(ალექსანდრეს)
ტივტივი
(სიბილას ლექსი დასაწყისიდან)
როგორი მძიმე ხარ. რამდენი დღეა, რაც მოგათრევ ამ ზურგით.
ამ მიწას და სივრცეს შორის რომ კიბეს ჰგავს, გაყინულს, ნაზამთრალს.
ხელების შეხება მომაკვდავ სხეულზე - დანდობა. დაზოგვა.
ხერხემლის მოხრა და... თვალები თითქოსდა სიკვდილთან დაზავდნენ.
ხმელეთზე, აქ, სადაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ცხოვრების ნიშნულებს,
სანიშნად კი არა, მოთეთრო ხაზებად გვიგზავნის დროება.
აქ, სადაც წყაროებს, ტბებსა და მდინარეს სხეულზე იშრობენ
და მერე ტკივილი მარცხენა პარკუჭში ზღვასავით გროვდება.
აქ, სადაც არ სჯერათ და მაინც ჯიუტად, დაღლილი მუხლებით,
ადგილს ინიშნავენ, ირგვლივ კი სინანულს ხალიჩად იფენენ.
მზერის გადაწევა ჰორიზონტს გადაღმა - გზის შემოსახლება,
წყვეტილი ხაზები ჰორიზონტს გადმოღმა - წარწერა საფლავზე.
როგორი მძიმე ვარ. რამდენი დღეა, რაც ვიგუბებ ფილტვებში
მოწამლულ ჰაერს და ეს ჯვარი მინდა, რომ როგორმე აგყარო.
ვერ ვიტან სამყაროს, დავარცხნილს, დაწყობილს, იქ, სადაც ფილტრავენ
გრძნობებს და დატუშულ წამწამით გლოვობენ შეუმდგარ სიყვარულს.
ხმელეთზე, იქ, სადაც მუდმივად ებრძვიან წუთიერ შეგრძნებებს,
რამსიღრმე ორმოა, თვალებს რომ ვერ ვაწვდენ, ისეთი, ჩვენს შორის.
მზერის გადაწევა ჰორიზონტს გადაღმა - ნიშნავს რომ მოგძებნე.
ბელტის ჩამოვარდნა სასახლის კიდეზე - აქ უკვე გიშორებ.
როგორი მძიმე ხარ. რამდენი დღეა, რაც მოგათრევ ამ ზურგით.
ამ მიწას და სივრცეს შორის რომ კიბეს ჰგავს, მორყეულს ტკივილით.
ხელების შეხება მომაკვდავ სხეულზე - დამინდე. დამზოგე.
ხერხემლის მოხრა და...
ხსოვნის ზედაპირზე დარჩენა.
ვტივტივებ.
"ნუ ვილაპარაკებთ მათზე. მხოლოდ შეხედე და გაიარე "
(დანტე. ჯოჯოხეთი)
ტ
რ
ი
დ
ე
“და მე შევძახე, ჰოი სულნო მოგვიახლოვდით
თუ შესაძლოა, რომ გიხილოთ და შეგესიტყვოთ!”—დანტე.
ვიწყებით.
ნეტავი, რისთვის გამაჩინე ადამიანად.
განა არ გესმოდა, დედის მუცლიდან
როგორ გიბრახუნებდი
ასწლოვანი მუხისთვის მისაბარებელ ხელებს
სამყაროს ჭიპი აქ გადის და ნუ გამომიყვან-მეთქი.
ტბა
ტბა
მირჩევნიაო?!
გზისპირა სახლში წელამდე
აივანზე გადმომდგარი კაცი _ მამაჩემი იყო.
ადრე ზურგით ბეტონისგან ნაშენ ორასტონიან აივანს დაათრევდა
და წვიმა სულ წვეთ-წვეთ ჩამოსდიოდა.
მერე ადგა და ნაბდით გადახურა.
აბა, ნაბადი რას დაიჭერდა,
ციდან სეზონურად მოთქრიალე სითხეს
“ვაშრეთ-ვაშრეთ-ვერ გავაშრეთ”
სიტყვა დაგვისველდა და
“ვკეცეთ-ვკეცეთ-ვერ დავკეცეთ”
შარაგზაზე ეგდო უპატრონო კენჭივით.
მგზავრმა გამოიარა და ზურგჩანთაში ჩაუძახა.
მერე ვიღაცამ თქვა,
ნეტავი იმათ, მზე რომ წინ უდგათ და
მთვარის შუქზე ვერშემდგარ პაემნებს მისტირიანო.
გული ხელით უჭირავთ და
წუთში სამოცჯერ ღალატობენო,
ფეხებქვეშ მიწა ეცლებათ და
ჰაერში ცათამბჯენებს აშენებენო.
თავზე აწვიმთ და სიტყვა ვერ დაულბიათო.
ვტირი და ვერცა ვტირი,
გიყურებ და ვერცა გხედავ,
გელაპარაკები და
ხორხში ჭადის პატარა ნამცეცივით მეჩხირები.
ახლადფეხადგმული
შენს კალთაზე რომ დავბობღავდი
ყოველ შეხებაზე
მთები მეჭეჭებივით რატომ გეზრდებოდა?!
ვარსკვლავების დათვლა ბავშვობაში
ადამიანებში რომ არ გყვარებოდა,
ცაზე მნათობებს დავთვლიდით ახლა.
მე კი, შენი სიბერისაგან დანაოჭებულ კანს
ვუთვლი ცხოვრებას
და ვარსკვლავების ჯიუტად თვლისთვის
ხალებად დამჩნეული გორაკები-
ჩემი ბავშვობა
სამუზეუმე ექსპონატივით
მიდევს წარსულის სკივრში.
დღეს დილით, ჩემს ოცდაექვსი წლის დეიდაშვილს
ყელიდან ხვიარა ამოეზარდა
და მიწიანი ფრჩხილებით რომ არ ამომეგლიჯა
დაახრჩობდა კიდეც.
შენ რას გაიგებ ამ ყველაფრისას...
კარაქიანი პურივით
ლუკმა-ლუკმა უნდა ჩაგიდო
შოშიასავით დაღებულ პირში ეს ამბები
და ნაკეც-ნაკეც გავშალო გზა.
ვერც იმას მიხვდები, საიდან გაჩნდა ეს კილოკავი
ჩემს ზედმეტად ქალაქურ დიალექტში
კავი გამოუდია ვიღაცას
სიტყვა კილოობით აწონილა.
დამძიმებულა.
ჩემი ქალობაც გაგიკვირდება,
მაგრამ იმაზეც თუ იფიქრე რომ სქესი ზოგისთვის იარაღია,
ზოგისთვის კი ფიზიოლოგია- გაგივლის ალბათ.
ადამიანთა ცხოვრება სიკვდილი რომ ყოფილიყო
გარდაცვალებას რაღაც დააარქმევდი ნეტავ?
ბევრი ხომ არ მოგივიდა მკითხველო?
რაც არ მოგეწონოს, გადაფურცლე.
რამაც დაგღალოს, ამოხიე.
რამაც შეგაშინოს _ წარმოიდგინე, რომ კინოთეატრში ზიხარ და
“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გადის.
უბრალო მონათხრობი როგორ გაგილღობს
აისბერგივით გაქვავებულ
ოცდამეერთე საუკუნის ტრი-დე ეფექტებით სავსე გულს,
მეგობარო.
მაგრამ ერთი წუთითაც რომ გააპარო
შენი ფსევდოგალანტური, დაღლილი მზერა-
საქმეა ეგეც.
მკვდართა გარდაცვალებისა გსმენია?
ხილვა-წინათგრძნობებისა?
გარდასახვა განსხეულებისა?
დროში აცდენისა?
დაბრუნებისა?
დაბრუნებისა თუ იცი რამე?
მაშინ გამომყევ.
ამ შავ მსოფლიოში. სივრცეში ორბიტის.
აცდენილ გზებით და თანავარსკვლავედით.
რამდენი უსახო ლანდი დააბოტებს.
რამდენს, უსათუოდ სიკვდილს ვავალებდით.
რამდენს, დაბრუნება სულ არ ეჩქარება.
რამდენს წასვლა უნდა, ფეხის მონაცვლებით.
რამდენი დაწვეს და წაიღეს ქარებმა
გზადაგზა დაფანტეს ფიქრები... განცდები...
ახლა კი ნაცრიდან ვაგროვებ ძვლებივით
იმ ძველ სამკაულებს, გახვრეტილ მონეტებს,
ერთხელაც, აქ როცა მიწა დაიძრება
და ცაზე ყულფების ასეულს დატოვებს,
სადღა გადარჩება თქმული თუ სათქმელი,
მიწის დაბარვა თუ ასფალტით დაფარვა,
ხმელეთზე მიათრევს ცხოვრებას-აქლემი,
როგორც გათელილი დარდების ქარავანს.
ჭიანჭველები
ნეტავ თქვენ, უცნაურო ადამიანებო
მზის ამოსვლისას დაღამებას რომ ნატრობთ
და ჩასვლისას კი განთიადს ელოდებით.
ნეტავ თქვენ, ცალი ხელით სხვის
დასახმარებლად ხელგაწვდილო ადამიანებო,
მეორე ხელით დედამიწის ღერძს მძლავრად რომ ჩასჭიდებიხართ
და ქარის ხმაზე მაინც ლერწამივით აქეთ-იქით იხრებით.
ნეტავ თქვენ, სხვის ტკივილზე სახედაღრეჯილო და
გულში მოქირქილე ადამიანებო,
საკუთარი ცხოვრება დიდი ჯამიდან
ჭყინტი ყველივით რომ ამოგიყვანიათ
და რძის მაგიერ, სისხლი კი გასდის.
ნეტავ შენ, მიწაო ჩემო.
ასჯერ გაუპატიურებულ ვენახში
მაინც ვაზს რომ ყრი
და ცალი თვალი ცისკენ გიჭირავს-
სეტყვამ არ მომისწროსო.
რაღა დროს სეტყვაა,
ცას მსხვილ კაკლებად ცივილიზაციის ნარჩენები სცვივა
და
“აბლი ბაბლი ოქროს ტახტი
მზით ავიღე, მთვარით დავდგი”-
თამაშობს ბავშვი.
ჭიანჭველებს
ყოველდღიურად რომ ამოწმებდნენ
ადამიანებს რაღას იპოვიდნენ ცისქვეშეთში.
ნეტავ შენ, დედაო ჩემო,
ასჯერ მოკლულ შვილს
საფლავზე კი არა, საკუთარ სახლში რომ დასტირი
და იმას კიდევ, თვალებიდან მელანი უჟონავს.
და ნეტავ მე,
მდუმარებაში მდგომ მარტოხესავით
ფესვებზე რომ კირის ნაზავს მასხამენ
და ადგილის დედას ვერ ვღალატობ მაინც.
აბა, რითა ვარ ასე მშვიდი, როგორ მოვედი,
ნაცვეთ ფეხებზე წამოცმული საბურავებით.
ჭალაა ფართო.
წყალი კი ღრმა.
ირგვლივ ხავერდი.
ამ ხავერდზე კი
რა მარტივად აბურთავებენ
საკუთარ თავებს,
როგორ უჭირთ
სიტყვის დაცდენა.
როგორ მალავენ,
სახელოში სველ ცხვირსახოცებს,
და თუ ერთხელაც გზაზე ვინმე ნახეს ცალფეხა
ჩაიმუხლავენ და სინანულს შეახოცავენ.
და ნეტავ იმათ ვისაც სწვდება ყანა წელამდე
და ვაი იმათ ვინც დახუჭა თვალი ნახვამდე,
მზე ახლა წვება პირუკუღმა მუცლით მწვერვალზე
და შეშლილ სახეს გარიჟრაჟის ფერად ახატავს.
ნეტავ თქვენ, უცნაურო ადამიანებო
მზის ამოსვლისას დაღამებას რომ ნატრობთ
და ჩასვლისას კი განთიადს ელოდებით.
ეპიტაფია
ვის რას უშავებს, ეს უბრალო, მარტივი ყოფა,
როცა ჩვენთვის ვართ, ვდუმვართ ერთად, ერთად ვხმაურობთ.
წლები – ეს როგორც მოკირწყლული ქუჩები სოფლის.
გზა - როგორც ერთი ნაცნობობის დანაშაული.
ჩვენ, როგორც ორი მარტოობა, ამ ერთი მიწის,
დავათრევთ გვამებს ზურგით ისევ, მკვდრებსა თუ ცოცხლებს,
და ერთმანეთით ცარიელი თვალები გვეწვის,
და ერთმანეთით ცარიელი ხელებით კურცხალს,
სულიდან ვიწმენდთ, ქარი, ქარი, ქარია გარეთ,
მე ფეხმორთხმული ვზივარ ისევ. ამ ჩვენს აკლდამას,
მტვრით დაფარული კიდეები გამოვუგავე
და სიტყვებს ახლა ვერაფრით და აღარ ვაკავებ.
ჩატეხე ერთი საფეხურიც, ეს მაშინ, როცა,
ცხადიდან თითო-თითო ნაბიჯს იპარავს ძილი.
ქუთუთუობქვეშ ამომიდე. მიგრძენი. დაგცხეს.
ქაღალდის გემებს ამ უსიზმრო ღამეში ვძირავ.
ადექი ფეხზე. ხილაბანდით აიკარ თვალი.
ტკივილებს ალბათ იშუშებენ ნაწოლის დარად.
დაიწყე ჩუმად და ათამდე, ათამდე დათვლით
წყვეტილად, ნელა. ერთი, ორი... და მერე მდორედ,
გამოჰყევ ისევ მდინარებას, უთუოდ ჩემთან,
რომ მოგიყვანს და, ხელებს ფრთხილად დამაწყობ მხრებზე.
ზურგიდან ისევ, მხრებიდან ისევ, მიწამდე ჩამაქვს
დუმილის ჩვენი საიდუმლო. ჭრილობას მიხვევს.
წყვდიადი კვლავაც. უსიზმრო ღამე. სიჩუმეს ისევ,
ტუჩებში ვიმწყვდევ, როგორც უკვე ჩადენილ ცოდვას.
კარიდან აღარ. ფანჯრიდან აღარ. არავინ მისმენს
და თვლას ვაგრძელებ უსასრულოდ ათიდან ოცდა-
ათამდე თუნდაც, ვიწყებით ისევ, ეს მაშინ როცა,
ცხადიდან თითო-თითო ნაბიჯს იპარავს ძილი.
ვიღვიძებ არ ხარ. ვიძინებ არ ხარ. ცარიელ ლოგინს
ვამოწმებ ხელით. შენ –
მიწაში ბრუნდები. მძიმედ.
რაც უკვე იყო, რაც მოხდა და აღარ გვთხოვს ხურდას.
რაც უნდა იყოს, გრძელდება და ამბის მოხდენად,
სადღაც ერთმანეთს ნამდვილად და ღიად ვუმუხთლებთ,
სადღაც პირიქით, სინანული ჩაგვისახლდება.
ვის რა წაართვა,ამ უბრალო, მარტივმა ყოფამ,
ახლა ცალკე ვართ, ვდუმვართ კენტად, კენტად ვხმაურობთ
ჩვენი ამბებით, და ჩვენ-ჩვენი ამბავი გვყოფნის,
დუმილად? იქნებ, არსებობის დანაშაულად.
დახსნა
(სიბილას ლექსი დასასრულიდან)
რას ამდევნებიხარ ბედისწერავ,
მეძებარი ძაღლივით დაგეშილი
კვალში რომ ჩამდგომიხარ და ყორე-ყორე მიშლი
წლობით ნაშენებ კედლებს-
გზა არის ჩემი.
აღმართს ძალა მოუხნავს.
ძალას აღმართი ვერ აუვლია.
ტრიალზე მუხლი მოუკეცავს და
მუხლზე გულმიბჯენილს
ქვაზე დადებული მადლი უძებნია.
ცეცხლზე შემოუდგამს თავსაფრიანს ქვაბი,
აღმართ-დაღმართ დაუწყია დინება წყალსა.
მადლი დანაცრულა.
“ვცერი-ვცერი ვერ გავცერი”
საცრისოდენა თვალები ჰქონია-
შიშს.
იწექი... იწექ... არ გაინძრე
გადაიძრე სულიდან კანი.
კარის სახელურს მოსდებია უხმო კანკალი-
ხმას აჭრიალებს.
იწექი... იწექ.
აჭრელებულ მინდვრებზე იწვის
ნედლი ფიჩხივით
ტკაცუნა შიში,
გაჭიანურდა სოფელი ქვეყნად
შარაზე ვეღარ ვპოულობთ კენჭებს-
ერთმანეთს ვძერწავთ.
ჭიანურზე კი
აკვნესებენ ფერიცვალებას.
ცხადდება ძილი.
ან უფრო ელდა
უჩვეულოდ მწვანეთვალება.
იწექი... იწექ.
გაწვიმდება ამ ღამით ისევ.
წამწამებიდან უჩვეულოდ დანამულ გიშერს
მოიხსნი მძივად
და ჩაზნიქავს მიწას სიმძიმე.
ჩამოიშორებ ბედისწერის საპალნეს მხრიდან,
შენს შესანდობარს დალევს სადღაც ადგილის დედა
და დაიძინებ.
რას ამდევნებიხარ ბედისწერავ,
მეძებარი ძაღლივით დაგეშილი
ხომ ხედავ, აქა ვარ და დამალვას არც კი ვფიქრობ.
თვალი გზაზე შეუნახავს თავსაფრიანს-
მზერა ჩატეხილა.
გდია ახლა და გაბზარული სპილენძის ტაშტივით ხმაურობს.
წვიმს.
ერთი ხელის გაწვდენაზე ხარ და
როგორც კი ამ გარუჯულ ხელს შენკენ გამოვიწვდი
ცვარივით მებნევი პირზე.
მერე სხვებს ჰგონიათ პირცვრიანიაო
და პირიმზისას მღერიან.
ის კი არ იციან პირისბანვის შემდეგ,
როგორ მწველად იცის ხოლმე იმ დალოცვილმა
ცრემლების გადმოყრა გულზე.
აღმართს ძალა მოუხნავს.
ძალას აღმართი ვერ აუვლია,
ტრიალზე მუხლი მოუკეცავს და
----------------------------------------------------------------
დათვისჯვარზე რომ ნაღებივით ნისლი იცის,
იმ ნისლს გაფიცებ
დამეხსენ
* * *
http://www.youtube.com/watch?v=9p_C_7u3nQo