მე წავიკითხე გიო საჯაიას ლექსები. გენიოსია ეგ კაცი ნამდვილი.

გამეხარდა რომ გვყავს ასეთი პოეტი...
+ + +
მზისფერს
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჟე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.
ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!
+ + +
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
+ + +
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
+ + +