ის ლექსი, რის დადებასც ვაპირებდი უკვე დამასწრო იორიკმა.

ამიტომაც მე მის ლექსს დავდებ, ძალიან მიყვარს.

* * *
როცა ქალი ხარ, და მით უფრო, როცა ლამაზი
თან როცა ტუჩთან, სხვანაირი გემო აქვს სივრცეს.
ტუჩების კბენას შეჩვეული შეხებას ვერ გრძნობ
და რასაც მარხავ შიგნით, თმები ტალღებად იმჩნევს.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ ნიშნავს არაფერს თითქმის,
რასაც წარსულში მეამბოხე თვალები ითვლის,
თუ ნიშნობაა, მაშინ ვიტყვი,
ეს უფრო და ეს უფრთოს ნიშნავს
ქალს მჯდომიარეს, ქოლგის ქვეშ, ზღვის წინ
და ჩემგან სადღაც ერთდროეულად.
რომელიც შუბლით ფიქრობს, თითზე თმების დახვევით,
ფიქრობს იმ კარზე, სხვა რომ ხედავს ჩამონგრეულად,
ფიქრობს საკუთარ პანაშვიდზე,
ფიქრობს მიზეზთა ჩამონათვალზე,
ფიქრობს ყველაზე ნაცნობ სიზმარზე
ფიქრობს სახლზე
და სამუდამოდ მომავალში ჩარჩენილ ბავშვზე.
და მისი ჯდომა, ნიშნავს თითქმის ხის დგომას სახლთან
თან ისე დგომას, გამვლელებს რომ ცისკენ ახედებს
მეტიც, ის ერთი ხე კი არა, ტყეა რომელიც,
ამ ცოტა ხნის წინ ვიწრო გზაზე გადმოასახლეს.
ის ხშირად ჯდება, უბრუნდება იმ ძველ სიმაღლეს,
რომელიც ფეხის წვერზე დამდგარ ბავშვობას ახლდა,
ხანდახან, როგორც მზესუმზირა წელში იხრება...
თანდათან ხვდება, იზრდება და სიმაღლეს კარგავს...
* * *
უკანასკნელი მოვიხსენი ტანთსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდებათ შეხება ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი...
დამეძინება, გათავდება ზანტი ზმორება
და დამშვიდდება ჩემი მკერდი, ჯერ ხელუხლები,
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები...
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
ჩემ შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა
და დაღონებულს ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა...
პაოლო იაშვილი (ელენე დარიანი)