იყავით დღეს ვინმე?
ეს როგორც მოვახერხე

– აჰა, მიიღე, ჩემო ბავშვობავ,
გიგზავნი ამ ცხელი რძის ყლუპებს!
სხვითი რითი გადაგიხადო,
(მე შენ გეტყვი და, მოგწვდები და,
შეგიმშრალებ ცრემლიან უპეს)
ჩემო ერთადერთფოტოიანო,
თაფლიანო, კარაქიანო,
(ან ყინულებში გამლხვალ რუზე გადაგასკუპებ),
კომშის, მაყვლის, შინდის,
კაკლის მურაბიანო,
ეჭვიანო, ფრთხილო, მზიანო,
ფეხშიშველაო...
ნუ გეშინია,
გარყვნასა და ბებერ ტვინს მე არ ვმორჩილდები,
ისევ მას ვმონებ,
რასაც შენში ღმერთი მმონებდა
(გაზრდამ ნეტავ რა გვიშველაო),
ცხელ რძესა ვსვამ, ყლუპ-ყლუპებით, ამ წუთებშიაც,
მაყვლის მურაბით,
კარაქიან თონის პურითა,
წესს გიყენებ შენ, ამგვარად,
ჩემის ჭკვა-ფიქრით,
სამხვეწროს გწირავ,
ვით წინაპარს და გმირ მოყმესა
(ბებოჩვენი რომ ხატის ყორეს ჩოქვით უვლიდა)...
ჩემო გუდავ ტყუილებისა, მსახიობო შარა-გზისაო,
გაქცეულო, მობრუნებულო,
შენზე დამტვრეულ ჯოხებს ახლა დაფნებად ვიმკი
და სულ ვცდილობ, უტყუილო წიგნად განვავრცო,
მზით გამშრალო, ქარით ნავარცხნო,
დედის მეხრევ, მოტრიალევ დღედაღამე
სახლის დარაჯად,
ოხერო ბიჭო, ვის დასტყუე
ჯარისკაცის გრძელი ფარაჯა,
ბესო-ბესიკ-ბესარიონო!
მკვდარს სამარეში იგულებენ,
ბავშვობას კი მოგონებებში,
შენ სადა ხარ, სად გინახულო,
შენც მკვდარი ხარ დედაჩემივით –
ერთად ხართ და კალთას უზიხარ,
თუ სადმე ჩემს გულში, ტვინში,
ანდა უჯრედში
ანთიხარ და მემეგზურები?
ვეჭვ, რადგან ერთი თმის ღერითაც
კი არა მგავხარ.
ჩემო ჭკვიანო,
მზის ამომსვენ-ჩამსვენებელო,
ჩემო ამბა-ბესარიონო,
ნუ მიყურებ ეგრე თვალებჩაციებული –
რომ არ უნდა შეგარცხვინო,
რომ მაგრა ვიყო,
შავო, შავო, თეთრ-მარცვალა
კბილებითა სახემცინარო!
ხიჭვთა, ეკალთა უშიშარო,
კოჭ-ლამაზო, ტერფ-აზრიანო,
უბნის გამრიგევ,
არა ჩქარო, არა გვიანო,
ლაზღანდარაო...
სადმე რომ შეგხვდე, ღმერთო, როგორ გავიყინები!
ჩემო ჩვილო და მაგარო,
ასსახიანო,
ავანტიურა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ,
ცხოვრება აღმოჩნდა.