S A F O
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5764
წევრი No.: 99034
რეგისტრ.: 4-September 09
|
#20886386 · 29 Jul 2010, 15:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიტერატურის დედოფალი
როგორც მიღებული იყო გოგონა ელიტურ კათოლიკურ პანსიონში მიაბარეს სასწავლებლად. მკაცრი დამრიგებელ-მონაზვნები მადმუაზელ კუარეს უხსნიდნენ, რომ "მინდას" გარდა არსებობს "ვალდებულება", პრინცებსა და მათი შეყვარებულების შესახებ ზღაპრების გარდა, სწორად ცხოვრებისთვის ბიბლიის დაზუთხვა იყო საჭირო, ცოდვის ჩასადენად - მოლიერის გაცნობა. ფრანსუაზა არ ამლაშებდა, არ ეწუწუნებოდა მამას, მაგრამ როდესაც საკლასო ოთახის ჭერზე მოლიერის ბიუსტი ჩამომხრჩვალი აღმოჩნდა, რატომღაც ეჭვიც კი არავის არ შეეპარა, რომ ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი სიკვდილით ფრანსუაზამ "დასაჯა".
გამოსაშვები გამოცდები ფრანსუაზამ არ ჩააბარა, სიმართლე ითქვას, არც უცდია დაზუთხვა - ძალიან მოსაწყენად ეჩვენებოდა, უგემოვნოდ შეკერილ კოსტიუმებში გამოწყობილი მოხუცი ქალბატონების წინაშე თავის მართლება მისთვის დამამცირებელი იყო. მათ ხომ გაგებულიც კი არ ჰქონდა ვინ იყო კამიუ, პრუსტი, სარტრი, ელიუარე, რომელთა შემოქმედებას ფრანსუაზა ეთაყვანებოდა. პასუხი შეკითხვა სად გააგრძელებდა სწავლას, ყველასთვის ნათელი იყო. "გოგონას კითხვა უყვარს, ჰოდა, სორბონის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბაროს!" - ერთობლივად გადაწყვიტა დედ-მამამ.
იმ დროისთვის კუარე უკვე დიდი ხანია წერდა მოთხრობებს. როგორც კი პირველი მოთხრობა დაასრულა, მაშინვე პირდაპირ პარიზის ყველაზე ცნობილ გამომცემლობას მიაშურა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ხელში მის მიერვე საბეჭდ მანქანაზე სათუთად აკრეფილი შედევრი ეკავა. გარეკანზე კი თავს იწონებდა გვარი, რომელიც უფრო უხდეობდა, ვიდრე მამისეული - ფრანსუაზა საგანი. ფსევდონიმი მისი საყვარელი პრუსტის ნაწარმოების გმირისგან ჰერცოგინია საგანისგან, ისესხა. შემდეგ იყო სახელწოდება - "სალამი, სევდა!" ყველასთვის უცნობმა მადმუაზელ კუარემ 1954 წელს წიგნის ბაზარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ არაფერი იცოდა.
მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მოწყენილობასა და დარდზე. მამიკოს ნებიერა გოგოსთვის როგორი მძიმე დარტყმა იქნებოდა, თუკი მისი ყმაწვილობის ქმნილებას ნაგვის ურნაში ჩაუძახებდნენ. ჯადოსნური ღრუბლებიდან ხრწნად მიწაზე ჩამოვიდოდა, მოთმინებადაკარგული მამისგან სასტიკ საყვედურს მიიღებდა, ფრანგულ სკოლაში მასწავლებლად წავიდოდა და ბავშვებს მუსიე მოლიერის პატივისცემას ასწავლიდა.
"სალამი, სევდა!"
არა მარტო საფრანგეთის, არამედ მსოფლიო ლიტერატურისთვის საბედნიეროდ, ნაწარმოების გაცნობის შემდეგ გამომცემელი ჟიუიარი აღფრთოვანებული დარჩა. ასეთი არასოდეს არაფერი წაეკითხა.
წარმოუდგენელი იყო, გრძელცხვირა, უსახურ 19 წლის გოგონას, რომელსაც ჯერ არავისთან უკოცნავია, ასეთი შედევრი დაუწერა. წიგნი სნობიზმისა და ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე მოუთხრობდა მკაცრ ქალბატონს, მადამ საფრანგეთს, რა კარგია ცხოვრება, როცა ახალგაზრდა და ლამაზი ხარ. რა კარგია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მზეზე გარუჯვა. რა სასიამოვნოა ძვირფასი ავტომობილით 200 კილომეტრით საათში ქროლვა. ლამაზი მამაკაცის მკლავებში ნებივრობა. კარგია, სიკვდილის პირას მიიყვანო ადამიანი, რომელიც ყველა ამ ბედნიერებაში ხელს გიშლის.
რომანმა "სალამი, სევდა!" ავტორს მსოფლიო აღიარება, "მშვენიერი პატარა ურჩხულის" მეტსახელი და უზარმაზარი თანხა მოუტანა, რომელიც საერთოდ არაფერში ესაჭიროებოდა... ახალგამომცხვარმა მწერალმა მთლიანი ჰონორარი კაზინოში შეიტანა, მთელ ფულს ფსონზე ჩავიდა და. მოიგო. მისი ქონება ბევრად გაიზარდა, მილიონები შეადგინა და ძვირფასმა "მამიკომ" თავის პრინცესაზე ყველა ძალაუფლება დაკარგა.
პირველი რაც გააკეთა, ფრანსუაზა მაღაზიებს ესტუმრა - უძვირფასესი "წაულას" ქურქი, "იაგუარი", იახტა და ზღვის სანაპიროზე ვილა იყიდა. მაგრამ საინტერესო, რაში სჭირდებოდა შენაძენი, როდესაც ყველაფერი ეს უკვე ისედაც ჰქონდა, სპორტული მანქანის გარდა, რომელიც უგონოდ მთვრალმა დაამსხვრია, თავისი რომანის გმირის ბედი გაიზიარა. გამოცანად რჩება, როგორ გადაურჩა სიკვდილს. "ალბათ სიკვდილისთვის ძალიან ახალგაზრდა და უშნო ვიყავი", - ირონია გაურია მწერალმა ნათქვამს.
კლინიკური სიკვდილის შემდეგ ფრანსუაზამ თავის პრიორიტეტებს მაინც არ გადახედა. გარშემო კვლავ უდარდელი ადამიანები ეხვია, უპირატესობას ლამაზ ნივთებს ანიჭებდა, წლებსა და ნაღველის მატებასთან ერთად მის თვალებში ბედნიერების სხივი მაინც არ უნდა ჩამქრალიყო.
თუკი ფრანსუაზა კუარეს არავინ სტუმრობდა, ფრანსუაზა საგანის სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა. ქალი ძალიან ჭკვიანი იყო იმისთვის, ვერ მიმხვდარიყო, რომ აბეზარ მსახიობებს სულაც არ იზიდავდათ მისი საეჭვო მომხიბლაობა. ისინი სულაც არ იყვნენ სულელები, კარგად იცოდნენ კითხვა, საფრანგეთის ყველა გაზეთი კი იუწყებოდა, რომ ჰოლივუდმა მწერლის ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღების უფლება იყიდა. საგანს გადაუღებლად აწვიმდა თავზე ოქროს წვიმა, ის კი გამწარებით ცდილობდა ფულისგან გათავისუფლებას, ყველაფერი მოსინჯა - ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ღამის კლუბები, აზარტული თამაშები, დოღი და, ბოლოს და ბოლოს, თავს გამოუტყდა, რომ მამიკოს გარეშე თავს ვერაფერს ართმევდა. ვიღაცას ხომ უნდა აეღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აბობოქრებული პრინცესის საქციელის გამო.
"მფარველი ანგელოზი"
გი შელერი ნამდვილად იყო საგამომცემლო საქმის მეფე და რით არ შეეფერებოდა ფრანგული ლიტერატურის პრინცესას? ამასთან სავსებით შესაფერისი კანდიდატურა იყო "მამიკოს" როლისთვის - ფრანსუაზაზე ოცი წლით უფროსი გახლდათ.
გიმ ფრანსუაზას ხელი სთხოვა, ის დათანხმდა. ქორწილს ორიათასი პაპარაცი დაესწრო, თუკი ახალგაზრდებს ჰქონდათ თანაცხოვრების რომანტიკული ილუზიები, საზოგადოებას მათგან მალე განქორწინების პიკანტური დეტალები სწყუროდა. ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად შელერმა ნამდვილად ვერ შეძლო "პატარა ურჩხულის" მამიკო გამხდარიყო, ცოლი დიდების საშიში ცხოვრებისგან დაეცვა. როგორც ფარვანას შუქი, ისე იზიდავდა მწერალს პარიზის ღამის ცხოვრება. უდიდეს სარტრთან ლაპარაკში ღამეებს ატარებდა, ნახევარ ღამეში ბლოკ სიგარეტს ეწეოდა, თან ვისკის აყოლებდა.
არ შეეძლო და არც სურვილი ჰქონდა, ყოველივე ამის შემდეგ მზის პირველ სხივზე ამდგარიყო და ქმართან ერთად ცხენით გაესეირნა - ნურას უკაცრავად! რეჟიმში ცხოვრება, სიგარეტსა და ალკოჰოლისთვის თავის დანებება, ოჯახის კეთილდღეობისთვის მუშაობა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სულიერი განწყობისთვის სწორი საქციელი მისთვის მიუღებელი გახლდათ. ასე ხომ ძალიან მალე მოწყენილობისგან მოკვდებოდა! მალე, ბეზრდებოდა ისეთივე ადამიანების კომპანია, როგორიც თვითონ იყო. ასეთი ტიპის ადამიანებს მისი ქმარი იყო, ფრანსუაზა სასაცილოდ იგდებდა.
ვისთან უნდა დაბრუნებულიყო შინ, როდესაც მწერალს თავად სიტყვები "ოჯახი", "ცოლქმრული მოვალეობა" ზიზღს ჰგვრიდა. გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში იყო, არაფერს არ იკლებდა, ქმარი კი იჯდა და მშვიდად კითხულობდა გაზეთს. ღმერთო, რა უზნეობაა! დილით შინ მისული ფრანსუაზა საყვარელ ძაღლ იუკის თოკს მოაბამდა და კარს მიიჯახუნებდა. წყვილი ერთმანეთს მალე დასცილდა. საგანს მრავალჯერ შესთავაზეს გული და ხელი სთხოვეს, ბობოქარი სულის დაპყრობაზე მისი დიდიხნის მეგობარი და საყვარელი, ჟურნალისტი ბერნარ ფრანკიც ოცნებობდა, მაგრამ მფარველ-ანგელოზად ისიც არ გამოდგებოდა, ძალიან ავტორიტარული და ეჭვიანი იყო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თითქოს საგანი არასოდეს შეებმებოდა ოჯახურ უღელში, მაგრამ თავად მწერალიც კი ვერ აღმოჩნდა ისეთი ემანსიპირებული, რომ უკანონო შვილი გაეჩინა.
ახლგამოჩეკილი "მამიკო, დიდი ღირსებებით არ გამოირჩეოდა, მხოლოდ მაღალი და ცისფერთვალება იყო. ბობ ვესტხოფი ტიპური კოვბოი გახლდათ. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მესამეხარისხოვან მელოდრამაში, საფრანგეთში "ქანდაკებაზე სამუშაოდ, ანუ მოდელად სამუშაოდ ჩავიდა. გამართლება არ გინდა, ევროპის ყველაზე ცნობილი მწერლის მორიგი ქმარი გახდა. ცოლ-ქმარს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა. ერთადერთი, რასაც ბობი გულმოდგინედ ასრულებდა, სადილობისთვის ყოველთვის დროულად მიდიოდა სახლში.
ფრანსუაზას ამერიკელთან ქორწინებაში ვაჟი დენი შეეძინა, რომელსაც გუვერნანტი და აღმზრდელი უვლიდნენ, საგანი კი თავის მოვლით იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, მალე ბობი და საგანი ერთმანეთს დასცილდნენ. თუკი ფრანსუაზას საერთოდ ჰყავდა მფარველი ანგელოზი, იგი ალბათ იმით იყო დაკავებული, რომ მას სამაგალითო ცოლობისგან იცავდა.
"და მოთმინების ფიალა გაივსო"
შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში საგანმა სიყვარულზე 22 რომანი დაწერა, თავად კი სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში, მხოლოდ ერთგული ძაღლების გარემოცვაში გაატარა. მის შემოქმედებას სკოლაში მოლიერისა და სარტრის გვერდით ასწავლიდნენ. მილიონიანი ტირაჟი, საქებარი რეცენზიები, ლიტერატურული პრემიები წარსულში დარჩა. ფრანგული ლიტერატურის დედოფლიდან ფრანსუაზა "ყვითელი პრესის" პერსონაჟად გადაიქცა.
ხან ნარკოტიკების შენახვასა და მოხმარებისთვის იჭერდნენ, ხან გადასახადების გადაუხდელობის გამო ასამართლებდნენ, ხშირად სასამართლოში პლაგიატობისთვის იძახებდნენ. ჟურნალისტები დაუღალავად და ხმამაღლა იმეორებდნენ, რომ ქვეყანაში ყველა ღირსეული მამაკაცის "გასინჯვის შემდეგ მწერალმა თავისი შავბნელი ამბებისგან თავის დასახსნელად პრეზიდენტამდეც მიაღწია. და საერთოდ, ვისთან უნდა დაეჭირა საქმე პრინცესას, თუ არა თავად სახელმწიფოს პირველ პირთან?
მიტერანი მართლაც ბევრჯერ დაეხმარა საგანს სასჯელის თავიდან აცილებაში. სინამდვილეში ერთმანეთთან რა აკავშირებდათ ფრანსუასა და ფრანსუაზას არავინ იცოდა - ხომ უნდა ყოფილიყო რაღაც საიდუმლო. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრება ყველასთვის გადაშლილი წიგნი გახლდათ! წლებთან ერთად მწერლის სახელის გამო გამოწვეული ხმაური მოჰბეზრდა, ფინანსები შემოელია.
კაზინოში თამაშიც კი ვეღარ ანიჭებდა ადრინდელ სიამოვნებას, ფორტუნამაც უღალატა საგანს. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მწერლის სახლში, რომელიც აღარც ჰონორარებს იღებდა და ბანქოშიც ვერაფერს იგებდა, ქურდებისთვის მისი ტომეულების გარდა მოსაპარავი არაფერი იყო. ისიც საკითხავია, ქურდებს ენდომებოდათ მწერლის ნაწარმოების წაღება?!
2004 წლის 24 სექტემბერს საფრანგეთის ყველა ტელევიზიამ ეთერი შეწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის ეუწყებინათ, 69 წლის ასაკში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა ფრანსუაზა საგანი. ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ იგი უკვე დიდი ხანია ავადმყოფობდა, ერთი წლის წინ კომაში ჩავარდა.
უცებ აღმოჩნდა, რომ მწერალი ის არ იყო, რომელიც "კოკაინს ყნოსავდა" არც ის, "ვისაც ქვეყნისთვის მილიონი ფრანკის გადასახადების გადახდა დაავიწყდა", არამედ ის იყო უდიდესი მწერალი, რომელმაც საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოს მარადიულ სიყვარულზე შექმნილი უკვდავი ნაწარმოებები აჩუქა. ფრანსუაზა საგანი, როგორც პრინცესას შეეფერებოდა, საოჯახო აკლდამაში დაასაფლავეს, ლიტერატურის დედოფალი უკანასკნელ გზაზე გააცილეს მემკვიდრე ვაჟმა, დენი ვესტჰოფმა და საყვარელმა ბერნარ ფრანკმა, რომელსაც არ ეწერა უფლისწული გამხდარიყო.
ჟურნალი "რეიტინგი"
--------------------
თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია. ----------------------------------
|