გიცნობთ, გიცნობთ, აუცილებლად

))
ისე ეგ ყვითელი ავტობუსი ჩემი ერთი მუზის საწინდარიც გახდა

მოტკბო-მომწარო სურნელი
მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. უფრო სწორად, ყვითელი ავტობუსით. ჯერ ვერ მივაღწიე იმ სოციალურ სტატუსს, რომელსაც მართალია საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა, ტაქსით მგზავრობაში ფულის გადახდა არ ენანება.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მრავალმგზავრნახული ავტობუსების ”გასახალისებლად” და გასაახლებლად ვიღაც ”ღვთისნიერს” მძღოლის კაბინის თავთან ბრტყელი ეკრანები ჩამოუკიდია და სიცხისგან გათანგულ მგზავრებს საშუალება აქვთ ”We Are The World” - ს ან ხმა ააყოლონ და ან თეძოები (ეს უკანასკნელი საუკეთესო შემთხვევაში, რადგან მათ, ვინც ავტობუსით მგზავრობს, თეძოების ქნევის თავი სადღა აქვთ). თუკი ეს 80-იანების უკვდავი ჰიტი, მაინც არ ასვენებს მგზავრების გადაღლილი ტვინის ხვეულებს და მოძრაობისაკენ მოუწოდებს, მაშინ გამოსავალი კიდევ არსებობს: დარწმუნებული ვარ, ბევრს ახსოვს სიმღერის კლიპიდან ერთი შთამბეჭდავი კადრი: ჯექსონი ვერცხლისფერხელთათმანიან ხელს, რომლის ცერა თითი შარვლის ჯიბეზე აქვს ჩამოკიდებული, მელოდიას აყოლებს - აი გამოსავალიც, რამდენიმე მგზავრი სწორედ მსგავს მოძრაობას იმეორებს.
ეს ყვითელი ავტობუსი ამ ჰიტივით ძველია. როგორც ჩანს, ავტობუსის ბრტყელი ეკრანისათვის Play List - ის შემდგენელმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინა... უკანასკნელი ”სიახლე” ავტობუსის ეკრანზე Sting – ის Desert Rose-ია, ესეც 21-ე საუკუნის დასაწყისის ჰიტი. ანუ ეს იმის მანიშნებელია, რომ მართალია ავტობუსი გასული საუკუნის მიწურულისკენ არის გამოშვებული, მაგრამ ის 21-ე საუკუნეშიც მოძრაობსო...
აქ სუნთქვა ჭირს. ავტობუსის ვიწრო, ზედა ფანჯრებიდან მტვრიანი, ბლანტი ჰაერი შემოდის, ავტობუსის ორი ლუქიდან კი უმოწყალო მზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი გაძეძგილია, რამდენიმე სკამი მაინც ცარიელია:
სკამების სიცარიელის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1. ლუქიდან ჩამოსულმა მზემ ისე გადაახურა დანით ამოჩიჩქნილი დერმატინგადაკრული სკამები, რომ მასზე დაჯდომა, მინიმუმ მესამე ხარისხის დამწვრობას გიქადის.
2. სკამის ფეხებთან ნარწყევია.
3. სკამის გვერდით ადამიანი ზის!!! - ერთი შეხედვით არც არაფერი - ჩვეულებრივი, რიგითი, არავისგან გამორჩეული ადამიანი, რომელსაც სახლში ალბათ ქმარ-შვილი, შვილიშვილი, მაცივარში კი გუშინ გაკეთებული წვნიანი და ყველის ნაჭერი ელოდება. მარჯვენა ხელის მსუქან არათითზე ნიშნობის ბეჭედი ისე აქვს ჩამოცმული, რომ მინიმუმ 10 კილო მაინც უნდა დაიკლოს, რომ მისი გამოძრობა მოახერხოს. საფეთქლებიდან ოფლი სდის, რომელსაც წვრილ-წვრილყვავილებიანი მოყვითალო ცხვირსახოცით იწმენდს, მარცხენა ხელით გაჩაჩხულ მუხლებზე ჩამოფარებულ ყავისფერ ქვედაბოლოს ინიავებს და შიგადაშიგ რომელიმე გათავისუფლებული ხელით საპირისპირო გაუპარსავ იღლიას იმშრალებს. ვერ არის კარგი სანახავი.
ავტობუსში სუნთქვა ჭირს, წითელ სახელურებს ჩაბღაუჭებული მგზავრები ყოველ მოსახვევში თოკზე გაკიდებული სარეცხივით ფრიალებენ, ერთმანეთს ეხლებიან და სულ რამდენიმე წამით ერთმანეთის წუხილს, დარდსა და ოფლს იზიარებენ. და იმ მომენტში სწორედ ისინი არიან შენი თანამგზავრნი, შენი ”თანამეცხედრენი”, რადგან ვის თუ არა სწორედ მათ ესმით შენი გასაჭირი, შენი სევდა...
მაშინ, როდესაც შენი მეორე ნახევარი, შენი ერთადერთი, ზის კონდიცირებულ ოთახში, კომპიუტერთან თავჩარგული და აზრზეც არ არის, რომ მისი მეორე ნახევრის Versace - ს Bright Crystal-ით გაზავებულ მოტკბო-მომწარო ოფლს სრულიად სხვა იკრავს სხეულზე, სახლში მიაქვს და საძინებელში შესული პერანგთან ერთად უცხო სკამზე ტოვებს. მიდი და ეძებე მერე ამ ქალაქში შენი ”ქალის სურნელი”...