CHUKHTIASHVILI
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 129530
რეგისტრ.: 2-April 11
|
#30279548 · 19 Mar 2012, 05:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეუდარებელია ფოცხიშვილი. ჩემი საყვარელი პოეტი... * * * ქ ა რ ა გ მ ა
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს, როგორც დილეგს და ფილტვებს აივსებს აისით, - აისის კვალდაკვალ ივლის და ირბენს თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს, სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს ვერცხლისწყლის წვეთებად ეფანტება ჩემი ფიქრები, - ისევ ველოდები უებარ წამლებს და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი, ლილისფერდება მცხეთის მინდვრები... შენ, სულო ჩემო, წიწილასავით მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
- თენდება! - ჩხრიალებს იმედის ღელე და თავქვე მიდენის ბატებივით ფარფატა ნისლებს, მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს, რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას, ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ ქარაგმებს, ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს. * * * ფ ო რ ტ ე
სხეულში სული აყვირდა უცებ, ქუჩაში გული ითხოვდა შველას, მაგრამ არავინ ფიქრობდა გულზე, თავის ტრამვაის ელოდა ყველა.
ჰგავდნენ რელსები დაწყვეტილ ლარებს, დუმილს კბილებით ეჭირა სითბო, - ვალიდოლივით ქათქათა მთვარე იყო ახლო და შორს იყო თითქოს. * * * ნაადრევი გაზაფხული
წუხელ არ იქნა, არ დამეძინა, - მეგონა, ვიღაც შინ შემოსვლას ითხოვდა ჩემგან. როცა გათენდა, ალუბლის ხე ყვაოდა ბაღში. * * * ვინ გაიმარჯვებს, რა სათქმელია
ბრძენთა და ბრიყვთა გასაგონად ვთქვი რაც მითქვია, რომ სიბრძნე, ისე ვით სიბრიყვე ხშირად ტვირთია!
ბრძენთა და ბრიყვთა გასაგონად ვამბობ, რაც ხდება, - ყველა მარცხდება, საბოლოოდ ყველა მარცხდება! * * * პ ა ლ ა ტ ა #13
ის შემოვიდა მორიდებით და მოკრძალებით, - თვალები ჰქონდა ახვეული, მხოლოდ თვალები...
სუნი სცემდა და მგრძნობიარე თითები ჰქონდა, - მშიერი იყო, ჩვენ გვეგონა, რაღაცას გვთხოვდა.
იყო მოყვასი, გულგრილობას როდი იჩენდა ვიცოდით, ერთ-ერთს უსათუოდ ამოგვირჩევდა, - მას ახვეული ჰქონდა თვალები. * * * არ დაგავიწყდეს
მორის, შენ სიცოცხლე გაბრუებდა, ტკბილად მოგებანგა დარდი,- არ დაგავიწყდეს უკან გაბრუნება, მოხვედი? "დატკბი" და წადი!
შენი გზა შენ უნდა გაიარო, წინ უნდა გიძღოდეს მადლი, - რაც იყო ეს იყო, უნდა აიბარგო, დასტოვე შუქი და წადი! * * * მოასწრებ კიდევ
სთქვი, რაც უნდა სთქვა, სული გიდგას სხეულში ვიდრე, - ერთ ამღერებას მოასწრებ კიდევ!
მიდი, სიმართლე სახეში სთხლიშე მას ვინც სიმართლეს ლურსმანზე ჰკიდებს, ერთ გაგიჟებას მოასწრებ კიდევ!
ფუ, იმ სიცოცხლეს, ვიღაც ოხერი სიკვდილის ცელით რომ უნდა მკიდეს, - სთქვი და იქ წასვლას მოასწრებ კიდევ! * * * * * *
სიკვდილ-სიცოცხლის საზარელ ომში მიკვირს, ამ ქვეყნად მავან-მავანნი სიძულვილისთვის რომ იცლიან და ვით ველურნი ერთმანეთს ჭამენ... სიკვდილ-სიცოცხლის საშინელ და საზარელ ომში. * * * დაულაგებელი რვეულები
გატყობ, თანდათან გადადექ გზიდან, საწერ მაგიდასთან არხეინად ეწყობი, მორის,- დალაგებული ცხოვრება გინდა დაულაგებელ რვეულებს შორის.
თიშავ ტელეფონს, - არა ხარ სახლში, და გრეხ თოკივით სიყრმის გზნებით დამტვერილ ბწკარებს და ეძებ მიზეზს რომ შინიდან შურდულივით გავარდე გარეთ...
მაგრამ ვაი რომ მიზეზს უკვე ვეღარ პოულობ. * * * ჭიქა საუბარი
ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის, უბრალო ნდობა, - და მაინც შევხვდით... სისულელე ყოფილა მტრობა!
სულ ერთი ჭიქა საუბარი კმაროდა გზნებით, რომ ერთმანეთში გვეპოვა ძმები.
დრო დროს ედავა, ცა გაეხსნა სასურველ სურვილს. მაინც ერთად ვართ, - სისულელე ყოფილა შურიც!
რაც იყო, იყო, გასულია ეპოქა მგლური, - უნდა იპოვოს გონებამ გული!
ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის, უბრალო ნდობა. * * * * * *
ვიდრე გონება ანგარიშობს, ჭვრეტს, საზღვრავს, იკვლევს, ვიდრე გონება უზღუდველად ზეიმობს თუნდაც... მოასწარ, გულო, შენ ახლავე აყვირდე უნდა!!! * * * იმედს არ ჰკარგავს ადამიანი
იმედს არ ჰკარგავს ადამიანი, - საპირისპიროდ სიძულვილისა სიყვარული გამოიგონა. საპირისპიროდ სევდა-დარდისა სიხარული გამოიგონა. საპირისპიროდ შეცოდებისა, - სინანული, საპირისპიროდ წყევლა-კრულვისა, - ლოცვა-გალობა, ღვარძლის მაგიერ - მადლი, წყალობა. საპირისპიროდ სიკვდილისა უკვდავება გამოიგონა. იმედს არ ჰკარგავს ადამიანი.
|