ანაკრეონტი წარმოშობით იყო იონიიდან. ეს იყო მხარე მცირე აზიის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. სპარსელების მიერ მისი მშობლიური ქალაქის, თეოსის დაპყრობის შემდეგ მას მოუწია თრაკიაში გადასვლა. ცხოვრების გარკვეული ნაწილი მან გაატარა კუნძულ სამოსზე, სადაც ის კუნძულის მმართველმა პოლიკრატემ მიიწვია. ტირანის გარდაცვალების შემდეგ ის გადადის ათენში, სადაც მოღვაწეობს მგოსნების დასთან ერთად ქალაქის მმართველთა კარზე. ანაკრეონტმა დიდხანს იცოცხლა და დატოვა ულამაზესი ლექსები, რომლებსაც მომავალი თაობები აღფრთოვანებაში მოჰყავს.

თარგმანი თამარ კალატოზის
ო, მინდა, მინდა სიყვარული ისე ძალიან...
იყო დრო, როდესაც მთავაზობდა ეროსი გრძნობას,
მე კი ვიხმარე მაშინ ჭკუა და არ ავყევი,
მოუფიქრებლად არ ავყევი...
მან კი პირდაპირ არც აცივა და არც აცხელა,
აიღო მშვილდი და საისრე ოქროცურვილი
და საბრძოლველად გამომიხმო... მეც გავემზადე...
მხრებზე მოვიგდე, შევიჭურვე სწრაფად ჯავშნით
და როგორც გმირმა აქილევსმა ავიღე შუბი,
შუბი და ფარი... გადავეშვი ბრძოლის ქარცეცხლში,
ვებრძოდი ეროტს გათანგული და როს მესროლა
უკანვე სწრაფად გავიქეცი...
ხოლო როდესაც დაელია ყველა ისარი,
შეწყვიტა სროლა, თუმცა არ შედრკა და სწრაფად იგი
თვითვე გადიქცა პირბასრ ისრად... რომ არ ველოდი,
ისეთი ძალით შემომეჭრა გულში და დამჭრა...
უცებ დავსუსტდი, მთლად წამერთვა ძალა და ღონე,
ო, რა ამაოდ, რა ამაოდ მჭერია ხელში
ხარის ტყავისგან ნაკეთები ძვირფასი ფარი.
აბა გარედან რა დავარტყა, რა ვუსაშველო,
როცა შიგნიდან მეომება შეუბრალებლად...
***
ერთი ამბობენ, მშვენიერმა კიბელემ თურმე
სიყვარულის წილ გააშმაგა, გონი წაართვა,
ატისს, - ნახევრად ქალს და ისიც გადარეული
ღრიალით რბოდა მაღალ მთებში...
მეორენი კი შეუწყვეტლივ ეწაფებოდნენ
კლაროსის მაღალ ნაპირებთან სულისჩამდგმელ წყალს
დაფნის მტარებელ ფოიბოსით... ხელნი ყვირიან...
მე კი, მე, დამთვრალს
ლიეოსით და ნელსაცხებლით
სულ მთლად გაჟღენთილს,
ჩემს გოგონასთან...
მინდა... მინდა ჭკუის დაკარგვა...
***
გთხოვ დამიხატო ბათილოსი, ეგზომ ძვირფასი...
შექმენი იგი ისე, როგორც გეტყვი, აგიწერ...
პირველად მინდა, რომ დახატო ბრწყინვალე თმები,
თმები შიგნიდან თითქმის შავი, ხოლო ზემოდან
დამშვენებული თვით მზიანი ათინათებით.
ეს ხვეულები თავისუფლად დაუშვი დაბლა
და უწესრიგოდ მიმოყარე თმები მხატვარო,
რომ ასე უფრო ბუნებრივად წარმოაჩინო...
წვრილი და ნაზი
შუბლს რკალავენ მუქი წარბები,
ოდნავ მოლურჯო, ვით დრაკონის უცხო ფერები
და დაავანე შავ თვალებში თვით მრისხანება
შეზავებული სიმშვიდესთან და ეს ხატება
ერთი აიღე არესისგან, ხოლო მეორე
თვით პირმშვენიერ კითერესგან...
რომ ზოგიერთებს
შიში და კრძალვა ჩაუნერგოს
ზოგს კი იმედი...
შექმენი ახლა ვარდისფერი, ნაზი ღაწვები,
კომშისებურად დაფარული ბუსუსით ოდნავ,
წითელი ფერი მიუმატე სიმორცხვის ნიშნად
და არ დაზოგო თავი შენი...
ო, აღარ ვიცი, ტუჩებს მშვენიერს,
როგორ შექმნი, დახატავ როგორ?
ნაზია იგი და ამავ დროს რწმენით აღსავსე.
იცოდე კარგად, რომ ეგ ცვილი თავის სიჩუმით
უფრო მეტყველი უნდა იყოს...
ახლა კი სახე...
დახატე ისე ადონისის ბადალი იყოს...
სპილოსძვლისფერი შემოხაზე ამაყი ყელი,
მკერდი დახატე
და ხელები ჰერმესისებრი
და თეძოები პოლიდევკეს მსგავსი შექმენი,
ხოლო მუცელი ჰქონდეს თავად დიონისესი...
წარმოაჩინე თეძოები ზემოდან ნაზი...
ეს თეძოები ვნების ცეცხლის მატარებელნი
და სარცხვინელი ბადალი რომ არ ეპოვება,
თავად პაფოსელს როგორიც სურს ისე დახატე.
ეჰ რა ცუდია... ხელოვნება გაქვს შურიანი,
სამწუხაროა, რომ ზურგიდან ის არ მაჩვენე.,.
იქნებ გინდა, რომ ფეხებიც წარმოვიდგინო?
აჰა, აიღე საფასური რამდენსაც ითხოვ,
შენ ხომ შექმენი
ბათილოსი აპოლონისგან...
ხოლო როდესაც შენს სამოსში ჩამოხვალ კვალად,
ბათილოსისგან დახატე თვით ფოიბოსი.