arvedui
The Last-king of Arthedain

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4211
წევრი No.: 67614
რეგისტრ.: 16-July 08
|
#13030345 · 20 Mar 2009, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რახან ტოლკინის სხვა ნაწარმოებებზე ჩამოვარდა სიტყვა, აგერ “ფერმერი ჯაილსის” ნაწყვეტი, სწორედ იქიდან გრძელდება, სადაც წინა ნაწყვეტი შეწყდა.
ვისაც წაკითხული არ გაქვთ ეს ნაწარმოები, გაერთობით.
ამ დღეებში ჯ. ქარჩხაძის “ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” წავიკითხე და რაღაცნაირად მივამგვანე ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არა შინაარობრივად ან სიუჟეტით, არამედ სტილისტურად. ორივე მსუბუქი საკითხავია, ირონიულადაა გადმოცემული ამბები და თითქოს თანამედროვეობის ქილიკიცაა.
“მომდევნო დღეს გაირკვა, რომ წინა ღამინდელ საგმირო საქმეზე მთელი სოფელი ყვებოდა. ფერმერი ჯაილსი მნიშვნელოვან პიროვნებად შერაცხეს. უკვე შუა კვირაში, ეს ამბავი ოცი მილის შემოგარენში მდებარე ყველა სოფელს მოედო და ფერმერი ჯაილსი ახლა მთელი მაზრის გმირად იქცა. პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან მოეწონა. ბაზრობა დღეს იმდენი ღვინო მიართვეს უფასოდ, რომ როგორც იტყვიან, ნავსაც კი თავისუფლად გააცურებდა შიგ. შინ ძველი საგმირო სიმღერების ღიღინით დაბრუნდა. ბოლოს მისმა ამბავმა მეფის ყურამდე მიაღწია. იმ ბედნიერ დღეებში კუნძულის შუა სამეფოს დედაქალაქი, ჰემიდან ოცი ლიგის დაშOორებით მდებარეობდა. როგორც წესი, სასახლის კარზე მიყრუებულ პროვინციებში მცხოვრები მდაბიოების ამბები ნაკლებად ანაღვლებთ ხოლმე, მაგრამ მავნე გოლიათის ასე სწრაფად გაძევება, ყურადღებისა და მცირედი თავაზიანობის ღირსად მაინც ჩათვალეს. ჰოდა, საჭირო დროის გასვლის შემდეგ, ანუ ზუსტად სამი თვის თავზე, წმ. მიქაელის ხსენების დღეს, მეფემ დიდებული წერილი გამოგზავნა. წერილი თეთრ პერამენტზე წითელი მელნით იყო დაწერილი და მეფურ ხოტბას ასხამდა “ჩვენ ერთგულსა და საყვარელ ქვეშევრდომ ეგიდიუს აჰენობარბუს იულიუს აგრიკოლა დე ჰემოს”. წერილი წითლად იყო ხელმოწერილი, ქვეშ კი სასახლის კარის მწერალს მიემატებინა:Ego Avgustus Bonifacius Ambrosius Aurelianus Antoninus Pius et Magnificius, dux rex, tyrannus, et Basileus Mediterranearum Partium, subscribo; ; და წითელი ბეჭედიც დაესვა. მოკლედ, წერილის უტყუარობა ყველანაირად იყო დამოწმებული. ჯაილსი წერილმა ძალიან ასიამოვნა, მეზობლებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაირკვა, რომ წერილის დასათვალიერებლად მისულებს, ფერმერი ბუხრის პირას მდგარ მაგიდასთან ეპატიჟებოდა და სასმელით უმასპინძლდებოდა. თუმცა ფერმერს სამეფო სიგელთან ერთად გამოგზავნილი საჩუქარი უფრო მოსწონდა. მეფემ სარტყლითა და გრძელი ხმლით დააჯილდოვა. სიმართლე ითქვას, მეფე იმ ხმალს მაინც არასდროს იყენებდა. წინაპრების დანატოვარი იყო და უხსოვარი დროიდან ეკიდა სამეფო საჭურველთსაცავის კედელზე. თვით მეფის საჭურველთმტვირთველმა არ იცოდა, როდის გაჩნდა ის იქ ან რა დანიშნულება ჰქონდა. სასახლის კარზე ასეთი უბრალო, მძიმე ხმლები უკვე მოდიდან იყო გადასული და მეფემაც ჩათვალა, ზუსტად რომ მდაბიოსთვის შესაფერისი ძღვენიაო. თუმცა ფერმერი ჯაილსი საჩუქარმა მაინც დიდად აღაფრთოვანა და ადგილობრივი მასშტაბით სახელი შორს გაითქვა. ფერმერ ჯაილსს, ვითარების მის სასარგებლოდ შემობრუნება ძალიან სიამოვნებდა, ისევე როგორც, მის ძაღლს. გარმი გამათრახებას გადაურჩა. მთლიანობაში, ჯაილსი სამართლიანი იყო და გულის სიღრმეში გარმის დამსახურება ყოველთვის ახსოვდა, ოღონდ ხმამაღლა ამაზე არასდროს საუბრობდა. როცა დააშავებდა, ძაღლს ძველებურად უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და რაც ხელში მაგარი საგნები მოხვდებოდა, ყველაფერს ესროდა. სამაგიეროდ, გარმის გარე-გარე უნებართვო წანწალზე თვალს ხუჭავდა. გარმი უკვე თავისუფლად დარბოდა ყანასა და მინდვრებში. ფერმერს საქმეები კარგად მისდიოდა, ბედი უღიმოდა. საშემოდგომო და ადრეული ზამთრის სამუშაოები მშვიდობით მოილია. ვითარება მაშინ აირია, როცა დრაკონი არ გამოჩნდა. იმ დროისთვის კუნძულზე დრაკონების რაოდენობაც კლებულობდა. ავგუსტუს ბონიფაციუსის შუა სამეფოში მრავალი წლის განმავლობაში დრაკონი თვალითაც აღარ ენახათ. ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე მაცდურ ჭაობებსა და დაუსახლებელ მთის ფერდობებზე დრაკონები კი ბინადრობდნენ, მაგრამ იქამდე ძალიან შორი იყო. ოდესღაც იმ ადგილებში მონათესავე სახეობის უამრავი დრაკონი სახლობდა, რომლებიც შორს მიფრინავდნენ სათარეშოდ. თუმცა შუა სამეფო იმ დღეებში მეფის მამაცი რაინდების სიმრავლით იყო ცნობილი და იმდენი დრაკონი დაიხოცა ან დასახიჩრებული დაბრუნდა შინ, რომ დანარჩენები იქ ფრენას შეეშვნენ. ერთი ძველი ჩვეულება ჯერაც შემორჩენილიყო – ყოველ საშობაო ნადიმზე მეფისთვის დრაკონის კუდი უნდა მიერთმიათ; ამიტომ ყოველ წელს თითო რაინდს ირჩევნდნენ დრაკონის მოსანადირებლად. რაინდი სანადიროდ წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს მიემართებოდა, უკან კი აუცილებლად შობის ღამეს უნდა დაბრუნებულიყო, დრაკონის კუდით ხელში. თუმცა ბოლო წლებში მეფის მზარეულს მხოლოდ მოჩვენებით დრაკონის კუდის მომზადება უხდებოდა: ნუშის ტორტს აცხობდა, რომელსაც ქერცლის სახით შაქარყინული ჰქონდა მოყრილი. მერე ეს ტორტი რჩეულ რაინდს საყვირებისა და ვიოლინოების მუსიკის თანხლებით შეჰქონდა სამეფო დარბაზში. მოჩვენებით დრაკონის კუდს შობადღეს, ნასადილევს მიირთმევდნენ და მერე მზარეულის სასიამოვნებლად ერთხმად აცხადებდნენ, მოჩვენებითი კუდი ნამდვილზე გემრიელიაო. სწორედ ასეთი ვითარება სუფევდა, როცა ნამდვილი დრაკონი ისევ გამოჩნდა. ამაშიც ბრალი ისევ იმ გოლიათს მიუძღვის. თავისი თავგადასავლის შემდეგ გოლიათმა მთებში მიმოფანტულ ნათესავებთან სტუმრობას ჩვეულებრივზე მეტად მოუხშირა, იმდენად მოუხშირა, რომ მასპინძლებს ზოგჯერ თავსაც აბეზრებდა. ალბათ იმიტომაც, რომ მათგან დაჟინებით ცდილობდა დიდი სპილენძის ქვაბის თხოვნას. ათხოვებდნენ თუ არ ათხოვებდნენ, არას დაგიდევდათ, ჩამოჯდებოდა და აბდაუბდა საუბარს გააბამდა. როხროხა ხმით ყვებოდა აღმოსავლეთში მდებარე ბრწყინვალე დაბლობებსა და დიდი სამყაროს სხვა საოცრებებზე. ამით თAAავს იწონებდა, ნახეთ რა დიდი მოგზაური ვარო. _ მშვენიერი მხარეა, _ იმეორებდა მუდამ, _ სწორი და რბილი მიწა, სასეირნოდ ზედგამოჭრილი; არც საკვები მოგაკლდება, სავსეა იქაურობა ძროხებითა და ცხვრებით, მთავარია ყურადღებით დააკვირდე. _ კი, მაგრამ ხალხი არ ცხოვრობს? _ ჰკითხავდნენ სხვები. _ ერთი ადამიანიც კი არსად მინახავს, _ ირწმუნებოდა თავგამოდებით, _ რაინდებზე აღარაფერს ვამბობ, მათი ჭაჭანებაც არ იყო, მეგობრებო. მხოლოდ მდინარის პირას დაფრინავდნენ კოღოები. _ მაშ, რატომ არ მიდიხარ და იქ არ სახლდები? _ ჩაეძიებოდნენ მსმენლები. _ ოჰ, როგორც იტყვიან, მშობლიურ სახლზე ტკბილი არაფერია, _ მიუგებდა გოლიათი, _ თუმცა, ვინ იცის, იქნებ ერთხელაც მომეგუნებოს და მართლა გადავსახლდე. თანაც უკვე ნამყოფი ვარ იქ, ამით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ჰო, ახლა გამახსენდა, სპილენძის ქვაბს ხომ ვერ... _ ეგ მდიდარი მხარე, _ სასწრაფოდ ჩაერთვებოდნენ ნათესავები, _ ეგ ნახირით სავსე შესანიშნავი მიწები, საითაა? შორია იქამდე? _ ოჰ, _ უპასუხებდა გოლიათი, _ აღმოსავლეთით თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა წახვიდეთ, ოღონდ ბევრი სიარული მოგიწევთ, _ და ისე გაზვიადებით აუწერდა გასავლელ მანძილს, ტყეებს, მთებს და დაბლობებს, რომ ყველა გოლიათს მაშინვე ეკარგებოდა იქით წასვლის სურვილი, მაგხელა ფეხები ნაღდად არავის ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხმები არაჩვეულებრივ მხარეზე ნელ-ნელა გავრცელდა. ამასობაში თბილ ზაფხულს სუსხიანი ზამთარი მოჰყვა. მთებში ძლიერ აცივდა და საკვებიც შემოაკლდათ. უფრო იმატა მითქმა-მოთქმამ. ბარში მობალახე ცხვრები და ძროხები უმთავრესი განხილვის საგანი გახდა. დრაკონებმაც ყურები დაცქვიტეს. ძალიან დამშეულები იყვნენ, ჭორები კი მიმზიდველად ეჩვენებოდათ. _ რაინდები მითიური არსებები ყოფილან, _ გაიძახოდნენ ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი დრაკონები, _ ასეც ვიცოდით. _ ყოველ შემთხვევაში, ალბათ გადაშენების პირას არიან, _ დასძენდნენ ასაკოვანი და უფრო ჭკვიანი გველეშაპები, _ სადმე შორს იქნებიან, თან ცოტანი, მათი აღარ უნდა გვეშინოდეს.
ამ ხმებმა ყველაზე ძლიერ ერთი დრაკონი შეძრა. დრაკონს ქრიზოფილაქს დაივსი ერქვა, უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო და არც სიმდიდრის ნაკლებობას უჩიოდა. ძალიან ცნობისმოყვარე, ხარბი და კარგად შეჯავშნული იყო, ოღონდ არც ისე – გულადი. თუმცა მთლად ისეთი მშიშარაც არ ყოფილა, კოღოების ან სხვა რომელიმე მწერის შეშინებოდა, თანაც საშინლად შიოდა. ჰოდა, ზამთრის ცივ დღეს, ქრისტეშობამდე ერთი კვირით ადრე, ქრიზოფილაქსმა ფრთები გაშალა და აფრინდა. კარგა ხნის ფრენის შემდეგ, ღამის საფარველქვეშ უჩუმრად დაეშვა ავგუსტუს ბონიფაციუს რექ ეტ ბასილეუსის შუა სამეფოს შუაგულში. სულ მცირე ხანში დიდი ზარალი მიაყენა იქაურობას, შენობები დალეწა და დაანგრია, უამრავი ცხვარი, ძროხა და ცხენი გადასანსლა. ეს ადგილი ჰემიდან საკმაოდ დაშორებით მდებარეობდა, მაგრამ გარმმა მართლა დიდი შიში ჭამა. გარმი იმ დროს შორს მოგზაურობდა, პატრონის გულმოწყალებით ისარგებლა და ერთი-ორი ღამის სახლის გარეთ გათევას აპირებდა. ტყის პირას მიმზიდველი სუნი აიღო და მას მიჰყვებოდა, როცა მოსახვევში უცხო და შემაშფოთებელი სუნი ეცა. თურმე დრუნჩით პირდაპირ კუდზე დაეტაკა ქრიზოფილაქს დაივსს, რომელიც სულ ახალი დაშვებული იყო მიწაზე. ასე უკან მოუხედავად და კუდამოძუებული არც ერთი ძაღლი არ გაქცეულა სახლში. გარმის წკავწკავის გაგონებაზე, დრაკონი შემობრუნდა და ამოიფრუტუნა. თუმცა გარმს უკვე ვეღარ მიწვდებოდა. გარმი მთელი ღამე შეუსვენებლად გარბოდა და სახლში საუზმობის დროს მიაღწია. _ მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! _ უკანა კართან აყვირდა გარმი. ჯაილსმა ყვირილი გაიგონა და ეს ძალიან ცუდადაც ენიშნა. გაახსენდა, რომ ზუსტად მაშინ, როცა საქმეები დაწყობილი გგონია, ყველაფერი აირევა ხოლმე. _ დედაკაცო, ეგ წყეული ძაღლი შიგნით შემოუშვი, _ უთხრა ცოლს, _ და ჯოხიც გადაარტყი! გარმი თვალებდაჭყეტილი და ენაგადმოგდებული შემოვარდა შიგნით. _ მიშველეთ! _ დაიყვირა კიდევ ერთხელ. _ ამჯერად რაღა ჩაიდინე? _ ჰკითხა და სოსისი გადაუგდო ჯაილსმა. _ არაფერი, _ ქოშინით უთხრა გარმმა, ძლიერ შეშფოთებულმა იმისათვის, რომ სოსისისთვის ყურადღება მიექცია. _ წესიერად მიპასუხე, თორემ ტყავს გაგაძრობ! _ დაემუქრა ფერმერი. _ არაფერი ჩამიდენია, ცუდი აზრადაც არ გამივლია გულში, _ უთხრა ძაღლმა, _ უბრალოდ, შემთხვევით დრაკონს შევეჯახე და შემეშინდა. ფერმერს ლუდი გადასცდა და ხველა აუტყდა. _ დრაკონს შეეჯახე?! _ ჰკითხა გაოცებით, _ დაგწყევლოს გამჩენმა, როგორ ყველგან დრუნჩი უნდა ჩაყო! რა დროს დრაკონის ძებნა იყო წელიწადის ამ დროს, როცა საქმეებს ისედაც ვერ ავუდივარ? სად ნახე? _ რა ვიცი! სადღაც ჩრდილოეთით, გორაკებს გადაღმა, შორს, სვეტებად მდგარი ქვების იქით, _ მიუგო ძაღლმა. _ აჰ, იქით! _ შვებით ამოისუნთქა ჯაილსმა, _ როგორც მსმენია, მანდეთ უცნაური ხალხი ცხოვრობს, არაა მოულოდნელი, იქ თუ შეხვდი. ადგნენ და თვითონ მიხედონ Yთავიანთ გაჭირვებას. მე ნუ მიშლი ნერვებს მანდაური ამბებით. წადი, მომშორდი! გარმი გარეთ გავიდა და დრაკონის ამბავი მთელ სოფელს მოსდო. არც იმის ხსენება დავიწყებია, რომ მის ბატონს საერთოდ არ შეშინებია დრაკონისა. ყველგან ასე დასძენდა: _ სრულიად გულგრილად განაგრძო საუზმობა. სახლის კარებთან მდგარი მეზობლები კმაყოფილებით ეჭორავებოდნენ ერთმანეთს. _ რა მაგარია! _ ამბობდა ყველა, _ თან დროც როგორ დაემთხვა! ქრისტეშობა ახლოვდება. მეფე ძალიან გაიხარებს. ამ შობაზე ნამდვილ დრაკონის კუდს მიირთმევს. თუმცა მომდევნო დღეს უფრო შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა. დრაკონი, როგორც ჩანდა, უზომოდ დიდი, ძლიერი და მავნე იყო. _ მეფის რაინდები როდისღა უნდა გამოჩნდნენ? _ შეშფოთდა ხალხი.
სხვათა შორის, ეს კითხვა ჰემელების გარდა, სხვებსაც აწუხებდა. ქრიზოფილაქსის შემოსევისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლებიდან მაცნეებს მაცნეებზე აგზავნიდნენ მეფის სასახლეში და ეს მაცნეები, როგორც ბედავდნენ, ხმამაღლა ეუბნებოდნენ მეფეს: _ რაინდები არ უნდა გამოგზავნოთ, მეფეო? თუმცა, რაინდებს არაფერი მოუმოქმედებიათ; მათთვის დრაკონის შემოსევაზე ოფიციალურად არავის უცნობებია. ბოლოს, თავად მეფემ გაუგზავნა ყველა მათგანს ოფიციალური შეტყობინება და ისიც თხოვა, ამ საქმეს რაც შეიძლება სწრაფად მიხედეთო. მეფე ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ ეს “რაც შეიძლება სწრაფად” ძალიან დაგვიანდა და დრაკონის მოკვლას ჯერ არავინ ჩქარობდა. თუმცა, რაინდებმა თავი იმართლეს და საკმაოდ დამაჯერებლადაც. საქმე ის იყო, რომ წინდახედულსა და საქმის დროზე ადრე მოთავების მოყვარულ მეფის მზარეულს საშობაო დრაკონის კუდი უკვე მომზადებული ჰქონდა. არ იქნებოდა კარგი ნაბიჯი, მისთვის ბოლო წუთს რომ ნამდვილი დრაკონის კუდი მიეტანათ. ასეთი სასარგებლო მსახურის განაწყენება არ ივარგებდა. _ შეეშვით ამ კუდს! თავი მოჰკეთეთ და ბოლო მოუღეთ! _ ცხარობდნენ ყველაზე დაზარალებული სოფლიდან გამოგზავნილი მაცნეები. თუმცა ქრისტეშობა ისე გავიდა, ხელი არავის გაუნძრევია. ცოტა ხანში, ძალიან სამწუხაროდ, წმ. იოანეს ხსენების დღეს დიდი ტურნირი დაინიშნა, რომელზეც სხვადასხვა სამეფოდან მოწვეული რაინდები ძვირფასი ჯილდოს მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. რასაკვირველია, სრულებით გაუმართლებელი იქნებოდა შუა სამეფოს საუკეთესო რაინდების დრაკონზე სანადიროდ გაგზავნა, სანამ ტურნირი არ დამთავრდებოდა. მერე ახალი წელი დადგა. ამასობაში დრაკონი უქმად არ მჯდარა. ყოველ ღამე შორს მიიწევდა და თანდათან უახლოვდებოდა ჰემს. ახალი წლის ღამეს ჰემელებმა შორს თვალისმომჭრელ ნათებას მოჰკრეს თვალი. დრაკონი ათი მილის დაშორებით მდებარე ტყეში დაეშვა და იქაურობა ააგიზგიზა. დრაკონი ჯერაც ძალიან მხურვალე იყო, მით უმეტეს, რომ გუნება-განწყობილებას არ უჩიოდა. ამის მერე ხალხმა ფერმერი ჯაილსისკენ თვალის გაპარება და მის ზურგს უკან ჩურჩული დაიწყო. ამან ფერმერი ძალიან შეაწუხა, მაგრამ თავს იკატუნებდა, ვითომ არაფერი ესმოდა. მომდევნო დღეს დრაკონი კიდევ რამდენიმე მილით მოუახლოვდა ჰემს. მაშინ ფერმერმა ჯაილსმა უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ მეფის რაინდებმა სულ შეირცხვინეს თავი. _ ნეტა ვიცოდე, როგორ მოიპოვეს თავიანთი წოდება? _ უკმაყოფილოდ თქვა ჯაილსმა. _ ეგ ჩვენც გვაინტერესებს, _ მთელი ჰემი ამას გაიძახოდა. მეწისქვილემ შემდეგი განაცხადა: _ როგორც ვიცი, ზოგი ჯერაც პირადი დამსახურებების წყალობით ღებულობს წოდებას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი კეთილი ეგიდიუსიც რაინდად ითვლება. მეფემ ხომ წითელი სიგელი და ხმალი გამოუგზავნა? _ რაინდობისთვის მარტო ხმალი არაა საკმარისი, _ მიუგო ჯაილსმა, _ კიდევ კურთხევა და ათასი რამეა საჭირო. და მაინც, ასეა თუ ისე, ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვს, მათი მოგვარება უფრო მადარდებს. _ ოჰ! რომ ვთხოვოთ, მეფე თქვენს კურთხევას წამში მოახერხებდა, _ თქვა მეწისქვილემ, _ მოდით, ვთხოვოთ, სანამ გვიანი არ არის! _ არა! _ იუარა ჯაილსმა, _ არანაირ რაინდად კურთხევა არ მჭირდება. მე ფერმერი ვარ და ამით ძალიანაც ვამაყობ: ერთი უბრალო, პატიოსანი კაცი ვარ, პატიოსან ხალხს კი, როგორც გამიგია, სასახლის კარზე დიდად არ აფასებენ. ეს ყველაფერი თქვენ უფრო მოგიხდებოდათ, ბატონო მეწისქვილევ! აქ მღვდელს ოდნავ ჩაეღიმა, ოღონდ არა ფერმერის შეკამათებაზე, რადგან ფერმერი და მეწისქვილე, როგრც ჰემში იტყოდნენ, დაუძინარი მეტოქეები იყვნენ და ერთმანეთის მიმართ მკვახე სიტყვებს არასდროს იშურებდნენ. უბრალოდ, მღვდელს უცებ ერთი აზრი მოუვიდა თავში და ამიტომაც ჩაეღიმა, თუმცა იმ წუთას ხმამაღლა არაფერი უთქვამს. მეწისქვილეს კი სულ არ გახარებია ფერმერის პასუხი და მოიღუშა. _ რასაკვირველია, უბრალო ნამდვილადაა, შეიძლება, პატიოსანიც კი იყოს, _ თქვა მან, _ მაგრამ დრაკონის მოსაკლავად მაინცდამაინც სასახლეში გამოცხადება და რაინდად კურთხევაა საჭირო? როგორც გუშინ მოვკარი ყური, ბატონი ეგიდიუსი აცხადებდა, მთავარი სიმამაცეაო. სიმამაცით კი, არა მგონია, რომელიმე რაინდს ჩამოუვარდებოდეს. გარშემო მდგომებმა მაშინვე ყიჟინი ატეხეს: _ რასაკვირველია, არავის ჩამოუვარდება! დიახაც! გაუმარჯოს ჰემის გმირს! ფერმერი ჯაილსი ძალზე უხერხული შეგრძნებით გაემართა შინ. თურმე, ადგილობრივ რეპუტაციას შენარჩუნება სჭირდებოდა, ეს კი ზოგჯერ ძალზე რთული შესასრულებელია. სახლში ძაღლს წიხლი ამოსცხო, აქამდე ბუხრის თავზე დაკიდული ხმალი კი ჭურჭლის კარადაში შეინახა. მომდევნო დღეს დრაკონი უკვე მეზობელ სოფელ ქვერცეტუმს (უფრო მდაბიურად, ოუკლის) დაესხა თავს. დრაკონმა იქ არა მხოლოდ ცხვრები და ძროხები შეჭამა, არამედ ერთი-ორი პატარა ბავშვიც გადასანსლა და ზედ მღვდელიც მიაყოლა. მღვდელი ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად ცდილობდა თავისი ქადაგებით დრაკონის ავი გზიდან გადაყვანას და გამოსწორებას. ამის შეტყობაზე კი უკვე დიდი აურზაური ატყდა. მთელი ჰემის მოსახლეობა მღვდლის მეთაურობით ბორცვის თხემზე შეიკრიბა და ფერმერ ჯაილს დაუწყეს ლოდინი. _ გელოდებით! _ გარს შემოეხვივნენ ფერმერს და არ დაშლილან, სანამ ჯაილს სახე წვერზე უფრო მეტად არ აუწითლდა. _ როდის ამოქმედდებით? _ ჰკითხა ყველამ ერთად. _ დღეს რომ ნაღდად არ მცალია, ეს ცხადია, _ განაცხადა ფერმერმა, _ ისედაც ყელამდე საქმეში ვარ ჩაფლული, თან მოჯამაგირეც ცუდად გახდა. ვეცდები, როგორმე დრო გამოვნახო. სოფლელები სახლებში წავიდნენ, მაგრამ საღამოს ხმა გავრცელდა, დრაკონი კიდევ უფრო ახლოს მოვიდაო და, ყველანი ისევ უკან მიადგნენ ფერმერს. _ Yთქვენი იმედი გვაქვს, ბატონო ეგიდიუს, _ მიმართეს სოფლელებმა. _ იცით, _ მიუგო მათ ჯაილსმა, _ სწორედ ამჟამად ვარ ყველაზე მეტად დაკავებული. ჩემი ფაშატი დაკოჭლდა, იქით კიდევ ცხვრები მშობიარობენ. როგორც კი მოვიცლი, ამ საქმეს მაშინვე მივხედავ. სოფლელები კვლავ დაიშალნენ, ოღონდ ამჯერად ბურტყუნითა და უკმაყოფილო ჩურჩულებით. მეწისქვილე გესლიანად ხითხითებდა. მღვდელი დარჩა, არაფრით მიდიოდა. ვახშმად ფერმერს დაეწვია და ერთი-ორი სიტყვაც ჩაუკრა. ხმლის ბედითაც კი დაინტერესდა და მისი ნახვა დაჟინებით მოითხოვა. ხმალი ცოტა აგდებულად იყო შედებული ჭურჭლის კარადის მოკლე თაროზე და, როგორც კი ფერმერმა ჯაილსმა გამოიღო, თვალის დახამხამებაში ამოხტა ქარქაშიდან. ფერმერმა ისე სწრაფად გააგდო, თითქოს ხელები დაეწვაო. დამფრთხალი მღვდელი ისე წამოვარდა, რომ ლუდის ტოლჩა ააყირავა. ფრთხილად აიღო ხმალი და ისევ ქარქაშში ჩაგება სცადა, მაგრამ მხოლოდ წვეტი ჩააყოფინა შიგ. ხოლო, როცა მღვდელმა ვადას ხელი გაუშვა, ხელახლა ამოხტა ქარქაშიდან. _ ღმერთო დიდებულო! რა საოცარი ხმალია! _ თქვა მღვდელმა და ქარქაში და მახვილი უფრო ყურადღებით შეათვალიერა. მღვდელი განათლებული პიროვნება იყო, განსხვავებით ფერმერისგან, რომელიც მთავრულ ასოებსაც დიდი გაჭირებით კითხულობდა და იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, საკუთარ სახელს თუ წაიკითხავდა სწორად. ამიტომაც არ მიუქცევია არანაირი ყურადღება ხმალსა და ქარქაშზე ამოტვიფრული ბუნდოვანი ასოებისთვის. რაც შეეხება მეფის საჭურველთმტვირთველს, ის იმდენად მიჩვეული იყო ხმლებსა თუ ქარქაშზე ამოტვიფრულ უჩვეულო რუნებს, სახელებს და ძალაუფლებისა თუ წარმომავლობის სხვა სიმბოლოებს, რომ მათ წასაკითხად თავი არ შეუწუხებია. თანაც, ხმალი და ქარქაში მოძველებულად მიაჩნდა. მღვდელი კი კარგა ხანს მოღუშული აკვირდებოდა. ის მოელოდა კიდეც ხმალსა და ქარქაშზე რაიმე ნაწერის აღმოჩენას და სწორედ ამ აზრმა გაუელვა ერთი დღის წინ. თუმცა ახლა ძლიერ გაოგნებული დარჩა, როცა ასოები და სიმბოლოები კი აღმოაჩინა, მაგრამ მათში გარკვევა ვერ მოახერხა. _ ამ ქარქაშზე რაღაც წარწერაა, აჰ, ხმალზე კი ეპიგრაფიული სიმბოლოებია ამოტვიფრული, _ თქვა მან. _ მართლა? _ გაიოცა ჯაილსმა, _ და რაზე მიანიშნებს? _ ასოები არქაულია, ენა კი ბარბაროსული, _ თქვა მღვდელმა დროის მოსაგებად, _ უფრო ახლოდან უნდა შევათვალიერო. ერთი ღამით ხმლის გატანება ითხოვა და ფერმერიც სიამოვნებით დაეთანხმა ამაზე.
შინ დაბრუნებულმა მღვდელმა თაროებიდან სასწავლო წიგნები გადმოალაგა და მთელი ღამე მათში იქექებოდა. დილით გაირკვა, რომ დრაკონი კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. ჰემის მთელმა მოსახლეობამ კარები ჩაკეტა და ფანჯრებზე დარაბები ჩამოსწია. ვისაც სარდაფები ჰქონდა, იქ ჩავიდნენ და სანთლის შუქზე შიშით კანკალებდნენ. მღვდელი კი გარეთ გამოიპარა, კარებზე აკაკუნებდა და ვინც მის სმენას მოისურვებდა, კარის ღრიჭოOდან ან საკლიტურიდან ყველას შესძახოდა, რა აღმოაჩინა თავის კაბინეტში მჯდარმა წიგნებში ქექვისას. _ ჩვენი კეთილი ეგიდიუსი, _ ეუბნებოდა სოფლელებს მღვდელი, _ მეფის კეთილი ნების წყალობით კაუდიმორდაქსის მფლობელი გამხდარა. ეს ის სახელგანთქული ხმალია, რომელსაც ხალხურ საგმირო სიმღერებში უბრალოდ კუდიკბენიას უწოდებენ. იმათ, ვისაც ეს სიმღერები მოსმენილი ჰქონდათ, მაშინვე გააღეს სახლის კარები. სახელგანთქმულ კუდიკბენიაზე ყველას გაეგონა. ეს ხმალი ხომ თავის დროზე ბელომარიუსს, სამეფოს ყველაზე გამოჩენილ დრაკონთმჟლეტს ეკუთვნოდა. ზოგიერთი ცნობით, ბელომარიუსი ახლანდელი ხელმწიფის პაპის პაპის პაპა იყო დედის მხრიდან. მის საგმირო საქმეებზე უამრავი თქმულება თუ სიმღერა არსებობდა, რომლებიც თუ სასახლის კარზე არა, სოფლებში ძალიან კარგად ახსოვდათ. _ ეს ხმალი ქარქაშში არ ჩერდება, თუ დრაკონი ხუთი მილის სიახლოვეს დაიარება, _ თქვა მღვდელმა, _ ხოლო თუ გულადი ვაჟკაცის ხელში მოხვდება, ვერც ერთი დრაკონი მას წინ ვერ აღუდგება. ამაზე ხალხს ისევ გული მოეცა, დარაბები გახსნეს და ფანჯრებიდან თავები გამოყვეს. ბოლოს, მღვდელმა რამდენიმე გარეთ გამოსვლაშიც კი დაითანხმა; თუმცა სინამდვილეში მხოლოდ მეწისქვილეს სურდა ეს. ჯაილსის მძიმე ვითარებაში ხილვა გარისკვად უღირდა. ყველამ ერთად აიარა ფერდობი, თან გზადაგზა შიშით აპარებდნენ თვალს ჩრდილოეთისკენ, მდინარის გადაღმა. დრაკონის ნიშან-წყალი არსად ჩანდა. ალბათ ჯერ ისევ ეძინა, იმ საშობაო დღეებში კარგად იკვებებოდა. მღვდელმა და მეწისქვილემ ერთად დააბრახუნეს ფერმერის კარზე. პასუხი არავის გაუცია, ამიტომ უფრო ძლიერად დააბრახუნეს. როგორც იქნა, ჯაილსიც გამოვიდა. სახე ერთიანად გასწითლებოდა. არც ის დაწოლილა ღამით გვიანობამდე და საკმაოდ ბევრი ელიც დალია. დილით გამოღვიძებულმა კი ისევ სმა განაგრძო. ყველა გარს შემოეხვია და ერთხმად იმდენ ხანს ეუბნებოდნენ, კეთილო ეგიდიუს, მამაცო აჰენობარბუს, დიდო იულიუს, შეუპოვარო აგრიკოლა, ჰემის სიმაყევ, მაზრის გმირო, მიიღეთ ეს ხმალი კაუდიმორდაქსი, კუდიკბენია, ხმალი-ქარქაშში-ჩაუგებელი, მტრისთვის სიკვდილის და მოყვასისთვის გამარჯვების მომტანი, იომენთა დიდება, სამშობლოს ხერხემალი და კარგ ვაჟკაცთა მოსახმარიო, რომ ფერმერს თავში ყველაფერი აერია. _ აბა, მოიცათ! თითოთითოდ ილაპარაკეთ! _ წამოიძახა, როცა შესაძლებლობა მიეცა. _ რა ხდება, რა ამბავია? დილით დიდხანს სალაყბოდ არა მცალია. მაშინ მღვდელს აცალეს ყველაფრის ახსნა. მეწისქვილეს ძალიან ესიამოვნა ფერმერის კუთხეში მიმწყვდევა, უკეთესს ვერც ინატრებდა. თუმცა, საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდა. ფერმერ ჯაილსს ჯერ ერთი, რომ მაგარი ელი ჰქონდა დალეული, მერე მეორეც, თავი უჩვეულოდ მხნედ და ამაყად იგრძნო, როცა გაიგო, რომ მისი ხმალი სინამდვილეში სახელგანთქმული კუდიკბენია იყო. ბავშვობაში ძალიან უყვარდა ზღაპრები ბელომარიუსზე და, სანამ გაიზრდებოდა და თავში ჭკუა მოემატებოდა, ბევრჯერ უოცნებია, ნეტა მეც მქონდესო ეგეთი საოცარი და საგმირო ხმალი. უეცრად კუდიკბენიას აღება და დრაკონზე სანადიროდ წასვლა მოუნდა. თუმცა, ისე შეჩვეული იყო ვაჭრობას, რომ ერთხელაც სცადა, ეს საქმე როგორმე ცოტა ხნით კიდევ გადაედო. _ რაო? _ წამოიძახა მან, _ მე და დრაკონზე ნადირობა? ამ ჩემ ძველ წინდებსა და ქურთუკAში ჩაცმული სანადიროდ წავიდე? როგორც მსმენია, დრაკონთან საჩხუბრად რაღაცნაირი აბჯარია საჭირო. ხოლო, სახლში რომ ეგეთი აბჯარი არ მაქვს, ეს სრულიად ნათელია. მცირე ხნით ყველა დაიბნა, მერე სასწრაფოდ მჭედლის მოსაყვანად გაგზავნეს კაცი. მჭედელმა თავი გაიქნია. ცოტა ზოზინა და პირქუში კაცი იყო, თუმცა მდაბიურად ყველა პირმცინარ სემს ეძახდა. სინამდვილეში ფაბრიციუს კუნქტატორი ერქვა. მუშაობისას არასდროს სტვენდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისი ნაწინასწარმეტყველები უბედურებები ახდებოდა (მაგალითად, მაისში მოთოვდა). ხოლო, რაკი ყოველ დღე ათასგვარ უბედურებებს წინასწარმეტყველებდა, იშვიათად რომ რამე მის მიერ დაქადნებული არ მომხდარიყო. ამიტომაც ძალიანაც იწონებდა ამით თავს, თან ძალიან სიამოვნებდა თავისი ნათქვამი რომ ახდებოდა და არასდროს არაფერს აკეთებდა უბედურებისთვის ხელის შესაშლელად.”
--------------------
The world is changed. I feel it in the earth. I feel it in the water. I smell it in the air...
|