nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#22503318 · 13 Nov 2010, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თეიმურაზ დოიაშვილი
ჟამთაშორისი
ანუ
ქართული ელეგიები
პროლოგი:
`წმინდა მიწიერი, ღრმად მიწიერი, კურთხეულად მიწიერი ცნობიერების ვალია, ყოველივეს, აქ განჭვრეტილსა და ნაგრძნობს, უფრო ფართო, ყველაზე ფართო წრეში შეუძღვეს, არა იმქვეყნად, რომლის ჩრდილიც აბნელებს დედამიწას, არამედ მთელ სამყაროში, ერთ მთლიანობაში~.
რაინერ მარია რილკე
*** ყოველივესთვის თავისი დროა ამ ცისქვეშეთში და ყველაფრისთვის თავისი ჟამი, - ამბობს ეკლესიასტე. მართლაც, არის ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა, ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა, ჟამი დუმილისა და ჟამი სიტყვისთქმისა ... ჟამი... ჟამი... ჩამოთვლილი ცნებებით ცხოვრების არსის აღწერა მოხერხდება, მაგრამ მისი უშუალო გამოხატვა – არა, რადგან ცხოვრება ბინარულ წყვილთა ჩრდილში კი არ განისვენებს, მათ შუა მიედინება. ჟამიდან ჟამამდე ჟამთაშორისი დრო-სივრცე `ძეს~, რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია. ღმერთმა, - განაგრძობს ეკლესიატე, - იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცისა, ოღონდ ისე, რომ ღვთის ნამოქმედარს ვერ გაუგონ თავი და ბოლო. მაშასადამე, უნდა შეეგუო ყველაფერს: იდუმალის არსებობას, გონების დასაზღვრულობას, ვერმიღწევას იმისას, რასაც `სურვილთა დიადობანი~ ეწოდება. მიუხედავად ამისა, ადამიანი მიწყივ ცდილობს იდუმალ-ფარულის საცნაურყოფას, გამოუთქმელის გამოთქმას, ვთქვათ, ასე:
მოიგრაგნება ალვების მწკრივი, ვით წარღვნის ტალღა უზარმაზარი, მიწა მყიფეა, ჰაერი მკვრივი, საგანთა შორის არ დევს საზღვარი.
ეს სტრიქონები ოთარ ჭილაძის ლექსების ციკლიდანაა, ამ გაზაფხულზე რომ გამოაქვეყნა. გარეგნული წონასწორობისა და სიმშვიდის მიღმა აქ იმ პიროვნების დრამატული, ტრაგიზმით გაჯერებული რეფლექსიები იკითხება, ვინც სულიერი ცხოვრების ლაბირინთები გამოიარა. უჩვეულოა იდუმალისა და სიცხადის ზღვარზე მოხელთებული ეს ლექსები, რადგან თავად აღქმის წერტილია უჩვეულო. პოეტის მზერა არც სამზეოსია და არც მიღმიეთის, ეს ჟამთაშორისიდან დანახული ყოფიერებაა, როდესაც შინაგანი ხილვის წინაშე ფერმკრთალდება ურყევ პოსტულატთა შეუვალობა. `საგანთა შორის არ დევს საზღვარი~….... – ამბობს პოეტი და ჩვენამდე მოაქვს დასაზღვრულობის გადამლახველი თვალით შეცნობილი და ნაგრძნობი სამყარო.
*** ციკლის პირველ ლექსს პეიზაჟური ლირიკის ყველა ჟანრობრივი ნიშანი აქვს:
წვიმებიანი მიყვარს ზაფხული, მიყვარს ხეებში ქარის ფაფხური, მოულოდნელი შენი წერილი, ცით გავსებული და გაბერილი... მიყვარს ქუხილის ხმა შორეული, ელვა – ბოლოწამს ძლივს დანახული – ღიმილში სევდა გამორეული, წვიმებიანი მიყვარს ზაფხული.
ამ მშვენიერ ლექსში უჩვეულო არაფერია – ზაფხულის მზის მკსინვარება წვიმის მსუბუქი ბლონდითაა შუქმიბინდული. სულიერებით გაჯერებულ პეიზაჟს ძალიან უხდება დინამიური და კონკრეტული `ქარის ფაფხური~, ინტიმური `მოულოდნელი წერილი~ და ზუსტი `ელვა – ბოლოწამს ძლივს დანახული~. და მაინც, ეს ლექსი იმას ეკუთვნის, ვინც შეამჩნია, რომ `საგანთა შორის არ დევს საზღვარი~. მწველი ზაფხულის შეცვლა `წვიმებიანი ზაფხულით~, ერთი შეხედვით, უბრალო სუბიექტური შტრიხია, მაგრამ `წვიმებიანი ზაფხული~ იგივე შემოდგომაა ანუ წაშლილია დროითი ზღვარი. როცა `წერილს~, მიწიერი ცხოვრების ყოფით ატრიბუტს, ახლავს განსაზღვრება `ცით გავსებული და გაბერილი~, აქ უკვე სივრცობრივი სამანი უქმდება. ელვა-ქუხილის ერთიანობით დაახლოვებულია სმენა და ხედვა, პჰონე და ვისიო, ხოლო ფინალში ოქსიმორონული `ღიმილში სევდაგამორეული~ განმარტებაა პეიზაჟური `წვიმებიანი ზაფხულის~ სიღრმისეული, ეგზისტენციური მნიშვნელობისა. `წვიმებიანი ზაფხული~ პოლარულ დაპირისპირებათა უარმყოფელი ხატია, სადაც გაუქმებულია სადემარკაციო ხაზი და მოძებნილია სადინარი შემდგომი მედიტაციისათვის.
*** საგანთაშორისი საზღვრის უარყოფა, ფაქტიურად, არსებულის ერთობის მანიფესტაციაა – ამ გზაზე ყველა ჯებირი უნდა მოირღვეს. ლექსი `შენ დამედები მტლად ჭრილობაზე~ უზენაესისადმი რწმენის თეზით იწყება. `შენ~ აქ იმასვე გულისხმობს, ვისაც რუსთველის `რომელმან~:
`შენ დამედები მტლად ჭრილობაზე, როცა დაკარგავს ძალას წამალი, როცა ჩაქრება ბოლო სანთელიც და ყველა კარი ჩაირაზება – შენ ჩამიდგები თვალში სინათლედ, გულში იმედად და გამომიყვან წყვდიადის ტყიდან, რომ დავინახო, რისი დანახვაც არ ძალუძს მოკვდავს, არ ძალუძს არცერთ სულიერს ქვეყნად...~
უზენაესისადმი რწმენა ის ძალაა, რომელიც გადალახავს `სამზღვარს~ ყოფნასა და არყოფნას შორის, როცა წყვდიადი სინათლედ გარდაიქმნება, უსასოება – იმედად, სიკვდილი – უკვდავებად და იდუმალის კარების შეხსნად. ამ შუქმფინარ თეზას საოცარი ანტითეზა მოსდევს:
`ის ან არსებობს, ან არ არსებობს, რადგან ამქვეყნად ჯერ არ შობილა ამის დამდგენი, და ამიტომაც, თანაბრად ვწვალობთ და ვიტანჯებით ურწმუნოებიც და მორწმუნენიც...~
რწმენის გვერდით შეუნიღბავი ეჭვი და მო-ან-ან-ავე ალბათობა ჩნდება, უზენაესის შეუცნობლობის წინაშე გათანაბრებულია მორწმუნეც და ურწმუნოც. აქაც აღარ დევს საზღვარი, ოღონდ უკვე სულიერების უმაღლეს სფეროში, რწმენასა და სკეპსისს შორის.
*** ერთ ლექსში პოეტი აქყოფნის არსს გადმოსცემს. ლირიკული ტექსტის სივრცე, ცხადია, მცირეა საამისოდ, ამიტომ ტრადიციის კულტურულ-პოეტური არსენალიდან შერჩეული მზა სახეებით შემოიწერება განზოგადებული სურათი:
ვიდრე მიცქერდა ღმერთი ზევიდან, ეშმაკმა დამცა და განმადიდა, მაგრამ ყველა გზა ჩიხში შევიდა, გველმა დამგესლა ყველა ვარდიდან.
ღვთის ნაწყალობევი თავისუფალი ნება, სატანას შეგონებით, მიწიერი დიდების ძებნაში, `დაცემით განდიდებაში~ გაიხარჯა. სულის გზის დათმობას ჩაკეტილი სივრცე, ჩიხი მოჰყვა, ხოლო ვარდნარი, აკაკისა არ იყოს, გველის საბუდრად იქცა. ტურფა საბაღნაროშიც მკრთალდება კონტურები, ამჯერად – ესთეტიკურ ფასეულობათა და ეთიკურ ცნებათა სფეროში:
ჩხაოდა შაშვი, გალობდა ყვავი, ყველა ტყუილი სიმართლეს გავდა...
ადამიანის ზიარება წმინდა ნათელთან კვლავაც არ შედგა, ისევ მცდარი აღმოჩნდა არჩევანი:
კვლავ ვერ გავართვი თავი არჩევანს, კვლავ არსაითკენ მივემგზავრები და ჩემი სულის გადასარჩენად ენაშეხსნილი რეკენ ზარები.
`ენაშეხსნილი ზარები~, ცხადია, არ რეკენ, ისინი მუნჯად გარინდებულან, ადამის ძის უაზრო ხეტიალით შეძრწუნებულნი. ტრაგედიის სათავედ პოეტი არჩევანის გადაულახავ სიძნელეს მიიჩნევს. არჩევანი ერთის აღიარებაა მეორის საპირისპიროდ, ამიტომ ჩვენ წინაშეა არა ჟამთაშორისი სამყარო, არამედ ჯერაც დადგენილ ფასეულობებზე – ღმერთზე, სიკეთეზე, სამართლიანობაზე, მშვენიერებაზე – ორიენტირებული ცნობიერება. მაგრამ საპირისპირო პოლუსიც ხომ მოიაზრება – სატანა, ბოროტება, სიმახინჯე, სიცრუე... აი, აქ ჩნდება საზრისი, რომელსაც ერთგანზომილებიანი ზნეობრივი გეზი აღარა აქვს, პოლარობათა დაახლოვებით მას ერთობის იდეამდე მივყავართ.
*** მოძრაობა არსებობიდან არარსებობისკენ, სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ უსამანობის, ერთობის სამზერიდან უბრალო პირობითობაა, რადგან მათ შუა საზღვარი გაუქმებულია. მაგრამ ეს ვერ აუქმებს ყოფიერების ტრაგიზმს. პოეტი მორჩილი სიმშვიდით გვიმჟღავნებს მარადიულ ტკივილებს და მარადიულთან პირადულის ფილიგრანული დაკავშირებით ჭეშმარიტად ელეგიურ ხმოვანებას აღწევს:
იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ, მე კი კვლავ ვზელდი მონობის თიხას... დღეს ძილში ვიღა წამოაბოდებს ჩემს სახელს... ფიქრი გავანდო ვიღას.
მიჯნათა მოშლა – ამჯერად ცნებათა ტრავესტიის გზით – გრძელდება: `აქ~ ყოფნა მონობაა, `იქ~ გაღწევა – თავისუფლება, სიცოცხლე სიკვდილია, სიკვდილი – სიცოცხლე. მოიხაზება სიტუაცია, სადაც პარადოქსულად თანაარსებობს აზრი თავისუფლებისკენ (სიკვდილისკენ) გაქცევისა და სინანული `იქ~ გარდასულ მონათესავე სულთან განშორების გამო. ეს არაა აზრისა თუ განცდის ეკლექტური ნაზავი, ეს იმ რთული, ტრაგიკული რეალობის ანარეკლია, რასაც ჟამთაშორისი ჰქვია. არყოფნის ზღვართან მისული პიროვნება მაინც `აქედან~, სამზეოდან გასცქერის გაღმა ნაპირს, წარმოსახულ სიცივეს ნაზიარები და საყვარელ არსებასთან შეხვედრის მოიმედე:
იმქვეყნიური სიცივით მცივა, მაინც შენ უნდა გამიღო კარი.
გულგრილ მიწაზე მოთქმა-გოდება არაფერს ცვლის, ტკივილთან და სიცარიელესთან პირისპირ დგომა გარდაუვალი კანონზომიერებაა. ამ ლექსში თვალსაჩინოა არამარტო პოეტის ფილოსოფიურ-ელეგიური განცდის სისადავე, არამედ ისიც, თუ როგორ იქსოვება პოლარობათა პირობითობის, იგივეობრიობის, დიადი ერთობის დომინანტური კონცეფცია.
*** კონცეპტუალურ ასპექტთან ერთად, განსახილველ ციკლში ყურადღებას იპყრობს თავად პროცესი საზრისის ესთეტიკურ ფაქტად, პოეზიად გარდაქმნისა. თითქოს ნაცნობი, ჩვეული სტილისტიკაა, - პოეტური ენის პირობითობასთან უზადოდ შეხამებული კონკრეტული დეტალები, – მაგრამ აქ მაინც სხვა ნათელი ციალებს:
მატარებელი წარსულს გამოსცდა. ჩადგნენ ქარები, დამშვიდდნენ ზღვები. გადავრჩი, მაგრამ ნელ-ნელა ვკვდები... ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდა, ჩემს ჩასაქოლად მზად ჰქონდათ ქვები, უკან გვირაბი მომდევდა ყეფით, მაგრამ გადავრჩი განგების ნებით და ახლა, ჩემთვის, ნელ-ნელა ვკვდები... მატარებელი წარსულს გამოსცდა!
ლექსში ყოველი სიტყვა, ყოველი ნიუანსი `მუშაობს~, სიღრმისაკენ გვეზიდება, აზრობრივ-სახეობრივი გადასვლები კი ისეთი ბუნებრივია, თითქოს მასალა თვინიერად, ხალისით აღასრულებდეს ლირიკულ ნებას. და ისევ: ყოველივე ჟამთაშორისის სამზერიდან არის დანახული. აქედანვე ხომ არ მოჰყვება მთელ ციკლს `უჩვევი ნათელი~?!
*** მაინც რა უნდა მოიმოქმედოს ცნობადს მიღმა გასულმა სულმა `წარღვნის წინა დღეს~? არ ვიცი, რამდენად მისაღებია ან გასაზიარებელი პოეტის პასუხი, მაგრამ შეუძლებელია არ შეგძრას სინანულისა და სასოების მოგანგაშე ხმამ:
მშვიდობით, ჩემო ძვირფასო, ჩემო აუხდენელო ნატვრავ, იმედო... როგორც არ უნდა მტანჯოს და მგვემოს, მაინც შენს აჩრდილს უნდა მივენდო. უკვე ყველაფერს მოვწყდი, მოვეშვი, დავწყნარდი, როგორც წარღვნის წინა დღეს... და მომწყვდეული ქუთუთოებში, შენი გულივით ფეთქავს სინათლე.
ძნელია, ზუსტად თქვა, ვის გულისხმობს სიტყვა `შენ~, ვის ან რას ემშვიდობება პოეტი – საწუთროს, ადამიანებს თუ `სხვა სიცოცხლეზე~ ოცნებას... ერთი კი აშკარაა: ეთხოვებიან იმას, რაც სამომავლოდ (!) ეიმედებათ, რაც უკანასკნელი სასოება და თავშესაფარია! პარადოქსული დისკურსი თანდათან ღრმავდება (`დავწყნარდი, როგორც წარღვნის წინა დღეს~) და პოლარობათა გამაერთიანებელი ბრწყინვალე სტრიქონებით ბოლოვდება:
და მომწყვდეული ქუთუთოებში, შენი გულივით ფეთქავს სინათლე.
თანატოსის თვალებში მფეთქავი სინათლე ანუ სიცოცხლე Yთავისთავად შესანიშნავი, ამასთან კონცეპტუალური სახეა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ციკლის საზრისს. ეს ერთგვარი გადაძახილია ვაჟასთან, დაპირისპირებულთა ერთობაში რომ ხედავს ღვთაებრივ სიბრძნეს:
ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა.
ოთარ ჭილაძის `ელეგიების~ ტონალობა და ინტონაცია ტრაგიკულია, მაგრამ, წარღვნის მიუხედავად, ქუთუთოებში გადარჩენილი სინათლით მაინც იხილვის ზეთისხილის რტო. სწორედ სასოწარკვეთისა და იმედის ერთობის, ჟამთაშორისი არსებობის გაცხადებაა პოეტის `ელეგიები~.
*** `ბედკრული~ - ასეთი სათაური აქვს ციკლის ბოლო ლექსს. ესაა `თავისუფალი თარგმანი ესპანელი პოეტის ედვარდო კარრანსას ამავე სახელწოდების ლექსისა~. როდესაც პოეტი ორიგინალურ ნაწარმოებთა გვერდით ადგილს მიუჩენს თარგმანს, იმის ნიშანია, რომ რაღაც ძალიან მისეული თქვა სხვამ. ამ ლექსში ოთარ ჭილაძე პოლარულ საწყისთა ერთობის კონცეფციიდან თითქოს `ერთპოლუსიან~, `გეოცენტრულ~ კონცეფციას უბრუნდება:
ჩვენ არაფერი გვაბადია, ამ მიწის გარდა... ამ ერთადერთი სიცოცხლის გარდა. ჩვენ არაფერი გვაბადია, ამ გულის გარდა...
თითქოსო, ვთქვი, რადგან ჟამთაშორისის სივრცეებში ხეტიალისას მიღებული გამოცდილება უკვალოდ არ იკარგება: მიწა მშვენიერი, მაგრამ მწუხარეცაა, სიცოცხლის გულში კი აჩრდილი დაძრწის - `ხან ჰაერივით გამჭვირვალე, ხან შავზე შავი~. არსებობის პურიც `მიმწუხრის შხამში და დილის თაფლში~ გადაზელილა. სულისშემძვრელი მუსიკის ფონზე გვიხმობს სამრეკლო, თუმცა `არავის ეყურება მისი ძახილი~. გასაღები კი, ზღაპრული ქვეყნის კარს რომ აღებდა, ის გასაღები აღარ გვჭირდება, რადგან `კარი აღარ არსებობს~. მაშ, რაღა რჩება ადამიანს?
მხოლოდ ეს პური სიყვარულისა, მოლოდინისა და სიკვდილისა...
მაგრამ თუ ეს ადამიანი პოეტიცაა? ლექსი საოცარი სტრიქონებით მთავრდება:
თუ შეეხები დაწერილ სიტყვებს, ხელები სისხლში ამოგესვრება.
ბოლოს... ბოლოს სისხლით დაწერილი სიტყვები რჩება, რომელიც აქაც მყოფობს და მარადისობასაც ესაკიდება, ყველაფერს იტევს და აერთიანებს.
ეპილოგი:
`ელეგიები~ წარმოადგენს დასტურს სიცოცხლესა და სიკვდილზე, როგორც ერთ მთლიანზე. ერთის აღიარება მეორის გარეშე ბოლოს და ბოლოს შეზღუდულობაა, რომელიც ყოველგვარ უსასრულობას გამორიცხავს... სიკვდილი ჩვენგან ზურგშექცეული, ჩვენთვის სინათლეშეუღწეველი მხარეა სიცოცხლისა: ჰოდა, უნდა შევეცადოთ, რომ მოვიპოვოთ ჩვენი ყოფიერების ის უმაღლესი ცნობიერება, რომელიც თავს შინაურულად გრძნობს ერთმანეთისგან გაუმიჯნავ ორივე სფეროში და ორივე მათგანის დაუშრეტელი წყაროთი საზრდოობს... ჭეშმარიტი სიცოცხლე ორივე საუფლოს მოიცავს და სისხლის მიმოქცევის დიდი წრე ორივეს გაივლის: არ არსებობს არც საიქიო და არც სააქაო, არის მხოლოდ ერთი დიდი მთლიანობა.
რაინერ მარია რილკე
2003
This post has been edited by nino darbaiseli on 13 Nov 2010, 23:22
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|