nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3703
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#29853812 · 22 Feb 2012, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნინო დარბაისელი
,,ქალია დილა, მიწა, - ქალი, საღამო, - ქალი...’’
(ეროტიკა მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში)
თანამედროვე ქართულ პოეზიაში კარგა ხნის დაწყებულია არააქტუალურად ქცეულ, ტრადიციულ პარადიგმათა რედუცირების პროცესი. სანაცვლოდ უფრო და უფრო მძლავრდება ტენდენცია ეროტიკისა და პორნო ნაკადების მოძალებისა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეროტიკა ლამის წარმმართველად იქცა, განსაკუთრებით ახალბედათა შემოქმედებაში, თუმცა ძველი თაობის არაერთმა ,,თანამედროვედყოფნის’’ მოყვარულმაც სცადა ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა. ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში საკუთრივ ეროტიკისადმი მიძღვნილი ნაშრომების რაოდენობა ერთობ მწირია. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა სამეცნიერო-კრიტიკული კუთხით აქამდე არ არის დაყენებული. თეიმურაზ დოიაშვილი მონოგრაფიაში, ,,ორნი ერთ ნავში’’, სხვა თემებთან ერთად, ვრცელ ადგილს უთმობს ეროტიზმის პრობლემათა პროფანაციას მერაბ ღაღანიძის სამეცნიერო ნაშრომში, ხოლო მის მეორე მონოგრაფიაში ,, ანდერძი ტარიელისა’’ ერთი ავტორის - ტარიელ ჭანტურიას მაგალითზე მოცემულია ეროტიზმის გამოსახვის მისეული მეთოდის კრიტიკული ანალიზი. ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თეიმურაზ დოიაშვილისავე ნაწილობრივ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში ,,ჰერმეტული პოეტის პორტრეტი ინტერიერში’’, ამჯერად ერთი ავტორის - გივი ალხაზიშვილის შემოქმედების მაგალითზე. ზოგადად, ეროტიკასთან დაკავშირებული ქართული ლიტერატურული ტრადიციის შესწავლის პრობლემა, ლიტმცოდნეობითი კუთხით, დაყენებულია ქეთევან ელაშვილის სპეციალურ წერილში, ,,ეროტიზმის დიაპაზონი ქართულ სიტყვაში’’, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორი, არაერთი საყურადღებო მოსაზრების მიუხედავად, არ გვთავაზობს მთავარს - ტერმინ ,,ეროტიკის’’ მისთვის მისაღებ დეფინიციას და ამის გამო გაურკვეველი რჩება, რა მიზეზით ტოვებს თვალსაწიერს მიღმა მეოცე საუკუნის არაერთ მნიშვნელოვან ავტორს (მაგ. გრ. რობაქიძეს და კ. გამსახურდიას). იფარგლება რა ქართული მწერლობის ერთი წარმომადგენლის - მიხეილ ჯავახიშვილის დასახელებით, იგი წერს: ,,საუკუნოვ ანი ტაბუირება ეროტიული თემატიკისა, რაღა თქმა უნდა, დაემჩნა ჩვენს მწერლობასაც, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის გარდა, ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე ფაქტობრივად ვერავინ გაბედა შეხებოდა ამ ერთობ სარისკო საკითხს’’. პრობლემა ეროტიზმისა, დაყენებული ლიტმცოდნეობითი კუთხით, წამოჭრის კითხვათა წყებას: რა ადგილი და როლი ენიჭებოდა ტრადიციულად ეროტიზმს ქართულ პოეტურ რეცეფციაში, მოყოლებული ძველი მწერლობიდან დღემდე, როგორი იყო მისი ესთეტიკური თავისებურებანი, განვითარების დინამიკა, გამოსახვის ფორმები და საშუალებანი, რა მიმართებაშია ნოვაციები ამ ტრადიციასთან და ა.შ. ამ კითხვებზე საპასუხოდ კი საჭიროა ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის კონკრეტული ნიმუშების შესწავლა. წინასწარი ზოგადი დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ ქართულ ლიტერატურულ პოეზიას ახასიათებს ეროტიკული თემებისა და მოტივების მინიშნებითი, სიმბოლურ-ალეგორიული გამოსახვა; მისი მაგისტრალური დინებისთვის უცხოა არავუალირებული ეროტიკა თვით იმგვარი ინტერკურსული მომენტებისა და სცენების გადმოცემისასაც კი, როგორიც მოცემულია დავით გურამიშვილის პოემაში ,,მხიარული ზაფხული’’ (იგულისხმება ქაცვიას ჩასახვის ეპიზოდი) და ალ. ჭავჭავაძის ,,გუთნისდედაში’’. ამასთანავე, არსებობს სატირულ-იუმორისტული _ მარგინალური ხაზი, რომელიც ლიტერატურულ სათავეს გაცილებით ადრე იღებს, მეცხრამეტე საუკუნიდან კი ძლიერდება და მეტნაკლებად ღია ფრივოლურობით ხასიათდება. ძალზე მოკლედ გავიხსენოთ ცნება ,,ეროტიკის’’ ეტიმოლოგია და ტრადიციული მნიშვნელობა. სიტყვა ეროტიკა მომდინარეობს სიყვარულის ღმერთის - ეროსის//ეროტის სახელიდან. ძველი ბერძნები სიყვარულის მრავალ სახეობას ცნობდნენ, (აგაპე, სტროგე, ეროსი, ლუდუსი და ა. შ.). ამ სახეობებისაგან ეროსს განასხვავებდა ის, რომ იგი ვნებას ეფუძნებოდა, პლატონური ტრადიციით კი მიიჩნეოდა განსხეულებული ტრანსცენდენტური მშვენიერებისადმი სიყვარულად. რა განასხვავებს ეროტიკასა და პორნოგრაფიას? ამასთან დაკავშირებით ერთ სინონიმთა თამაშზე აგებულ, მოარულ გამონათქვამს გავიხსენებ: ეროტიკაა, როცა ქალი არის შიშველი. პორნოა - როცა ქალი ტიტველია.
*** მუხრან მაჭავარიანის პოეტური სამყაროს ღირებულებით იერარქიას სათავეში სამშობლო - საქართველო უდგას. მის ჩრდილქვეშ მოქცეული სიყვარული, მით უმეტეს, ეროტიკულად შეფერილი, მკრთალადაც გამოიყურება, მაგრამ თუ ზერელე სტატისტიკას მოვიშველიებთ, პოეტს ამ თემაზე შექმნილი ან ეროტიკული შეფერილობის ნაწარმოებთა არცთუ მცირე რაოდენობა - ოთხმოცდაათამდე ლექსი აქვს. 1999 წელს გამოცემულ კრებულში ,ყოველი ტოტი და ტოტისტოტი’’ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებულიდან თითქმის ნახევარი - ორმოცდაათამდე რჩეული ასეთი ლექსი შეუტანია. რაკი ეს საკითხის გაშუქების პირველი ცდაა, ჩვენს საუბარს მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე ძირითადად მიმოხილვით-დესკრიფციული ხასიათი ექნება, ცალკეული ანალიტიკური აქცენტებით. იმის გასააზრებლად, თუ სიყვარულის რა სახეობის აპოლოგეტია პოეტი, ანუ რა კონტექსტში თავსდება ჩვენთვის საინტერესო თემა, გავიხსენოთ მისი ადრეული ლექსი:
ქალია დილა. მიწა, - ქალი, საღამო, - ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე, ჩემზე უკეთ, ადიდებს დილას, ასე მგონია: მე რო მიყვარს, მართმევენ იმ ქალს.(1952)
სამყაროული მშვენიერების, როგორც ფემინური საწყისის გამოვლინების გააზრება ბოლომდე გაჰყვება მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რაც შეეხება კონკრეტულად ქალისადმი დამოკიდებულებას, ამგვარია:
შენი სიცოცხლე, ნაბიჯი შენი მე შემაყვარა შენმა სარკმელმა, მე მიხარია, რომ შენ არსებობ, ვისი ხარ, ეს რა ჩემი საქმეა.
შენით თენდება, შენით ღამდება. შენი ვარ. შენთან მინდა ხელახლა! შენა ხარ, რაც მე გამეხარდება! რაც მეწყნება, ისიც შენა ხარ! (1951)
მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში ქალის, როგორც მშვენიერების მიწიერი გამოვლინებისადმი პიეტეტის ტიპიური ნიმუშია ლექსი ,,თბილისი-ფასანაური’’:
შენ არც კი იცი, ვარ შენდამი რა გრძნობით სავსე: გამოიხატვის ორი სიტყვით ეს გრძნობა ასე: მხოლოდ იმიტომ გამოგყევი ამხელა გზაზე, რომ შენთვის ხელი გადამესვა გაყრისას თავზე (1972)
(ამავე ხასიათისაა ლექსები: ,,უნდა იცოდე’’(1951), ,,ქალიშვილი, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა“(1952), ,,აღმოსავლეთის ტატნობი“( 1953), ,, ხარ ბედნიერი, ხარ უკვდავი’’(1954), ,,მე გამოვდივარ, დღის ბოლოა’’(1955), ,, ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე’’(1957), ,, ქალი?! მიყვარს, მიყვარს ქალი!’ (1958) მუხრან მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკა გენეტიკურ კავშირშია სიყვარულისა და ეროტიზმის რუსთველურ გაგებასთან - ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა“ - იმ ძირითადი განსხვავებით, რომ გამოცლილი აქვს იდეალისტური საფუძველი.
*** ეროტიკული შეფერილობის სცენები მ. მაჭავარიანის პოეზიაში დასაწყისიდანვე შემოდის და თან მოიყოლებს იმ ელეგანტურობასა და ამაღლებულობას, რაც შემდგომში ძირითადი მახასიათებელი გახდება ამ ტიპის ლექსებისათვის:
თავადმა ცხენიდან ქალს თვალი მოლანდა, ჩამოხტა, ხეს მიაბა ცხენი. მას კოცნა სწყუროდა და მანდილოსანმაც წყალივით მიაწოდა ხელი. (,,პუშკინი ტფილისში“ 1949)
მ. მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკაში ეროტიკული მოტივი ძირითადად ერთი ან ორიოდე შტრიხით, სინტაგმით ფიქსირდება და ეს ქმნის ეროტიკულ პლანს, რომელიც ტექსტში, სხვამხრივ, ღიად ექსპლიცირებული არ იქნებოდა:
*** ნაცნობ ყვავილებს დაეძებენ პეპლები მინდვრად. გაზაფხულია. ქუჩაში გეძებ. და... მინდა, მინდა, მინდა, მთელი სხეულით მინდა, - შემხვდე! გამექცე! (1951)
აქ ეროტიული პლანის შემქმნელია ერთადერთი სინტაგმაა - ,,მთელი სხეულით’’. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ სიტყვას ,, სხეული’’ შევცვლით სიტყვით ,,არსება“ . შედეგად ტექსტის ეროტიკული ინტენცია, კონცეფცია და სურათი სრულიად შეიცვლება.
*** ბუნების ღია სივრცეში მოქცეული, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემისას მ. მაჭავარიანისთვის დამახასიათებელია ჯანსაღი, რენესანსული ვიტალიზმი. ამ ვიტალურ ეროტიკულ სცენათა დიტანციური ჭვრეტისას ლირიკულ სუბიექტსა და სცენის მონაწილეთა შორის უფაქიზესი გრძნობადი ხაზები იბმება, როგორც ლექსში ,,რვა ქალიშვილი“:
გალაღებულნი დედამიწით, წვიმით, ჰაერით... უკაცრაული პასუხია: ატეხილები... ხელების ქნევით, ნაკადულის გიჟმაჟ სიცილით შემომეყარა შარაგზაზე რვა ქალიშვილი.
და მკერდში უცებ გალხვა გული, გალხვა და ტანში მიმომეფანტა ტფილ, მხიარულ ნაკადულებად.
გარიჟრაჟია ეს წკრიალა სიცილი მათი. მოთამაშობენ შარაგზაზე ქალიშვილები. ყანაში თოხებს აჩერებენ ბრგე ტანის ვაჟნი, მიჰქრის ყანისკენ შარაგზიდან სიო ხალისის.(1952)
ამგვარივე ნიმუშია ლექსი ,,ტანით გრძნობენ’’:
კაცობრიობას თავისობას რაც უფიქრია, (გულაღმა როცა წოლილა მაშინ)- თოვლის ფიფქებად ის ფიქრები ეშვება ციდან, - უჩქამოდ, - როგორც,- თავის დროზე - ასულან ცაში...
და . – ახლა, - გუნდებს აკეთებენ ბიჭები მისგან, - და ტანით გრძნობენ გოგონები ბიჭების ფიქრებს. (1965)
თუ როგორია უჩვეულო, კამერულ, ყოფით-ეროტიკულ სიტუაციაში მოქცეული ლირიკული სუბიექტის ხედვა და განცდები მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში, წარმოდგენას გვიქმნის 1965 წელს შექმნილ ლექსთა წყება:
ჰხურს და ჩახჩახებს მზესავით ჯაზი. ტოროლასავით დამისკუპდა დილა მაჯაზე.
და ვიღიმები, ვიგინები და ვიმუქრები. ძუძუებივით ანათებენ თეთრი მუხლები.
ეროტიკული სიგნალი - მოკლე კაბა, რომლიდანაც მუხლები მოსჩანს, გადადის ლექსიდან ლექსში:
ძალიან მოკლე აცვია კაბა. მესაუბრება. ხალხია ირგვლივ. ვუსმენ. ვუღიმი. გამექცა ფიქრი საუბრის იქით ფიქრი როა - იმ ფიქრის იქით.
ამის შემდგომ ლირიკული სუბიექტი მზერას არიდებს ქალს და სხვა, თითქოს განყენებულ ობიექტზე ფიქსირდება:
დგას მაგიდაზე შავი ლუდი - მაღალი ჭიქით.
მაგრამ თუ ფინალისთვის შერჩეულ ამ კადრს ფსიქოანალიტიკური თვალთახედვით მიუდგება მკითხველი, თან ყურადღებას მიაქცევს მჭიდრო ევფონიურ კავშირს სიტყვებს შორის: ლუდი - ლედი (ამ პოეტურ სიტუაციიაში მონაწილე მეორე პერსონაჟის - ქალის სინონიმი, აღმატებულობის ნიშნით) სავარაუდოდ, დეკოდირების ასეთი პერსპექტივა გამოჩნდება - ლირიკული სუბიექტისგან ერთი ხელის გაწვდენაზე დგას სასურველი ქალი, რომლისადმი წყურვილსაც იგი სოციალური პირობითობის ძალით თოკავს. ამავე წყებას მიეკუთვნება ლექსები: ,,და ისევ ღამეს ხვრეპენ ფინჯნებით,“, ,,ირგვლივ ბევრია სხეული უცხო’’ და სხვ. ლირიკული სუბიექტის დეცენტრაციის პირობებში, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემა მ. მაჭავარიანის ლექსებში დისტანცირებული, პაროდიული ხედვით ხდება:
კარგია, კაცი აივანზე ნებივრად იჯდე და გაჰყურებდე: მზე ქუჩაში იღვრება როგორ. ხედავდე ბიჭებს (თუ ქალი ხარ), ახოვან ბიჭებს, ხედავდე გოგოს (თუ კაცი ხარ), ხორციან გოგოს! (,, აივანზეა მეუღლითურთ პანტელეიმონ’’ 1954)
ამგვარსავე ვითარებას გვიჩვენებს კლდიაშვილისეული სევდიანი იუმორით გაჯერებული სტრიქონები სხვა, უსათაურო ლექსიდან: *** სახლ-კარი აზნოურშვილის, - ახლა კანტორა კოლხოზის, სიმინდებიდან გამოსვლა ათქვირებული გოგოსი. მწვანე ყანაში, ქა-იქ - შეღვრილი ყანა ოქროსი. სოფელში კინოს მოტანა და კლუბთან ხალხის ხორხოცი. (1959)
დისტანციური ხედვით არის გადმოცემული ზნეობისაგან თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობის (მ.მაჭავარიანის მიხედვით, სიძვის, მეძაობის) თემაც:
შუაღამისას, - საათი რომ დარეკავს თორმეტს: ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე; სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის და სიგარეტი საფერფლეზე თავისით იწვის.
შუაღამისას, ქუჩა როცა შავად კრიალებს, ვითომ ტრამვაის უცდის როცა დიაცი რუსის... ქუჩაში, როცა უხმაუროდ გაისრიალებს უკანასკნელი ტროლეიბუსი. (,,შუაღამისას’’ -1959)
ბოლო წლების პოეზიაში, ფრივოლურად შეფერილი ეროტიკული სურათების დისტანციური ხედვით გამოსახვისას, მუხრან მაჭავარიანის მანერა გაცილებით მკვეთრი ირონიულ-პაროდიული მონასმებით ხასიათდება:
დანაყრებული იფშვნეტს ბუზი ფეხებს უკანას. ხაშლამისაში ოხშივარში ყვინთავს დუქანი. კბეჩენ თვალებით მოახლისას ლოთნი უკანალს.(,,დუქანში“’ (1995):
მაგრამ ლექსების მნიშვნელოვან ნაწილში, როგორც წესი, კვლავ შენარჩუნებულია ხერხი - მსუბუქი პუანტი - მზერის არიდება სწორედ იმ მომენტში, როცა პოეტური სიტუაცია, სცენა თითქოს მზადაა, უხამსობაში გადაიზარდოს :
წამოდღლარძულა ბანოვანი სილაზე ცხელზე. თოლია თვალით, ციდან ზღვაში საკბილოს ეძებს. იჭერენ ჭრელი ეროვნების ბიჭები თევზებს. მზე ზღვაში ჩადის, ჩანს, ხმელეთი მოიალერსა.(1995)
ასეთია სიძვა-მეძაობასთან დაკავშირებულ ლექსთა ძირითადი ფონი, რომელზეც გამოიკვეთება სახე ხანშიშესული ქალისა. ამ ქალისადმი პოეტის ადამიანური თანალმობაც აშკარად საცნაურია:
დამინაოჭა კაეშანმა უეცრად შუბლი,- კახეთის გზაზე ,,ვოლგით“ ,, ვოლგას’’ რომ გავუქროლეთ; მძიმეა ერთობ, - ქალი როცა ბერდება ტურფა!- მეძავი თუა,- მაშინ უფრორე! (1972)
*** მუხრან მაჭავარიანის პოეტური სტილი თითქმის უარს ამბობს მეტაფორულობასა და მეტონიმიურობაზე. იგი ძირითადად ეპითეტსა და შედარებას სჯერდება. ამას ორგანულად ერთვის არქაიზმები, დიალექტიზმები და ქართული ენის ბუნებრივი კანონების სიღრმისეული ცოდნით შექმნილი ნეოლოგიზმები, ზეპირმეტყველებითი - ყოფით-სასაუბრო თუ ზეაწეული რიტორიკული ფრაზეოლოგია. რეალური სათქმელის, კონტექსტის ვუალირებისათვის, რაც საბჭოურ პერიოდში მისი მკვეთრი ჟღერადობის ქართული პატრიოტული ლირიკის დამკვიდრებისთვის იყო საჭირო, იგი არცთუ იშვიათად მოიხმობს სათაურის პოეტიკას, ყოველივე ამის შერწყმით კი იქმნება მისი გამორჩეული პოეტური ინტონაცია. ცნობილია ერთი ტენდენცია: პოეტები, ვისთვისაც ეროტიკა არ არის წამყვანი თემა ან მოტივი, მისი დამუშავებისას ცვლიან ხოლმე ჩვეული პოეტური დისკურსის ხასიათს. ამ მხრივ მ. მაჭავარიანი თავისი გამორჩეული პოეტური სტილის ერთგული რჩება. თუმცა მაინც შეიძლება საუბარი რამდენიმე თავისებურებაზე. მისი სატრფიალო-ეროტიკული ლირიკისათვის ნიშნეულია ტაქტილურ და სენსორულ პლანთა გამოვლენა ერთი სინტაგმით, მაქსიმუმ, ერთი ფრაზით. ეროტიკულ - ფრივოლურად შეფერილ ლექსთა შორის, ფორმის მხრივ, საყურადღებოა ,,თანამეინახე დიაცისადმი გაგზავნილი ბარათი’’
ქალი,- შენსავით აღმძვრელი მადის, - არ შემხვედრია დღემდე... შუახნის კაცის მოისხი მადლი!- მენდე! (1971)
ეს მცირე, ლაპიდარული ტექსტი ინტონაციისა და ზმნის დროთა თამაშზეა აგებული. ზმნების ,,მენდე‘’ და ,,მოისხი’’ ფორმათა წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, ლირიკული სუბიექტის ინტენცია ინტერპრეტირებული იქნეს ორგვარად: როგორც რეზიუმირება წარსულში მომხდარისა, ან როგორც პერსპექტივა თუ სამომავლო შეთავაზება. ლექსში ,,პანაშვიდი’’ ერთი ელეგანტური მონასმით იქმნება თავისებურად ოქსიუმორონული სიტუაცია - მწუხარებაში მსუბუქად გამომჭვირვალი ეროტიზმი:
მდუმარებაა. ეშხსა ჰმატებს პირქუშ პანაშვიდს ქვრივი კაბაში, - შავში, - მაგრამ... სიფრიფანაში. (1992)
ლექსში ,,ელიზავეტა გიორგევნა’’ ეროტიკული მოტივი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროტიკული ლექსის - ,, საყურის’’ ალუზიით შემოდის:
ვიღაც მხატვრისას აკვირდება კედელზე სურათს. ხედავს: გრძელწვერა მალაკნებსა და დუხაბორებს... ეთამაშება აჩრდილს თვისას ოქროს საყურე. დიაცი - ფიქრიანი პაპიროსს აბოლებს. (1959)
ერთი დეტალიც: ქალის მიერ თუთუნის ბოლება, როგორც ეროტიკული სიგნალი, ცნობილია ქართული პოეზიისთვის, გავიხსენოთ ი. გრიშაშვილის ,,გლარჯის მილი’’. არ არის გამორიცხული, რომ ეს დეტალი მისი ალუზიაც იყოს. იუმორით აღბეჭდილი ეროტიული სიტუაციების გადმოცემისას მ. მაჭავარიანი მიმართავს სიტყვათა მნიშვნელობებით და სიტუაციით კომბინირებულ თამაშსაც:
წარმომადგენლები თეთრი სხეულების - მოკლე კაბებიდან გამოქცეულები - უხმოდ მიყურებენ მუხლები სკამებიდან.
საგნისთვის არადამახასიათებელი ნიშნის, თვისების აპრიორულად მიწერა და შემდგომ მისი გაუქმება ,,უხმოდ მიყურებენ მუხლები“, სიტყვის ოდნავი დერივაციის წყალობით შექმნილი ბისემანტურობის ეფექტი (წარმომადგენელი - წარმომდგენი, მაჩვენებელი), ოფიციალური და ინტიმური პლანების - შეუთავსებლის პირობითი, იუმორისტული შეთავსება, ის ხერხებია, რომელსაც პოეტი ასეთ შემთხვევებში მიმართავს. ხოლო რითმათა რესემანტიზაციაზე, ეკვივოკურობაზე და ა.შ დაფუძნებული თამაშები, რომელიც ლიტერატურულ სათავეს ძირითადად აკაკის შემოქმედებიდან იღებს და ძალზე გავრცელებულია თანამედროვე ეროტიკულ კონვენციურ ლექსშიც, მუხრან მაჭავარიანის - არაერთი ოკაზიონური, უნიკალური რითმის ავტორის - ეროტიკულ ლექსებში პრაქტიკულად არ გვხვდება.
*** მ. მაჭავარიანისთვის, როგორც მისი ბეჭდურად გამოქვეყნებული პოეზიის ნიმუშები გვიჩვენებს, ეროტიკის გამოსახვისას არ არის ნიშნეული ჭარბი ფრივოლურობა. ამ გარემოების გათვალსწინებით, ერთ დამაფიქრებელ ფაქტზე მინდა შევაჩერო ყურადღება. თვალნათლივია, რომ ქართულ საზოგადოებაში მომძლავრებული ეროვნული ნიჰილიზმის გამო პატრიოტულმა თემატიკამ ტრადიციული აქტუალობა დაკარგა. შესაბამისად, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტული ლირიკაც დღესდღეობით ვერ არის ჯეროვნად პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ინტერნეტ-მკითხველებში მაინც. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, სანაცვლოდ, უაღრესად პოპულარულია ერთი ლექსი, რომელიც მუხრან მაჭავარიანის სახელით ფართოდ არის გავრცელებული ინტერნეტით - ,,თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ’’. ინტერნეტის ერთ-ერთი საძიებო სისტემის ,,გუგლის’’ მონაცემებით, ლექსი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება, დაახლოებით რვაასჯერ არის ,,ციტირებული“ და ზოგ კერძო ბლოგსა თუ ლიტერატურულ და არალიტერატურულ საიტებზე მკითხველთა ამ ტიპის, აღფრთოვანებული მინაწერებიც ახლავს: ,,მუხრანი - ადამიანი მითი, ადამიანი - ლეგენდა“, ან ,,ქართული ეროტიკის მეფე მუხრანი!“. (დავაზუსტებ. შემთხვევათა მცირე ნაწილში ეს ლექსი უავტოროდაც დევს, ერთი-ორგან კი მ. ლებანიძესაც მიეწერება):
თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ, თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია, თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას, სხვა უკეთესი რა გიგემია ?! თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი, თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია, თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ, სხვა უკეთესი რა გიგემია?! თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად, თუ ჭირში სული არ გაგძვრენია, ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ, სხვა უკეთესი რა გიგემია?!... და ა.შ. მდარე შინაარსობრივი მხარე, ყოფითი და ფსევდოპოეტური მეტყველების კლიშეები, მოუქნელ ფრაზებით სავსე სტრიქონები, შეკოწიწებული რეფრენით და ,,გაწყობილი“ პრიმიტიული რითმებით (გიკბენია/გიგემია/ გაგძვრენია)... ღრმა შედარებითი ანალიზი არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ტექსტი არ შეიძლება ეკუთვნოდეს მუხრან მაჭავარიანს. საკმარისია გავიხსენოთ მისი სტრიქონები, სადაც ქალის მკერდი ოდენ ეროტიკული სიგნალია:
ძუძუებივით ზვინებს მზეზე აფიცხებს კალო; ჭახჭახებს შაშვი, ტირიფებში ჩუხჩუხებს წყარო. (1954) აქ ერთ მხარეს მდარე ფაბრიკაციაა, მეორე მხარეს კი თავშეკავებულად გამოსახული ეროტიკული მოტივი. ქართველი მკითხველი ახალთაობის ინტერესის დაქვეითება პატრიოტული ლირიკისადმი მაინც დროებითი მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. შორს არ არის დრო, როდესაც მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება ახალი მკითხველის წინაშე წარსდგება არა მიწერილი ფსევდო-ღირსებით, არამედ მთელი თავისი მაღალი ესთეტიკური ღირებულებით.
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|