]მე ვერც შორეულს შენ ვერ გიწოდებ,
მაგრამ ვერც იმ ტოტს ვერ შეგადარებ –
რაც თავი მახსოვს, ჩემს მინებთან რომ იფოთლება
და გაზაფხულზე, ყვავილობის ჟამს,
რომ ვუძარცვავ ანთებულ სხეულს –
რა ვქნა, ახლოა და ცდუნებაც კაცთა სენია!
მიუწვდომელსა და უზომოდ მახლობელს შორის
შენ იწყები
და შენი სუნთქვა აღწევს ჩემამდე,
შენ – ასეთი უცხოცა და ჩვეულებრივიც...
როდესაც მართლა გადავიღალე სასწაულის
და კიდევ რაღაც უსახელოს უაზრო ძებნით,
როდესაც ნელა,
მაგრამ მაინც შევეჩვიე საკუთარ ფიქრებს,
შენ გამოჩნდი, და გვიან მივხვდი,
რომ სწორედ ასეთ გამოჩენას ერქმევა პოვნა
და იმის პოვნა, რაც არასდროს არ გიძებნია,
უკვე მართლაა სასწაული და კიდევ რაღაც –
მიმზიდველი და უსახელო...
და შენ ნელ–ნელა ჩაეტიე ჩემს ოცნებაში,
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში შემოაღწიე
და ჩასახლდი ყოველ საგანში –
ჩემს ირგვლივ რომ ავსებს სამყაროს,
ოღონდ იმ ერთი გრძნობის თანხლებით,
რომ ესეც მხოლოდ უადგილო წარმოსახვაა!
ამიტომ არ ხარ არც შორეული
და არც ისეთი მახლობელი –
ფიქრებს რომ უნდათ გამოაჩინონ და დამაჯერონ.
სადღაც, ჩემსა და სიჩუმეს შორის
შენ იკარგები
და მერე ისევ გამოდიხარ იდუმალი სარდაფიდან
და მოგაქვს ჩემთან ჩემივე ფიქრი –
რაღაც ახალ სიმართლესთან შეჯერებული...
გთხოვ, დარჩი ასე, – უახლოეს სიშორის ზღვართან,
ნურც ჩემთან მოსვლას დააჩქარებ
და ნურც საერთოდ დაიკარგები.
გთხოვ, დარჩი ასე!
ეს კედლები, ეს მინები, ეს ფოთლები,
ან თუნდაც ჩემი თვალები და ჩემი თითები
მოიცდიან – ისინი უკვე შეეჩვივნენ არგამართლებას.
და შენ კი, თუნდაც ცოტა ხნით მაინც,
ისევ იქ დარჩი, სადაც შენამდე
იყო დიდი სიცარიელე
და ვერასოდეს წარმოვიდგენდი,
რომ იქ რაიმეს პოვნა იყო შესაძლებელი.
გთხოვ, დარჩი ასე და დამეხმარე,
საკუთარ თავში რომ ვიპოვო კითხვის მიზეზი,
რომ ამოვჩხრიკო, ამოვქექო საკუთარი უსასრულობა
და მივაკვლიო იმ ერთადერთ იდუმალ სახელს, –
იმ ერთადერთ სიტყვას ან განცდას, –
ჩემს ფიქრებში საბოლოოდ რომ დაგერქმევა –
ან განა მთელი ჩვენი ცხოვრება მას არ ხმარდება,
რომ სახელები დავარქვათ საგნებს?!
გთხოვ, დარჩი ასე –
მანდა არასდროს არავინ მდგარა!
მაგრამ შენ ისე არ მოგეჩვენოს,
რომ უპატრონო ქოხს დავემსგავსე
და უკითხავად შეუძლიათ შემოსვლა ჩემში.
პირიქით, გეტყვი და გაგიმხელ იმ ერთ სიმართლეს,
რომ თავად ვცდილობ ჩემს სიზმრებში შემოგიტყუო
და სიზმარი ხომ იმ სამყაროს ანარეკლია –
ჩემს თვალებში თავს რომ იყრის
და კითხვებში რომ იძირება...
მე მართლა ვცდილობ ჩემს სიზმრებში შემოგიტყუო,
ოღონდ, როდესაც დაგარქმევ სახელს!
და თუ ეს მაინც ვერ მოვახერხე,
თუკი ვერაფრით შეგიხამე სიტყვა ან განცდა,
ისევ სასწაულს თუ ვუწოდებ იმ გაოცებას,
ასე თავისით, ფიქრისა და ძებნის გარეშე,
რომ დაიბადა არაფრისაგან.
არ დაიჯერებ, მაგრამ მე ახლა
მსიამოვნებს ასეთი განცდაც!
იმიტომ, ალბათ, რომ საძებარი
მხოლოდ საკუთარ თავში ვიგრძენი,
ადრე კი, მუდამ, გარეთ ვეძებდი ყველაფერ იმას,
რაც თურმე ჩემში იწყება და მთავრდება ჩემში –
და ასე ძლიერ ამიტომაც გადავიღალე!
ვფიქრობ... და ზოგჯერ მომეჩვენება,
რომ შენ თანდათან მიახლოვდები...
ან კიდევ, ხდება, დაკარგულად გთვლი და დავტირი
საკუთარ ფიქრებს, როგორც ცხედარს
ან ცხედარივით უსუსურ და უმწეო კითხვებს...
და შენ კი ისევ გაიელვებ მიუწვდომელსა
და უსასრულოდ მახლობელს შორის –
სადაც შენამდე იყო დიდი სიცარიელე
და სადაც მართლა არ მოგელოდი.
წყვდიადიდან რომ გამოაღწევ და ამის მერე
მცირე სინათლეც, არაფერი რომ არ ვთქვათ მზეზე,
თვალებს ცეცხლივით მოედება და ჩამოგკაწრავს
და ძლიერ გიჭირს, რომ მას თვალი კვლავ შეაჩვიო,
მაშინაც, ალბათ, იმასვე იგრძნობ,
რაც ჩემში ამდენ შეკითხვას ბადებს
და რასაც – თუ აქვს კიდეც სახელი –
ვერ მოიძიებ, სანამ წარსულს,
უაზრო და უმიზნო ძებნას საბოლოოდ არ დაივიწყებ
და წყვდიადის ლორწოვან სხეულს
თვალებიდან არ მოირეცხავ.
სინათლესა და სიბნელეს შორის,
თეთრისა და შავის საზღვარზე
შენ გამოჩნდი... და მე კი მართლა
წყვდიადიდან გამოსულივით –
ვიტანჯები, და ჯერ მზერას ვერაფრით გაჩვევ!..
ცხოვრება კი... რაა ცხოვრება!
უნდა იდგე და გაუთავებლად
დღისა და ღამის ჭიდილს უყურო,
თითოეულის გამარჯვება
და დამარცხება უნდა ითვალო
და, რაც ყველაზე საშინელია,
ისინი ისე გაერთნენ ბრძოლით,
საუკუნეთა გადახრასაც ვეღარ ამჩნევენ
და შენ რად გიკვირს, რომ ახლა შენთვის
არც დღეს, არც ღამეს აღარ სცალია!
მაგრამ ეს მაინც მიზეზია –
მიზეზია იმ შეკითხვების,
რომელთაც ასე შეუმჩნევლად –
ფიქრისა და ძებნის გარეშე –
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში
გამოკვეთეს შენი სიჩუმე...
და იყო კიდევ ერთი სიზმარი:
შემოდგომა დააჩნდა ფოთლებს
და რომ ვიგრძენი, კვდებოდა ბაღი,
მე მოვიტაცე ყვავილები
და ზამთრისაგან გადასარჩენად
ისევ შენში შემოვიტანე
და გვიან მივხვდი,
რომ მათთან ერთად, მეც შენში ჩავრჩი...
მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარი იყო!..
და მაინც, თუკი ჩემს სიზმრებშიც შემოაღწიე,
ვინ იცის, იქნებ მართლა შენში ამოვიკეტე,
ოღონდ არ ვიცი, სამუდამოდ
თუ უახლოეს გაზაფხულამდე –
როდესაც ბაღში ყვავილები დაბრუნდებიან
და როცა ჩემში გამთბარ სიჩუმეს
დრო გააციებს...
მე შემიძლია ვიტირო შენში!
მე შემიძლია შენში ვიყვირო
და ერთი წამით არ მეშინოდეს,
რომ ისევ უკან ჩამომძახებს შენს სახელს ექო.
...სადღაც კი გიჟი შეჰყურებს კედელს,
მერე ნელ–ნელა იხვევს თვალებს
და მთელი ძალით გარბის კედლისკენ
და თან საკუთარ თავსაც აჯერებს,
რომ იქ კედელი აღარ დახვდება –
თუნდაც იმიტომ, რომ გაბედა ეს ყველაფერი
და საკუთარ თავს
ეს ზღაპარი რომ დააჯერა...
და გარბის გიჟი თავგამეტებით
და თან არ სტოვებს ერთი შეკითხვა:
იქნება უკვე გასცდა ბარიერს?
ან იქნებ უკვე გადალახა საკუთარი უსუსურობა?
ჩერდება გიჟი, თვალებს იხსნის
და ძველებურად შეჰყურებს კედელს...
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და იცინის დარწმუნებული,
რომ მან იმაზე მეტი შესძლო,
ვიდრე უნდოდა, –
რომ შეეშინდა კედელს მისი
და დაიხია თავადვე უკან...
მე კი მოვდივარ თვალახელილი
და ვხედავ, როგორ გიახლოვდები...
ვიცი, ამაოდ ვეძებ შენს სახელს,
რადგან თავად ხარ
ჩემი დაღლილი ფიქრის სახელი!
რა ვქნა, ჩემს მოსვლას არ დაერქმევა ბედისწერა
და ვერც იმას ვერასდროს ვიტყვი,
რომ ჩემი მშვიდი სიმარტოვე ითხოვდა შენს თავს.
საოცარი განცდა ახლავს იმის გაგებას,
რომ ყველაფერი მოხდა შემთხვევით,
რომ არასოდეს არ მიძებნიხარ
და შენს პოვნაში
ჩემს გულს წვლილი არც კი მიუძღვის.
ყველაფერი ხომ ისე მოხდა,
ლამაზ ოცნებას, წარმოდგენებს რომ არ სჩვევიათ
მერე ისევ ხუჭავს თვალებს
და ჩემს თავს რომ სრულიად არ ჰგავს.
...და მე მოვედი!
რას იზამ, თუკი მეც არ ვიცი, რისთვის და როგორ.
მაინც მოვედი!
მოვედი შენთან და ვიწყებ იმით,
რომ გეუბნები:
ეს მე ვარ შენს წინ –
ვისაც ვერაფრით გაუგია
საკუთარი მოსვლის მიზეზი,
ვინც ადგილიც კი ვერ მიგიჩინა
საკუთარ გულში,
ვინც დღესაც ეჭვობს,
რომ ამ მოსვლას აღარ ინანებს,
ვინც, როგორც იქნა, შეეჩვია საკუთარ კითხვებს
და ვინც... მზადაა სიყვარულისთვის!
მე მოვედი,
ეს მე ვარ შენს წინ!
(რატიანი)
გენიალურია
ჩემშია.
მიყვარს.
This post has been edited by frenologi on 21 Apr 2010, 13:56