გამარჯობა ყველას! (თ-ს გარეშე, მერე რომ აღარ გამომედაოთ (ესეც ვ-ს გარეშე)...
პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ძალიან დავიკარგე, მეორე ბოდიშს რომ მოგიხდით, მერე მიხვდებით, რატომ...
მეორე ბოდიში იმისათვის (ემფატიკური ”ა” საჭიროა), რომ არასწორად ვიხმარე ”ჰგვანან” წინადადებაში. არა, თავისთავად ფორმა სწორია (არავითარი ”გავნან” ან ”გვანან”), როცა სულიერ საგნებთან გვაქვს საქმე. თუ ჩემი არ გჯერათ, ჩაიხედეთ ”ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში” (ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი, 1968, გვ. 1000), სწორი იქნებოდა ”ჰგავს ერთმანეთს”. მართალი ხართ, ბატონო BlackRat! აქ აღარ მოვყვები ზმნის გვარის გარჩევას, სხვა თემა გავხსენი... მეპატიება ეს ლაფსუსი ღრმა პროვინციელს - გორიდან ვარ და, ალბათ, გასაგებია ასე სად დავიკარგე...
ახლა თემის შესახებ... სამწუხაროდ, პრაFესორი არ ვარ. არ წამიკითხავს რიჩარდ ჰოგარტის ნაშრომები (კიდევ ხმას ვიღებ?) და როგორც ჩემს ”ააააარქაულ” ახალგაზრდობაში მასწავლეს, ისე ვუბერავ. ვარ ერთი რიგითი მკითხველი (აი, ისეთი, მარკესს და ჟორჟი ამადუს რომ კიდევ იგებს, მაგრამ არ მოსწონს ეს პაულო კოელიო და...). ეს მკითხველი კიდევ ხელოვნებისაგან და, პირველ რიგში, მწერლობისგან მოითხოვს, რომ ამ უკანასკნელმა ინდივიდი (თუნდ მასის შემადგენელი ნაწილი იყოს) ცოტა უკეთესი გახადოს. ჯერ კიდევ არისტოტელე (ეუჰ, არქაულობა ახლა იკითხეთ!) ამბობდა, რომ ტრაგედიის გმირი მისაბაძი მაგალითი უნდა ყოფილიყო რიგითი მოკვდავისათვის. ახლა მიპასუხეთ, ჰოგარტის ”ფილაფოზიის” თქვენეული გადმოცემის მიხედვით თუნდაც, რასა და ინდივიდისთვის საჭირო რომელ საგანზე აკეთდებს ორიენტირს ჩვენი მწერლობის 90 % (არ ვლაპარაკობ მართლა ღირებულ ნაწარმოებებსა და ავტორებზე, რომლებიც, მადლობა ღმერთს, კიდევ არსებობენ)? რა სჭირდება დღევანდელ ინდივიდს?
შეხვალ ცნობილ საიტზე, გადაშლი ცნობილ ჟურნალს (ყვითელს არ ვგულისხმობ) და გგონია, მთელ ქვეყანას ფსიქოზი სჭირს... ანდა მართალი იყო ის საცოდავი ფროიდი, ყველას რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სტანჯავს და მოკვდი, თუ გინდა...
მე მიჭირს, შენ გიჭირს, მას უჭირს, ოღონდ მე შენი და მისი გასაჭირი ცალ ფეხზეც არ მკიდია. ტკივილი ჩემი გაცილებით დიდია და განუზომელი, ვიდრე შენი ან მისი, იმიტომ, რომ მას მე განვიცდი. ესაა თანამედროვე მწერლობის მოკლე ანოტაცია. იქნებ ვცდები? არ მითხრათ ახლა, მესამე პირში წერენო...
ამბობენ, რომ მძიმე და საშინელი პერიოდი გადავიტანეთ და ეს ყველაფერი ამის გამოძახილია... რომელი დიდი, თუნდაც საშუალო მწერალი ცხოვრობდა დაწყნარებულ ეპოქაში (ჰა და ჰა - შოთა რუსთველის გარდა).
ექსისტენციალიზმმა (ყველანაირი ”პოსტ” და ”ნეო”-ს ჩათვლით) თავისი დრო მოჭამა მაშინვე, როცა საწყალი ალბერი იმ ხეს შეასკდა, რომ არ უნდა შესკდომოდა. ეს ჩიხია, საიდანაც გამოღწევა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაინცადამაინც აქ უნდა გავიჭედოთ? ქართველები ვართ, ბოლოსდაბოლოს...
და კიდევ... დავუშვათ, მე ”ბულვარულ რომანებს ვკითხულობ”, მირჩიეთ, ბატონო, ღირებული და ცოცხალი! იქნებ გადამეწმინდოს თვალებზე გადაკრული ლიბრი...
მაპატიეთ, ბატონებო, ჩემი ტონი. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ გახსოვთ, რემარკის ”სამი მეგობრის” მესამეხარისხოვანი პერსონაჟი ვალენტინი, ომის შემდეგ სულ უხარია, ცოცხალი რომ გადარჩაო. ასე გაღიმებული დავდივარ მეც ჩემს დანგრეულ ქალაქში... მწერლობას კიდევ ეშველება რამე, აბა, სულ ასე ხომ არ იქნება...
* * *
nino877"ცისკარი" მეც მომენატრა, სეხნია! ოღონდ ფანჯიკიძე არ მომწონს, მაპატიე...