ლევან ბერძენიშვილის გადაცემა კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ. ვისაც არ მოგისმენიათ - strongly recommended (ლინკი იხ. ქვემოთ)
ძალიან საინტერესო გადაცემაა, ობიექტური, დროული და სწორი აქცენტებით. ასეთი კვალიფიციური, სამართლიანი მიდგომა ძალზე იშვიათია. კონსტანტინე გამსახურდიას დღესაც მრავლად ჰყვანან არაკვალიფიციური და ავისმჩხრეკელი "კრიტიკოსები", მამა-შვილი გამსახურდიების მიმართ რაღაც პირადული ბოღმით და ღვარძლით დაბრმავებული ადამიანები (მაგალითად: ნოდია და კომპანია). ასევე მრავლად ჰყვანან არაკვალიფიციური და პათეტიური მეხოტბეები, "ისტორიულ მწერლობაზე" რომ არიან ორიენტირებულნი და "ნამდვილ" კონსტანტინეს, უბრალოდ, არ იცნობენ.
მით უფრო დასაფასებელია ასეთი ობიექტური და საქმიანი დამოკიდებულება. გადაცემის მთავარი აზრი ის არის, რომ კონსტანტინე გამსახურდია, უპირველეს ყოვლისა, "მთვარის მოტაცების" ავტორია და მერე - სხვა დანარჩენის, იქნება ეს "დიდოსტატის მარჯვენა" თუ "დავით აღმაშენებელი". სავსებით ვიზიარებ ამ კონცეპციას და, როგორც ცნობილია, თვითონ კონსტანტინესაც ასე მიაჩნდა (ამიტომაც შეატანინა პირველ ტომში "მთვარის მოტაცება").
აქ გამოვყოფ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გადაცემიდან:
1:25 "თავი იჩინა არც ისე კვალიფიციურმა მიდგომებმა... სოციოლოგი რომ იტყვის - არ მომწონსო" როგორც ჩანს, ნოდიას გულისხმობს და სავსებით სამართლიანად აკრიტიკებს, ამხ. პარტკომის ორი თვის წინანდელი გამოხდომა მართლაც ძალზე არაკვალიფიციური იყო (მეტი რომ არაფერი ვთქვათ).
2:52 "განსხვავებით საერთო აღიარებული კონცეფციისგან, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ოპუს მაგნუმ არის "დიდოსტატის მარჯვენა", მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლიანი მის ხსოვნასთან, მის მწერლობასთან დაკავშირებით. მისი ტრილოგია "მთვარის მოტაცება" მე მიმაჩნია ყველაზე უკეთეს ქართულ რომანად საერთოდ ჩვენი რომანისტიკის ისტორიაში და წინ ვაყენებ, უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე სხვა მწერლების ნაწარმოებებს... დიახ, მე მგონია, რომ მთავარი წიგნი, რომელიც დაიწერა მე20 საუკუნეში, არის "მთვარის მოტაცება"".
მართლაც რომ Respect! 100%ით ვეთანხმები. აშკარად ესმის საგანი

3:55 "ვიკიპედიაში რომ ნახოთ, კონსტანტინე გამსახურდიას უწერია ჟანრი - ისტორიული რომანი, რაც არ არის სწორი, ეს არის მისი შემოქმედების მხოლოდ ნაწილი".
100%
7:40 "კონსტანტინე გამსახურდია ძალიან მადლიერი კაცი იყო ყველაფრისა, რაც მას შეეხო. უიშვიათესია ასეთი სითბო და აღტაცება იმ ხალხის მიმართ, ვისაც სიკეთე გაუკეთებია. მიაქციეთ ყურადღება: გამსახურდიას იცნობდნენ, როგორც კაცს, რომელიც ქედმაღლურად, ცინიკურად იქცეოდა. სინამდვილეში ჩვენს წინაშე სულ სხვა კაცი ისახება: ის თბილი კაცი იყო, ყველაფერთან ერთად."
იქვე: "ალბათ ქართულ ლიტერატურაში ეს იყო ყველაზე უფრო განათლებული პიროვნება, თუ რუსთაველს არ გავითვალისწინებთ... კონსტანტინე გამსახურდიამ მიიღო ბრწყინვალე განათლება, თანამედროვეებისგან ის ამით გამოირჩეოდა, იგულისხმება არა მხოლოდ უცხო ენების ცოდნა."
100%
10:10 ეს შეცდომაა, ქუთაისის გიმნაზიის დაფაზე კონსტანტინე გამსახურდიას სახელი არ არის (რაც, თავისთავად, ძალიან დამაფიქრებელი ამბავია).
11:50 "ჩვენ ბევრი კარგი მწერალი გვყავს, მაგრამ იშვიათად გვყოლია ისეთი მკვეთრად გამოხატული პატრიოტი, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია იყო."
იქვე: "ჩაცმა-დახურვა უყვარდა, ძალიან გამოირჩეოდა ბევრისგან ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩოხას არ იხდიდა იმიტომ, რომ ხაზი გაესვა ნაციონალური იდეისთვის."
100%
13:40 "ის აუცილებლად პოლიტიკოსი იქნებოდა, რომ არ დაქცეულიყო ქვეყანა"
14:25 "კაენის სულის აღზევებამ გაისრიალაო, პოეტმა დაწერა და კარგია, რომ დაწერა, მაგრამ ცუდია, რომ ეს ასე მოხდა მათ შორის იმ პოეტების დახმარებითაც, ვინც მერე ამაზე ლექსები დაწერეს" მოდი და ნუ დაეთანხმები.
15:50 "მე რომ რედაქტორი ვყოფილიყავი ამ ნაწილს ამოვიღებდი: ეს მეგრელი კაცი სვანეთში რო შეიჭრა, იქ იაპონური ჯიუ ძიცუს ილეთები იხმარა და ყველა ცემა, ეს არაა დამაჯერებელი." რაც მართალია, მართალია

18:12 "სავარსამიძის სახე უფრო განავითრა, უფრო გაართულა და შექმნა სახე კაცისა, რომელმაც არ მიიღო საბჭოთა კავშირი. წარმოიდგინეთ: საბჭოთა დროა და ვკითხულობთ წიგნს, სადაც მთავარი გმირი, რომელიც ყველას მოგვწონს, არის ანტისაბჭოთა ადამიანი. და ისიც წარმოიდგინეთ, ამ დროს როგორ იქცეოდნენ სხვა მწერლები, როგორ შეიქმნა ქართული ინტერნაციონალი, როგორ შემოვიდა ქართულ რომანში კარპიჩა, თუ კირპიჩა და ა.შ." "არსენა მარაბდელს" გულისხმობს

არადა მიხეილ ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის უდიდეს ქართველ მწერლად მიაჩნია, მით უფრო დასაფასებელია მისგან ასეთი ობიექტურობა.
20:15 "ამაზე უფრო სერიოზული ძალის ნაწარმოები მე საერთოდ არ მინახავს (საუბარია "მთვარის მოტაცებაზე"). ფაქტობრივად უნაკლო ნაწარმოები. ფოლკნერის სიმძლავრის. ანტისაბჭოთა ლიტერატურაში პირდაპირ არის ხოლმე ნათქვამი, რომ ესენი ცუდები არიან."
22:00 "აი, რა მოხდა: გამოდის ყველა ქართველი მწერალი და ყველა ქართველი პოეტი, ვინც კი გაგიგიათ, ან არ გაგიგიათ და ყველა აგინებს კონსტანტინე გამსახურდიას და ყველა ითხოვს მის თავს. მწერლების მასობრივი გამოსვლაა, რომელიც ამბობს: ეს კაცი რატომაა კიდევ ცოცხალი?! ვინ ამბობს? ვინც გნებავთ! სახელების დასახელებას აზრი არ აქვს; ყველაზე კარგი რო გგონია, მაგას როგორ შეეშლებოდა რამეო, ისეთები. კონსტანტინე გამსახურდია, ფაქტობრივად, მათ დახვრიტეს იქ, როგორც მწერალი. მას, ფაქტობრივად, აუკრძალეს წერა."
27:20 "კონსტანტინე გამსახურდია არ უნდა მომკვდარიყო 1991 წლამდე. ის უნდა მოსწრებოდა, მას ეკუთვნოდა, რომ მოსწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს არის ღრმად სიმბოლური და სამართლიანი, რომ მისმა შვილმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა."
მართლაც რომ respect! მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ლევან ბერძენიშვილს მაინცდამაინც ლოიალური დამოკიდებულება არ აქვს ზვიად გამსახურდიას მიმართ. ცოდვა გამხელილი სჯობია: მისგან ასეთ ობიექტურობას არ ველოდი

20:04 "სხვა ამბავია, რომ მასზე გაცილებით ნაკლები პატრიოტიზმისთვის ხალხი დაისაჯა და ეს გადარჩა. და გადარჩა იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო."
28:40 ჭედია თუ ჯიქია? მე მგონი, ჯიქიას გულისხმობს.
იქვე: "პარადოქსია, მაგრამ თვითონ ცდილობდა, რამენაირად სხვები არ ეგინებინა."
30:05 "ამხანაგმა სტალინმა შემოთვალა - მეტი აღარ დაწეროსო. ამხანაგი სტალინი იყო ფანატიკოსი ისტორიული რომანებისა. გამსახურდია როგორ მიხვდა ამას, არ ვიცი. ამხანაგ სტალინს, გამსახურდიას დონის მწერალი კი არა, ანტონოვსკაიაც კი მოსწონდა."
32:00 "ერთმა ფრანგმა მწერალმა (პოლ ვალერის გულისხმობს) თქვა: ისტორიული რომანები მეათეხარისხოვანიაო, დაახლოვებით სერიალების დონეზე გაიყვანა. ამიტომაც არ მჯერა ისტორიული რომანებისა: როგორ შეიძლებოდა, კონსტანტინე გამსახურდია ყოფილიყო მეფის გულშემატკივარი ხელოვანის წინააღმდეგ."
34:20 "ესსეებიდან გამოჩნდა ისევ ის კაცი, რა დონისაც იყო. ისტორიულ რომანებში იმალებოდა მისი დონე ისევე, როგორც ჩოხაში იმალებოდა ის კაცი, ვისაც პიჯაკი უფრო უხდებოდა." მე მგონი, მთლად ასეც არაა; ორივე უხდებოდა, ერთი მეორეს არ უშლიდა.
38:00 "მან არ ისურვა მთაწმინდა. მან გამორიცხა დიდუბე, საბურთალო და ა.შ. უბრალო საფლავი - ეს გამოირიცხა, მაგრამ მთაწმინდა არ ისურვა. არადა გარანტირებული ჰქონდა, ეგ არ იყო პრობლემა. მან თავისი კონცეპციის, თავისი ოჯახის დასაცავად, ქართული იდეის, დამოუკიდებლობის დასაცავად ააგო კოლხური კოშკი და დაიკრძალა კოლხური კოშკის ეზოში. ეს არ იყო უბრალო ამბავი. კონსტანტინე გამსახურდია არასოდეს არ გახდა საბჭოთა. ყოველთვის იყო უცხო სხეული და ევროპის დესპანი საქართველოში."
კიდევ ერთხელ respect!
40:50 "კონსტანტინე გამსახურდიამ ისტორიულ ძნელბედობებს გაუძლო. კიდევ გაუძლებს. რაც მას არ სჭირდება, ესაა ფეტიშიზაცია. და ვისაც უყვარს "დიდოსტატის მარჯვენა", მოვუწოდებ, რომ... უყვარდეს, კაცო, არაა პრობლემა, მაგრამ "მთვარის მოტაცებას" ნუ დაივიწყებენ, იმიტომ, რომ იქ არის ყველაფერი"
კიდევ ერთხელ 100%

მოკლედ: ძალიან საინტერესო გადაცემაა, ობიექტური და დროული.
https://soundcloud.com/radio-shokoladi-985f...ne-gamsakhurdia This post has been edited by Menestrel on 7 Feb 2016, 15:14