miramax ეს შენს შვილს ნინოსგან
ქარიშხლის მეფე და მისი ქაჩალი ცოლიზღაპარი
დიდი ხნის წინ, ან იქნებ არც ისე დიდი ხნის წინ, ქარიშხლის მეფე ცხოვრობდა სადღაც დედამიწასთან ახლოს. სასახლე ჰქონდა პატარა და შუშის. სწორედ ამიტომ მისმა მეზობლებმა სულ ზეპირად იცოდნენ როდის იღვიძებდა ქარიშხლის მეფე, როდის იძინებდა, რას ჭამდა, რას სვამდა, რა სწყინდა და რა უხაროდა.
მისი ცოლის ამბავიც კარგად იცოდნენ მეზობლებმა. ცოლი ლამაზი ჰყავდა ქარიშხლის მეფეს. დიდ, შავ და სევდიან თვალებში მუდამ ორი ვარსკვლავი უციმციმებდა, ფერმკრთალ ტუჩებზე, ზამთარ-ზაფხულ ალუბლის წვენს ისვამდა, კიდევ უფრო ფერმკრთალ ყვრიმალებზე კი ვარდის ფურცლებს. ამიტომ ასდიოდა ერთბაშად ალუბლისა და ვარდის სუნი ქარიშხლის მეფის ლამაზ ცოლს. უყვარდა თავისი ცოლი ქარიშხლის მეფეს, ისე უყვარდა, რომ დილით ახლადგაღვიძებულს, ჯერ კიდევ თბილ კისერში ჩაუყოფდა ხოლმე ცხვირს, შეიყნოსავდა, სულს შეიგუბებდა, მერე წამოდგებოდა, შუშის აივანზე გადმოდგებოდა და დაუბერავდა, დაუბერავდა ისე, რომ დილის მზეს მიფიცხებულ მის ერთ მეზობელს ქუდს გასტაცებდა, მეორეს გაზეთს, მესამეს, შეყვარებულისათვის მოპარულ ყვითელ ნარცისს, მეოთხეს კი ისე, ხუმრობით, ჭრელ კაბას წამოაფარებდა თავზე. და დატრიალდებოდა ამ დროს ჰაერში ვარდისა და ალუბლის სუნი ერთად და უხაროდა ქარიშხლის მეფეს, რომ მის პატარა სამეფოს, მისი ლამაზი ცოლის სურნელი ასდიოდა.
ერთი დარდი ჰქოდნა ქარიშხლის მეფეს. ქაჩალი იყო მისი ლამაზი ცოლი. სულ მთლად ქაჩალი. ერთი ღერი თმა რაღა არის, რომ ის ერთი ღერი თმაც კი არ ჰქონდა იმ ლამაზ თავზე. ამიტომაც იყო, რომ დარდობდა მეფე, დარდობდა და ხშირად სულ უმიზეზოდაც უბერავდა. განსაკუთრებით კი ბაბუაწვერების მინდვრებს მტრობდა, ამათაც კი აქვთ თავზე ბუსუსებიო, ჩურჩულებდა და ბაბუაწვერების მოწყვეტილ უსულო სხეულებს ჰაერში უმწეოდ აბზრიალებდა.
ერთ დღესაც, ბევრი ფიქრისა და დარდის შემდეგ, ქარიშხლის მეფემ პატარა სასახლის პატარა კარი გაიხურა და ისე წავიდა, რომ ცოლს არც კი დამშვიდობებია, გზად მიმავალმა მეზობელს დაუბარა, ჩემმა ლამაზმა ცოლმა თუ მიკითხოს, უთხარი, მალე დაბრუნდებაო, - მეზობელმა აწეწილ თმაზე ხელი გადაისვა და გასძახა, კარგი, აუცილებლად ვეტყვიო და აფრიალებული სარეცხი, რის ვაი-ვაგლახით ჩამოხსნა თოკებიდან.
სანადიროდ წავიდა ქარიშხლის მეფე. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ლამაზი ცოლისათვის კიდევ უფრო ლამაზი თმა უნდა მოენადირებინა. სიზმარში ნახა თურმე იმ ღამეს, ერთი პატარა დედამიწის, ერთი პატარა ქალაქის, ერთ პატარა ქუჩაზე გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც იმ დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი თმა ჰქონდა, ჰოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს თმა უნდა მოენადირებინა ქარიშხლის მეფეს.
დიდხანს ეძება ქარიშხლის მეფემ პატარა გოგო. ხან დასავლეთიდან დაუბერა, ხან აღმოსავლეთიდან, ხან ჩრდილოეთიდან, ხან სამხრეთიდან, ხან ხეებს დააცალა ფოთლები, ხან ყვავილებს ფურცლები, ხან ფარდები აფრიალა, ხან კაბები, ხან უბიდან ამოჩრილი სასიყვარულო წერილები გასტაცა პატარა ბიჭებს, ხან ღიად დარჩენილ ფანჯრებში შეუვარდა მოსიყვარულე წყვილს და გულები გაუხეთქა, ხან ქვიშით ამოუვსო ისედაც დაბინდული თვალები ქუჩაში მოსეირნე მოხუცებს და ბოლოს როგორც იქნა გოგონასაც მიაგნო: იჯდა საქანელაზე გოგონა, ჭრელი კაბა ჩამოეცვა გამხდარ ტანზე და საქანელას ხან ააქანდებდა და ხან დააქანებდა, თმა კი მდინარის ტალღებზე უფრო გრძელი, უფრო ლივლივა ჰქონდა. მისი შემხედვარე იფიქრებდი, ახლა თუ არა, აი ახლა ამოჰყვება მისი თმის ტალღებს ოქროს თევზებიო.
ჯერ მშვიდად წამოუბერა ქარმა, გაიფიქრა, არ შევაშინოო, კიდევ უფრო გამხიარულდა პატარა გოგო ნიავის წამობერვაზე, სახეზე ჩამოშლილი თმა თავის ერთი გადაქნევით უკან გადაიყარა და უფრო მაგრად ააქანა-დააქანა საქანელა. მეორედ რომ წამოუქროლა ქარიშხლის მეფემ, გოგონა მოიბუზა, ცოტა შესცივდა, წამოფრიალებული კაბა, ცალი ხელით მუხლებზე გადაიფარა და საქანელიდან ჩამოხტა. გაქცევა ვეღარ მოასწრო, მესამედ წამობერილმა ქარმა, მისი თმა ჰაერში აიტაცა, შორი მინდვრიდან მოტანილ იისფერ ყვავილებთან ერთად ააფრიალა და ქარიშხლის მეფესთან ერთად გაქრა.
მიწაზე წაქცეულ გოგონას, ბაბუაწვერას მიუგავდა თავი...
სასახლეში დაბრუნებულმა ქარიშხლის მეფემ ნადავლი საძინებლის კართან დატოვა, თვითონ კი ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში. სკამზე ჩაძინებული ქაჩალი ცოლი ხელში აიყვანა, ტუჩებიდან და ლოყებიდან ნაზად მოაცილა ვარდისა და ალუბლის ნაკვალევი და ლოგინში ჩააწვინა და მთელი ღამე, გათენებამდე, ძვირფასი ნადავლი - დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი თმა სულ საკუთარი ხელით ჭრა-კერა და წნა, მერე მძინარე ცოლს ქაჩალ თავზე დაადგა და გათენებას დაელოდა.
დიდხანს იჯდა ცივ მიწაზე გოგონა, რომელსაც თავი ბაბუაწვერას მიუგავდა, იჯდა და ცხარე ცრემლებით დასტიროდა თავის ლამაზ თმას, რომელიც ქარიშხლის მეფემ ისე გასტაცა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია...
სიზმარში ნახა ქარიშხლის მეფის ქაჩალმა ცოლმა მტირალა გოგონა და თვითონაც ნამტირალევს გაეღვიძა. მის სასთუმალთან ჩაძინებულ ქმარს გახედა, თხელი თითებით გადაუსვა თავზე და ფერმკრთალი ტუჩებით დახუჭულ თვალებში აკოცა. სიზმარი გადასდო ქარიშხლის მეფის ქაჩალმა ცოლმა თავის ქმარს:
იჯდა გოგონა ცივ მიწაზე და ცხარე ცრემლებით დასტიროდა თავის ლამაზ თმას....
ნამტირალევს გაეღვიძა ქარიშხლის მეფეს, თავის ლამაზ ცოლს ჩახედა თვალებში, რომელსაც ულამაზესი თმა კი ამშვენებდა, მაგრამ თვალებში მოციმციმე ვარსკვლავები სადღაც გამქრალიყვნენ...
დგანან მას შემდეგ სარკის წინ ქარიშხლის მეფე და მისი ლამაზი ცოლი, ერთად ეძებენ თვალებში დაკარგულ ორ მოციმციმე ვარსკვლავს და ვერსად პოულობენ...
და რა იციან, რომ ერთ პატარა დედამიწაზე, ერთ პატარა ქალაქში, ერთ პატარა ქუჩაზე, ცხოვრობს ერთი გოგონა, რომლის თვალებშიც ორი ვარსკვავი ცხოვრობს, რომელსაც თავზე ბაბუაწვერების გვირგვინი ადგას და რომელიც ამ ერთ პატარა დედამიწაზე ყველაზე ლამაზია...
22 აგვისტო, 2010
This post has been edited by ameliamelia on 19 Nov 2010, 11:49