არ სჭირდება გენიოს გალაკტიონს თანამედროვე პაჭა-პუჭების უნიჭო მცდელობა, მისი ბიოგრაფიის მოპირკეთება, მორგება მათი მდაბალადამიანური შეხედულებებისა და ღირებულებებისათვის.
1935 წელს პარიზში გამართული ანტიფაშისტური კონგრესი, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც კომუნისტური ქვეყნის წარმომადგენელი, არ იწოდებოდა “მსოფლიო მწერლობის კონგრესად” . კომპარტიის წევრი გალაკტიონი (1917-8 წლიდან - მოსკოვში, ლიუბლიანკაზე მიმიღესო), მაშინდელმა საქართველოს საბჭოთა კომუნისტურმა მწერალთა კავშირმა დაასახელა დელეგატად.
მას წინასწარ დააწერინეს სიტყვა, მოისმინეს, განიხილეს საგანგებო სხდომაზე, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით, სახელმწიფო კურსის შესაბამისი ყოფილიყო და ასე შემდეგ.
ოცდაათიან წლებშიც და მთელი სიცოცხლის მანძილზეც გალაკტიონმა გამოიარა ჯოჯოხეთის ყველა ის გარსი, ტოტალიტარულმა რეჟიმმა რომ შეუქმნა შემოქმედებს, იმ განსხვავებით, რომ აკმარეს ცოლის - ოლია ოკუჯავას დახვრეტა 1941- ში და თვითონ ცოცხალი გადარჩა.
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
გალაკტიონი თუ გალაქტიონი
ანუ გ თუ კ?
რაკი სხვადასხვა დროს ამას ბევრი თქვენგანი მეკითხება, უმჯობესი მგონია, ერთიანი პასუხი დავწერო იმის შესახებ, თუ პირადად მე რას ვფიქრობ.
ოღონდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სხვას - შეიძლება ამაზე სრულიად სხვა აზრი ჰქონდეს.
მე ვფიქრობ. უნდა განვასხვაოთ ორი რამ, რაც განსხვავებულია თავად გალაკტიონთან.
ერთი მხრით, გალაკტიონი - (კ- თი) მისი, როგორც პოეტის სახელია,
ხოლო მეორე მხრით, თავადვე გალაქტიონს ( ქ -თი) წერს, მაგალითად, როცა, როგორც მოქალაქე, ვინმეს თხოვნით მიმართავს.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როცა მასზე, როგორც პოეტზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დავყვეთ მის ნებას და ვთქვათ კ - გალაკტიონი, მაგრამ სხვაფრივ, მასზე როგორც მოქალაქე პირზე საუბრისას - ორივე ფორმა სახელისა მისაღებია.
ანუ არც ერთის, არც მეორის გამოყენება არ უნდა ჩაითვალოს შეცდომად.
მე, მაგალითად, მირჩევნია, მუდამ კ- გალაკტიონი ვთქვა, მასზე საუბრისას საქმე რომ გავიმარტივო, თორემ სად ვარკვიო, ყოველ ჯერზე, როდის ვსაუბრობ მასზე, როგორც პოეტზე და როდის - როგორც მოქალაქეზე.
ფოტოებზე -
1.თავისივე ხელმოწერა განცხადებაზე ქ- თი -
“მწერალი გალაქტიონ ტაბიძე”
2. მისივე ძმის აბესალომის წერილი მისდამი, ასევე ქ- თი - “ძმაო გალაქტიონ!”
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნინო დარბაისელი
გალეჩაქდება
მე ხომ გალაკტიონის მიმართ სიყვარულის მუდმივი მიქცევ-მოქცევის ფაზები მაქვს!
არის პერიოდები, მის გარდა, არავინ არაფრად რომ არ მიმაჩნია რუსთაველის მერე, ქართულ პოეზიაში.
საბედნიეროდ, ეს მუდმივად არ გრძელდება ჩემში და ნაცვლდება ფაზებით, როცა მის სახელს ვერც მიხსენებთ, ყველაფერი მეჯავრება, ყველაფერი მაღიზიანებს მისი…
სხვადასხვანაირი ფაზები კიდევ მაქვს.
ხან ვებრძვი და ვეფამილიარულები, ხან დავცინი კიდეც.
და საბედნიეროდ, ესეც არ გრძელდება დიდხანს.
საბოლოოდ, ერთიანად - ესაა ალბათ ნამდვილი სიყვარული.
ან სიყვარული, როგორიც მე შემიძლია.
ვენეციაში ვარ და ცოტა გაციებული.
გუშინ ექვსნახევარი მილი ფეხით ვიარეთ, ვიხეტიალეთ უვიწროეს ქუჩებში, სან მარკოს მოედანზე ესპრესოც ვსვი, ორჯერ, ორ უძველეს, ულამაზეს რესტორანში, წვიმაში, რომელიც ხან თავსხმა იყო, ხან წვეთოვანი.
გადახურულში როიალი უკრავდა და კიდევ ჩელო, ვიოლინო…
ერთი სახმელეთო მილი დაახლოებით კილომეტრნახევარია, ცოტა ნაკლები და ასე, ათ კილომეტრამდე გამოგვივიდა.
გალაკტიონის სხვა ლექსზე დამეწყო ფიქრთა შემოტევა (“ხიდი რეალტო. მთის მდინარე”) და თვითონაც ვერ მივხვდი, როგორ ამეკვიატა სულ სხვა ლექსიდან სიტყვა “გალეჩაქდება”.
ნამდვილი პერსევერაცია დამემართა გალაკტიონის ამ ჯადოსნურ ნეოლოგიზმზე და მგონი, ცოტას მივხვდი, რას ნიშნავს, რომ
მდინარე და დუმილიც გალეჩაქდება ამ ლექს-ხილვაში, ლექს-ზმანებაში, სადაც ორი მემორევე ქალწული ეცხადება პოეტს.
“მემორევე” - რას ნიშნავს?!
ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ ჩემს ინტერპრეტაციას, მანამდე კი ვიტყვი:
გალაკტიონის ამგვარ, მისეული ტექნოლოგიით შექმნილ სიმბოლისტური ესთეტიკის მქონე ზმანება-ლექსებში
პოეტურ სიტყვას, სინტაგმას - თითქმის არასოდეს აქვს ერთი, ერთადერთი, სხვათა გამომრიცხველი მნიშვნელობა.
მასში მნიშვნელობათა და მინიშნებათა ერთობლიობაა. ძალიან “ფიმ ფამ ფო” ენაზე რომ გადმოვიტანოთ, გამოგვივა დენოტაცია-კონოტაციათა არა უბრალო კონგლომერატი, რაღაც ფიზიკური ნარევი, არამედ გალაკტიონისეული ნადნობი - სრულიად ახალი ორგანული მთლიანობა. მისი პოეტური ალქიმიის კიდევ ერთი პროდუქტი, პროდუქტი, რომელიც ავტორისეულ, პოეტურ ველში ცოცხლობს და გარედან, მკითხველური შეხების, შეღწევის ცდის ყოველ ახალ ჯერზე ახლებურად წარმომიდგება და მაფიქრებინებს, აქამდე რა მჭირდა, ამას როგორ ვერ მივხვდი-მეთქი.
გავა დრო და ახლა სხვა წახნაგს გამომიჩენს, სულ სხვად მეჩვენება და მაფიქრებინებს, ეს რა სულელური აზრი მომსვლია ამას წინათ იმავეზე-მეთქი.
და ასე - დაუსრულებლად.
მოკლედ, დიდად აუტანელი ვინმეა!
ამწუთას “გალეჩაქება” რას მეუბნება იცით?
წინა სტრიქონში ვხედავ მის გასაღებს.
მოლანდება-მემორევე ქალწულებს ლეჩაქთა სამოსი ხომ მოსავთ, არა?
ტრადიციულად, ლეჩაქი - თავსაფრად გამოსადეგი, მსუბუქი და მორჩილი ქსოვილისგან მზადდება. იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე ან სრულიად გაუმჭვირვალი. იგი ქალური არქაული გარდერობის კუთვნილებაა.
ძველი ფოტოებიც თუ გაგვახსენდება, ლეჩაქი თეთრი, მსუბუქი ,, ტული”-ს შიფონის და მისთ. ლბილი ქსოვილია, კიდეებში - თეთრივე ნაქარგებით, ქართული ჩიხტი-კოპის თანმხლები ნაწილი.
ასეთი იქნება ლეჩაქი - მის ყველაზე ამაღლებულ მდგომარეობაში, თორემ იგი ადრე ყველა ქალს მოსავდა.
ამაღლებული, შორი, მით უმეტეს მამაკაცური დისტანციიდან და მით უმეტეს გალაკტიონური, პოეტურად წარმოსახული მამაკაცური დისტანციიდან (და არა ყოფითიდან, სამი ცოლი და დღემდე ცნობილი სხვა სიყვარული თუ სიყვარულები რომ არ დაუკლია- აქ სარკასტული ვარ) მისი არაფლექსიბელურობა - მოუქნელობა და სიტლანქე- სიუხეშე - სრულიად გამორიცხულია, სილბო - კი ბატონო!
დუმილი - აბსტრაქტული, არასაგნობრივი სიტყვაა.
დუმილის გალეჩაქებით, ანუ აბსტრაქტულისთვის კიდევ უფრო უცნაური, არაკონკრეტული თვისების მიკუთვნებით, არა მისი ახლოს მოტანა, გასაგებობა, არამედ მხედველობის მკაფიო არედან “გატანა” შორს და მაღლა ატანა ხდება
ანუ დუმილი ამ წარმოსახვის დროს ხდება ამაღლებული, ლეჩაქივით მორჩილი, ლბილი… მისი (დუმილის) არამკაფიო ვიზუალიზაცია მაინც შესაძლებელი ხდება.
ამას ხელს უწყობს წინამძღოლი სახის მდინარის - საგნობრივად წარმოსადგენის - “გალეჩაქება”.
დუმილი - მდინარის აღმატებით ხარისხადაც შეიძლება გავიაზროთ იმ კონტექსტში, რომ არსებობს დროის მდინარება და მარადისობა, რომელიც დუმილის კონტექსტსაც გულისხმობს.
და მასთან ერთად მაღლდება ჩვეულებრივ, საგნობრივი თვისებების მქონე მდინარე.
ჩემი ფიქრით ეს - წარმოსახვათა მდინარეა,
პოეტურ ფიქრთა მდინარებით რომ იქმნება. ამ აზრს ეხმარება ტექსტში მეორე სინტაგმა ,,ორი ქალწული მემორევე”.
წარმოების თავისებურებით მე-მორევ-ე - საქმიანობის გამომხატველია (მაგ. მე- თევზ-ე, მე-ბორნ-ე, მე-ხამლ-ე), მაგრამ მემორევე? ასეთი პროფესია ხომ არ არსებობს?
რაშია საქმე?
დავუკვირდეთ აკუსტიკურად, მელოდიურად ხმოვნებისა და სონორული
თანხმოვნების კომბინაციით შექმნილ ამ სიტყვას - პოეტურ ნეოლოგიზმს!
მასში სინთეზურად, ორკესტრირებულად “ისმის” სხვადასხვა ინსტრუმენტთა ხმები:
1. ტრადიციულ ქართული “ფიქრთა მორევმა ჩამითრია”, (შორი და ფაქიზი ალუზია ილიასი),
2. მემორია, მემორი - ხსოვნა, ევროპულ ენებში მეხსიერების გამომხატველი სიტყვა;
3. და მორევა, (მაგ. შენზე ფიქრები მომერია, ან შენი წარმოსახვა მომერია)
იქნება კიდევ რაღაცეები, მაგრამ ახლა ეს ინსტრუმენტები იცნო ყურმა.
ვინ არიან “ნაბდიანი თავადები” - თავს რომ ადგანან ყოველ საღამოს ამ მემორევე ქალწულებს?
რაკი ნაბადი - ძირითადად შავად წარმოიდგინება, ეს ერთი მხრით - ღამეს ხომ ნიშნავს, საღამოს უცილობლად რომ მიჰყვება, ამასთანავე ტექსტში დაუსახელებლად, კონტექსტიდან “მომუშავე” სიშავე პოეტურ ენაზე პოს და ბარათაშვილის ყორნების მერე მაინც, სწრაფ, ბედისწერულ მოვლენის სიმბოლოა.
ანუ ესენი - თან აგრესიული, საბედისწერო მცველები არიან, პოეტისაგან განაშორებენ ამ მუდმივ წარმოსახულ სცენას, თან, მეორე მხრივ, თავადი - სიყვარულის კონტექსტში, როგორც მამაკაცი მეტრფე - პაოლო იაშვილის ეროტიკულ “დარიანულ დღიურებს” უკავშირდება, საერთოდ, მისი შემოტანილი უნდა იყოს ქართულ პოეზიაში.
ყოველ შემთხვევაში, მე პირადად თავადის - სოციალური სტატუსის პოეტური გაეროტიულების უფრო უადრეს ნიმუშს არ ვიცნობ. (ალუზია ვეფხისტყაოსანსა და ავთანდილზე? - ამის თაობაზე ადრე სხვაგან ვწერდი)
ვერ ვიტყოდი, რომ ეს, რამდენადაც ჩემთვის გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა მეთაურის - პაოლო იაშვილის ურთიერთობის რეალიები მეტნაკლებად ცნობილია, გალაკტიონის მიერ ინტენცირებული ანუ ცნობიერად წინასწარგამიზნული ალუზია იყოს.
უფრო ქვეცნობიერის მოქმედების შედეგი მგონია.
ეს თავადები - ანუ მეტრფენი რომ გალაკტიონის ლექსის ლირიკული სუბიექტისადმი ნეგატიურად განწყობილ, მომაკვდინებელ ძალას გამოხატავენ, ნათელიყოფა ლექსის ფინალით:
სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები!
აქ, ამ ლექსში სასაუბრო და საფიქრალი სხვაც ბევრია.
მაგ., საღამოს მდინარის ლურჯი სარკეები, რომელსაც ჩამოშლილი თმები ნაკადულებად ეცემა, (ნაკადული, ჩანჩქერი - ვარდნისას რომ დაიფანტება, ხომ ჰგავს ქალის თმებს!
გამოთქმა - ტალღოვანი თმები; თანაც, ჩამოშლილი ნაწნავი ხომ მუდამ მკვეთრად ტალღოვანია), ჰგავს, უკავშირდება ნაკადულს, ოღონდ ცივს და წყლისფეროვანს?)
წარბებგადახატული//ნაკადული - მხოლოდ რითმისთვისაა თუ აღმოსავლური პოეზიისაკენ მსუბუქ ბრუნსაც შეიცავს?
და ასე შემდეგ.
დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ!
გტოვებთ ამ მედალიონივით პატარა და ძვირფასი, ნატიფი ლექსი -ზმანების ველში.
ისიამოვნეთ!
ზღაპარი
მდინარის პირად, ხეივანში, ყოველ საღამოს
ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება,
ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს.
თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.
ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატული
და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები.
ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული;
სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები!
[1919 წლის ივნისამდე]
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
#ზარდახშა
ხიდი რიალტო - მთის მდინარეზე?!
ცოტა ხნის წინ ერთი გალაკტიონოლოგიური ოპუსი დავდე. ვენეციაში ვარ, სხვა ლექსზე ვფიქრობდი და ეს სიტყვა - “გალეჩაქება” ამჩემდა-მეთქი.
აბა, თუ გამოიცნობთ, გალაკტიონის მოყვარული და კიდევ მეტიც, მის რომელ ლექსს გაიხსენებდა, ვენეციაში მოხვდებოდა თუ არა?
ან საერთოდ, რატომ გაუძლიერდებოდა ვენეციის ნახვის სურვილი?
ვენეცია და მისი მთავარი ხიდი რიალტო მეცხრამეტე მეოცე საუკუნის ევროპულსა და რუსულ პოეზიაში - თემად ყალიბდება. ცხადია, თითქმის არ დარჩენილა რუსი სიმბოლისტი, რამე რომ არ დაეწერა ამის შესახებ. ბევრი იხსენებდა ბედნიერ დროს,
ვენეციის ვიწრო ქუჩებში ხეტიალს, მის ნაპირებს, მის ცას, მის მთავარ მოედანს, სადაც ძველი ისტორიის უძვირფასესი ანაბეჭდებია, სან მარკოს მოედანზე ადგილებს, სადაც კლასიკური სტილის რესტორანი რესტორანზე მიჯრით მიწყობილა, ზოგი ვენეციაში დაბრუნებას და ისევ მის უძველეს, მთავარ ხიდზე, რიალტოზე დადგომას ნატრობდა, ანუ ლირიკის, სუბიექტური განცდის ზღვარს არავინ გასცდენია - ძირითადად ენატრებოდათ საკუთარი ბედნიერი თავი ვენეციაში, მის ეგზოტიკურ გარემოში და არა თვით ვენეცია- ქალაქი, როგორც არსება!
https://marinagra.livejournal.com/93276.html გალაკტიონი კი, ცნობილია, რომ საფრანგეთის მოკლე საბჭოური ვიზიტის გარდა, საბჭოთა ქვეყნის გარეთ, უცხოეთში მეტი არსად ყოფილა.
ის წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით ინსპირირებული - წარმოსახვებით, ზმანებებითა და ოცნებით დაედევნებოდა ხოლმე სანატრელ არსებებსა და ალაგებს.
ლოგიკურად მოსალოდნელი იქნებოდა რომ იგი რუსი ავტორების პოეზიით, როგორც წყაროთი ისარგებლებდა, მაგრამ ასე არ არის. მისით ინსპირირებულიც კი არ ჩანს, მდინარის სახელწოდების - ამ ერთი სიტყვის გარდა, არ ჩანს, ან სახეობრივად, ან თემატურ, კონცეპტუალურად და აშ. რაუმე. პირველწყაროდ იღებდეს.
რეალურად ხიდი რიალტო - არაა დიდი. საუკუნეთა მანძილზე სამ
ჯერ აშენდა ამ ადგილას. გადმოცემებით ცნობილია, რომ ვენეცია, სადაც ყოველ ოც-ოცდაათ მეტრში ასობით სხვა ხიდია, სწორედ მისი აგებით იწყება ანუ ყველაფერი, რასაც დღეს აქ ვხედავთ, პირვანდელი, ხის რიალტოს მიდამოების მერეა აშენებული.
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რომელიმე მნიშვნელოვანი ადგილი დედამიწაზე, ოფიციალური ისტორიის გარდა, რაიმე ხალხური გადმოცემის, ლეგენდარულ-მითოსური საბურველიც რომ არ ჰქონდეს შემოხვეული?
რომი, მაგალითად, ძუ მგლის რძით გამოკვებული ბიჭების დაარსებულია და მერე ბატების აყიყინებით გადარჩენილი თავდამსხმელი მტრისგან,
თბილისთან დაკავშირებული ლეგენდა მუხრანის ლექსის ცნობილი რითმით გავიხსენოთ - ხოხობია// ხო ყოფილა.
რიალტოს შესახებ ორი ლეგენდიდან ერთი - აშკარად ბიბლიური წარმოშობისა უნდა იყოს, მე ლექსიც ხომ მაქვს ამ თემაზე, მეომარი მამა ღმერთს რომ სთხოვს ოღონდ ეს ომი მომაგებინე და შინ გამარჯვებით დამაბრუნე და ვინც პირველი შემომეგებება, იმას შემოგწირავო
და საკუთარი ერთადერთი ქალიშვილი რომ შეეგებება ცეკვით.
იამაყეთ ქართველებო, გადავრიე გუშინ ჩემი ბიბლიური განსწავლულობით ჩვენი აქაური, ახალგაზრდა გიდი, პირდაღებული მისმენდა, ეს ამბავი პირველად - თქვენგან გავიგეო და არც ინგლისური იცოდა სასურველ დონემდე, მეტიც, ძალიან რომ შევაწუხე კითხვებით, ცოტა მეტად რომ დავახლოვდით, გამოგვიტყდა, აქ გიდი - საერთოდ, დედაჩემია, დღეს ექიმთან იყო წასასვლელი და მე შევენაცვლე; ბავშვობაში სულ თან დავყვებოდი, ტურისტებს ერთსა და იმავეს როცა უხსნიდა და რასაც ამბობს, ტექსტი ზეპირად დამახსომდაო, რაც გაინტერესებთ, თქვენ ყველაფერი ჩამაწერინეთ, შევეკითხები, სასტუმროში დაგირეკავთ და გეტყვითო. (აქ - გაიცინეთ!)
***
ერთი ლეგენდის თანახმად, რიალტოს პირველმა ამშენებელმა ეშმაკთან კონტრაქტი დადო, ოღონდ დამეხმარე და აშენებულ ხიდზე ვინც პირველი გამოივლის, შემოგწირავო. როგორ ფიქრობთ, მშენებლის ნავარაუდევი კატის ან ძაღლის მაგივრად, ვინ გამოივლიდა პირველი, სრულიად მოულოდნელად?
საკუთარი, ერთადერთი ქალიშვილი, არა?
სწორად გამოიცანით!
მაგრამ ჩვენ, გალაკტიონზე მოფიქრალებს რამეს გვაძლევს ეს თავისთავად საინტერესო ლეგენდა?
ბევრს არაფერს, გარდა იმისა, რომ ხიდის ლეგენდარული ისტორია ქალწულის მოულოდნელ სიკვდილს უკავშირდება.
საყვარელი ქალწული - მოულოდნელ მსხვერპლად - თავისთავად უკვე საინტერესოა რომანტიკული ან სიმბოლისტური თემატიკის კუთხით, თუმცა რუსულ პოეზიას უშუალოდ ეს ლეგენდა არ დაუმუშავებია და არც გალაკტიონს …
მაგრამ არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ხიდი რიალტო აგებულია იმ ადგილას, სადაც ვენეციის პირველი მმართველის, დოჯის ანჯელო პარტესიპაციოს ერთადერთი ქალიშვილი ესტრელა შეეწირა ხიდის
აგებას, როცა მეცხრე საუკუნეში, მდინარეზე მოსეირნე მის ნავს შემთხვევით ჭურვის ნატეხი მოხვდა. ხვრელი წყლით
აივსო და ჩაიძირა. ხოლო დაღუპულ ერთადერთ ქალიშვილზე მგლოვიარე მამამ მის სახსოვრად, იმ ადგილას ხიდი რიალტო ააგო.
მე მეჩვენება, რომ გალაკტიონი ვაკეზე მდებარე თავისთავად არცთუ მაღალ, დახურულ ხიდ რიალტოს, წარმოსახვით მთის მდინარეს - კონცეფციის გამო უკავშირებს, სათაურშივე, ასე ვთქვათ, მისი წყლის ვარდნას მთისმდინარულად აჩქარებს, მაგრამ მერე თვითონ ლექსი თითქოს არისტოკრატული სიმშვიდით მიედინება. აღწერილია რა ,, გრან კანალის” - არხის ზღვაში ჩადინების ალაგი, დოჯის სასახლის სამეფო დიდებულება, რომლის ანაბეჭდები - არტეფაქტები დღემდე კარგადაა შემონახული. არხი აქ მართლაც მშვიდად ჩაედინება ზღვაში, გალაკტიონის ლექსში კი უეცრად, არა სურათში გადმოცემული მომთენთავი ხილვის, არამედ სულ სხვა რაღაცის გამო ხიდი ინგრევა, ეს შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ რეალობასა და წარმოსახვას შორის კომუნიკაცია ფატალურად წყდება.
სავარაუდოდ, გალაკტიონი რაღაც ილუსტრაციას, ფოტოს ან ნახატ სურათს მისდევს, ხედი სწორედ ზღვის მხრიდანაა აღქმული, რადგან ლექსში მინიშნებულია ლოკაცია ,,მარჯვნივ” (
“მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთა
დაიფარება ლალების ძგერით ) დოჯის ცნობილი, თუმცა რიალტოს მერე გაცილებით გვიან აგებული სასახლე კი მარჯვნივ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ არა არხის, არამედ უკვე მისი ზღვაში ჩადინების მხრიდან - ქვემოდან შევხედავთ.
და სავარაუდო სურათს ( ფოტოს? ნახატს? რაიმე საფოსტო ბარათს?) გალაკტიონი აცოცხლებს ხილვის წყალობით, - მხოლოდ გალაკტიონისეული ხერხით, სიმბოლისტური ესთეტიკის ენაზე “თარგმნის” ლექსად.
ანალოგიური შემთხვევები, რაიმე ბეჭდური ვიზუალური მასალის - ილუსტრაციის სიმბოლისტური გაცოცხლებისა -,მცირე როდია მის შემოქმედებაში.
მაინც, რატომ დასჭირდა გალაკტიონს “გრან კანალის” - მდორე არხის ნაცვლად მთის მდინარე?
აქ კონცეპტუალური ამბავია. ხიდის დანგრევის მიზეზად იგი ”სიმაღლის შიშს” ასახელებს.
გავიხსენოთ იგივე კონცეფცია სხვა, უფრო ადრინდელი ლექსიდან:
მხოლოდ იმიტომ,
რომ მაღალია,
მარად და მარად ტყდება ჩინარი.
წაიკითხეთ ამ ინტერპრეტაციულ კონტექსტში ლექსი და თუ გინდათ, სულ ნუ გაიზიარებთ მას, უბრალოდ, ისიამოვნეთ!
გ. ტაბიძე
ხიდი რიალტო მთის მდინარეზე
მან გადალანდა წყალში საყურე,
ლურჯი ზღვა იგრძნობს ტანს ზამბახეულს
და ეხლა სამი მოსამსახურე
შეუმშრალებენ ნებიერ სხეულს.
მეოთხე მხევალს მიმოაქვს ფრთხილად
სურნელებებით სავსე ფეშხუმი,
და ეხვევიან ფეხებს დაღლილად
თმების სინელე და აბრეშუმი.
მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთა
დაიფარება ლალების ძგერით
და აბინდდება ხიდი „რიალტო“,
მოჯადოებულ სარკეში ცქერით.
სიმაღლის შიშით ხიდი დანებდა
მას, რასაც ჰქვია ბედი, ზმანება,
რაც მას მოწყვეტით დააქანებდა
და სწრაფი იყო ეს დაქანება.
ის შეშლილივით დაეცა ქალთან,
როცა ლანდებით მოვიდა მთვარე
და კვლავ ამაღლდა ხიდი „რიალტო“,
და ძილს მიეცა ისევ მდინარე.
[1927 წლამდე
This post has been edited by nino darbaiseli on 21 Oct 2024, 08:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004