პოპ რი–მეიქი
(ნაწყვეტი პოემიდან)
თანამოსასმენი Madonna–Frozen
სააქაო
მე მოსე ისტრახი ვარ. ყველაზე მახინჯი კაცი ამ სამეფოში
,,ბრაჰმას მედლის ორი მხარე"
გიორგი კეკელიძე
ეს მოხდა შენი სკამის გვერდით, დაღლილ საწოლზე,
თრობის და ღვინის საათების დამსხვრევის იქით,
შენ გერქვა ეჭვით გატანჯული უნდო საცოლე
და ცრუ ექიმის მონაჭორი წამალი მიქე.
მე შემეშინდა ჩემი ჩრდილის უცხო სიმჩატის
და ჩემი წლების უსაშველოდ ყალბი სიმძიმის
და მოვიტყუე ახვეული თავი და თვალი,
სასთუმლად ენა ამოვიდე და დავიძინე.
მოთქვამდნენ სხვები, მე რომ სული მოთქმა ვერ ვცადე
სიკვდილის დილამ ჩემი მიწა როცა დაცვარა
და დედა მიწაც. და მინდვრები მეათე ცათა,
მინდვრები, ჩემი უსათუო დედინაცვალი
შემომეგება, დამახვედრა წითელი პური
და უმანკოთა მყუდრო კუთხე უფლის მარჯვენით,
საცა არ არის არცა ჭირი და არცა ურვა
და მხოლოდ ზეცის უქონლობით დავიტანჯები.
საიქიო
მე მოსე ისტრახი ვარ. ყველაზე ლამაზი კაცი ამ სამეფოში
,,ბრაჰმას მედლის ორი მხარე"
გიორგი კეკელიძე
ბილიკმა შენი ყანის თავიც უეცრად მოჭრა
და ტყის ქარქაშში ჩაეგო და თან ჩაგიყოლა
და გავდი უფალს მიბარებულ კეთროვან მორჩილს,
ავი სალმობით შეეფარე მონაზვნის ყორეს –
ტკივილი ნიშნავს – რომ იყავი ორსული სულით,
რომ გაიზარდა და შიგნიდან ფეხით გატოკებს,
რომ ტანს შეშლილი მშობიარის კივილი უვლის
და მძივისაგან გაიშიშვლე ყელი სათოკედ
და დამიბრუნდი, ახალ სახლში დავაგეთ თივა,
თივაზე ვნება მივუშვით და ვნება ვაძოვეთ,
მერე ვიგრძენით, რომ სიმაძღრე აქ ვეღარ გვტკივა.
ვიხმეთ ტურები საკუთარი ყმუილის სუნზე
და სიჩუმისგან უკვე დაღრღნილი ექო გახრეს
და დანაყრდნენ
და შევისახლეთ დიდ ნათელში თვინიერი ნადირი,
და იატაკის ნაპრალიდან
კაცი და მხეცი მალულად ვუმზერთ,
როგორ მიგორავს მზე,
ჩვენი ბედნიერი ბავშვობის ბურთი
და ვხვდებით, რომ ამ სუფრაზე სული სულზე უფრო ტკბილია,
ჩვენ კი საოცრად მოგვენტრა სოფლის მარილი,
იქ დედაჩვენის სავსე საშოს რომ მოვაყარეთ.

და აჰხა თქვენ.....
http://shokoladi.ge/node/3149 * * *
This post has been edited by pataputina on 21 Feb 2010, 15:54