#ლექსები
ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამ პოემის სხვა ნაწილებს თვალს არ ადევნებდით, ან ბიბლიას კარგად არ იცნობთ, წაკითხვაზე ნუ მოცდებით.
ნინო დარბაისელი
პოემიდან
ქალი- სხეულით გამათბობელი
(ფინალი)
აბიშაგის და ადონიასი
ო, ადონია,
მცოდნოდა მაინც, ვინ იყავი!
მცოდნოდა მაინც,
თავდავიწყებას რომ ვეძლეოდით ღობის ძირში ან ბნელ ტალანში,
ფეხზე წამომდგარს მოგაბრუნებდი,
ნამდვილ სახელს დაგიძახებდი.
ან შვილი მაინც შემრჩენოდა,
არ მომწყვეტოდა,
ძუძუს ვაჭმევდი,
ცხვარში, მწყემსებში გაიზრდებოდა,
დრო მოაწევდა და ერთ დღესაც, როგორც თქმულია,
მეფე დავითის მონაგარი აღმოჩნდებოდა,
იქნებ ტახტისკენ გზაც გაეკვალა.
ახლა შორიდან,
უნახავად უნდა გიტირო,
შენ მეფის ძეო,
დავითის ძეო,
ადონია,
მძლეთა-მძლეო,
ყოვლის გამძლეო!
ნეტა სოლომონს რაღად ვუნდოდი,
რამდენი ცოლი, რამდენი კიდევ კონკუბაინი!
თუ სადმე ნახა ლამაზი ქალი,
ან ცოლად ირგო ან ჰარემში დაიბინავა.
ბრძენი არისო,
მამამისი ირწმუნებოდა,
სამეფოს ვანდობ, არაფერი შეეშლებაო,
ბერშიბა მაინც არ მოგეგზავნა მთლად სოლომონთან,
არ ეთქვა ჩემზე, აბიშაგი, შუნამითი ცოლად უნდაო.
ნეტა გენახა, როგორი თვალით მიყურებდა ყოველთა დედა დედოფალი!
შენ უნდიხარო?
ცოლადაო?
შენ? თაგუნაო?
დადექი, კარგად შემოგხედოო!
დღეიდან მორჩა,
წამოხვალ და ხელზე მოახლედ დამიდგებიო,
ჩაცმაში უნდა მიშველოო,
კიდევ სასახლე დამიგავოო.
ასე დამთავრდა ამ სასახლეში ჩემი ამბავი.
არა - თაგუნას, ემის შერქმეულს,
უკვე აბიშაგს დამიძახებენ.
მაინც კარგია, ახალმოსულს ხომ მარწმუნებდნენ,
ვინც შემოსულა,
ან თვალხილული,
ან ენისწვერდაუცვეთელი,
ანდა ცოცხალი არ გასულაო.
ერთს, გულამოთქმით დაგიტირებ,
ო, ადონია,
მეფობის ღირსო,
მეფისა ძეო,
აბსალომის მერე შობილო,
სათქმელს არაფერს ჩავიტოვებ და იმის მერე არც მინდა ენა.
დღის შუქში მაინც,
ერთხელ მაინც დამენახა შენი მკლავები,
კლდეო მაღალო,
კლდეო სალო,
მიწისძვრისგან ჩამოქცეულო,
ან სამოსელი დამენახა მეფისწულური,
ან მდინარეში შენი ნაქნევი ხმლის კვალისთვის წამით მეცქირა,
ან შენი ხაფი ხმა გამეგონა,
ომიდან მოსულს გამარჯვებით ერთხელ ჩემს წინაც დაგეყარა ნაალაფარი
და მე იქიდან ერთი პატარა ბეჭედი,
ანდა ყელსაბამი ამომერჩია!
ჩემს თვალწინ იყო,
ძირს გართხმული ბეთშება , ჩვენი დედოფალი
ჩვენს მეფე დავითს მორჩილად რომ ევედრებოდა,
თუკი პირობას არ შემისრულებ და სოლომონს ახლავე არ გაამეფებო,
გვიანდებაო.
ადონიამ თავი მეფედ გამოაცხადა,
შესაწირავიც უხვად გაიღო,
ქვეშევრდომებიც ლამის ყველა ერთგულებაზე დააფიცაო.
მცოდნოდა მაინც, რა ხდებოდა,
იქნებ დროული სიტყვით მეშველა.
გამეფებულს კი სიტყვა ჰკადრა.
ცოლად მოუნდა აბიშაგიო, შუნამითელი? - გაცხარდა მეფე,
არად ჩააგდო საკუთარი დედა დედოფლის სათხოვარი, მარჯვნივ მჯდომარის,
და ბენაიას დაავალა ადონია შენ მოკალიო,
და ბენაიამ უმორჩილესად აღასრულა ბრძანება იგი სოლომონისა.
თავიდან შენზე გული გამიტყდა,
როცა გავიგე,
მთელი ეს ხანი თურმე სასახლის,
მეფის კარიდან ამბის გამტანად მიყენებდი ჩემუნებურად,
ასე ვიფიქრე:
ემი ტყუილად კი არ ამბობდა, კაცს არ ენდოო.
და ესეც - კაცი!
სულ მატყუებდა,
რომ დავფეხმძიმდი,
გადაიკარგა,
სასიკვდილოდაც არ დამინანა,
რაღა დროსია, ახლა გავიგე,
რომ უხსოვარ დროს ჩვილად მომკვდარა,
შენ ვის შვილადაც ჩემს წინაშე თავს ასაღებდი,
ხოლო მანამდე სასახლიდან ამბის გამტანად სხვას იყენებდით,
ვითომშვილობით მთელი ცხოვრება ატყუებდით საცოდავ ემის,
ისიც გულწრფელად,
სულ წვრილ-წვრილად რომ გიყვებოდათ,
სადაც კი რასმე ყურს მოკრავდა,
მეფე დავითის საერთგულოში თუ რამ ხდებოდა!
შენ კი,
შენ მართლა გყვარებივარ,
დედოფლად სურდი, შენ აბიშაგი, შუნამითი,
რომ მოესწროო, გამაგონეს...
როგორ ყოფილა!
ქალს და კაცს შორის რაც რამ არსებობს,
ვნებაც რომ იყოს წამლეკავი,
სიყვარულობას დაიბრალებს, ვიდრე გაუვა,
თვითონ წყვილებიც ათას რაღაცას აჰკიდებენ,
დააბრალებენ,
ხოლო ნამდვილი სიყვარული, ვიდრე არსებობს,
სახეს არასოდეს გამოაჩენს
და როცა ქრება,
როცა უკვე აღარ არსებობს,
მისი ამბავი მხოლოდ მაშინ,
მონაყოლით
და მონაგონით-ღა დაიჯერება.
და ვინც რა იცის სიყვარულზე,
ყველაფერი- მონაგონია.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ხადუმი
სამეფოდ მზრდიდნენ, დედოფალო,
ჩემს ქვეყანაში,
როცა შემიპყრეს თხუთმეტი წლისა,
როცა აქეთ წამომიყვანეს,
მეფემ ხომ მკაცრად გააფრთხილა
ასისთავები,
ამას ხელი არავინ ახლოს
დედოფლისათვის ძღვნად მჭირდებაო,
ვინ დამინდობდა,
ასოსთავებიც და ქალნატრული მეომრებიც
სულ ჯგუფ-ჯგუფად მეუფლებოდნენ.
ბოლოს დამაგდეს მომაკვდავი,
სულ ბოლოს,
როცა გავსისხლმდინარდი,
ისევ ქალებმა მომიარეს,
გადამარჩინეს,
ხმა ამომეღო?
ვინმეს რამეს გავაგონებდი?
ხელქვეითების წესი არის შურისძიება.
მეფეს - მეფობას ვერასოდეს აპატიებენ.
თვით მესასმისე,
ხომ მეფის პირის მეღვინეა
და ჩემი თვალით შევსწრებივარ, ყმაწვილობისას,
მოფარებულში ხელმწიფის ჯამში რომ იფურთხება
და მესაწოლეც -
იჭინთება და მონდომებით
მეფის მოსვლამდე საბრძანისში ჰაერს აფუჭებს.
საჰარამხანოდ,
ძღვნად მეფე როცა მამზადებდა,
თვემდე დასჭირდა.
რომ წამიყვანეს უთენია,
შანთივით რაღაც იარაღით სათქვენოდ დამასაჭურისეს,
წინაც დამცვითეს,
გამდნარ ფიჭაში არეული მალამოებით მიმომლესეს,
ოცდაერთი დღე დასაბანად ვერ შემიყვანეს.
მერე აბანო გაახურეს,
კარგად დამზილეს,
ნელსაცხებელიც არ დაუკლიათ,
შემმოსეს ფერად-ფერადებით,
სირმა- ფოჩებით,
თქვენთვის მოსართმევ ძღვენს რარიგადაც ეკადრებოდა,
უხვია მეფე!
მომღერალი ვარ,
პოეტი ვარ,
ერთი მათგანი,
ვინც ულამაზეს ქალთა კრებულში
ტრიალებს მუდამ,
ვინც ზოგისათვის ერთადერთია,
მოკაზმულობას
ან სილამაზეს ვინც მოუწონებს,
მაგრამ ვერცერთი ქალი მისი ვერ შეიქნება.
რა შემიძლია?!
რაც და სადამდეც შემიძლია,
უკან არასდროს დამიხევია,
განა ხადუმად ამისთვის არ გადამაქციეს?
ათი წელია,
მზის სხივს სარკმელთან ვეგებები,
ათი წელია,
ღინღლი - წვერადაც აქ გადამექცა,
აქ დამიმსხვილდა ეს მხარ-ბეჭიც,
ათი წელია,
მე ნამდვილი,
ვარსკვლავიანი ზეცა აღარც კი დამინახავს.
აქ, ამ დარბაზში შემოვდივარ,
დროს რომ ვიპოვი და ამ ლურჯ გუმბათს ვარსკვლავებით მიმოხატულს,
ამ კენტ ღრუბელს,
ამ ოქროს მთვარეს ასე ავცქერი,
ზემაცქერალი თითქოს ნამდვილს ვესაუბრები.
ადამიანი თავდახრილთა მოდგმისა არის,
მიწას ხნავს, დაბლა იყურება,
კითხულობს?! - დაბლა იყურება,
მიდის?!- ჯობია, დაბლა იყუროს,
წინ იყუროს
და არა სადღაც, უკან-უკან!
წერს?! - ძირს დასცქერის,
კისერი უნდა მოიდრიკოს ყველა მწერალმა!
ერთადერთია მამაცი - ომში - მტრისკენ როცა გაიხედავს, თვალს გაუსწორებს!
და ავიწყდება ადამიანს,
საით უნდა იხედებოდეს.
სმა თავდახრილმაც რომ დაიწყოს,
თასის ბოლოში როცა ჩავა,
ბოლოს კისერი უნდა გამართოს,
უნდა თუ არა, ცას ახედოს!
ადამიანი
ნამდვილ ზეცას უნდა უცქეროდეს თვალმოდარაჯედ.
ყველა ნათქვამი - ტყუილია,
ყველა ნამღერი - ტყუილია,
ყველა ნასიზმრი - ტყუილია,
ზეცა თუ არ გამოუვლია!
ჩემი მზე შენ ხარ, დედოფალო,
წლები გავიდა და ხელმწიფეს არც ახსენდები,
თავისი მიწის დამტოვებელი,
ვირზე შემჯდარი,
ბრძენი ქვრივი აბიგაილი.
წლები წასაღებს არსად ტოვებენ,
აბიგაილ!
უწყლოდ დამჭკნარიც ლამაზია ვარდი -
ხავერდი,
ოღონდ შორიდან, თორემ თითებში შემოგეფშვნება,
მარტო ვმღერივარ და ვარსკვლავებით მოჭედილი შორი გუმბათი ექოდ მიბრუნებს:
ჩემი დედა ხარ,
დაც და შვილიც,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
როგორ დავფარო,
არ დაადუმო,
არ დაადუმო შენი ხადუმი!
This post has been edited by nino darbaiseli on 11 Mar 2024, 09:03
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004