
ნატა ვარადა
რუკა
თან ზედმეტობით მომდის,
თან კიდევ სიყვარულით.
თან გივიწყებ სექტემბრით შეშლილს,
თან მებრალები,
ჯვართამაღლების დღეს დამიმარცხდი.
თავშესაფარში ჩასაბარებლად გამზადებულ
ახალშობილს ვერ დაგტოვებდი,
თან წაგიყვანე.
უკაფველ ტყეში მივრბოდი და თან
ჭირხლი დადო.
მოგეცი სული, გადაგიყვანე. თან ძუძუთა ბავშვებს
ვმარხავდი, სხვა უმამოებს, თეთრ ყინვისას
ჩაძინებულებს, ძილში სისხლიან ზღაპრებს
თუ უამბობენ.
გაზაფხულისას მოვბრუნდები,
უფრო ღრმად გავჭრი უღელტეხილს,
ტეხილს ზიგ-ზაგებით გავაფართოებ.
თან ბავშვების ხერხემალს გავდებ,
ჩვენი სანიშნი,
ადრე თუ გვიან უკან ბრუნდება ყველა მგზავრი,
ახალი ამბავი.
სიამის ტყუპივით, ოცი წელია
თან დაგატარებ, რა იქნება,
შემისისხლხორცე.
იცი, ძველ ჭრილობას რა შეახორცებს?!
ღია იარით დავდივართ ერთად,
ფსალმუნებს და დილის ცისკარს
არ დავაკლდებით,
ვიცი, გაგვრეკავენ სახაშლამე ხბორებივით
სასაკლაოსკენ
თავ
დადებით გზას დავადგებით. შინ უგზო-უკვლოდ დაკარგულ
მამებს თან ველით, თან ზღვით.
თან მოუთმენლად, ნელა. თან სულ, სულად ველით.
თან გვჯერა რომ სჭირდება ახლა ერს მამების სისხლი.
ჰა, ერი ხომ არ დაივიწყებს?!
ჰაერივით თუ ვართ საჭირო.
ქვებს უსახელოდ რაღას გვადგამენ?!
სახელიანად მიუვალთ ჩვენებს,
შავეთისაკენ დარიგებულ სალ-უტეხ კლდეებს
დაბანაკებულთ.
მაგრამ, ეს ზე, ეს ზე ტყვიის გარეშე მკლავს,
თითქოს მოღალატე ყმა ვიყო შენი,
თითქოს ქვა-ქვა გშლი, მიწას არ მინდა რომ აგაცილო.
საკონტროლოა ეს ზე, კედელს,
ოთახში საათი და ჯვარცმა სჭირდება,
სამშობლოს რუკა გაკიდული
სამარცხვინოა -
ზურგით კედელთან, შენ კი კედელზე.
რა დაგვაშორებს, მე შენ მიყვარხარ,
საკმევლის სუნით ატანილი,
ნისლებ აყრილი, ატეხილი ქორბუდებით მწვერვალებისკენ.
სამშობლო, მე ხომ შენ მახსოვხარ,
მრავალხმიანი, მოგალობე, ღამისმთეველი.
მარიამწმინდას, კოპალას და იახსარის კარს
მოზარ-წკარუნე
ხევისბერის ცისარტყელა ჯვარ-სალოცავზე,
ოქროს სხივებად დამდგარი და გაბრწყინებული.
და მაინც,
ისე მოდიდდი, რა იქნება, ისე, შენებურად
ამოიმართო, ეგ ზღვის ტალღები თავს შემოივლო,
თვალ უწვდენი ჭალა-მინდვრები, ათასწლოვანი ხატის ტყეები,
ქართლის თეთრღრუბელა ცა-კამარა.
ტანს - ტაძარ-ტაო და საინგილო-გალავან,
ფეხად კი ჩვენი დასაბრუნებელი მამების სინდისია
დამძიმებული ვენახი მსხმოიარე –
უფალთან სისხლით ნაზიარებნი.
აჰა, ხელისგულზე ნაგროვი ციცინათელები.
შუკებში, დეკებს, ღიღილოებს,
კაწალ-კუწალებს დავაცალე
სათითაოდ გადაგიმრავლებ.
აინთო-ჩაქრა სიცოცხლის პაწია კოცონები.
გულის ფეთქვაა. აინთო-ჩაქრა,
აინთოს!
ამ ბოლო კადრს გავამჟღავნებ -
ისევ ერთად ვართ. ასე ვმთელდებით.
This post has been edited by aravinac on 27 Oct 2011, 11:44