მოკშას ეფექტი
* * *
ეს იყო უილ ფარნებისთან ერთად მოგზაურობა ჰაქსლის პალაზე და მის მსგავსად მეც ვცდილობდი სხვაგვარად შემეხედა ბევრი რამისთვის. მაინტერესებდა ბევრი რამ, მათი მსოფლმხედველობა, ცხოვრების აზრი, მისწრაფებები და ნელ-ნელა ვიღებდი პასუხებს.
ვაღიარებ თავიდან “საოცარი ახალი სამყაროს” გავლენაში ვიყავი და მას ვადარებდი ყველაფერს, სადღაც შუაში მივხვდი, რომ შედარებებისთვის თავი უნდა დამენებებინა და ეს წიგნი ცალკე აღმექვა, მართლა კუნძულად და არა ერთი კონკრეტული სამყაროს საპირისპიროდ.
პალას დადგენილი აქვს პრიორიტეტები. ჰაქსლიმ შექმნა შესანიშნავი მიქსი, ერთგვარი სიმბიოზი - დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური რელიგია/ფილოსოფია, სათანადო დოზებით და ისე რომ ერთმანეთს არ ვნებს. ანუ თუ მხოლოდ ცოდნას,მეცნიერებას და ამ კუთხით პროგრესს მიჰყვება საზოგადოება, როგორც დასავლეთი, ხშირად ხდება ისე რომ ისინი მხოლოდ ერთი მხრივ განვითარებულები არიან, მაგალითად არიან კარიერულად წარმატებულნი, მაგრამ უბედურები არიან პირად ცხოვრებაში, ვნებენ საკუთარ სხეულს და ცხოვრობენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით, საბოლოოდ ვიღებთ ხელოვნურად შექმნილ უამრავ დაავადებას, მერე ვებრძვით ამ პროგრესით და ასე დაუსრულებლად თაობები ებმებიან დაუსრულებელ ფერხულში.
“გამალებული შეიარაღება, მთელი მსოფლიოს ვალი და დაგეგმილი დაბერება - ეს დასავლეთის კეთილდღეობის სამი საყრდენია”.
“ყოველთვის გვერჩია ეკონომიკის და ტექნოლოგიების მორგება ადამიანზე, და არა პირიქით”.
მეორეს მხრივ მხოლოდ რელიგიური კუთხით წასული ადამიანების უმრავლესობა რატომღაც ხდებიან ფანატიკოსები, როგორც პალას დედოფალი რანი, რომელიც სრულ აბსურდშია გადასული და რატომღაც ასეთ ფანატიკოსებს ჰგონიათ რომ სხვებს არ აქვთ უფლება იცხოვრონ ისე როგორც სურთ.
საერთო ჯამში ორივე მხრიდან მივდივართ ძალაუფლების წყურვილამდე - ვინ აიღებს ხელში სადავეს. პალა განწირულია და როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს “პალა უნდა შეიცვალოს. ორი უდავო მიზეზის გამო, პირველი - შეუძლებელია, ჩვენს დროში პალა დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილი იყოს. მეორე - სხვა ქვეყნებთან შედარებით გამორჩეული ცხოვრება უსამართლობაა.”
ამ ფრაზით ალბათ ყველაფერი ითქვა. დღეს არსად არავის პატიობენ განსხვავებულ იდეებს. თუმცა აქვე ბოლოს საინტერესო და მთელ ამ უმეცრებასა და სიბნელეში იმედისმომცემი მბჟუტავი სინათლესავით ჩანს ფრაზა : “ადამიანი თავისუფლებას გარკვეული დოზით ყველაზე უარეს საზოგადოებაშიც კი ინარჩუნებს. მას გააჩნია პირადი ცხოვრება - თავისთვის ფიქრობს, აქვს მოგონებებიდა საკუთარი შეხედულებები, უყვარს და კვდება”.
რაც შეეხება პალას. იმდენი რამ დაგროვდა ალბათ სჯობს პუნქტებად დალაგება, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება, ამიტომ მოკლედ ვეცდები ავღნიშნო. პალას მთავარი პრიორიტეტია ჰარმონია, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოს ყველა თავისი რესურსი თავისსავე საკეთილდღეოდ, იპოვოს საკუთარი თავი, უსმინოს შინაგან ხმას. ბედნიერება მიანიჭონ ერთმანეთს.
ყველაზე საინტერესო ბავშვების აღზრდის მეთოდია. თავიდანვე ისწავლონ ცხოვრებაში გამოსადეგი ყველა უნარ-ჩვევა, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული, პრაქტიკული ცოდნაც. ისწავლონ მოვლენების სწორად შეფასება, გრძნობების, ემოციების სწორად გააზრება და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისად კონტროლი. ფაქტებთან შეგუება, შიშის და დამთრგუნველი ემოციებისგან გათავისუფლება.
პალა თავის მაცხოვრებლებს არ რიყავს, თავიდანვე ზრუნავს იმაზე რომ ყველას ადგილი იყოს საზოგადოებაში მათი ნიჭისა და უნარის გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ “პალა საუკეთესო ადგილია სულელებისთვის. უდიდესი ბედნიერება უმრავლესობისთვის”.
მოკლედ, თითქოს მოცულობით პატარა წიგნია და ახლა ვხვდები რომ იმდენი წვრილმანი აქვს გაბნეული აქა-იქ ჰაქსლის რომ ნელ-ნელა ვკრავ და სალაპარაკო არ გამოილევა ასე მგონია ))) უილის ცხოვრებაზე ერთი- ორი სიტყვაც ვეღარ ვთქვი ))
თუ ვბოდიალობ, დაიკიდეთ