MaverickAbnormal
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2990
წევრი No.: 174559
რეგისტრ.: 7-October 13
|
#38450587 · 21 Oct 2013, 10:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა რამ ვლადიმერ მაიაკოვსკის შესახებ ამხანაგო ხელისუფლებავ! ჩემი ოჯახია: ლილია ბრიკი, დედა, დები და ვერონიკა პოლონსკაია. შესძლებ მოუწყო მათ ასატანი ცხოვრება? მადლობელი დაგრჩები! ჩემი სიკვდილის გარემოებებზე ნუ იჭორავებთ, გარდაცვლილს ეს უზომოდ სძულდა! ვლადიმერ მაიაკოვსკი
წერილი 1930 წლის 12 აპრილსაა დაწერილი. იმ ჯერზე იარაღი არ გავარდა. ორი დღის შემდეგ კი - 14 აპრილს, დილის 10 საათსა და 15 წუთზე, ლუბიანკაზე, სადაც სამუშაო კაბინეტი ჰქონდა, ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, მაუზერით N 312045, საკუთარ ბოლოს ტყვიის წერტილი დაუსვა.
"не поставить ли лучше точку пули в своем конце" (ФЛЕЙТА-ПОЗВОНОЧНИК)
ექსპერტიზის დროს, მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის "წერტილი" - ბრაუნინგისა აღმოჩნდა... ჭორები ნიაღვარივით წამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ, მკერდზე ნატყვიარი თეთრი პერანგის უახლესმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დასკვნა დადო: მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა(!)
იმ პერიოდის ლიტერატურის ისტორია სავსეა პოეტების და მწერლების თვითმკვლელობებით. მათი უმრავლესობა სადღაც, ბნელ კაბინეტებში დაიგეგმა და თავად მსხვერპლის ხელით განხორციელდა. შედეგად: მაიაკოვსკის ხელით მოკლეს მაიაკოვსკი. ესენინის ხელით - ესენინი. პაოლოს ხელით - პაოლო. და ასე შემდეგ...
ვლადიმერ მაიაკოვსკი - დაიბადა 1893 (ზოგი ცნობით 1894) წლის 19 ივლისს საქართველოში, ბაღდათში. ოჯახი: მამა - ვლადიმერი. რუსი. არისტოკრატიული წარმოშობის. დედა - ალექსანდრა. კაზაკი. დები - ლიუდმილა და ოლგა. ოჯახში რუსულად საუბრობდნენ. კარგად იცოდნენ ქართულიც. 1902 წელს შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მაიაკოვსკები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. 1908 წლიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. სამჯერ იჯდა ციხეში. ციხეშივე დაიწყო წერა. ამ ლექსებმა საკნიდან ვერ გამოაღწიეს. განთავისუფლებისას ჩამოურთმევიათ და გაუნადგურებიათ. 1911 წელს შევიდა მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც გაიცნო პოეტი და მხატვარი დავიდ ბურლიუკი და მასთან ერთად შექმნა ფუტურისტული დაჯგუფება (ბურლიუკი, სევერიანინი, კამენსკი, კრუჩენიხი). ტერმინი "ფუტურიზმი" - ლათინური სიტყვიდან - "futurum"( მყოფადი, მომავალი ) მაიაკოვსკიმ პირველმა გამოიყენა რუსულ ლიტერატურასთან მიმართებაში - 1913 წლის 24 თებერვალს, დებატებში თანამედროვე ხელოვნების შესახებ. საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ფუტურისტები ყვითელი პერანგებით გამოდიოდნენ სცენაზე. რუსეთის ბევრ ქალაქში ახლაც შეხვდებით გასართობ დაწესებულებებს სახელწოდებით - "ყვითელი კოფთა".
მაიაკოვსკის ცხოვრებაში ფატალური მნიშვნელობის გახდა საღამო, როცა სრულიად ახალგაზრდა ელზა კაგანმა (შემდგომში ცნობილი მწერალი ელზა ტრიოლე) იგი თავისი უფროსი დის, ლილიას სახლში მიიყვანა სტუმრად. ლილია ოსიპ ბრიკზე იყო გათხოვილი. მან სიკვდილამდე, ბრიკისა მხოლოდ გვარი ატარა ერთგულად. ლილია ბრიკი - სკანდალური ქალი! საბედისწერო ქალი! მას ზოგი ალქაჯს უწოდებს, ზოგი - რუსული ავანგარდის მუზას. ლილია - მაიაკოვსკისთვის "ლიუ"... პირველივე საღამოს, ლიუმ ცხვირი აიბზუა: "ფუტურისტი? ოჰ, თუ შეიძლება, ლექსებს ნუ წაგვიკითხავს". მაიაკოვსკიმ მაინც წაიკითხა... წაიკითხა "ღრუბელი შარვლით" და ბრიკები მოაჯადოვა! ოსიპი მისი გამომცემელი გახდა. ლილია - საყვარელი. მალე მაიაკოვსკი ბრიკებთან გადავიდა საცხოვრებლად. ეს იყო უცნაური სამკუთხედი. ლილია აღიარებდა, რომ ოსიპი მისი ცხოვრების მამაკაცი იყო და უმისოდ გაძლება არ შეეძლო, პარალელურად კი ურთიერთობა ჰქონდა მაიაკოვსკისთან. ოსიპი ამაზე თანახმა გახლდათ. მაიაკოვსკი? მაიაკოვსკი ბავშვურად იყო შეყვარებული - გამუდმებით ეჭვიანობდა და იტანჯებოდა. "ბრიკები და მაიაკოვსკი" ასეთი წარწერა ჰქონდა მათი ბინის კარებს. აქ მოსკოვის ცნობილი საზოგადოება იკრიბებოდა. ხშირი სტუმარი გახლდათ აგრანოვიც, სტალინის მარჯვენა ხელი, ის - რომელსაც გუმილოვის (და არა მარტო) დახვრეტაში მიუძღვოდა წვლილი. "იანი" - ასე ეძახდა ლილია აგრანოვს. თავად ლილია ბრიკიც სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი გახლდათ. სწორედ იანის ნაჩუქარი ბრაუნინგის ტყვიით მოიკლა თავი მაიაკოვსკიმ! დღემდე გამოცანად რჩება თუ როგორ აღმოჩნდა პოეტის ცხედართან მაუზერი. ლილია, ვალოდია და ოსიპი ერთად მუშაობდნენ. საკუთარი ხელით ხატავდნენ პლაკატებსა და აფიშებს. წერდნენ პროკლამაციებს, შემდეგ ერთადვე ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ. მაიაკოვსკი უკვე ძალზე პოპულარული გახდა. ლილიას ეს არ მოეწონა, მას სურდა დაემტკიცებინა, რომ მაიაკოვსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მთავარი ადგილი თავად ეჭირა, ამიტომაც გადაწყვიტა ტანჯვით გამოეძერწა "საკუთარი მაიაკოვსკი" და პოეტი სახლიდან დაითხოვა. სიტყვა "გამოეძერწა" შემთხვევით არ მიხსენებია, ცნობილია, რომ ერთხანს ლილია ბრიკი გერმანიაში ქანდაკებას ეუფლებოდა. ორი თვე! - ასეთი იყო ქალის სასჯელი. მაიაკოვსკი სწერდა წერილებს, ევედრებოდა, შერიგებას სთხოვდა, მაგრამ ლილიას მიაჩნდა, რომ ტანჯვა პოეტის მხოლოდ სარგებლობას მოუტანდა! საბოლოოდ ასეც გამოვიდა, ამ პერიოდში დაწერა მაიაკოვსკიმ პოემა - "Про это" და ის ლილიას მიუძღვნა. ერთხელ მაიაკოვსკიმ ქუჩაში ლეკვი იპოვა და შინ, ბრიკებთან მიიყვანა. მას შემდეგ ძაღლი მათი განუყრელი მეგობარი გახდა. ლიუ ძაღლს და მაიაკოვსკის ერთსა და იმავე სახელს ეძახდა. ერთხელ, კაფეში, ლილიას ხელჩანთა დარჩა, მაიაკოვსკი წამოსაღებად შებრუნდა, რის გამოც მაგიდასთან მსხდომებმა დასცინეს. "მზად ვარ ეს ჩანთა კბილებით ვატარო" - მიუგო პოეტმა... რა ხიბლი ჰქონდა ასეთი ამ ქალს? ლილიას ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ რაღაც უცნაური სხივი ჰქონდა თვალებში. ლილია ბრიკმა "იცოდა სიცოცხლე"! ასე იტყვიან მასზე მისი თანამედროვეები. ცხოვრების მანძილზე უამრავი თაყვანისმცემელი და საყვარელი ჰყავდა, თანაც ყველა ცნობილი და გავლენიანი. ოსიპ ბრიკის შემდეგ, კიდევ ორჯერ გათხოვდა. ერთხელ საბჭოთა ჯარების მხედართმთავარ პრიმაკოვზე, ხოლო უკანასკნელად, მაიაკოვსკის ბიოგრაფ მწერალ კატანიანზე. მამაკაცები ჭკუას ჰკარგავდნენ ლილიაზე. ის იყო პირველი ქალი მოსკოვში, რომელმაც საყვარელს მანქანა აყიდინა. ეს საყვარელი მაიაკოვსკი გახლდათ, მან ქალს პარიზიდან "რენო" გამოუგზავნა. მაშინ მოსკოვში სულ რამდენიმე მანქანა დადიოდა და ერთ-ერთს სწორედ ლილია დააქროლებდა! და ასე... ქალს მთელი ცხოვრება თითქოს ჯაჭვზე ჰყავდა გამობმული ეს გოლიათი. ხანდახან მიუშვებდა, თავადვე მოუძებნიდა გასართობად ვინმე ლამაზმანს, მაგრამ როგორც კი შეამჩნევდა, რომ შეიძლებოდა ჯაჭვი გამწყდარიყო, ისევ თავისკენ ექაჩებოდა. ამბობენ, რომ ბრიკებს მაიაკოვსკის ხელიდან გაშვება არ უნდოდათ, რომ მაიაკოვსკი გვარიანი შემოსავლის წყარო იყო მათთვის. ლილია ბრიკმა არც ერთხელ არ მისცა საშუალება მაიაკოვსკის შეექმნა ოჯახი. და მაინც, რა მოხდა 1930 წლის აპრილში? ბრიკები ევროპაში გაემგზავრნენ. მაიაკოვსკის მარტოს მოუწია მუშაობა. დიდ გამოფენას ამზადებდა, რომელსაც მისი შემოქმედებისა და რევოლუციური მოღვაწეობის 20 წელი უნდა აესახა, სწორედ ამ დროს სჭირდებოდა ლილია გვერდით. გამოფენა ჩატარდა, მაგრამ არც ხელისუფლებას და არც მწერალთა კავშირს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ცოტა ხნით ადრე, მაიაკოვსკიმ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მამხილებელი პამფლიტი დაუწერა. ამან კი სკანდალი გამოიწვია! და ისედაც... საბჭოთა ხელისუფლება და მაიაკოვსკი უკვე ეჭვის თვალით უმზერდნენ ერთმანეთს... ამ გამოფენაზე გადაღებულ სურათზე ნაღვლიანი სახე და ჩამქრალი თვალები აქვს. ეს ძველი მაიაკოვსკი აღარაა!
13 აპრილის საღამო მაიაკოვსკიმ მწერალ კატაევის სახლში გაატარა, სადაც ვერონიკა (ნორა) პოლონსკაიასთან ერთად მივიდა. ნორა - მსახიობ იანშინის ცოლი, თავადაც დამწყები მსახიობი, მაიაკოვსკის ისევ ლილიამ გააცნო. მაიაკოვსკი ნორასაგან ქმრის მიტოვებას და მასთან გადასვლას მოითხოვდა. მთელი საღამო, ქალს კანფეტის ყუთიდან ჩამოხეულ მუყაოზე დაწერილ წერილებს ესროდა, ნორა პასუხებს უბრუნებდა. ბოლოს მაიაკოვსკიმ იგი კიდეც გაიყვანა გვერდით და წყვილმა იკამათა. ნორამ იცოდა, რომ ლილია მაიაკოვსკის არ დათმობდა, ამიტომაც არ ჩქარობდა, ან სავარაუდოდ, არც აპირებდა ქმრის მიტოვებას. კატაევიდან წამოსვლის შემდეგ, მაიაკოვსკიმ ნორა და მისი ქმარი, რომელიც წვეულებას მოგვიანებით შემოუერთდა, სახლამდე მიაცილა, მაგრამ დილით ისევ შეუარა ქალს და თავისთან, ლუბიანკაზე წამოიყვანა. მაიაკოვსკი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ნორას ქმარი მიეტოვებინა. ვფიქრობ, პოეტი არც ისე ძალიან იყო შეყვარებული ნორაზე. უბრალოდ, ძალიან გადაიღალა და ოჯახურ სიმყუდროვეს ეძებდა. ნორას რეპეტიციაზე აგვიანდებოდა, იმ რეპეტიციაზე, რომელსაც დისციპლინის მოყვარული ნემიროვიჩ-დანჩენკო ატარებდა. ქალი მაიაკოვსკის შეჰპირდა, რომ საღამოს აუცილებლად შეუვლიდა, საჩქაროდ გამოიხურა კარი და… კიბეებზევე დაეწია გასროლის ხმა. ოთახში შებრუნებულ ნორას მაიაკოვსკი აგონიაში დახვდა - ერთადერთი ნატყვიარით გულში. გარდაიცვალა გონზე მოუსვლელად, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
ბრიკებმა მალევე შეიტყვეს ამ უბედურების შესახებ. ამბობენ, რომ მაიაკოვსკიმ, სანამ ნორას თავისთან მიიყვანდა, გზად ფოსტაში შეიარა და ლილიას დეპეშა გაუგზავნა: "Маяковский застрелился". შეიძლება ასეც იყო, თვითმკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. შინ რომ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდაო, უთქვამს ლილიას.
ლილია ბრიკი უშვილო იყო. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, თავისი მუსიკის მასწავლებლისგან დაფეხმძიმდა, მშობლებმა აბორტი გააკეთებინეს, რის შემდეგაც სამუდამოდ უშვილო დარჩა.
მაიაკოვსკი? პოეტის უბის წიგნაკი N 67. ერთ-ერთ ფურცელზე წერია სიტყვა: "дочка" და მეტი არაფერი... წლების მანძილზე მაიაკოვსკის მკვლევართათვის ეს გამოცანა იყო. "საკმარისია შვილი გაუჩინო და პოეტი მაიაკოვსკი დასრულდება!" - უთქვამს ლილიას. "გიყვარდეს - ნიშნავს გაუჩინო შვილი" - ასე ფიქრობდა ამერიკელი ელლი ჯონსი (რუსი ემიგრანტი ელენა ზილბერტი). ელლი მაიაკოვსკის დავიდ ბურლიუკმა გააცნო 1925 წელს, პოეტის ამერიკული ტურნეს პერიოდში. ცნობილია, რომ მაიაკოვსკიმ მხოლოდ ორი ენა იცოდა - რუსული და ქართული. ელლი მან თარჯიმნად აიყვანა. სავარაუდოდ, თარჯიმანი მაიაკოვსკის არ ახლდა იმ ცნობილ შეხვედრაზე, სადაც დარბაზიდან ინგლისურად დაუსვეს შეკითხვები, მაიაკოვსკიმ კი, ვერ გაიგო რა შეკითხვის შინაარსი, საკმაოდ უცენზურო პასუხი გასცა, ოღონდ... ქართულად. - მაიაკოვსკი, ქართველი ხარ? - შესძახა თურმე ერთმა დამსწრემ. - ჰო, ქართველი ვარ, - უთქვამს მაიაკოვსკის და გასცინებია. ახალგაზრდა პოეტისა და მისი მშვენიერი თარჯიმნის საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. სავარაუდოდ, შემონახული უნდა იყოს ბურლიუკის ჩანახატები, ნიუ-იორკის ქუჩებში მოსეირნე ლამაზი წყვილი - ელლი და მაიაკოვსკი.
ერთხელ, შემთხვევით, ელლი მაიაკოვსკის საწერ მაგიდაზე დეპეშას წააწყდა : "რატომ არ ჩანხარ? როგორ ხარ? არ გეკითხები ვისთან ხარ! არ მაინტერესებს. იტალიაში მინდა წასვლა. ფული მჭირდება. ლილია." ელლიმ საკუთარ ჰონორარზეც კი უთხრა უარი მაიაკოვსკის და ლილიასათვის 900 დოლარი გააგზავნინა.
როცა მაიაკოვსკიმ ამერიკა დატოვა, უკვე იცოდა, რომ ელლი ბავშვს ელოდა. ეს იყო 1925 წლის 28 ოქტომბერს. ისინი პორტში გამოემშვიდობნენ ერთმანეთს, მაიაკოვსკი გემზე ავიდა... შინ მიბრუნებულ ელლის უნდოდა საწოლზე მიგდებულიყო და თავისი მომავალი შვილის მამა გამოეტირა, მაგრამ საწოლზე ლურჯი კესანები დახვდა მიმობნეული. მაიაკოვსკი მდიდარი არ იყო, მაგრამ მას შეეძლო ჩაედინა ისეთი რამ, რაც უძვირფასეს საჩუქარს გადასწონიდა. ჰელლენ პატრიცია ჯონსი (ელენა მაიაკოვსკაია) 1926 წლის 15 ივნისს, ნიუ-იორკში დაიბადა. გოგონას გვარი დედის ყოფილმა ქმარმა მისცა. ამჟამად პატრიცია ჯონსი - ტომპსონის გვარს ატარებს. ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰყავს ვაჟიშვილი როჯერი, იურისტი. თავად ფილოსოფიის პედაგოგი, სოციოლოგი და ფემინისტური მოძრაობის აქტიური წევრია. წერს წიგნებს, თარგმნის. მისი 15 წიგნიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარულია "მაიაკოვსკი მანჰეტენზე". პატრიცია ტომპსონმა ინგლისურად თარგმნა მაიაკოვსკის წერილი "როგორ კეთდება ლექსი" და პოემა "ღრუბელი შარვლით". ცნობილია მისი გამონათქვამი: "მამა შარვლიანი ღრუბელი იყო, მე - საწვიმარი ღრუბელი ვარ - ქვედაკაბით". დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ როგორ არ აწყობდა საბჭოთა ხელისუფლებას თავისი პირველი პოეტის ამერიკელი ქალიშვილი! ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მაიაკოვსკის ბიოგრაფიიდან ორი ელლი (როგორც თვითონ უწოდებდა დედა-შვილს) ამოშლილიყო. პოეტს აეკრძალა ამერიკაში ჩასვლა. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა გოგონას ნახვა: პარიზში ჩასულმა მაიაკოვსკიმ, ნიცაში ჩასული ელლი და ორწლინახევრის პატი მოინახულა. პატრიციას ასე დაამახსოვრდა მამა: "ცამდე მაღალი ფეხები და ძლიერი, თბილი ხელები". "მაიაკოვსკი ჩემთვის ფანტომია. მამა ფანტომი" -დაწერს პატრიცია მოგვიანებით. ეს იყო 1928 წელს. ვინ იცის, რაზე ისაუბრეს მაშინ პატარა გოგონას მშობლებმა. რა გეგმები ჰქონდათ... სამწუხაროდ, მათ განხორციელება არ ეწერათ! ლილიამ გუმანით იგრძნო საფრთხე! საკუთარი დის დახმარებით მან მაიაკოვსკის ახლა ულამაზესი ტატიანა იაკოვლევა გააცნო. ელზა ტრიოლე, ლილიას და, იმჟამად უკვე პოეტ ლუის არაგონის მეუღლე გახლდათ. - ახალი გატაცება გაათავისუფლებს ვალოდიას მამობრივი მოვალეობისაგან, უთქვამს ლილიას ირონიით. საბოლოოდ არც ამ ურთიერთობიდან გამოვიდა რამე. მაიაკოვსკი აღარც პარიზში გაუშვეს, ტატიანა იაკოვლევა ფრანგ ვიკონტზე გათხოვდა.
მაიაკოვსკის გარდაცვალების შემდეგ ლილი ბრიკმა საგულდაგულოდ გადაარჩია პოეტის პირადი არქივი. გაანადგურა ელლი ჯონსის და ნატალია იაკოვლევას წერილები. ნაკუწებად აქცია პატარა პატის ფოტოსურათი - სადაც გოგონა უზარმაზარ ჩალის ქუდში, ნამდვილ სოკოს ჰგავდა. შეუძლებელია, მაიაკოვსკის - შვილზე, 67 ნომერ უბის წიგნაკში ჩაწერილი ერთადერთი სიტყვის მეტი არაფერი დაეწერა. დე, მეპატიოს თუ ვაბრალებ, ალბათ იქნებოდა ასეთი ლექსებიც და თუ მათ ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, ესეც ლილიას ნახელავი მგონია. მაიაკოვსკის ამერიკელი ცოლ-შვილი არც საბჭოთა ხელისუფლებას და არც მის აგენტ ქალს არ სჭირდებოდათ. არ სჭირდებოდათ არც ერთი სტრიქონი მათზე! - ელლი ჯონსი და ელენა მაიაკოვსკაია პოეტის ბიოგრაფიიდან გაქრნენ! პატრიცია ტომპსონი იგონებს, რომ დედამისი იყო ძალიან ლამაზი, განათლებული, მშვიდი და სათნო ადამიანი, იცოდა რამდენიმე ენა. სავარაუდოდ, საბჭოთა აგენტურის ხელი მასაც მისწვდა, კარგადაც დააშინებდნენ... ამიტომაც გოგონამ, პირველად 9 წლის ასაკში გაიგო მამის ვინაობა, ხოლო ამაზე ხმამაღლა საუბარი, მხოლოდ 60 წლის ასაკში გაბედა - როდესაც დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო, ხოლო საბჭოეთში წყობილება იცვლებოდა. ელლი ჯონსი მთელი ცხოვრება აგროვებდა მაიაკოვსკის წიგნებს. პატრიცია იხსენებს, რომ დედა მაიაკოვსკიზე ყოველთვის თვალანთებული და ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა. 1985 წელს ელლიმ ინგლისურ ენაზე ჩაწერა მოგონებები მაიაკოვსკიზე. ქალიშვილის შეკითხვაზე, თუ როგორ ახსოვდა ყველაფერი ასე ცხადად, ელლიმ მიუგო: "ეს, ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი რამ იყო"...
ელენა მაიაკოვსკაია მოსკოვში პირველად 1993 წელს ჩამოვიდა ვაჟიშვილთან, როჯერ შერმანთან ერთად. 19 ივლისს, როდესაც მაიაკოვსკის დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა, ნოვოდევიჩზე პოეტის საფლავთან იდგნენ მისი ამერიკელი ქალიშვილი და შვილიშვილი. თურმე ელენა საფლავთან ჩაიმუხლა, პატარა ორმო ამოთხარა ობელისკის მარჯვენა (გულის) მხარეს, მერე ჩანთიდან პატარა პაკეტი ამოიღო და შიგთავსი ორმოში ჩაყარა. ეს იყო დედამისის - ელლი ჯონსის ფერფლი. "ანდერძი შევუსრულე" - უთქვამს ელენას. მაიაკოვსკის ქალიშვილს მოსკოვში მამის წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სულ ეს იყო... ელენას არასოდეს განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია მამის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. რუსეთში ის კიდევ ორჯერ ჩამოვიდა 2002 და 2008 წ.ელს. მან დედის სამშობლო, ბაშკირეთიც მოინახულა.
შეიძლება ჩემს ვარაუდებში ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევ თავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ საქმე ისე სულაც არ იყო, როგორც გვგონია, იქნებ პოეტი ოცნებობდა კიდეც თავის ამერიკელ ოჯახზე... თუნდაც მხოლოდ ეს ამბავი, განა ცოტა მიზეზია იმისათვის, რომ გაგანია საბჭოთა ტერორის დროს კაცს თავი "მოაკვლევინო?" არ ვიცით! შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ერთი რამ ცხადია: მაიაკოვსკის ბიოგრაფებს ურჩევნიათ ისაუბრონ ლილიაზე, სამთა სკანდალურ თანაცხოვრებაზე, და არა ამერიკელ ელლი ჯონსზე და მის ქალიშვილზე. ჰო, ასეა! პირველი საბჭოთა პოეტისთვის, ფრიად საეჭვო ყოფაქცევისა და მორალის საბჭოთა ქალის სიყვარული უფრო ნებადართულია, ვიდრე ამერიკელის, თუნდაც საკუთარი შვილის დედის და თუნდაც მაღალი ზნეობის ადამიანის. რა უცნაურია, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალი ვახსენე, გარდა მარია დენისოვასი. მარია დენისოვა - ახალგაზრდა ოდესელი მანეკენი... 1914 წელი. ფუტურისტების ტურნე რუსეთის ქალაქებში. მარცხი ხარკოვში და ტრიუმფი ოდესაში. მაიაკოვსკი გამოდის ყვითელი კოფთით, ჰალსტუხის მაგივრად - სტაფილო! სცენიდან დარბაზში წყლით სავსე გრაფინებს აპირქვავებენ... მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყურადღება მიიქციონ. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მაიაკოვსკიმ მარია და ნამდვილი ცეცხლი მოეკიდა. მარია დენისოვას ეძღვნება პოემა "ღრუბელი შარვლით", მაგრამ... ლილია ბრიკი თითქოს ყოვლისშემლე ჯადოქარია! იმასაც კი ახერხებს, რომ მოგვიანებით, 1918 წელს, როდესაც პოემა პირველად ისტამბება ოსიპ ბრიკის ხარჯით, მას აქვს წარწერა: "ლილი ბრიკს". ბედისწერამ კი, თითქოს თავად მაიაკოვსკის მაღალ და ლამაზ შუბლს წააწერა იგივე: "ლილიჩკას"...
გარდაცვალების შემდეგ, რაღაც დროით, მაიაკოვსკი თითქოს მიივიწყეს. ლილიამ, რომელიც მაიაკოვსკის მემკვიდრე გახდა, სტალინს წერილი მისწერა და რევულუციაში მაიაკოვსკის წვლილი შეახსენა. ამ დროს ლილია უკვე საბჭოთა ჯარების მხედართმთავრის პრიმაკოვის ცოლი გახლდათ. ეს წერილი სტალინს სწორედ პრიმაკოვმა გადასცა. ბელადმა ბრძანა, სასწრაფოდ დაეწყოთ მაიაკოვსკის ნაწარმოებების ბეჭდვა და პოეტის აქტიური პოპულარიზაცია. სამაგიეროდ, როდესაც პრიმაკოვს, სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და დახვრიტეს (ეს საქმეც აგრანოვის ხელით გაკეთდა) ლილია ბრიკის სახელი, დასახვრეტთა სიაში სტალინმა გადახაზა. "ხელს ნუ ვახლებთ მაიაკოვსკის ცოლს" - უთქვამს მას. სტალინის ეს განმარტება ორაზროვანია: მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიკი მიაჩნდა არა მოღალატე პრიმაკოვის, არამედ პოეტ მაიაკოვსკის ცოლად! სტალინის შემდგომ წლებში, ლილიას დიდი გავლენა ჰქონდა. ლუი არაგონის შუამდგომლობით, მან მოახერხა ბრეჟნევისთვის სიტყვა ჩამოერთმია სერგო ფარაჯანოვის ციხიდან განთავისუფლებაზე. ლილიამ მოაწყო მაია პლისეცკაიას გასვლა საბჭოთა სივრცის ფარგლებს გარეთ. მისი საცხოვრებელი ბინა, მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე, იყო შემოქმედებითი ელიტის თავშეყრის ადგილი. ამბობდნენ მაიაკოვსკიც გულწრფელად მოინანიაო... 86 წლის ლილი ბრიკი 1978 წელის 4 აგვისტოს, პერედელკინოში გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე ოთახში დაეცა და ბარძაყის ყელი მოიტეხა, რის გამოც ადგომა აღარ შეეძლო. ასეთ არსებობას კი ვერ შეეგუა და ტრანკვილიზატორების სასიკვდილო დოზა მიიღო. ამბობენ რომ, ზუსტად ის წამალი დალია, რაც მერლინ მონრომ. გარდაცვლილს კისერზე ეკიდა ძეწკვი, ძეწკვზე მაიაკოვსკის ნაჩუქარი ბეჭედი ინიციალებით: "Л. Ю. Б" (ლილია იურიევნა ბრიკი). "ЛЮБ..." ეს ხომ სიყვარულსაც ნიშნავს! მაიაკოვსკი არასოდეს დაწერდა რაიმეს, რასაც მინიმუმ ორი მნიშვნელობა მაინც არ ექნებოდა! ლილია ბრიკის საფლავი არ არსებობს. ანდერძის თანახმად მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, ხოლო ფერფლი ველზე გაფანტეს.
საბჭოთა კრიტიკამ მაიაკოვსკისგან მისთვის საჭირო პოეტის ხატი შექმნა, თუმცა მაიაკოვსკი გაცილებით მეტია, ვიდრე საბჭოეთის მეხოტბე! ის მსოფლიო დონის გენიოსია. პროტესტი, რომელიც მაიაკოვსკის ნაწერებიდან მოქუხს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა. ეს არის პროტესტი ნებისმიერი ჩაგვრისა და დამცირების წინააღმდეგ და ყოვლად შეუძლებელია იგი რომელიმე კონკრეტული წყობილების ფარგლებში მოაქციო. ეს პროტესტი თანაბრად ეკუთვნის ყველას - ფარაონის მონებიდან დაწყებული, დღევანდელ დღეს უფლებააყრილი ადამიანებით დამთავრებული, ყველა დამცირებულ და შეურაცხყოფილ ფენას!
ნინო ქოქოსაძე
--------------------
http://www.youtube.com/watch?v=A1mGWSeQ6As
|