პოლტავაც ოთარმა არ თარგმნა?
მრავალ სიმდიდრეს ფლობს კოჩუბეი,
საქვეყნოდაა იგი ცნობილი,
სკივრებში უხვად აქვს ჩაწყობილი
ატლასისა და ბეწვის ჯუბები
დაულევია მისი ბაღები
დაუთვლელია მისი ჯოგები,
სავსეა მუდამ მისი კოკები
თაფლით და ღვინით, რძით და ნაღებით.
მაგრამ არც ფაფარაყრილი ცხენით
არც ყირიმელთა ხარკით და ძღვენით,
არც ბაღ/ვენახთა უწყვეტი რიგით,
არამედ შვილის მშვენიერებით
და სიქალწულით ამაყობს იგი.
მართალიცაა: მთელ პოლტავაში
და არამარტო მთელ პოლტავაში,
არავინაა მარიას ფასი,
მარიასავით ნორჩი და ნაზი.
ტანწერწატაა, როგორც ჩინარი,
კიევის მაღალ გორაკზე მდგარი,
წელის ტარებას ასწავლის ქარი,
მკერდის ტარებას-ზვირთი მდინარის.
ზეპირად მახსოვს

მე მურმან ლებანიძის თარგმანებიც მომწონს... ბერნსის და კიპლინგის პოეზია ბწკარედით თარგმნა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად.
ბური, ბურმანი და ზულუსი სისხლში გავბანეთ,
ვისთან, რომელთან არ გადაგვხვდა ზღვისგაღმა ომი!
იყვნენ მამაცნიც მათ შორის იყვნენ ჯაბანნიც,
მაგრამ სხვა იყო ფუზი-ვუზის წყეული ტომი!
იყო ოსტატი უჩინმაჩინ შამბნარში ძრომის,
ყელგამოჭრილი გუშაგები გველაგა კართან,
გაგვიწამა და გაგვიმწარა ინგლისის ლომი,
დამალობანას თამაშობდა ვეება ჯართან...
ვსვამთ სადღეგრძელოს თქვენი წარმატების,
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის!
ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები,
მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
ამის მოწმობას ხალისით გავცემთ,
საკუთარ ფეხით მოვალთ და დავწერთ,
ოღონდ ინებეთ შეხვედრა ჩვენთან,
ოღონდ შეხვედრის ადგილი გვამცნეთ!
ჩვენმა არმიამ ჰაიბერის გადავლო ქედი,
მამაცი ბური ლამის მილზე გვესვროდა ისარს,
და კიდევ მეტი: გვაწყევლინა ბურმანმა ბედი,
ზულუსმა გაგვცა, გაგვყიდა და რაც მოხდა, მტრისას!
მაგრამ ერთ ფუზიდ არა ღირდა სამივე ერთად,
სხვა იყო ფუზი, ახალ-ახალ ოინებს გვჩრიდა,
ინგლისის პრესა "მამაცურად ვიბრძვითო", წერდა,
ფუზი-ვუზი კი სისხლისგან ნელ-ნელა გვცლიდა...
ცსვამთ სადღეგრძელოს თქვენი პატარების,
მთელი ჯალაბით დიდი დღე მოგცეთ!
თქვენი მოსპობა გვქონდა ნაბრძანები,
ჩვენც, რა გვექნა და, ცხადია, მოგსპეთ...
თქვენ პატიოსნად გვესვროდით ისარს,
ჩვენ ზარბაზნებით გიტირეთ ყოფა,
სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის
ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..
არ ავსებულა გაზეთები ფუზის სახელით,
არ მიუღია ფუზი-ვუზის მედლები როსმე,
მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ორლესული მისი მახვილის
მარჯვედ ქნევის და მარჯვედ ცემის ჩვენა ვართ მოწმე.
კუბოს თავსახურს მიუგავდა წოწოლა ფარი.
შუბს გვიღერებდა ჯარასავით ბუჩქნარში მხტომი,
საწყალ ტომ ატკინსს სიმწრის ოფლის სდიოდა ღვარი.
აღარ ვარგოდა მთელ წელიწადს ერთი დღის ომით...
ვიგონებთ ლეშით მოფენილ ბუჩქნარს,
ვსვამთ შესანდობარს მაგ თქვენი მკვდრების!
შემოგაწევდით ჩვენც თითო კურცხალს-
არ დაგვრჩენოდა მანდ ჩვენი ძმები!
თქვენ მეტს დაითვლით მოკლულს და დაჭრილს,
თქვენ ცხრაჯერ მეტად გეტირათ ყოფა,
სამაგიეროდ, ინგლისის ლაშქრის
ხომ გაარღვიეთ საბრძოლო წყობა!..
ის შემოვარდა კვამლში, დაიბუხუნა და
მოწინავე ჩვენი რაზმი არივ-დარია...
თუ ცოცხალია-მაჭარივით არის ფუცხუნა,
და უაღრესად მშვიდი გახლავთ, როცა მკვდარია;
იგი ცხვარია, ბატკანია, იგი ბოთეა,
აღარ ღრიალებს, არც ხანძარში გიჟივით მოქრის,
წევს! თოჯინაა და რეზინის იდიოტია,
ფეხზე ჰკიდია მოქმედება ბრიტანულ პოლკის...
ვსვამთ სადღეგრძელოს თქვენი წარმატების,
თქვენი სუდანის და თქვენი ხალხის!
ო, ფუზი, თქვენ ხართ ბნელი წარმართები,
მაგრამ მეომრები პირველი რანგის!
აფერუმ! შავი ხართ მაწანწალა,
თავი ზვინს გიგავთ, ვფიცავარ ძმობას...
და მაინც, თქვენგან ინგლისის ლაშქრის
გარღვეულია საბრძოლო წყობა!
ეს კიპლინგია.
როცა პირველად
შელა ო'ნილს დავუწყე დევნა,
ფიცის, ალერსის
ჯადო სიტყვა მოვცადე ყველა.
მაგრამ არც ოხვრას,
არც მუხლებზე კოცნას და ხვევნას.
ჭრა ჰქონდა სიტყვებს:
"ჩემი ცოლი გახდები, შელა!"
ვეწიე მიზანს,
მაგრამ ტვრითმა გამტეხა მხარში,
ცოცხი და მუშტი,
წყევლა-კრულვა ვიწვნიე ხელად.
ავდექი მაშინ,
ჩავეწერე ბოღმისგან ჯარში,
დავტოვე სახლი,
ირლანდია, ვისკი და შელა.
მალე ზღვას გაღმა
გავერიდე დიაცის ენას, -
ფრიდრიხის ჯარში
ვეძიებდი ხსნასა და შველას;
ვცხოვრობდი ომში,
მაგრამ აქაც შრაპნელის სტვენა,
ფრენა და ღრენა
მახსენებდა დაწყევლილ შელას.
სად არ ვიომე,
რას არ შევხვდი და მოვესწარი,
ცივი ხიშტი და
ცხელი ტყვია - მე მერგო ყველა...
მაგრამ არ არის,
ღმერთს მადლობა, სხვა რამ ნესტარი
მაგ შენს ნესტარზე
უფრო მწარე, წყეულო შელა!
ეს კი ბერნსი.