DIGITS
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 78382
რეგისტრ.: 12-December 08
|
#13584846 · 27 Apr 2009, 00:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირმის მყვირლობა ჯერ შორს იყო, მაინც დაეხტებოდნენ თრიალეთის ტყეებში გლახუნა და პიპა. მეტწილად მეჯოგეების კარვებში ათევდნენ ღამეს, ხანაც ერთ ნაპარტახალ ქოხს შეეხიზნებოდნენ სოფელ იწროში. ხმას არავის სცემდნენ, არც თუ ვინმეს უმხელდნენ თავიანთ ვინაობას. ერთ დილით მეჯოგის კარავში მწოლიარე, ირმის ბღავილმა გამოღვიძა ავშანისძე, გლახუნა წინა დდღის ნარბესნ ისე მაგრად მოსკიდებოდა ძილი მცხეთის სასახლეში ეგონა თავი. გვერდი იბრუნა და განაგრძო თვლემა. მეორეჯერ დაქუხა ირემმა, შეკრთა და წამოვარდა მძინარე. პიპა გააღვიძა საჩქაროდ, ყურშაი აიყოლიეს და მიჰყვნენ ირმის ბღავილს. უშიშარაისძე უძაღლოდ მიდიოდა, სწორედ იგი გადააწყდა ხარს, ესროლა ისარი, მაგრამ დააცდინა... გლახუნა ფურს გამოუდგა ლომისფერი იყო იგიცა, ზედმიწევნით შგავდა ნებიერას. ნაშუადღევამდის სდიეს ირემს პატრონმა და ძაღლმა, ორგზის შემოაბრუნა მადევარმა, ბოლოს დაეცა მძიმედ დაჭრილი ნადირი. როცა გლახუნა მიეახლა, იგი იწვა წინა მუხლებზე დაჩოქილი დრუნჩი მიწაძე დაედო და საწყალობლად ხვნეშოდა ფური. მონადირეს უნდა მოეკლა წესისამებრ, სატევარი ამოიღო, მაგრამ ისეთი მშვენიერი და უმწეო იყო ცხოვერლი, ისევ ჩააგო გლახუნამ იარაღი ქარქაშში. ქარაფზე გადადგა, უძახა უშიშარაისძეს, აღარსად სჩანდა იგი, ახლა ხეზე გავიდა, უყივლა, უსტვინა, ამაო იყო ყოველივე. იფიქრა: ავიყვანო ხელში, მოეჭიდა ირემს, მართლაც ატარა მცირე მანძილზე, ბოლოს ეტკინა ნადირს ჭრილობა დაიბღავლა, ორივენი დაეცნენ მიწაზე. სწორედ ამ დროს ნაწლავები გადესკვნა გლახუნას, წამოდგომა დააპირა წელი ვერ გამართა. თავი მიადო, ჯერაც მსუნთქვსა და ტბილ ცხოველს იამა მისი საამური სუნი. სიკვდილი მოვიდაო, იფიქრა, თანაც იგონებდა შორენას. იმ რამდენიმე ბედნიერ წუთს კვეტარის ციხეში გატარებულს. ბოლოს მოუსწრო პიპამ ბავშვივით აიყვანა მომაკვდავი მეფე ირემი ტყეში დასტოვა და ძლივს მიათრია ირწოში. უშიშარაისძეს ეგრე ეგონა: ძარღვი გაესკვნაო უბრალოდ. გახადა სამოსი, გაოცდა როცა ნახმალევებისგან დაჩეხული სხეული ნახა, სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული. უზელდა მუცელს მაგრამ შენიშნა რომ უარესად ხდებოდა მეფე. მკვდრისფერი დაედო სახეზე, თვალები დახუჭა, მერმე ისევ შუეწითლდა ლოყები თვალები გაახილა და ეუბნება პირაღმა მწოლიარე. "ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?" "არავინაა, მეფევ ბატონო." "კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს" "რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ მეფევ ბატონო?!" "არა ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმინდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს ყველას, ბაგრატ უფლისწულს და მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩენი უბედურება, ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი საკუთარი თავის და თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ შესყიდული ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინბეს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართველები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართველების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვან ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა, ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყანაში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ. კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხილებულებთ. მეც მჭირდა ეს სენი პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია მას ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები." მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული უცნაურად დემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს: "ახლა ადექი პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა." გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოეძებნა სოფელში, როცა გიორგის სამყოფელს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში. თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიც ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა: "ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი ნაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და........."
გიორგი იწვა გულზე ხელებდაკრეფილი, მხოლოდ ზემოტუჩი უტოკავდა ნელა სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას. წაიბუტბუტა: "მომიცადე დედა!" პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლის მფრქვეველი ხმალი, ეუბნება: "რა გატირებს! დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა." ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.
როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა და ქარი ჰქროდა. პირველად ერთ მესაფლავეს წამოსცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო. როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ მოხუცმა მესაფლაცემ ეს უთხრა ახალგაზრდას: "არცა სიკვდილში ჰქონია გიოგი მეფეს ბედი."
კონსტანტინე გამსახურდია დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა \ LX - თავი\ ტფილისი 1939 წელი
|