***
(თარგმნა ამბაკო ჭელიძემ)
ორი დღის თავშესანახი თუ გაქვს ერთი პური,
ყელმოტეხილ დოქში წყალი ცივი, საამური,
რატომ უნდა ემსახურო სხვა კაცს, შენზე მცირეს,
ან თვითონ შენ რაღად გინდა სხვისი სამსახური?
* * *
***
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
ვინ გადაურჩა უცოდველი დღეების დენას,
ვინც არ შესცოდა, როგორ შეძლო მან თავის რჩენა?
მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო, ცუდად რომ მიხდი,
შე დალოცვილო, ღმერთი ხარ თუ კაცი ხარ შენა?!
***
ჰეი, ლამაზო, ლამაზო, კი ნუ დამაგდე ხელადა,
მაჩვენე ვარდი და დარდი გულს მომეშვება ხელადა.
ერთი ხელადა ამივსე, დავსხდეთ და ერთად დავლიოთ
მანამდის, სანამ მოვკვდებით და თვით გავხდებით ხელადა!
***
საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება
არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.
ვისაც ამქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,
მე ვცხოვრობდიო, ამისი თქმის არა აქვს ნება.
***
გამიგონე, შენც მოკვდები, ძმაო, ან დღეს, ან ხვალ
და ვერ შეძლებ ფარდის იქით დაფარულის ნახვას.
სანამდის ხარ, გაიხარე, თორემ განა იცი,
რომელი გზით მოსულხარ ან რომელი გზით წახვალ?
***
ბაღში ბედს ნუ ენდობი ან იმისი გჯერა კი?
შესვი, თორემ სიკვდილის ქარიშხალი ვერაგი
ცდილობს, როგორ დაფხრიწა მან პერანგი ვარდისა,
ისე შემოგვაფხრიწოს მან სიცოცხლის პერანგი.
***
თენდება და მამალიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფნის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი ვერ გაგვიგია!
***
ბედი ჭადრაკს თამაშობს, ჩვენ კი ვგავართ პაიკებს,
ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!
ჩვენი მთელი ცხოვრება ერთი სათამაშოა,
დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ!
***
ორი დღეა ერთურთისთვის არ მოგვიკრავს თვალი
(ჩემო კარგო, ჩვენც ხომ ღვინით უნდა ვიყოთ მთვრალი!)
დილა მოდის, ღვინით შევხვდეთ, დილა ბევრჯერ მოვა,
მაგრამ ქვეყნად არ იქნება ჩვენი ყოფნის კვალი.
* * *
***
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა,
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიერ არ არსებულად.
***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.
***
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა, ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია ლაღად და უდარდელადა.
***
გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა,
მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა,
გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი,
ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა.
***
მე იმ ლამაზს მივტირი, დავალ, როგორც სნეული,
მას კი სხვისი დარდი აქვს გულზე შემოხვეული,
ჩემი გულის განკურნვა როგორ უნდა მოვთხოვო,
როცა ჩემი მკურნალი თვითონ არის სნეული.
* * *
ომარ ხაიამი (1040-1123)_ პოეტი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი...
This post has been edited by zani_tanha on 5 Feb 2012, 16:42
მიმაგრებული სურათი