arvedui
The Last-king of Arthedain

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4211
წევრი No.: 67614
რეგისტრ.: 16-July 08
|
#12418963 · 29 Jan 2009, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაი გოვანენ, ელფებით, ჯუჯებით (იგივე გნომებით ან დვორფებით), ჰობიტებით და ადამიანებით აგრეთვე სხვა არაჩვეულებრივი არსებებით დასახლებული შუამიწეთის მოყვარულო ხალხო.
მოდით, ახლა ტოლკინის სხვა ნაწარმოებს, “ფერმერ ჯაილს ჰემელს” შემოგთავაზებთ.
საკმაოდ მოზრდილი ნაწყვეტია, მაგრამ პირდაპირ აქ მოვიტან, რომ უცებ წაიკითხოთ. ტექსტი რედაქტირებულია არაა და კარგი იქნება, თუ სადმე რამენაირ ხარვეზს აღმოაჩენთ, პირდაპირ მიუთითოთ. და საერთოდ ღირს თუ არა, რომ ეს ნაწარმოები გამოიცეს? ზოგადად, ტოლკინის ნაწარმოებების საავტორო უფლებები საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ გამომცემლები სწორედ ფინანსური კუთხით უდგებიან ხოლმე საკითხს. თქვენი აზრით, ეს ნაწარმოები მხოლოდ ბავშვებს დააინტერესებს თუ დიდებსაც, თუ მხოლოდ ტოლკინისტებს, რომელთათვისაც მწერლის ნებისმიერი ნაწარმოები ძვირფასია.
ფერმერი ჯაილს ჰემელი
Aegidii Ahenobarbi Julii agricole de Hammo Domini de Domito Aule Draconarie Comitis Regni Minimi Regis et Basilei mira facinora et mirabilis exortus
ან უფრო მდაბიურ ენაზე:
აღზევება და შესანიშნავი თავგადასავალი ფერმერი ჯაილსისა, მოთვინიერებულის ბატონისა, ვორმინგჰოლის გრაფისა და მცირე სამეფოს ხელმწიფისა
წინასიტყვაობა
ჩვენამდე პატარა სამეფოს ისტორიის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებმა მოაღწია; თუმცა სრულიად შემთხვევით მისი წარმოშობის ცნობები შემოგვენახა: ალბათ ეს ცნობები უფრო ლეგენდარულია, ვიდრე რეალური, ვინაიდან, ადვილად შესამჩნევია გვიანდელ შეთხზულს რომ წარმოადგენს, ათასგვარი საოცრებითაა სავსე; ავტორი უფრო ხშირად ხალხურ სიმღერებსა თუ თქმულებებს ეყრდნობა და არა სანდო წყაროებს. ავტორისთვის ნაწარმოებში აღწერილი ამბები შორეულ წარსულში ხდება, თუმცა ისიც აშკარაა, რომ თავად პატარა სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ის პატარა სამეფოს მხარეების დიდ ცოდნას ამჟღავნებს (თუმცა გეოგრაფია მისი ძლიერი მხარე არ უნდა იყოს), სამაგიეროდ პატარა სამეფოსგან ჩრდილოეთით ან სამხრეთით მდებარე მიდამოებზე წარმოდგენა არ აქვს. ამ უცნაური ამბის ბრიტანეთში გავრცელებული ლათინურიდან გაერთიანებული სამეფოს თანამედროვე ენაზე გადმოთარგმნის გასამართლებლად იმის თქმა შეიძლება, რომ მასში ბრიტანეთის ისტორიის შავბნელი ხანის ცხოვრებაა აღწერილი, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ ნაწარმოების წყალობით ნათელი ეფინება ზოგიერთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გაურკვეველი სახელწოდების წარმოშობის საკითხებს. ისე კი, ზოგიერთს, შეიძლება, მთავარი გმირი და მისი თავგადასავლები ამ ყველაფრის გარეშეც მოეწონოს და კითხვითაც ძალიან გაერთოს. პატარა სამეფოს საზღვრების დადგენა – როგორც დროში, ასევე სივრცეში – ჩვენამდე შემორჩენილი მწირი გადმოცემების გამო, ძნელად შესაძლებელია. ბრიტანეთში ბრუტუსის გადმოსხდომის შემდეგ მრავალი ხელმწიფე მიიცვალა და მრავალი სამეფო დაიშალა. სამეფოს ლოკრინად, კამბრად და ალბანაკად დაყოფა მხოლოდ დასაწყისი იყო შემდგომი ცვლილებებისა. ერთი მხრივ, დამოუკიდებლობის უზომო წადილის და მეორე მხრივ, სამეფოს გაფართოების მოსურნე ქედმაღალი ხელმწიფეების გამოისობით, წლები ომიანობისა და მშვიდობიანობის ხშირ ცვლაში გადიოდა, ჭირს ლხინი მოსდევდა და ტირილს სიცილი – სწორედ ასე აღწერენ მეფე ართურის ხანის ისტორიკოსები იმ ეპოქას. ეს იყო დაუდგენელი საზღვრების დრო, როცა ნებისმიერს შეეძლო მოულოდნელად აღზევებულიყო ან დაცემულიყო; ხოლო პოეტებს და მენესტრელებს მრავლად ჰქონდათ მასალა, რაზეც სიმღერის შეთხზვა შეიძლებოდა და მრავლად ჰყავდათ მსმენელი, ვინც ამ სიმღერებს სიამოვნებით მოისმენდა. ამგვარად, სწორედ იმ შორეულ წარსულს – ალბათ, მეფე კოელის მეფობიდან არცთუ დიდი ხნის შემდგომ, მაგრამ მეფე ართურის მეფობისა და ინგლისის შვიდი სამეფოს წარმოშობამდე პერიოდს – უნდა მივაკუთვნოთ ქვემოთ მოთხრობილი ამბავი, რომელიც მდინარე თემზის ხეობისა და ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით, უელსის მისადგომების მიდამოებში ვითარდება. როგორც ჩანს, პატარა სამეფოს დედაქალაქი, ისევე როგორც ჩვენი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობდა; თუმცა მისი საზღვრები ზუსტად დადგენილი არაა. ეტყობა, სამეფოს დასავლეთ საზღვარი თემზის ზედა დინებებს არასდროს სწვდებოდა და არც ოტმურზე შორს იყო გადაჭიმული ჩრდილოეთით; არც აღმოსავლეთ საზღვრის ზუსტ მდებარეობაზე იცის ვინმემ. არსებობს მხოლოდ მინიშნებები, ისიც ჯაილსის ვაჟის გეორგიუსისა და მისი პაჟის სუოვეტაურილიუსის (იგივე სუეტის) ლეგენდის შემორჩენილი ნაწყვეტებიდან გამომდინარე, რომ შუა სამეფოს შემოსევებისგან თავდასაცავად აშენებული სასაზღვრო საგუშაგო ციხე-კოშკი (ავანპოსტი) ფართიგჰოუში იდგა. თუმცა ამ დაზუსტებებს ჩვენს ამბავთან კავშირი სავსებით არ აქვს და ყოველგვარი ზედმეტი დაწვრილმანებისა და შემდგომი შენიშვნების გარეშე იქნება თქვენს წინაშე წარმოდგენილი. მხოლოდ იმას დავძენ, რომ ნაწარმოების საკმაოდ გრძელი სახელწოდება, უფრო მეტი მოხდენილობისათვის ასე შემოკლდა:
ფერმერი ჯაილს ჰემელი
ბრიტანეთის კუნძულის შუაგულ რეგიონში ცხოვრობდა ერთი კაცი სახელად ეგიდიუს დე ჰემო. უფრო სრულად მისი სახელი ასე ჟღერდა: ეგიდიუს აჰენობარბუს იულიუს აგრიკოლა დე ჰემო; იმ ძველ დროს, ხალხს დიდ-დიდ სახელებს არქმევდნენ, კუნძული კი ჯერაც პატარ-პატარ სამეფოებად იყო დაქუცმაცებული, თუმცა ხალხი ამის გამო თავს უბედურად სულაც არ გრძნობდა. დრო მაშინ დღევანდელზე საკმარისად ჰქონდათ, ხალხი ცოტა იყო, ამიტომ მათი უმეტესობა რაღაცით გამოირჩეოდა. ასეა თუ ისე, ის დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა და გმირს მეც მოკლე სახელით მოვიხსენიებ, როგორც სხვები ეძახდნენ უბრალოდ ფერმერ ჯაილს ჰემელს. ჰემი ერთი ჩვეულებრივი სოფელი იყო, თუმცა იმ დროს სოფლები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ და სოფლელებიც ძალიან ქედმაღლები იყვნენ.
ფერმერ ჯაილსს ერთი ძაღლი ჰყავდა. ძაღლს გარმი ერქვა. ძაღლებს ადგილობრივი კილოკავიდან აღებული მოკლე სახელებით დაკმაყოფილება უწევდათ: მწიგნობრული ლათინურით მხოლოდ კეთილშობილები სარგებლობდნენ. გარმი ჩიქორთულ ლათინურზეც ვერ საუბრობდა, თუმცა მდაბიურ ენაზე (იმ დროს მცხოვრები ყველა ძაღლის მსგავსად) დაშინებას, ტრაბახსა და პირფერობას როგორღაც ახერხებდა. დაშინებით მათხოვრებსა და გამვლელებს აშინებდა, ტრაბახით სხვა ძაღლებთან ტრაბახობდა, პირფერობით კი თავის პატრონს ეპირფერებოდა. გარმი თან ძალიან ამაყობდა პატრონით, თან ძალიან ეშინოდა მისი, რადგან ფერმერი გაცილებით ჭიჭყინა და მკვეხარა იყო. იმ დროს არავის არსად ეჩქარებოდა, ნაკლებს ფაციფუცობდნენ. საქმეს სიჩქარე არ უყვარს, ხალხიც ზედმეტი აურზაურის გარეშე მოქმედებდა, საქმესაც მშვენივრად აგვარებდნენ და სალაყბოდაც საკმარისი დრო რჩებოდათ. სასაუბრო მაშინ არ ელეოდათ, რადგან გამუდმებით დასამახსოვრებელი ამბები ხდებოდა. თუმცა იმ მომენტში, როცა ჩვენი ისტორია იწყება, ჰემში ასეთი დასამახსოვრებელი ამბავი ბოლოს როდის მოხდა, აღარავის ახსოვდა. სხვათა შორის, ფერმერ ჯაილსს ეს ძალიანაც აწყობდა; ცოტა არ იყოს ზოზინა, თავისებური ადამიანი იყო, გამუდმებით საქმეებში იყო ჩაფლული. როგორც თავად აცხადებდა, მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ თავის გასატანი ლუკმა-პური ეშოვა ანუ, უფრო რომ დაგიზუსტოთ, ისეთივე ღიპი და სიმყუდროვე ჰქონოდა, როგორც ცხონებულ მამამისს. ძაღლიც პატრონს ეხმარებოდა. ორივეს მარტო თავიანთი ყანის, სოფლის და ახლომდებარე ბაზრის ავ-კარგი ადარდებდათ, დიდ სამყაროს აინუნშიაც არ აგდებდნენ. დიდი სამყარო კი მაინც არსებობდა. სოფლის სიახლოვეს ხშირი ტყე მდებარეობდა, ჩრდილოეთით და დასავლეთით უდაბური მაღლობები იყო აღმართული, მაღლობების ძირას კი მთიანეთის მაცდური ჭაობი იყო გადაჭიმული. სხვა ბევრ ვინმესა და რამესთან ერთად იმ დროს გოლიათებიც მრავლად ცხოვრობდნენ. გოლიათები უხეშები, გაუნათლებელი ხეპრეები და ზოგჯერ საკმაოდ საშიშები იყვნენ. განსაკუთრებით ერთი გოლიათი გამოირჩეოდა თანამოძმეებისგან როგორც სიდიდით, ასევე უჭკუობითა და სიბრიყვით. ისტორიულ ჩანაწერებში მის სახელს ვერსად მივაკვლიე, მაგრამ არა მგონია, ჩვენ ამბავს ამით რამე დააკლდეს. ეს გოლიათი ძალიან ზორბა იყო, მძიმედ დააბოტებდა და ხის სიმაღლის ხელჯოხს ეყრდნობოდა. სიარულისას თელის ხეებს ბალახივით თელავდა, შარაგზებს და ბაღებს ანადგურებდა, რადგან მისი ნატერფალი მიწას ჭისხელა ორმოებად აჩნდებოდა; ზოგჯერ სახლს დაეჯახებოდა და... სახლიც ინგრეოდა. სადაც უნდა წასულიყო, ასე აოხრებდა ყველაფერს გზადაგზა, იმიტომ რომ ნებისმიერი სახლის სახურავზე ასი თავით მაღლა იდგა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და საერთოდ ვერ ხედავდა, რაზე აბიჯებდა ფეხებით. ყველაფერთან ერთად ახლომხედველი და ცოტა ყრუც იყო. საბედნიეროდ, შორს მდებარე უკაცრიელ მხარეში ცხოვრობდა და მხოლოდ ხანდახან, ისიც შემთხვევით, თუ შეეხეტებოდა ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. მაღლა მთებში ნახევრადჩამონგრეული სახლი ედგა. მეგობრები ცოტა ჰყავდა, ალბათ სიყრუვისა და სიბრიყვის გამო, თან ირგვლივ ბევრი გოლიათი არ ბინადრობდა. ჰოდა, დაბოდიალობდა ასე ეულად უდაბურ მაღლობებზე და დიდი მთიანეთის უკაცირიელ ფერდობებზე. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გოლიათი სასეირნოდ გაემართა, უაზროდ დაყიალობდა აქეთ-იქით და ტყეშიც ხეებს ძირფესვიანად ძირკვავდა. უცებ ჩამავალი მზე დაინახა და ვახშმობა მოუნდა. თუმცა, რომ მიიხედ-მოიხედა, იქაურობა სრულებით არ ეცნო, გზა დაბნეოდა. შეცდომით მარჯვნივ გაუხვია და სანამ სულ არ ჩამოღამდა, არ შეჩერებულა. ამ დროს ჩამოჯდა და მთვარის ამოსვლას დაუწყო ლოდინი. მთვარის შუქზე კვლავ განაგრძო სვლა, მიაბოტებდა და მიაბოტებდა გამალებით, რადგან შინ დაბრუნება ძალიან ეჩქარებოდა. შიშOობდა, ცეცხლზე შემოდგმულ სპილენძის საუკეთესო ქვაბს ძირი არ გაემუროსო. ოღონდ მთებისკენ პირი კი არა, ზურგი ჰქონდა მიქცეული და საწინააღმდეგო მიმართულებით, ადამიანთა დასახლებებისკენ მიიწევდა. უფრო რომ დავაზუსტოთ, პირდაპირ ეგიდიუს აჰენობარბუს იულიუს აგრიკოლას ფერმასა და იმ სოფელს უახლოვდებოდა, მდაბიურ ენაზე ჰემს რომ უწოდებდნენ. მშვენიერი ღამე იდგა. ძროხები მინდორზე იწვნენ და იცოხნებოდნენ, ფერმერ ჯაილსის ძაღლი კი თავის საქმეებზე გარე-გარე დაწანწალებდა. გარმს ძალიან უყვარდა მთვარის შუქი და კურდღლები. მას, რასაკვირველია, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ დროს გოლიათიც დასეირნობდა. ეს მშვენიერი საბაბი იქნებოდა, იმის ასახსნელად, რატომ გავიდა ეზოდან დაუბარებლად, მაგრამ იმავდროულად, უფრო მშვენიერი მიზეზი იქნებოდა იმისათვის, რომ სამზარეულოში ჩუმად მიმალულიყო. დაახლოებით ღამის ორ საათზე გოლიათი ფერმერ ჯაილსის ყანას მოადგა, ღობე დაამტვრია, ნარგავები გადათელა და სათიბი სულ მიმოტკეპნა. ხუთ წუთში ისე გააჩანაგა ფერმერის მინდვრები, მელიაზე სამეფო ნადირობისას ამას ხუთ დღეში ვერ მოასწრებდნენ. გარმს მდინარის სანაპიროდან ბრაგუნი მოესმა და ვითარებაში გასარკვევად, იმ დაბალი ბორცვის დასავლეთ ფერდობზე აირბინა, რომელზეც ფერმერის სახლი იდგა. უეცრად გოლიათი დაინახა, რომელმაც მდინარეზე გადმოალაჯა და გალათეას, ფერმერის საყვარელ ძროხას დააბიჯა. საცოდავი ცხოველი ისე გაისრისა, როგორც ტარაკანი ფერმერის ფეხქვეშ. გარმისთვის ეს უკვე მეტიმეტი იყო. შეშინებული აწკავწკავდა და თავპირისმტვრევით გაიქცა სახლისკენ. ელდანაკრავს ისიც კი დაავიწყდა, უნებართვოდ რომ დაწანწალებდა გარეთ და პირდაპირ პატრონის საძინებლის ფანჯრის ქვეშ ატეხა ყეფა და ყმუილი. პასუხი კარგა ხანს არ მიუღია. ფერმერი ჯაილსის გაღვიძება იოლი სულაც არ იყო. _ მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! _ გაჰყვიროდა გარმი. უცებ ფანჯარა გაიღო და იქიდან გარმზე დამიზნებული ბოთლი გამოფრინდა. _ ვაი! _ მარჯვედ აიცილა ძაღლმა ნასროლი, _ მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! ფანჯრიდან ფერმერმა გადმოჰყო თავი. _ წყეული ქოფაკო! _ დაუყვირა ფერმერმა, _ ეს რა აურზაური ატეხე? _ არაფერიც არ ამიტეხია, _ მიუგო ძაღლმა. O_ მე შენ გიჩვენებ “არაფერიც არ ამიტეხიას”! დამაცადე, დილით ტყავი თუ არ გაგაძრო! _ ფანჯარა გაიჯახუნა ფერმერმა. _ მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! _ ყვირილი განაგრძო ძაღლმა. ჯაილსმა ისევ გადმოჰყო თავი. _ კიდევ ერთხელ გავიგებ შენ ხმას და იცოდე, მოგკლავ, _ დაემუქრა ფერმერი. _ რა მოგივიდა ამაღამ, შე გამოყეყეჩეულო? _ მე არაფერი, _ მიუგო ძაღლმა, _ აი, შენთან კი სტუმარი მოდის. _ რაო, ვინ სტუმარი? _ მიუხედავად მრისხანებისა, მაინც დაინტერესდა ჯაილსი. აქამდე გარმს ასე თავხედურად არასდროს უპასუხია. _ შენს ყანაში გოლიათი დადის, ვეებერთელა გოლიათი, რომელიც აქეთ მოემართება, _ მიუგო გარმმა, _ გაიღვიძე! ცხვრებს გაგისრისავს. საცოდავ გალათეას უკვე დააბიჯა და ფეხსაწმენდი ჭილობივით გააბრტყელა. გაიღვიძე! დამეხმარე! ღობეებს დაგიმტვრევს, ნარგავებს ამოგიძირკვავს. დროზე, ბატონო, უშიშრად შეუტიე, თორემ მალე აღარაფერი დაგრჩება. ადექი! _ აყმუვლდა გარმი. _ მოკეტე! _ დაუყვირა ფერმერმა და ფანჯარა მიიხურა, _ უფალო შემიწყალე! _ ჩაიბურდღუნა თავისთვის და მიუხედავად თბილი ღამისა, შეაკანკალა. _ მოდი აქ, დაწექი, ნუ სულელობ! _ უთხრა ცოლმა, _ ეგ ძაღლი კი ხვალ მდინარეში ჩაახრჩე. ძაღლისა არაფერი დაიჯერება; როცა ქურდობაზე ან უსაქმურობაზე წაასწრებენ, ათას ტყუილს იგონებენ თავის გასამართლებლად. _ შეიძლება ასეცაა, აგათა, _ თქვა ფერმერმა ჯაილსმა, _ შეიძლება – არა. ჩემ ყანაში მართლა ვიღაც დადის, თუ არადა, გარმი ძაღლი კი არა, კურდღელი ყოფილა. ძაღლი ძლიერ შეშინებული მომეჩვენა. აბა, მაშ, ღამით ყეფას რატომ ატეხავდა, როცა შეეძლო მშვიდად შეპარულიყო უკანა კარით სახლში და დილით კუთვნილი რძეც მიეღო? _ ნუღარ ბუზღუნებ მანდ! _ უთხრა ცოლმა, _ თუ ძაღლისა გჯერა, მაშინ სწრაფად და უშიშრად იმოქმედე! _ სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად – ძნელი, _ დაეზარა ჯაილსს, რომელსაც მთლად ბოლომდეც არ სჯეროდა გარმის ნათქვამი. შუაღამისას მოსეირნე გოლიათები ცოტა რთული დასაჯერებელია. და მაინც, საკუთრება საკუთრებაა, და ფერმერ ჯაილსსაც ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უყვარდა მის მამულში მოყიალე უცხოების დაფრენა. ამიტომაც შარვალი ამოიცვა, სამზარეულოში ჩავიდა და კედლიდან მუშკეტონი ჩამოხსნა. ალბათ ზოგი თქვენგანი იკითხავს, მუშკეტონი რა არისო. როგორც ამბობენ, თურმე სწორედ ასეთივე შეკითხვა დაუსვამთ ოთხი ოქსენფორდელი სწავლულისთვის, რომელთაც კარგა ხნის დაფიქრების შემდეგ ასე უპასუხიათ: “მუშკეტონი – ეს არის ფართოლულიანი მოკლე თოფი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ტყვიას ისვრის და ზუსტი დამიზნების გარეშე აზიანებს ახლომდებარე სამიზნეს (დღესდღეობით ცივილიზებულ ქვეყნებში სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის მიერაა შევიწროვებული).” ფერმერი ჯაილსის მუშკეტონის ფართო ლულაზე ფართო პირი უფრო ითქმოდა, თუმცა სროლით ტყვიებს კი არა, რაც შიგ ჩაეტეოდა, ყველაფერს ისროდა. ამ მუშკეტონს ჯერაც ვერავინ დაეზიანებინა, რადგან ფერმერი მას იშვიათად ტენიდა და არასდროს ისროდა. უკვე მუშკეტონის დანახვაზე ყველაფერი გვარდებოდა. თანაც ეს მხარე ჯერაც არაცივილიზებული იყო, ამიტომაც მუშკეტონზე უკეთესი იარაღი არ იშოვებოდა, უფრო რომ დავაზუსტო, ამის გარდა სხვა არანაირი თოფი არ იწარმოებოდა და ისიც მხოლოდ ცოტას თუ ჰქონდა. ხალხი მშვილდ-ისარს უფრო ხმარობდა, დენთს კი უმეტესად ფეიერვერკებისთვის იყენებდნენ. მოკლედ, ფერმერმა ჯაილსმა მუშკეტონი ჩამოხსნა და ტყვიაწამლით კარგად დატენა, ვაიდა, საქმე ძალზე გართულდესო, მერე ლულაში კი დაჟანგული ლურსმნები, მავთულები, ქოთნის ნამტვრევები, კენჭები, ძვლები და სხვა ამდაგვარი ხარახურა ჩაყარა. მერე ჩექმები ჩაიცვა, ლაბადა მოისხა და ბოსტანში გავიდა. MMAMმთვარე ძალიან დაბლა ეკიდა, ფერმერი მხოლოდ ხეებისა და ბუჩქების ძირს გაფენილ გრძელ ჩრდილებს ხედავდა; სამაგიეროდ კარგად ესმოდა ფერდობიდან მომავალი შემზარავი ბრაგუნი. აგათამ კი უთხრა სწრაფად და უშიშრად იმოქმედეო, მაგრამ რატომღაც ფეხსაც ითრევდა და მაინცდამაინც უშიშრადაც ვერ გრძნობდა თავს. თუმცა, საკუთარ ტყავზე მეტად, მაინც საკუთრებას უფრთხილდებოდა. ჰოდა, რაღაცანირი მუცლის გვრემის შეგრძნებით, ბორცვის თხემზე ასვლას შეუდგა. უცებ ბორცვის კიდიდან გამოჩნდა გოლიათის სახე, ფერმკრთალი მთვარის შუქზე, რომელიც მის დიდრონ, მრგვალ თვალებში ირეკლებოდა. მისი ფეხები ისევ შორს იყვნენ, ქვემოთ, მიწაზე ორმოებს ჩიჩქნიდნენ. მთვარის სხივებმა თვალი მოსჭრა გოლიათს და ფერმერი ვერ დაინახა; სამაგიეროდ ფერმერმა ჯაილსმა ისე კარგად დაინახა, რომ შიშისგან ლამის ჭკუაზე შეიშალა. დაუფიქრებლად გამოჰკრა ჩახმახს თითი და მუშკეტონმაც დაიგუგუნა. იღბლის წყალობით, მუშკეტონი მეტნაკლები სიზუსტით გოლიათის მახინჯ სახეში აღმოჩნდა დამიზნებული. ლულიდან გამოფრინდა ათასგვარი ხარახურა, კენჭები, ძვლები, ქოთნის ნამტვრევები, დაგრეხილი მავთულები და ნახევარი დუჟინი დაჟანგული ლურსმნები. და ვინაიდან, მანძილი მართლაც ახლო იყო, შემთხვევით და არა გამიზნულად, უმეტესობა მათგანი გოლიათს მოხვდა: ქოთნის ნამტვრევმა ლამის თვალი ამოსთხარა, გრძელი ლურსმანი კი ცხვირში ჩაერჭო. _ დასწყევლოს ეშმაკმა, _ მდაბიურად წამოიძახა გოლიათმა, _ რაღაცამ დამნესტრა! _ მუშკეტონის გუგუნს მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია (ის ხომ ყრუ იყო), ლურსმანი კი ძალიან არ მოეწონა. კარგა ხანი იყო უკვე, ვერცერთი მწერი ვეღარ კბენდა მის სქელ კანს, ოღონდ გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც აღმოსავლეთში, ჭაობებში ნემსიყლაპიები დაფრინავდნენ, რომლებიც მწარედ იკბინებოდნენ. ჰოდა, ახლა გაიფიქრა, ეტყობა, იმ მხარეებში მოვხვდიო. _ აშკარად საძაგელი, მყრალი მხარე უნდა იყოს, _ ჩაილაპარაკა თავისთვის, _ ამაღამ გზას აღარ განვაგრძობ. მერე გზაში საჭმელად ბორცვის ფერდობიდან ორი ცხვარი აიტაცა, მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა და ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა. ბოლოს და ბოლოს, შინისაკენ გზა როგორღაც გაიგნო, ახლა სწორად მიდიოდა, თუმცა, ამასობაში მისი სპილენძის ქვაბის ძირი უკვე სრულებით გაიმურა. რაც შეეხება ფერმერ ჯაილსს, მუშკეტონის უკუცემის ძალამ მიწაზე ზურგით დააგდო და ისიც გაუნძრევლად მიშტერებოდა ზეცას იმის მოლოდინში, ახლა გოლიათი გამოივლის და მიწას მიმასრისავსო. თუმცა გოლიათს არ გამოუვლია, პირიქით, მისი ფეხების ბრაგუნის ხმა ნელ-ნელა დაშორდა და ცოტა ხანში სავსებით მიწყნარდა. უეცრად ხალხის ჟრიამული მოესმა. ჰემის მცხოვრებლების უმეტესობა ფანჯრებიდან იყურებოდა. ზოგმა სასწრაფოდ ჩაიცვა სამოსი და გარეთ გამოცვივდნენ (გოლიათის წასვლის შემდეგ), რამდენიმე კი უკვე ბორცვის ფერდობებზე ამორბოდა ყიჟინით. გოლიათის ფეხების საზარელი ბრაგუნის გაგონებაზე, სოფლელების უმეტესობამ მაშინვე საბნები გადაიფარა თავზე, ზოგი კი საერთოდ საწოლის ქვეშ შეძვრა. გარმი კი ერთდროულად ამაყობდა პატრონის საქციელით და თან ცოტათი დაშინდა კიდეც. როცა უბრაზდებოდა, პატრონი მრისხანედ და შესანიშნავად ეჩვენებოდა, ამიტომ ეგონა, გოლიათიც აუცილებლად ასე იფიქრებსო. ჰოდა, როგორც კი სახლიდან მუშკეტონით გამოსული ჯაილსი დაინახა (ეს უკვე ძლიერი გაბრაზების ნიშანი იყო), მაშინვე სოფლის ქუჩებში დაეშვა ყეფითა და ყვირილით: _ გამოდით! გამოდით! გამოდით! გაიღვიძეთ! ადექით! გამოდით და ჩემ პატრონს შეხედეთ! შეხედეთ ჩემ უშიშარსა და მარჯვე პატრონს! გოლიათს ყანაში უნებართვო შემოჭრისთვის მუშკეტონიდან უნდა ესროლოს! გამოდით! ბორცვის წვერი სოფლის თითქმის ყველა სახლიდან მოჩანდა. როცა სოფლელებმა და ძაღლმა გოლიათის სახე დაინახეს, ყველა სუნთქვაშეკრული გაიტრუნა. გარმის გარდა არავის სჯეროდა, ფერმერი ჯაილსი ამხელა პრობლემას თუ გაუმკლავდებოდა. მერე მუშკეტონი გავარდა, გოლიათი კი შებრუნდა და წავიდა. ამაზე სოფლელებმა ტაშისცემა და ყიჟინი ატეხეს, გარმა კი სიხარულით ისეთი იყეფა, ლამის თავი წასძვრა. _ ვაშა! _ ყვიროდა ხალხი, _ გოლიათს ჭკუა ასწავლეს! ბატონი ეგიდიუსი გოლიათს გაუსწორდა! წავიდეს ახლა სახლში და მოკვდეს, ეგრეც მოუხდება, _ მერე ისევ ჟრიამული ატეხეს. თან ამ ჟრიამულში არც იმის დამახსოვრება გამორჩენიათ, რომ ფერმერ ჯაილსის მუშკეტონი ნამდვილად ისროდა. მანამდე სოფლის სამიკიტნოებსა თუ დუქნებში ამაზე დიდი დავა იყო ხოლმე გაჩაღებული; მაგრამ ახლა ყველაფერი გაირკვა. ამ შემთხვევის შემდეგ ფერმერი ჯაილსის ყანებში ვეღარავინ ბედავდა უნებართვოდ შეჭრას. როცა საფრთხემ გადაიარა, რამდენიმე შედარებით გულადი სოფლელი ბორცვზე ავიდა და ფერმერ ჯაილსს ხელი ჩამოართვა. ზოგმა ამათგანმა – მღვდელმა, მჭედელმა, მეწისქვილემ და კიდევ ერთმა-ორმა მნიშვნელოვანმა პიროვნებამ – ზურგზეც წამოარტყა. ეს ჯაილსს დიდად არ ესიამოვნა (მხარი ძლიერ დაბეგვილი ჰქონდა), მაგრამ თავი მაინც ვალდებულად ჩათვალა, ყველანი სახლში დაეპატიჟებინა. სტუმრები მთელი ღამე სამზარეულოში მრგვალ მაგიდას უსხდნენ, ფერმერის დღეგრძელობისას სვამდნენ და ხოტბას ასხამდნენ. ფერმერ ჯაილსს მთქანრების შეკავება არ უცდია, მაგრამ სანამ სასმელი არ გამოილია, სტუმრებს ამისთვის ყუადღება არ მიუქცევიათ. როცა მეორე ჭიქა გადაჰკრეს (ფერმერმა კი – მესამე), თავი უფრო გულადად იგრძნო; მესამე თუ მეოთხე ჭიქაზე (ამ დროს ფერმერი უკვე მეხუთე თუ მეექვსე ჭიქას სვამდა), თავი ისე მამაცად წარმოიდგინა, როგორიც გარმს ეგონა. ბოლოს მასპინძელმა და სტუმრებმა ერთმანეთს მეგობრობა შეჰფიცეს და მხრებზე ხელების ტყაპუნით გამოემშვიდობნენ. ფერმერს დიდი, სქელი და წითელი ხელები ჰქონდა და, შურიც ბოლომდე იძია.
--------------------
The world is changed. I feel it in the earth. I feel it in the water. I smell it in the air...
|