მადლობა სტუმრობისათვის.
მაგ მომენტს რაც შეეხება. მე ადრიდანვე მაქვს ერთი , ასე ვთქვათ, გამჭოლი თემა, სულ სხვადასხვანაირად ვამუშავებ დროდადრო. როგორ მივდივარ ონკოლოგიურში მეგობრის სანახავად.
ეტყობა ქვეცნობიერში ჩაპრესილი რაღაც ტრამვული გამოცდილება არ მეშვება.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
უმანკოება - ავსულების თავშესაფარი
სურათი ვნახე!
უფილტროდაც მშვენივრადაა.
უცებ მიხვდები,
ჩვენია და ჩვენთაგანი,
ხოლო ჩვენნაირს,
კიდეც უჭირდეს,
არა უჭირს, რა!
ზოგს ჩვენ გავუგებთ, ზოგსაც თვითონ,
ზოგს ვაპატიებთ,
ზოგსაც - თვითონ გვაპატიებს,
ხან - ავიჭრებით,
ხან - ჩავიჭრებით,
ხან - შევიჭრებით,
ხან - გავიჭრებით,
ხან უკაფავშიც გადავიჭრებით,
ამასობაში, ავად თუ კარგად ცხოვრებაც გავა.
სხვას ეშინოდეს
ახლადგაწმენდილ სარკესავით უნათითურო
ადამიანის;
სხვამ გაიხსენოს,
რომ ავსულებს მუდამ იზიდავთ
მისი არსების სუფთა ჰაერი,
დალაგებული,
დიდი სივრცე,
სიწმინდე და უსაფრთხოება!
სხვამ დაიდარდოს, რომ დაიძახებს ერთი ავსული,
ეს რა ძვირფასი სამყოფელი მიპოვნიაო,
ეს - განათებაც რომ კარგი აქვსო,
არც ცხელიაო,
არც რომ სიცივე შეგვაწუხებსო,
ასე უმწიკვლოდ აქამდე ვის რად დარჩენიაო?
წავა და იხმობს შვიდ თავისნაირს,
ყველანი კარგად დავეტევით,
და კუთხე-კუნჭულს ამოვუვსებთ,
აბა, ცოდონი არ ვიყავით,
ლეგიონი რომ გაგვიწყვიტესო?!
“ - არადა, გახსოვთ, როგორი იყო?
რაღაცნაირად მოსაწყენიც,
უღიმღამოც,
ერთფეროვანიც…
- ჰოდა,
ეგეთი - ერთი და ერთი თუ გაირყვნება, ისე არავინ!
თორემ ჩვენ რაღა გარყვნა გვინდა ვნებაჩამქრალებს!
ისე მოგვწყინდა ასეთობა,
იქნებ სიწმინდეც მოვინატროთ,
ერთ მშვენიერ დღეს დავერიოთ და ვალდადებული მდგმურებივით თვითონ გავყაროთ ეს მატყუარა დემონები,
ჩვენს არსებაში დაბუდებულნი
და დგამ-ავეჯი და ჯამ- ჭურჭელი სულ ლაწალუწით გადავუყაროთ,
არსების კლიტეც გამოვიცვალოთ,
ძლივს გაყრილებმა მობრუნება რომ არც იფიქრონ”.
ვინ რითი იწყებს,
არ არის ძნელი გამოსაცნობი,
საქმე ისაა,
ვინ რით ამთავრებს,
თუკი მართლა დასასრულია!
* * *
ერთგან (ფეისზე) ისეთმა მორწმუნე ადამიანმა გამოთქვა ეჭვი ამ ლექსის კონცეპტუალური მართებულობის შესახებ. რომ მეგონა, მთელი სახარება ზეპირად იცოდა.
დაბეჯითებით აღვნიშნავ, რომ საერო პირთაგან არავინაა ვალდებული, იქიდან ყველაფერი ასე, ზედმიწევნით ახსოვდეს.
ეს - მე არ მომიგონია. ჩემი პოეტური ექსპლიკაციაა.
ლექსის კონცეპტუალური ხერხემალი - მაცხოვრის სიტყვებია სახარებიდან
მათე (12:45)
“და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.
45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
უცოდინრობის სონეტი
უცოდინრობის ოკეანეს,
მარტო რომ შევრჩი,
დამატყდა ფუჭად მოკაკანეს
ტორნადო, სმერჩი,
რომ მივხვდი, მხსნელად
აღარავინ გამოჩნდებოდა,
ვინ მიშველიდა, აუხსნელად
ბევრიც მებოდა,
ავყევი ზვირთებს, ხან ჩავყვინთე,
ხან ვყლაპე წყალი.
კუნძული ვნახე - ცეცხლი ვინთე,
დავრჩი ცოცხალი.
სიმარტოვეში - სიმგვანეა! -
- ოკეანეა.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ტუტენხამონო!
(სონეტი)
უცნობო, უცხო, უცნაურო
ტუტენჰამონო,
რად მინდა, შენს ლანდს უხმაურო
თავი ვამონო,
ამ ოქროს ეტლით ისტორია
გადიგრიალე!
ვდგავარ და ვფიქრობ, რის ტოლია
ცა მოკრიალე,
ან მზე, მთვარე და მნათობები,
რომ გვაქვს საერთო?
წარმავალს რატომ არ მეთმობი?
მარადს შევერთო?
თუ ხარ მუმია, მუზეუმი -
- ოპტიმუმია!