მეე იოსიf ბროდსკის ეს ლექსი მიყვარს ძალიან. კოტეტიშვილის თარგმანს დავწერ
არ გამოხვიდე შინიდან. არ მიჰქარო.
თუ შიპკას ეწევი, მზეზე რაღა გინდა, ჯიგარო?
კარს იქით უაზრობაა ყოველი. იქ ბედიც გენგრევა.
მხოლოდ საპირფარეშოში გადი და უკან ეგრევე.
შინიდან არ გახვიდე. არ გამოიძახო მოტორი ფიცხელი.
სივრცე დერეფანია, რომლის ბოლოსაც ჰკიდია მრიცხველი.
ვინმე ლამაზმანი თუ გესტუმრა, რომც შემოგღაღადოს,
გახსოვდეს, ხასად არ გახადო, სჯობს სულ არ გახადო.
ო, არ გახვიდე შინიდან, ვითომ ავად ხარ, იყავი ასე.
განა რა არის ქვეყნად უკეთესი კედელზე, სკამზე?
აზრი რომ არა აქვს აქედან გასვლას, ეს ხომ გაქვს ნაგემი,
ხომ უნდა უკანვე დაბრუნდე და თანაც – ნაგვემი.
შინიდან ნუ გახვალ. მიდი და იცეკვე მარტომ.
და დედიშობილა ბასანოვას მოაცვი პალტო.
შემოსასვლელში ყარს კომბოსტო და რაღაც ზეთი.
კედელზე მიჯღაბნილს ასოც რომ დაურთო, იქნება მეტი.
შენ არ გახვიდე ოთახიდან. დაე, ოთახი მიხვდეს,
შენს გარეგნობას მისი შიგანი თუ როგორ იხდენს.
არსმა ფორმას უთხრა: ერგო სუმ უცნობი. შენც სხვა რამ არ იცი.
ო, გარეთ რა გინდა? გახვალ და იქ უცებ არ დაგხვდეს პარიზი.
არ გამოშტერდე! ის იყავ, რაც არვინ ყოფილა აროდეს.
შინიდან გარეთ არ გახვიდე. ავეჯთან ყოფნა გიხაროდეს,
ამ კედლებს შპალერად აეკარ, გაყუჩდი და ამიერიდან
შენ ქრონოს-კოსმოსებს, რასებს და სხვა ვირუს-ეროსებს ერიდე.
* * *
ჩიტის სურათის დასახატად
(ჟაკ პრევერი)
თავდაპირველად დახატეთ გალია
ღია კარებით
შემდეგ დახატეთ
რამე ლამაზი
რამე მარტივი
რამე საჭირო ჩიტისითვის
მერე წაიღეთ ტილო სადმე
ბაღში ან ტყეში
დაკიდეთ ხეზე
თავადაც იქვე დაიმალეთ
ხმისგაუღებლად . . .
ხანდახან ჩიტი მალე მოდის
მაგრამ ხანდახან მის მოფრენამდე
ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე
ფარ-ხმალს ნუ დაყრით
მრავალი წელიც დაელოდეთ თუ საჭიროა
ჩიტის ადრე ან გვიან მოსვლას
არავითარი
კავშირი არ აქვს თვით ნახატთან
როცა ის მოდის
თუკი მოდის ხოლმე საერთოდ
ყური დაუგდეთ უღრმეს სიჩუმეს
ელოდეთ ჩიტი თავად მოხვდეს გალიაში და
როდესაც უკვე შიგ იქნება
ძალიან ფრთხილად მიუხურეთ კარები ფუნჯით
და სათითაოდ გადაშალეთ ყველა გისოსი
ჯერ მოითმინეთ ჩიტის ბუმბულს ნუ შეეხებით
შემდეგ დახატეთ ხის სურათი
ჩიტს აურჩიეთ ტოტთაგანი საუკეთესო
დახატეთ კიდევ სიმწვანე დაქარის სიგრილე
მზიური მტვერი და
მწერთა ხმა ზაფხულის ხვატში
ელოდეთ ჩიტმა გადაწყვიტოს იქნებ სიმღერა
თუ კი არ მღერის ეს ცუდია
ნიშანი იმის რომ ნახატი არ გამოსულა
მაგრამ თუ მღერის ეს კარგია
ნიშანი იმის რომ თქვენ ძალგიძთ ხელის მოწერა
ჰოდა თქვენც აცლით უმშვიდესად
ჩიტუნას ბუმბულს
და საკუთარ გვარს აწერთ იქვე ტილოს კუთხეში