Luka3
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 70
წევრი No.: 15497
რეგისტრ.: 18-December 05
|
#5100751 · 19 Mar 2007, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"1933 წ. 14 იანვარი.
12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინიგზისა და ბათომიდან სოხუმამდე გემის. ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი. დღეს ისევ ტფილისში ვარ. განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე ? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავვარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა. არ ვიცი, რამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება, მაგრამ სულიერი გაბწყობილება, დიდი წვალების მერე, თანდათან განათლდა და მე ისევ აქა ვარ."
დღიურის რვეულშივე ჩაწერილია დაუმთავრებელი ლექსი:
"არა ვარ გადამთიელი, დღეს ასე გითხრა, ხვალ - ისე, ღამე, ეს ღამე ტიელი ღვინით ვერ გავიხალისე. გაშიშვლებული, უდაფნო, უსულგულობის წამია. ღამე, ეს ღამე უდაბნო თვით ღვინისფერი შხამია. წარსული - მკრთალი ცეცხლია, აწმყო - უსახო ნაცარი... "
აქ ხელწერა წყდება. მერე სხვა რვეულში იწყებს წერას და იმასაც მალე თავს ანებებს. ნიშანდობლივია რომ სწორედ ამ წლებიდან ხშირდება დღიურები და ჩანაწერები. საამისოდ გამოყენებულია სქელ-სქელი რვეულები, აურაცხელი უბის წიგნაკი, ბლოკნოტები, ალბომები, კალენდრის ფურცლები, პაპიროსის კოლოფები, ქაღალდის ნახევები, ზოგჯერ ამა თუ იმ წიგნის გვერდები.
"ამიერიდან მრჩება ერთად ერთი მეგობარი - წიგნი." ჩაუწერია ერთგან.
რამოდენიმე მოკლე-მოკლე ჩანაწერი, რომელთა მსგავსი ასოებით და ათასობით გაბნეულია სხვადასხვა ადგილას, რვეულებში, ბლოკნოტებში თუ ცალკე ფურცლებზე :
"არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი".
"კეთილი მოხუცი ვასილ ბარნოვი".
"ხალხი, ირონიული შეხვედრა".
"თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდნენ. რად არის ასე? რატომ? რატომ?".
"პურის ქარხანა ემუქრება რაჭველებს პურის ცხობაში. ემუქრება ჩვენ ქართულ თონეს. ემუქრება კერიის ჭადებს. ემუქრება წისქვილებს".
"არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს, ო, რა ხანია! ნამეტანია, მეგობარო, ნამეტანია!"
"მაგრამ ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?"
"ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ეს ფრაზა ძალიან ხშირად გვხვდება სულ სხვადასხვა ფურცლებზე მიწერილი)
"მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს - ცხოველებსაც კი უყვართ".
"ინტელიგენტს რომ დავინახავ, გამაჟრჟოლებს ტანში. თუ ნაცნობია, სახეს განზე მივაბრუნებ, არ გამომელაპარაკოს იქნებ, არ მიცნოს როგორმე-მეთქი. ჭირივით მეჯავრება, თუ თვალები მომაშტერა დაჟინებით".
"დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელ ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს. "ბაღლინჯო" მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა".
"საზიზღარი რესტორნებია თფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთვრალი წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხი, ბინძური სახის გამომეტყველებებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი ვულგარული ყოფაქცევით და რაც მთავარია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი".
"არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს, შლის წლოვანებაც კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის ხელოვნებას. წარსულთა დღეთა ენამჭევრობავ, გაფრენავ ქორის - რამდენი დარჩა გაუგებრობა ჩემს და თქვენს შორის".
"სევდა მას დაძლევს, ვინც ცოდნას არ ეკარება".
"ეს ქაღალდი მომაწოდეს ქალიშვილებმა პირველ დეკემბერს - წიგნთსაცავ-სამკითხველოში ლექსის ამოსაწერად გაზ. "კომუნისტიდან". მადლობა მათ ყურადღებისთვის" (მიწერილია რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე)
"არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი. და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი. მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი".
"როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტექტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად."
"სისხლი დასთხიე და სამშობლო შეიძინე".
"მოეც მშვიდობა საქართველოს".
"შრომაში" არის რამოდენიმე მომსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან. აი ჩემი ტრაგედია. რამდენი კარგი კაცი, რომელთაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი სად შემხვედრიან. და არ მახსოვან. ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები. ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?"
ეს უკანასკნელი ჩანაწერი მრავლის მეტყველია. ისევე როგორც ცოტათი ზემოთ წარმოდგენილი: გაზეთიდან ლექსის ამოწერა უნდოდა, ქაღალდი არ ჰქონდა. უცნობმა ქალიშვილებმა ცალხაზიანი რვეულიდან ფურცელი ამოხიეს და მიაწოდეს. ამ უბრალო ყურადღებამ იმდენად ააღელვა, ლექსის ნაცვლად ეს ფაქტი ჩაიწერა საგულდაგულოდ (პირველ დეკემბერსო - ამის მითითებაც კი არ დავიწყებია!) და ქაღალდი შეინახა.
რაოდენ მცირე რამეს მოითხოვდა ეს კაცი ცხოვრებისგან - ნორმალურ, ადამიანურ, ზრდილობიან მოპყრობას, ერთიბეწო ყურადღებას!
გალაკტიონის ძმა, აბესალომი:
"შენ გძინავს... არ მინდა გაგაღვიძო და ისე მივდივარ.. მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ვფიქრდები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დაიღუპები. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არ აქვს - ჩემი მტერიაო. არა გრცხვენია ? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი. ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ... აი დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მოვუახლოვდი. ოთხი რუსის ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: ой, бедный, ой бедный! სული შემეხუთა, რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: ой, Галактион Табидзе! თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე. ჯიბიდან გასაღები ამოგიღე - შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ... ძლივს გაგხადე და დაგაწვინე - ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო - იძახდი. გალაქტიონ, შეიბრალე თავი - ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები... კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვრები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ? აბა თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე... სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტო გახეული გქონია და გავკერე".
აბესალომს იმედი არ გაუმართლდა. ალკოჰოლის შხამს თავმიცემული მისი ძმა აპრილამდე არ გამოფხიზლებულა.
ამის მერე მოდის დღიურის ჩანაწერები. ჩანაწერებს უკვე აშკარად ეტყობა ფსიქიურად შეშლილი ადამიანის ხელი. წინდების რაოდენობა, ასარეცხი წინდები, გაურეცხავი წინდები, რამდენია დაკერებული რამდენია დასაკერებელი, რომელ რიცხვამდე ეყოფა დაკერებული წინდები, თუთუნის რაოდენობა, როდემდე ეყოფა თუთუნი, სახლში წყალი ჩამოუვიდა ჭერიდან, გაჯი, კირი... მტვერს ებრძვის, აივანს ალაგებს, შეშა, ნოხები საწმენდები, ვალები, ფეხსაცმელების დაკერება, დიეტაზე ყოფნა, ფულის სესხება, გაჭირვება, გაჭირვება და კიდევ ერთხელ გაჭირვება.
ამონაწერი დღიურიდან:
14. IV დავაკერე წინდები, ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც) : სულ ახლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისთვის. განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას. ღამის 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი. ყოველდღიურად აგერ რამდენი ხანია ორ-ორ მანეთს ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის.
16. IV ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, საღამოთი გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილით და ხახვით) ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა. ვანის ოთახის ჭერი მგონია თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევ დგას და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი მგზავრის წერილებიდან, მგონია კარგი გამოვიდა.
17.IV დილით ადრე წავედი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ). მყავდა მექისე. გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო. ორი პიჯაკი და შარვალი რომელიც გასაწმენდად მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад. ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტუმიც არ წაიღეს! დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმნებს. ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები). პალტო და კოსტუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები."
20. IV გამოვიტანე ფეხსაცმელი, დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გავედი. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია.
|