ, ლამარია, კვირიკე და ივლიტე, ფაუსტური გაორება ევროპული კულტურისა საქართველოში დიდი ხნით ადრე ჰპოვებს არქეტიპს. ფაუსტის ტრაგედია ხომ ორეულის ტრაგედიაა, მეფისტო – ნეგატიური ორეულია, ასევე ორეულია მინდიასათვის თხისრქიანი ოჩოპინტრე (თხა– დიონისეს ცხოველი). ფაუსტს, მისივე თქმით, ორი სული აქვს, ერთი მიწიერებისაკენ ქვედამზიდავი, ხოლო მეორე “ზეცისკენ მსწრაფი, იქ სადაც სულნი დაჰქრიან ეთერში”, ასევეა მინდიაში: უნივერსალური სიყვარული ყველა არსისადმი (ქრისტეს იმპულსი), მეორე მხრივ დემონიური საწყისი ოჩონპინტე. აი, ამ გაორების ტრაგედიაა მოცემული “დიონისოს ღიმილსა” და “მთვარის მოტაცებაში”. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ისინი ანტიქრისტიანული ნაწარმოებებია, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ისინი უფრო ანტიდიონისური, ანტიპაგანური ქმნილებებია. ამ დასკვნამდის მივა ყველა, ვინც ღრმად ჩაუკვირდება მათ დედააზრს, როგორც, მაგალითად, აკაკი ბაქრაძე, რომელმაც “დიონისოს ღიმილს” უძღვნა ბრწყინვალე გამოკვლევა “დიონისოს თვითმკვლელობა”. რომანში მართლაც, რომ გმირის სულიერი თვითმკვლელობაა აღწერილი, რაც გამოიწვია მასში დიონისური თრობის ექსტაზმა. აქ წარმართობის კრიზისი, დიონისოზმის კრიზისია აღწერილი, ამიტომაც უნდა ჰქონოდა ამ რომანს ლოგიკური გაგრძელება: “კონსტანტინე სავარსამიძის სერაფიმული ღამე”, სადაც გმირის სულიერი აღორძინება, მისი კვლავ ქრისტეს გზისკენ მოქცევა იქნებოდა აღწერილი, მაგრამ მწერალს ეს აღარ დას- ცალდა, ვინაიდან იგი ამასობაში სოლოვკის არქიპელაგზე გადაასახლეს. სამაგიეროდ, სულიერი ტენდენცია ამ ნაწარმოებისა გაგრძელდა “დავით აღმაშენებელში”, სადაც ჩანს ქრისტეს გზის ტრიუმფი, წმინდა გიორგის რაინდის, ქრისტეს რაინდის დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოქალაქეობის აღწერით. ან რა სიყვარულით არიან დახატულნი ამ რომანში ქრისტიანი იერარქები: გიორგი ჭყონდიდელი, კირიონ მანგლელი, სტეფანოზ წილკნელი! ან რად ღირს სცენა დავით მეფისა და 13 წლის დაყუდებული ბერის, გოდოლიას შეხვედრისა, ან თუნდაც ეგზორციზმის (სატანის განდევნის) აქტი დავითისა და ბოდბელი ეპისკოპოსის ფადლას მიერ აღსრულებული, ხმალდახმალ ბრძოლა დავით მეფისა ვარაზის ციხეში ეშმასთან, რომელიც არაბი არქიტექტორის სახით მოევლინა ვარაზის ოჯახს და აუგო მიწისძვრით შეუმუსრავი ციხე – “საიდუმლო ვარაზის ციხისა”, ტ. IV. განა ამ პასსაჟებში არა ჩანს ღრმად ქრისტიანი მწერალი, ან თუნდაც შავი ღვთისმშობლის მისტიური სახე რომანში, დედისიმედის მსხვერპლად გაღება მეფის მიერ და შავი ღვთისმშობლის გზით, ასკეტიზ- მის გზით სვლა ერისა და სარწმუნოების სახსნელად? ულიანოვ–ლენინისადმი მიწერილ ღია წერილში მწერა-ლი აღნიშნავს, რომ მისი გზა ადამიანთა თანასწორობის პრინციპისკენ იყო გზა ნეტარი ავგუსტინესი, “რომ წმინდა ფრანჩესკოს მისტიური ქორწილი ქალბატონ სიღარიბესთან მისთვის ისეთივე ძვირფასი დოკუმენტია ზოგადადამიანური ეთიკისა, როგორც ლენინისათვის კარლ მარქსის “კომუნისტური მანიფესტი”. ამავე პერიოდში აარსებს იგი ტფილისში ქრისტიან მისტიკოსთა საზოგადოებას, ამავე პერიოდს ეკუთვნიან ღრმა რელიგიურობით გამსჭვალული ლექსები “მარია სტელლა”, “ქრისტე პარიზში 1919 წელს”, “დედავ, მისტიურო ქალო”, რომელთაც შეიძლება ქრისტიანული ლირიკის შედევრები ეწოდოს. ამავე პერიოდში დაიწერა ნოველა “ტაბუ”, სადაც აღწერილია წმინდა გიორგის ტრიუმფი ბოლშევიზმის სატანაზე, რომელიც სიმბოლიზებულია წითური ეშმაკისა და ქალაბიჭა აკუმის, ხვარამზეს მიერ შობილი მორიელით. წითურმა ეშმამ ჯერ ურთიერთს მიუსია მარგალები და აფსუები, ხოლო შემდეგ თავის მიერ შობილ მორიელს დააგესლინა და ამოაწყვეტინა. განა არ არის ეს კონკრეტული წინასწარმეტყველება მომავლისა? ის ვინც კონსტანტინე გამსახურდიას გმირების “არაქრისტიანობაზე” საუბრობს, მე მაგონებს რუსთველის იმ მკვლევარებს, რომელნიც მისი გმირებისა და თვით რუსთველის “არაქრისტიანობას” გვიმტკიცებენ, თავად კი ვერა აქვთ კარგად გარკვეული ქრისტიანული მწერ- ლობისა და თვით ქრისტიანული რელიგიის არსი. გარდა ამისა, მათ ვერ გაუგიათ, რომ “დიდი ფილოსოფოსები და დიდაქტიკოსები გვასწავლიან, თუ როგორ უნდა იაზროვნოს და იცხოვროს კაცმა, ხოლო დიდი მწერლები იმას მიგვანიშნებენ, თუ როგორ არ უნდა იაზროვნოს და არ უნდა იცხოვროს კაცმა” (კ. გამსახურდია). ამას გვიდასტურებენ ჩვენ კრიტიკული რეალიზმის დიდი წარმომადგენლები: ბალზაკი, ფლობერი, ტოლსტოი, გოგოლი, შჩედრინი, ილია ჭავჭავაძე. განა “კაცია ადამიანი” უაღრესად ქრისტიანული ნაწარმოები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერია ნათქვამი ქრისტიანობის დოგმებზე და არც არავინ ქადაგებს ქრისტიანობას? ეს რაც შეეხება უარყოფით გმირებს. მაგრამ დადებითი გმირის დახატვის შემთხვევაშიც კი ქრისტიანი ბელეტრისტი, განსხვავებით ჰაგიოგრაფისგან, გმირის გარეგანი რელიგიურობისა და ღვთისმოსაობის ჩვენებას როდი ისახავს მიზნად, არამედ მისი, როგორც ცხოვრებისეული ტიპის ასახვას, მისი ხასიათის დამაჯერებლად გამოძერწვას. ცხოვრებისეული პოზიციით, ცხოვრებისადმი მიმართებით და ხასიათით უნდა განვსაზღვროთ, სულით ქრისტიანია თუ არა ესა თუ ის გმირი. პიროვნების ქრისტიანული შეგნება, ან თუნდაც ქვეცნობიერი ქრისტიანობა კი, უწინარეს ყოვლისა, მჟღავნდება მის ცხოვრებისეულ კრედოში და პრაქსისში, მსხვერპლის უნარიანობაში, მოყვასი- სადმი თავდადებაში – “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” – (იოანეს სახარება), აგრეთვე, პიროვნულსა და საზოგადოებრივს შორის სწორი მიმართების პოვნაში, საზოგადოებრივი იდეალის პიროვნულზე მაღლა დაყენებაში, თვითუარყოფაში და საზოგადოებრივი მსახურების ჯვრის აღებაში. “უარყავნ თავი თვისი, აღი- ღე ჯვარი თვისი და შემომიდექ მე” (მათეს სახარება), რაც ნიშნავს უარყოფას ეგოისტური თვითმოყვარეობისას და არა თვითუარყოფას, პიროვნების უარყოფას, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ახლა განვიხილოთ ისევ “ვეფხისტყაოსნის” გმირთა სახეები. მათი ურთიერთისთვის თავდადება, პიროვნულ ბედნიერებაზე მაღლა მოყვასისა და საზოგადოების სამსახურის დაყენება პირველი ნიშანია მათი ქრისტიანობი- სა. იგივეა ამ მსოფლიური კეთილდღეობის არად ჩაგდება და მომავალი საიქიო ნეტარების საზომით გაზომვა ამქვეყნიური კეთილდღეობისა. “მე იგი ვარ ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად”.ან “ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა”.რა უფრო უკეთ წარმოაჩენდა ავთანდილის ქრისტიანობას: დოგმების ქადაგება, საეკლესიო რიტუალების აღსრულება, გამუდმებული ლოცვა–მარხვა, თუ ამგვარი თავდადება მოყვასისათვის, ამგვარი შეგნება სა- წუთროს წარმავლობისა, ამგვარი რწმენა მარადიული ცხოვრებისა?“ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად”. “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა”(ე. ი. ღვთისა). რუსთველის “არაქრისტიანობას” იმითაც “ასაბუთებენ”, ქრისტე და ღვთისმშობელი არ არისო ნახსენები მის პოემაში. მათ ავიწყდებათ, რომ ღვთისმოსაობა ადამიანისა ხშირად საკრალური სახელის არხსენებაში უფრო მჟღავნდება, ვიდრე მის წარამარა ამაოდ ხსენებაში. “არა მოიხსენო სახელი ღვთისა ამაოსა ზედა” (ბიბლია). გმირთა დიდბუნებოვნება, სიუხვე, დამარცხებული მტრის დანდობა, გლახაკთა და უპოვართა მიმართ სიბ- რალული, კეთილშობილი ალტრუიზმი – აი, ეს არის მათი ქრისტიანობის ძირითადი მაჩვენებლები და არა გამუდმებით “უფალო შეგვიწყალეს” ძახილი.ნასეთ “კრიტიკოსებს” აქვთ კიდევ ბევრი არგუმენტი: თუ რუსთველის გმირები ქრისტიანებია, მაშინ რად ჩაიდინესო მათ ესა თუ ის ცოდვა თუ სულმოკლეობა? მათ ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტი მხატვრული ლიტერატურა გმირების იდეალურ სქემებს კი არ იძლევა, არამედ ცოცხალ, ცხოვრებისეულ ადამიანებს მთელი თავიანთი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, აბსოლუტურად სრულყოფილი იდეალები კი რეალურ ცხოვრებაში არ არასებობენ. “არვინ არს სახიერ, თვინიერ ღვთისა” (მა- თეს სახარება). თვით ბიბლია და სახარებაც არ მალავს მოციქულთა ნაკლოვან მხარეებს და სისუსტეებს (პეტ- რეს განდგომა, ზებედეს ძეთა ამპარტავნება, ძველ აღთქმაში – დავითისა და სოლომონის დანაშაულებები და ა. შ.). ამაშია ბიბლიის ცხოვრებისეული სიმართლე და დამაჯერებლობა. ის ფაქტი, რომ ავთანდილმა მკვლელობა ჩაიდინა, ფატმანთან იმრუშა, ან ტარიელმა ხვარაზმშა მოკლა, სულაც არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ ეს გმირები არაქრისტიანები არიან და რუსთველიც არ არის ქრისტიანი მათი დახატვის გამო. ეს იგივეა, ვინმემ გოეტეს ფაუსტი ან სტენდალის ფაბრიციო არაქრისტი- ანებად გამოაცხადოს, ან ამ მწერლების ქრისტიანობაში შეიტანოს ეჭვი. კონსტანტინე გამსახურდიას გმირები, უწინარესყოვლისა, საზოგადოებრივი იდეალის მსახურებას ეწირებიან მსხვერპლად. მათთვის არ არსებობს პირადი ბედნიერებისთვის ზრუნვა, ეგოისტური – მეობა, მსხვერპლისათვის თავის არიდება. დიდოსტატი არსაკიძე, დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, სტეფანოზ წილკნელი, ნი- ანია ბაკურიანი, განა შეწირულნი არ არიან საქართველოს სამსხვერპლოზე? განა საზოგადოებრივი იდეალის სამსახურით არ ამჟღავნებენ ისინი ერთგულებას ქრისტეს უმ- თავრესი მცნებისადმი? კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების “განმკითხველთ” ყველაზე მეტად უყვართ საუბარი არსაკიძის არაქრისტიანობაზე. “კონსტანტინე გამსახურდიას გმირები წარმართები არიან – გვარწმუნებს ს. სიგუა თავის წიგნში “კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტუ- რა” – “დავით აღმაშენებელი წარმართობას უფრო ერთ- გულობს, ვიდრე ქრისტიანობას” (?), “მწერალმა წარმართ არსაკიძეს ააგებინა სვეტიცხოველი”. ამგვარ მკრეხელო- ბას სხვებთანაც შეხვდებით, რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ, რომ ამგვარ კრიტიკოსებს თავად მხოლოდ ცალმხრივი, არასრული გაგება აქვთ ქრისტიანობისა და საერთოდ, რელიგიის არსისა.ვინც რელიგიის ისტორიას კარგად იცნობს, მისთვის ცნობილია, რომ არსებობს ორგვარი სახეობა რელიგიურობისა: რელიგიურობა რჩეულთა, ფილოსოფოსთა და სულიერ არისტოკრატთა და რელიგიურობა ჩვეულებრივი ადამიანებისა, ე. ი. მასსებისთვის მისაწვდომი ფორმა რელიგიურობისა, რაც გოეტემ შემდეგნაირად განმარტა ეკერმანთან საუბრებში: “ბიბლიის საკითხების განსახილველად არსებობს ორგვარი თვალსაზრისი, პირველია ის, რომ არსებობს ე. წ. პირველრელიგია და რომ ბუნება და სული თავიანთ წმინდა ყოფაში ღვთაებრივი წარმო- შობისანი არიან. ეს თვალსაზრისი მარად უცვლელი დარჩება და იარსებებს მანამ, სანამ დედამიწაზე ღვთის მადლის მატარებელი არსებები მკვიდრობენ. მაგრამ იგი მხოლოდ რჩეულთათვისაა განკუთვნილი. იგი იმდენად კეთილშობილია და აღზევებული, რომ საყოველთაო ვერა- სოდეს გახდება. არსებობს, აგრეთვე ეკლესიის თვალსაზრისიც, რომე- ლიც უფრო ახლოს დგას ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფასთან... მაგრამ ისიც, თავისი ცვალებადი ბუნებით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ მანამდე, სანამ დედამიწაზე სუსტი ადამიანური არსებანი იქნებიან. მიუაჩრდილებელი ნათელი ღვთაებრივი გამოცხადებისა ერთობ წმინდაა და დამაბრმავებელი, რომ მისი აღქმა შესძლონ საწყალობელმა, სუსტმა პიროვნებებმა. აი, აქ წარმოგვიდგება ეკლესია, ვითარცა ქველმოქმედი შუამავალი. იგი ანელებს და ასუსტებს ნათელს, რითაც მრავალთათვის მოაქვს შველა და სარგებლობა”.ასე რომ ცხადი ხდება: ერთია რჩეულთა, ზეკაცთა შემოქმედებითი რელიგიურობა, რომელიც მჟღავნდება მისტიკოსთა ეზოტერიკოსთა ღვთისმოსაობაში და მეორეა ჩვეულებრივი ადამიანების რელიგიურობა, რომელიც მჟღავნდება მხოლოდ ეკლესიური მსახურების გარეგან აღქმაში. ცხადია, ამით ჩვენ იმის თქმა როდი გვსურს, თითქოს ეკლესია რჩეულთათვის და ზეკაცთათვის ზედმეტი იყოს. საუბარია საეკლესიო კულტის გარეგან აღქმაზე, ხოლო საეკლესიო კულტის უიდუმალესი, შინაგანი არსი სწორედ მხოლოდ რჩეულთათვის და ფილოსოფოსთათვი- საა მისაწვდომი.დიონისე არეოპაგელისა და მაისტერ ეკჰარტის გაგებით, რელიგიის უზენაესი მიზანია თეოზისი, ადამიანის განღმრთობა, რაც მხოლოდ რჩეულთ ხელეწიფებათ, რადგან “მრავალ არიან წოდებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ” (სახარება). ასეთია დიონისესეული ეკჰარტისეული, გოეტესეული გაგება რელიგიისა. განღმრთობა შემოქმედი პიროვნების ხვედრია, რომელიც განსხვავდე- ბა მარტოოდენ ღვთის წყალობის მომლოდინე, პასიურ და უმოქმედო სულთაგან, რომელნიც მხოლოდ ეძებენ ღმერთსა და მის წყალობას, ეძებენ, რამეთუ არ გააჩნიათ “რაც უფრო სთმობს ადამიანი თავის თავს ღვთის გული- სათვის და ერთვის მას. მით უფრო ღმერთია იგი და მით უფრო ნაკლებად მიეკუთვნება ქმნადობას” (მაისტერ ეკ- ჰარტი).ღმერთს კი ეძიებს ღვთით ღარიბი ადამიანი, რომელიც არ გრძნობს თავისთავში შემოქმედი ღვთის ძალას მიქელანჯელოს დარად, რომლისთვისაც შორს არის ღმერთი და შესაძლოა სათუოც არის მისი არსებობა. ასეთი ადამიანი ვერასოდეს იტყვის მიქელანჯელოს მსგავსად: “ო, ღმერთო, ღმერთო, რა ძლიერი ხარ შენ ჩემში”. ღვთის მაძიებელი ადამიანი სულით უპოვარია, ღვთით ღატაკია და ამიტომ დაეძებს ღმერთს. განღმრთობილი კაცი კი არის ღვთის მადლით სვიანი, ღვთისაგან სვიანი, ღვთით აღსავსე, აი, განსხვავება. განღმრთობის გზისგან განუყრელია, აგრეთვე კეთილი ღვთისმბრძოლობა. ეს გაგება არ უნდა აგვერიოს ნეგატიურ ღვთისმბრძოლობაში: შავწიგნოსნობასა და ათეიზმში. მაისტერ ეკჰარტი ღმერთს ადარებს იმ მეფეს, რომელიც შორ გზაზე სამოგზაუროდ გაუშვებდა ხოლმე თავის მიერ გაწვრთნილ რაინდს, შემდეგ კი ღამით გზად დაუხვდებოდა, ვითარცა უცნობი და შეებრძოლებოდა. ამ ბრძოლაში სცდიდა მას და ამის მიხედვით მოჰმადლებდა სვეს. ასე შეეყარა იაკობს ბნელში თავისი უფალი და შეერ- კინა მას. მართალია, ამ ბრძოლაში ღმერთმა “დაუბუშა იაკობსს ვრცელი ბარკლისა”, მაგრამ სამაგიეროდ შემდ- გომში მოჰმადლა არნახული სვე (დაბად. 24–32). განღმრთობის რელიგია, კეთილი ღვთისმბრძოლობის რელიგია – აი, დიდოსტატ არსაკიძის რელიგია. ამიტომაც არის მის სულთან ესოდენ ახლოს იაკობისა და ღვთის ორთაბრძოლის ბიბლიური მოთხრობა. ამიტომაც ხატავს იგი სურათს ამ ორთაბრძოლისას, რაც რელიგიურ ფილის- ტერებს მწვალებლობად ეჩვენებათ. არსაკიძის კრედო კი გადმოცემულია შემდეგ სიტყვებში, რომელსაც იგი ეუბნება შორენას: “მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთა განმგებელს, ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავსა და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს. გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავათ უნდა გახდეს შემოქმედი უფლის მე- ტოქე”.სწორედ განღმრთობით, თეოზისით მიღწეული კეთილი მეტოქეობა უფლისა ათქმევინებს მძიმედ დაკოდილ არსაკიძეს, სვეტიცხოველში ტაძრის კურთხევისას საკაცეზე მწოლიარეს, ბიბლიურ სიტყვებს უფლისას: “იქმენინ ნათელი”. ღმერთმა სამყაროს შექმნისას წარმოთქვა ეს სიტყვები, არსაკიძემ კი სვეტიცხოვლის შექმნისას. აი, რა გაგებით ებრძოდნენ ღმერთს იაკობი და არსაკიძე (ამავე გაგებით ებრძოდა ღმერთს ის ერი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ იაკობს შეადარა: “გერმანელი არის ღმერთთან მორკინე იაკობი”. Anno 1923, “ლიტერატურუ- ლი პარიზი”). “სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს” – გვეუბნება იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში. არსაკიძის რელიგიურობაც საქმით უფრო მჟღავნდება, ვიდრე სიტყვით. სვეტიცხოვლის შენებაა მისი რელიგია და არა ფარისევლური ღაღადისი, ან ბეჯითად სმენა ყო- ველი წირვისა, მწუხრისა თუ ცისკრისა, გარდა ამისა, ანტიპათია ცალკეული ნეგატიური სამღვდელო პირები- სადმი, მათი წირვისთვის თავის არიდება როდი ნიშნავს მის ათეიზმს, რაც დაასკვნა კრიტიკოსმა ა. მარჩენკომ მოსკოვურ გადაკეთებულ თარგმანზე დაყრდნობით, სადაც გიორგი მეფის სიკვდილის სცენაც გამოტოვებულია, მისთვის სულთათანას კითხვა და ა. შ. ხოლო არსაკიძეს მიეწერება სიტყვები: “ჩელოვეკუ ნე ნუჟენ ბოგ”, რასაც დედანში არ ვხვდებით.“დიდოსტატის მარჯვენა” ასახავს საქართველოს ის- ტორიის ისეთ პერიოდს, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით მისი მთიულეთი, იყო ასპარეზი ქრისტიანობისა და წარმართობის ბრძოლისა, რასაც გვამცნობს, უწინარეს ყოვლისა, ქართული ისტორიოგრაფია. ეს ჭიდილი გრძელდებოდა არა მხოლოდ ისტორიის ასპარეზზე, არამედ ადამიანთა სულებშიც. გმირის გამოძერწვისას ცხოვრებისეული სიმართლის ერთგულება მოითხოვდა სწორედ იმას, რომ არსაკიძეც და გიორგი მეფეც გაორებულ პიროვნებებად გვევლინებიან ჟამიდან- ჟამზე. გიორგის წარმართული ჰედონიზმი, მიჯნურობით გატაცება ეძალება ნადიმობისას და ნადირობისას, მარ- თალია რწმენა შერყეული აქვს ფარსმანის მაგიისა და ასტროლოგიის მეოხებით, მაგრამ სტანჯავს მისტიური ხილვა მის სპათა მიერ შემთხვევით გადამწვარი ოლთისის ეკლესიისა და ფანატიურად სწამს, რომ გველისფერი წმინდა გიორგი მოუღებს ბოლოს წელის მოწყვეტით, ხატთან არაგულწრფელი მისვლის გამო, რაც მართლაც აუხდება, მაგრამ ერთიანი საქართველოს მთავარ დუღა- ბად იგი მაინც ქრისტიანობას ხედავს და სწორედ ქრისტეს სახელით ლაშქრობს ფხოვში, ქრისტესა და ერთიანი საქართველოს სახელით. სიკვდილის წინ კი სინანული შეიპყრობს და მიიცვლება, როგორც ჭეშმარიტი ქრისტი- ანი, სულთათანას სმენით, რომელსაც უცნობი დიაკონი უკითხავს მას, უშიშარაისძის მიერ მოყვანილი. ჩვენს მეფეთა შორის უდიდეს ქრისტიანს დავით აღმაშენებელსაც კი ჰქონდა პერიოდი, როდესაც მას ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტობა აეჭვებდა. მის ისტორიკოსთან ვხვდებით დავითის გამონათქვამს სვეტიცხოვლის შესახებ: “ჰოი რაჲ უწყი, რაჲ არსს კონცხსა მას და რასა თაყვანს ვსცემთ?” რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გეს- ლი არ უგრძვნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში. დოსტოევსკი ამადაც ამბობდა თავის ათეისტ ოპონენტებზე: “ეს საცოდავები თვით ღვთის უარყოფის ძალითაც კი ვერ მჯობნიანო”. ასეთივე ღვთის უარყოფა სჩანს ეშენბახის “პარსიფალში”, რომე- ლიც შემდეგ კვლავ ღმერთს უბრუნდება. ეს არის გზა უძღები შვილისა. არსაკიძესაც ახასიათებს ეს გაორება. იგი, ქრისტიანი ხუროთმოძღვარი, წარმართულ მუხის კულტსაც არ ივიწყებს და მამალს სწირავს მუხას ყვავილმოხდილი. მაგრამ არსაკიძე ნეტარია, ვითარცა იაკობი, რამეთუ იგი შეერკინა შემოქმედს სვეტიცხოვლის აგებით, რითაც სძლია სიკვდილს. იგი უფლის დარად ნათლის შემოქმედია. “არც ერთ ერს არ შესძლებია ჩვენებრ რელიგიის გაშუქება პოეზიის ოპტიკით. ქართველობა ისე ვიდოდა იესოს სისხლიან კვალზე, რომ ამავე დროს დიონისეს ყვავილოვან შუბლს თვალს არ აშორებდა”, – წერდა კონსტანტინე გამსახურდია თავის ერთ–ერთ ესსეში. ალბათ იშვიათია მწერალი, რომელსაც იმგვარად შესძლებოდეს ქრისტიანობის გაშუქება პოეზიის ოპტიკით, როგორც ამას ვხვდებით მის რომანებში.
ზვიად გამსახურდია
|