გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა
1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.
1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში
1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის" გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი
(1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
(1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში,
1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში.
1910-11 წლებში მასწავლაბლობდა.
1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში.
1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია.
1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა.
1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.
1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა
1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.
გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.
ა მ ო ნ ა რ ი დ ი აღნიშნე, დრო, დრო აღნიშნე შენს მიერ ნაწერ ფურცლებზე. ნუ დასტოვებ მათ უთვისტომოდ, დროს, ეპოქის დასივრცის გარეშე. რასაკვირველია, ყოველი შენი ნაწარმოების სტრიქონებში ღრმად ჩაქსოვილია ეპოქები, ეპოქა წამებისაც, ეპოქა ახალი ცხოვრების მოპოვების, ძველის ნგრევის, ეპოქა გარდატეხის, ეპოქა მძიმე ინდუსტრიის შექმნის სოციალისტურ ლიანდაგზე, ეპოქა,რომელიც ექადაგება მსოფლიო კაპიტალს, ეპოქა, რომელიც წითელი დროშის ქვეშ გაშმაგებული ერთ მეექვსედზე დედამიწის ზურგზე აშენებს ახალ ცხოვრებას და მთელ მსოფლიო კაპიტალს, ფესვებდამპალს, უცხადებს უკანასკნელ გადამწყვეტ ომს შრომის გასანთავისუფლებლად მტელ მსოფლიოში. მოძრაობს, ამოძრავდა მონები ინდოეთის, გერმანიის, ეგვიპტის, პოლონეთის, კიტაის. ბობოქრობს ხმელეთი და ოკეანეები. კლასთა ბრძოლა, კლასთა ღელვა, შეირყა , შეირყა ჯაჭვები... და ყველა ეს ლექსებში, პოემებში ჩაქსოვილია სურათებათ ბეჯითად, შიშით, რომ არაფერი, არც ერთი ფერი, არც ერთი ძაფი არ გამოგრჩენოდა. და შემდეგ ახალი დაახლი ეპოქა რომ გადახედავს შენს ნაწარმოებს, მეშინია, შეუმჩნეველი არ დარჩეს მას ის შენი ხელის, აზრების დაგრძნობების ჟრიამული, რასაც შენ აქსოვ ეხლა შენს ლექსებში. ვინ უყურებს მას, თუ რას იტან შენ, შენს ღარიბულ ოთახში როდესაც სწერ, როგორ დაჭიმულია შენი ძარღვები, აზრები... ეხლა, როგორც ხანდისხან მუშაობის დროს, მოგიგონებ შენ, მაქ ცივ ოთახშიმომუშავეს, და გამიელვებს აზრი: დრო, ულმობელი, დღევანდელ თაობას ერთ დროს წაგვიშლის. როგორც შემოდგომის ფურცელი, შენც მიგფარავს სამუდამოთ და დარჩება მუდამ ცოცხალი შენი ლექსები, პოემები, შენი სურათი აქარგული ეპოქებით, მაგრამ წამებს, საათებს შენი განცდისას ვინ დაითვლის მაშინ, ვინ აკინძავს? არავინ? მე არ მინდა, წამიც, წამიც შნი ნააზრის, ნაგრძნობის დაიკარგოს. მეშინია. აღნიშნე დრო. დრო აღნიშნე. 1/11-31
ხელოვანის ტრაგედია ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: “დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადაუხვევ გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ... რა დიდი ამბავია თავისთავის წინააგმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ... განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არშევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ...” მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით დასასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ მარტოა. და აქ იწყება მიდი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფმება მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, მშვენიერზე მშვენიერი გზა. მაგრამ ... რა ახლოა და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ! საბოლოოდ გადაბრუნდა!
2 ნოემბერი, 1948 წელი
საუკუნის დასაწყისის პოეზიაეს პოეტის “მე”-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს. ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის ჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ “პოეზია იწყება მისით და თავდება მისით”? როდესაც მასა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, რა და რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის, ზოგადად რომ ვსთქვათ, ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურული ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე - ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისი საქართველოს მწერლების ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ. თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაწყება მშენებლობა ახალი პოეზიისა. ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდსილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ის განგებ იყო გამოგზავნილი ჩვენს გასაგიზიანესიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).
1950 წ.
საკუთარი ლექსების შესახებ1
“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.
2
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში - არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?... (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი - ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” - ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.
3
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!
1950-1958წ.
მწერლობისა და სიტყვისათვის მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვქერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ჭირსი მგონია. მე არ მჭირდება ფულები. და არას დროს არაფერს არ დავწერ ფულებისათვის. მე არ ვფიქრობ წერისათვის.მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებები და გავავრცელო რა არასწორი (ყალბი), დაჭიმული და მერყევი აზრები, ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლედა გარკვეულობა: მე არ ვსწერ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი დავწერო. ხდება ხანდახან, ესე შეემთხვევა ხანდახან ბევრს საუკეთესო ჩვენას მწერლებს; ასე მაგალითად... როგორც კი შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია... ბოლოსდაბოლოს მე შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაიწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელი სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ, საუკეთესო, მშვენიერი წიგნები, ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე,როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისთვის... (ხანდახან პატიოსნება )
ქართული ლექსის შესახებგამოსარკვევია: “კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას ”. თუ მართლა ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, უნდა შვისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის გამოცდილება ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.
“მერი”1
სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.
2
“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
[1938]
მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
