Beren_Perian
Dios Guarda!

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1327
წევრი No.: 66362
რეგისტრ.: 2-July 08
|
#28406096 · 21 Nov 2011, 11:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Glorfindel @ 12 Jun 2011, 18:47 ) | ესეიგი ვინმე ნიკ პერუმოვმა განაგრძო პროფესორის შემოქმედება?
უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ დაწეროთ, რას წერს? ისევ იგივე გმირებზეა თუ ახლები ყავს? მტრები? |
ესეც ჩემი თარგმანიდან ამონარიდი:
თავი I
ჰობიტი და ჯუჯა
საღამოს ჟამს ცის კაბადონზე გადაშლილი ღრუბლები მიმოიფანტნენ, წითელი მზის დისკო ჰორიზონტთან, ღრუბლთა შეერთების ადგილზე, შესქელებულ ნისლში, როგორც ბუმბულში, ისე ჩაესვენა. ლუნის მთების წამახვილებული კუნაპეტი მწვერვალები დასალიერში მეწამულ ფერად იკვეთებოდა. მაზრისთვის ზაფხულის საღამოს ზუსტად ის ჟამი დგებოდა, როცა გრძელ დღეს მწუხრისთვის საბოლოოდ არ გადაელოცა თავისი ალაგი. ამ დროს საგნებს უკვე მიეღოთ გაურკვეველი და აუხსნელი ბუნდოვანება: ხე გარეულ მხეცად გეჩვენება, ბუჩქი სამად მოკაკვულ ჯუჯას ჩამოჰგავს, ხოლო შორეული, უდაბური ტყე ელფების მშვენიერი სრა-სასახლე გგონია. მამლების გაუთავებელი ყივილიც კი საღამოს ყურში უფრო სასიამოვნოდ და რბილად ჩაგესმის. მინდვრებზე, საიდანაც მოსავალი ახალი აღებულია, მსუბუქი, ვერცხლისფერი ნისლი გაბატონებულა. ღრანტეებიდან გადმოღვრილი ბურუსი არემარეს ისე მიმოეფინა, რომ ეულად მდგარი ასწლიანი მუხები, ქათქათა, გამჭვირვალე ზღვაში ამოჩრილ პატარ-პატარა კუნძულებად გადაიქცნენ. აქა-იქ გაფანტული ფერმების სარკმლებში შუქი თანდათან მიიბჟუტა. იქ უკვე დასაძინებლად ემზადებიან. ბრენდივინოს ხიდზე კარიბჭე საიმედოდ დაახშეს. სამხრეთით კი, ირმეთში, მაღალ სათვალთვალო კოშკზე, ბრენდის დარბაზის ეზოში, მშვილდითა და მთელი კონა ისრებით შეიარაღებული მორიგე გუშაგი ჰობიტი აცოცდა და თავისი ადგილი დაიკავა. სარტყელთან ჯერ სასიგნალო ბუკი შეისწორა, მერე კი მსხვილი მორებით შემოღობილი მზვერავის კოშკურის ნაბიჯებით გადაზომვას შეუდგა. აღმოსავლეთისაკენ, რამდენიმე მილის იქით, ფართოდ გადაშლილიყო ძველისძველი ტყის ვარჯები. სწორი, მაღალი კედელივით გადაჭიმულიყო სამხრეთიდან აღმოსავლეთისაკენ. გუშაგმა თავისი შალის ლაბადა მჭიდროდ შემოიხვია, კოშკურის რიკულს ჩამოეყრდნო და თვალი მოავლო ჰორიზონტს, რომელიც მწუხრის სიბნელეს მისცემოდა. ტყის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ხანძრის ნაკვალევის გარჩევა, მაგრამ საღამოს ბინდში ისიც მალე გაეხვია, ცარგვალზე კი მხოლოდ შემოდგომისთვის დამახასიათებელი უამრავი კაშკაშა ვარსკვლავი მიმოიფანტა. დარაჯმა მამულის კარ-მიდამოში მოულოდნელად ნაბიჯების მსუბუქი ხმა გაიგონა და მსწრაფლ შემოტრიალდა. გვერდითი კარიდან ჰობიტების ზომასთან შედარებით კიდევ უფრო მომცრო ტანის ფიგურამ ამოყვინთა. მან ჯერ თავლის კარი გამოაღო და მერე ისევ უკან მიიმალა. მალე ჰობიტი შეკაზმული პონით გამოვიდა, ზედ შეჯდა და აუჩქარებლად დაადგა გზას ჩრდილოეთისკენ. სქელმა ნისლმა მხედარი და ცხენი უცებ შთანთქა. -რას იზამ, ნაცნობი ამბავია. ისევ ის გადარეული დახეტიალობს ღამ-ღამობით, -თქვა დარაჯმა, დაამთქნარა და შორს გადააფურთხა. -როგორც ჩანს, თავიდან ვერ გამოიფერთხა ის ზღაპრები, წითელი წიგნისა –ამდენმა კითხვამ იცის ასე... აი, ინებეთ...ნუთუ დიადი მერიადოკის დაფნის გვირგვინები არ აძლევენ მოსვენებას? მას შემდეგ ვინ უწყის, რამდენმა წელმა ჩამოჰკრა: მგონი, სამი საუკუნე იქნება... მოხუცი ბილბო და მისი ძმისწული ფროდო შუამიწეთის იქით დაადგნენ გზას... ახლა რაღას უნდა უცადო? ელფებმაც გაცურეს და წავიდნენ. ხმები დადის, თითქოს ჯუჯებიც სადღაც გადაკარგულანო... ადამიანებიც კი გვერდს გვივლიან... ამას კი რაღა არ ასვენებს? ღამის გუშაგის ფიქრები ტაატითა და ზოზინით მიედინებოდა. ისევე როგორც ჟამთა ვითარებიდან შემორჩენილი თვით ამ სათვალთვალო კოშკზე დარაჯის ძნელი მოვალეობა. პონი აუჩქარებლად მიუყვებოდა ძველ, დიდი ხნის ნაცნობ გადატკეპნილ გზას. თუმცა, ვინ იცის ნაცნობი იყო კი?... ღამემ თავისი მბრძანებლური ხელით მრავლისმომცველი ფერები უკვე გააუფერულა და თითოეულ საგანს, თითოეულ ცოცხალ არსებას დროებითი, განსხვავებული ელფერი შესძინა. ორივე მხრიდან მხედრისკენ მტაცებლურად, გველებივით მოხოხავენ დაკვანძული ტოტები. აფორხილი ღეროები ცდილობენ მხრებში ჩააფრინდნენ პატარა ჰობიტს და უნაგირიდან გადმოაგდონ... ერთი ბუჩქი თვალწინ ამოიზარდა, გაიშალა და ისე გაფუვდა, როგორც მწვანე წიაღიდან ამოიზრდება ხოლმე უსხეულო ჩრდილი, ფარნით ხელში. პასუხის გაცემა უნდა შეგეძლოს. ჰობიტს სარტყელზე უფროსებისაგან მალულად აღებული სანუკვარი გონდორული ორლესული სატევარი ეკიდა: -ზუსტად ის, რომელიც დიად მერიადოკს ეკუთვნოდა. როცა ასეთი იარაღის პატრონი ხარ, არაფრის არ უნდა გეშინოდეს ქვეყნის გულზე, მარტო მასზე მზერის შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერმა უწმინდურმა უკანმოუხედავად მოკურცხლოს. ჭახ-ჭუხ, ჭახ-ჭუხ! სიბნელე უფრო პირქუში გახდა, ჩასქელდა. ჩრდილები გზის გასწვრივ ჯარისკაცებივით გრძელ რიგად გამწკრივდნენ. ჰობიტს ჰგონია, რომ ყველა მათგანს იცნობს: - აი, ნუთუ ეს ტანად ელფს არ ჩამოჰგავს? ჩხუბისთავი, მისალმების ნიშნად, ხელს რომ უქნევს? აი, იქით მძიმე საბრძოლო ცულზე დაყრდნობილი მოუღლელი ჯუჯა არ არის? სადაცაა, თავის ჩიბუხს ამოიღებს კიდეც ... ჰობიტმა კარგა ხანია, რაც აღვირს უშვა ხელი და პონიც თავის ნებაზე მიდიოდა. ზაფხულის გრძელ ღამეებში რა შეიძლება ყოფილიყო ამ მარტოხელა გასეირნებაზე უკეთესი, მაშინ, როცა ძველებური ზღაპრები და თქმულებები ცოცხლდება, როცა ნებისმიერ მომენტში თავდასხმას უნდა ელოდე, როცა ხელი თავისთავად მიიწევს მახვილის ვადისკენ... უღრან, გადმოშლილსა და ჩახლართულ ტევრს ქვეშ, გზა მკვეთრად უხვევდა. აქ სხვებთან შედარებით ყველაზე სახიფათო ადგილი იყო. მარცხნივ, ბარდებში ხშირი ტირიფებით გარემორტყმული, ჩამუქებული ღრმა არხის წყლის გამჭვირვალე ანარეკლი ილანდება. აქ დღემუდამ თავს იყრიდნენ ღამის ფრინველები. მათი ჰობიტის სმენისთვის უჩვეულო ხმები ახლა განსაკუთრებით ხმამაღლა ისმოდა, მაგრამ უნაგირზე დაყინული ჰობიტისთვის ეს სტვენა და გუგუნი – ცხრათა გამოჩენის ხმაურიან მაუწყებელს ჰგავდა. ჰობიტმა თვალები დახუჭა და მათი გამოჩენა წარმოიდგინა. თითქოს წყვდიადიდან ამოწნული, შეკრული შავი ბედაურები, აღკაზმულნი მჭიდრო თვალსაფრებით, შიგნიდან რომ გრძნეულების ალი უგიზგიზებთ, ისეთები, მათი მზერისათვის თავისუფლების მიცემა ნამდვილად რომ დაუშვებელია. მიჰქრიან, მიჰქრიან ამ მრუმე ღამეში, ქარი მხედართა შავ მოსასხამებს აფრიალებს, თეძოებზე გრძელ მახვილებს ხათქა-ხუთქი გაუდით. სწორედ იმ მახვილებს, ვერაკაცი რომ ვერ გაექცევა და დაემალება. არაადამიანური ბოროტება გამოსჭვივის ცარიელი თვალსაფრებიდან, ისინი ხარბი მზერით დაეძებენ ქორფა სისხლის სურნელს... აი, აი, ეს ამალა საცაა ჩაჩუმდება, მიწყნარდება, ეკალ-ბარდნარი გადაიწევა და ჰობიტი პირისპირ აღმოჩნდება ბნელეთის მხედრების წინამძღოლთან. ამაზრზენი ამბავია, მაგრამ ამავდროულად - მაცდუნებელი. მაცდუნებელი და მიმზიდველი იმიტომ, რომ ჰობიტმა გულის სიღრმეში მშვენივრად იცოდა, მსგავსი რამ არ მოხდებოდა და ბუჩქებიც გაუნძრევლად, ერთ ალაგს დარჩებოდნენ... დაწყნარებულმა მშვიდად მოიტოვა ეს ადგილი... ახლა, უკან მობრუნდება, შინისკენ, გამოძინება უნდა მოასწროს, ათასგვარი საქმეებით სავსე მეორე დღისთვის. ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, ყველაფერი ძველებურად იქნება და არაფერი, სრულიად არაფერი არ შეიცვლება. არ შეიცვლება .... პონმა უცებ დაიფრუტუნა და შედგა. მთვარის შუქით განათებულ ხეებს შორის უცებ ჰობიტზე ორი თავით მაღალი, ჯმუხი ფიგურა დაილანდა. უცნობი საგულდაგულოდ გახვეულ ლაბადაში იმალებოდა, ისე რომ მხოლოდ განზე გაწეული ხელი მოუჩანდა, რომლითაც გრძელი კვერთხი ეპყრა. ელდისაგან პატარა ჰობიტს თმები ყალყზე დაუდგა, გულში ყინულივით ცივი შიში ჩაეღვარა, ხმა ბაგეებზე მიაკვდა და ... უცნობმა მისი მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადმოდგა და შეჩერდა. დაფეთებულ პატარა ცხენს ფეხები აებლანდა, წაიბორძიკა და წონაწორობადაკარგული ჰობიტი გზისპირა ბალახში გადააგდო. ფლოქვების აჩქარებულ კაკუნზე ადვილი მისახვედრი გახდა, რომ თავისუფალმა პონმა უკანმოუხედავად მოკურცხლა. შეშინებულ ჰობიტს ამქვეყნად ყველაფერი დაავიწყდა, მუცელზე გადატრიალდა, წამოხტა და ხმალი იშიშვლა (თავის ოთახში რამდენჯერ მოუქნევია ხმალი, როცა წარმოდგენით, ხან ორკებს და ხანაც დევებს შეებმეოდა). იარაღმა ბუნდოვნად გაიელვა და პატარა კაცუნას სიმამაცე შეჰმატა. - ჰეი, მეგობარო! რას შვები, ლენცოფა ხომ არ გიჭამია? შეინახე ეგ შენი მახვილი! - მოისმა სიბნელიდან მშვიდი, ოდნავ ხორხისმიერ ხმა. - ახლოს არ მოხვიდე, არ მომეკარო! - გაღიზიანებული ტონით იყვირა ჰობიტმა, თან უკან დაიხია, ხმალი კი წინ წამოსწია. - დამშვიდდი! დამშვიდდი! ახლავე ცეცხლს დავაკვესებ. - უცნობი დაიხარა და მიწაზე რაღაცის შეგროვება დაიწყო. - ბოლოს და ბოლოს მოაშორე აქედან ეგ შენი მახვილი! სხვათა შორის საიდან გაქვს? ტალღური ორნამენტი, ვადაზე ხელის მოსაჭიდიც აქვს... გონდორულია, ხომ? რაღაცამ სუსტად გაიჩხაკუნა. მინავლებული ცეცხლის თხელი ალის ენამ იელვა. კოცონი მალე მოღონიერდა და ალმა უცნობის სახეს ნათელი მოჰფინა. იმას, თავისი კაპიუშონიანი მოსასხამი მოეხადა და ჰობიტმა, როცა კი მა მზერა შეავლო, შვებით ამოისუნთქა. ჯუჯაა! ნამდვილად ჯუჯა. ზუსტად ისეთი, წითელ წიგნში რომ არის აღწერილი. ჩასხმული, მხარბეჭიანი, ღაჟღაჟა სახეს ფართო, ხშირი წვერი შემოვლებია. ცხვირი კარტოფილს მიუგავს... მოხატულ, ჭრელ სარტყელზე მძიმე საბრძოლო ცული ჩამოუკონწიალებია. ზურგს უკან კი წერაქვი გაუჩრია. -მაშ, შენ ჯუჯა ხარ?- ჰკითხა შედარებით დამშვიდებულმა, თუმცა ჰობიტი ხმალს ხელს მაინც არ უშვებდა. -აქ საიდან მოხვდი? საით გაგიწევია? რას დაეძებ? ერთი მეორეს მიყოლებით იძლეოდა შეკითხვებს, თან აქეთ-იქით აწყდებოდა, გზისპირა ბუჩქების უხეში ტოტები კი კეფაში ეხლებოდა -ლუნის მთებიდან მოვდივარ. - მიუგო ჯუჯამ, თან ცეცხლს დასტრიალებდა, ხმელ-ხმელ ტოტებს ამატებდა და ამით ალს აძლიერებდა. - ახალ-ახალი წიაღისეულის ძარღვებს დავეძებ. აი, ახლა თქვენს მაზრაში დავაბოტებ, ჰობიტონში უკვე გახლდით. დიდსოროეთშიც კი, ახლა ირმეთს ვაპირებ წასვლას ... მე ბრენდირმების მამულისკენ მომასწავლეს გაღმითა ნაპირიდან. მითხრეს, იქ ღამის გათევა შეიძლებაო ... -კი მაგრამ, თვითონ იქ სადმე ვერ მოგასვენეს, აქეთ რომ არ გამოეშვი? - გაოცდა ჰობიტი და ხმალი ქარქაშს დაუბრუნა. შიშმა გაუარა, ახლა ცნობისმოყვარეობა დაეუფლა და კიდევ, რაღაც გაურკვეველი იმედგაცრუების განცდა. -ჯუჯაა, მხოლოდ და მხოლოდ ჯუჯა... თუმცა, ჯუჯებსაც არ დაუდგამთ კარგა ხანია ფეხი მაზრის მიწაზე. -“ოქროს ბუტკოში” ყველაფერი გადაჭედილია. - გაეპასუხა ღამის სტუმარი. - აბა, აქ რაღას ველოდებით? -უცებ მოეგო გონს ჰობიტი. -წავიდეთ, მე ზუსტად იმ მამულში ვცხოვრობ. გამოიძინებ და ხვალ, სადაც გინდა, იქით გასწევ. წავედით. აქვე, შორიახლოა ... ეს პონი კი გამექცა და მისი მოძებნა თავსატეხი გამიხდა ... -მაშ, შენ ირმეთიდან ხარ? - ჯუჯა უცებ წამოიმართა და ჰობიტი დიდი ინტერესით აათვალ-ჩაათვალიერა. - მაშ, ერთმანეთი გავიცნოთ: თორინი, დარტის ძე . წარმოშობით ლუნის მთების სამხრეთი მხარიდან ვარ. -მე ფოლკო გახლავართ. ფოლკო ბრენდირემი, ძე ჰემფასტისა, თქვენს სამსახურში მიგულეთ. - და ჰობიტი ცერემონიალურად დაიხარა. ჯუჯამაც არანაკლები პატივისცემით დაუკრა თავი. - ახლავე წავიდეთ. - უთხრა მან და როგორი მონდომებითაც დაანთო, ისეთივე მონდომებით ჩააქრო ცეცხლი (ფეხები დიდხანს უბაკუნა). ზურგზე თავისი გვარიანი ფუთა მოიგდო და ჰობიტთან ერთად წყვდიადში გახვეულ გზაზე გაალაჯა. ბინდში ჩაძირული ადგილები ახლა აღარ ეჩვენებოდა ჰობიტს შემაშფოთებლად და სახიფათოდ. მიდიოდნენ და არც ერთი ხმას არ იღებდა. დუმილი პირველმა თორინმა დაარღვია: -მითხარი ფოლკო, მართალია თუ არა, რომ თქვენთან, ბრენდის დარბაზში, საქვეყნოდ ცნობილი წითელი წიგნის სამი ასლიდან ერთ-ერთი ინახება? - მართალია, - მიუგო შეფიქრიანებულმა ახალგაზრდა ჰობიტმა. - წიგნიც გვაქვს და კიდევ ბევრი რამეც...
--------------------
All we have to decide is what to do with the time that is given us. ― J.R.R. Tolkien, The Fellowship of the Ring
|