მე მოვითხოვე ღვინო და ვსვამდი.
ჯერ ცარიელი იყო დარბაზი
და საცოდავად მოწყენილ ზამთარს
სუსტი ხელები ეწყო რაფაზე.
(მანც მალავდა ორთქმავლის ბუნაგს,
მაინც ახშობდა ორთქმავლის კივილს).
დარბაზში იდგა ნახერხის სუნი
და ღვინო იყო ზედმეტად ცივი.
მე არ ვიცოდი სად წავიდოდი,
არც ის ვიცოდი რამდეს დავლევდი.
გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდ
შემოდიოდნენ სველი მგზავრები.
შემოდიოდნენ და თხოულობდნენ
წვიანს და თუთუნს(დუმილს და სითბოს).
რაღაცას უცნობს და მოულოდნელს,
ელოდებოდნენ ყველანი თითქოს.
მე არ ვჩქარობდი ამბის გაგებას,
თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე.
და დათოვლილი ლიანდაგები
გავდენ საწოლებს,ცივს და ცარიელს.
მე არ ვიცოდი სად წავიდოდი
ჩემი სურვილით თუ ღვინის ნებით.
გარეთ კი თოვდა და თითო-თითოდ
მავიწყდებოდნენ განვლილი წლები
და,ერთმანეთეთზე გადაკვეთილებს,
ვერც ჩვენ სახელებს ვერ ვიხსენებდი,
მაგრამ ზამთარი იყო კეთილი
და მაფხიზლებდა სველი ხელებით...
1962
ედიშერ ყიფიანის ხსოვნას
ირგვლივ გარტყია ოთხი კედელი,
ოთხი უენო და მკაცრი მცველი,
ჩვენი უმწეო ცრემლებით სველი
და შენი ყველა გზის ჩამკეტველი.
ძლივსღა განათებს მზე ფერმიხდილი,
მარტო ხარ, როგორც მინდორში ზვინი,
და მთვრალი შენი პურით და ღვინით -
შენს ამბავს ნელა ყვება სიკვდილი.
არ ჩქარობს შენი ბოლო ძმობილი,
არ ჩქარობს, რადგან თვითონაც იცის,
რომ უკვე ჩვენი კაცია ისიც,
შენს ჭრელ პერანგში გამოწყობილი.
ძალიან მალე იცლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე --- მტრებით გარემოცული....
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.
რაც გამახსენდა უცბაშად