Champagne_Supernova
Unintended

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 743
წევრი No.: 124905
რეგისტრ.: 16-December 10
|
#29751054 · 16 Feb 2012, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოლოდინი / გოდერძი ჩოხელი
- ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს. - ვინ უნდა შეგხვდეს? - რა ვიცი. - მაშ, რატომ გგონია? - იცი, მე ის მიყვარდა. - როდის? - ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ. - მაინც? - მანამ დავიბადებოდი. - ვერ გავიგე. - შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ. - რომ არ შეგხვდეს? - ეგეც შეიძლება. - უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე. - ვინ? - რა ვიცი, ვინმე. - არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო. - ის რომ არ შეგხვდეს? - ხომ მიყვარს? - ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს. - ჰო, მიყვარს. - იქნებ არ გიყვარს? - მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს? - იქნებ სიზმარში ნახე. - არა, სხვაგან ვნახე სადღაც. - გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს? - არა, არ მახსოვს. - მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს? - ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო. * * * - არ შეგხვდა? - არა, არ შემხვდა. - მერე? - რა მერე? - არ მოიყვანე ცოლი? - არა. - კიდევ იმას ელოდები? - ჰო. - რამდენი წლის ხარ? - სამოცდაექვსის. - კიდევ გიყვარს? - კიდევ. - იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი! - ჰა?! - არა, არაფერი.
ამას ვერაფერს ამოაკლებს კაცი..
____________________________________________________________________________________________________________
ეს კი, ლუიჯი პირანდელოს ეკუთვნის, რომელსაც, ასევე ვიზიარებ:
“ცხოვრება წარმომიდგენია უზარმაზარ ლაბირინთად, რომელიც მოუცავს გონებამიუწვდომელ იდუმალებას, იქიდან არ გამოდის გზა არც ერთ მხარეს… საით წავიდე? რა მიზნისკენ? ყველა გზა საშიში და მტრული მეჩვენება. დაბნეულობამ დაისადგურა ჩემს სულში, ბოროტებამ – ცხოვრებაში, უაზრო ბოროტებამ – ვეუბნები ჩემს თავს. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ვერასოდეს შევიძენთ საკმაო ცოდნას ცხოვრების შესახებ, ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ცხოვრების გრძნობა, ისიც მერყევი და ცვალებადი, ხან სევდიანი, ხან მხიარული. მე ვემსგავსები მოწყენილ და შეშფოთებულ მაყურებელს… ხელოვნებისადმი ჩემი მგზნებარე სიყვარული იყო ის ერთადერთი ფრიალო, რომელსაც ებღაუჭებოდა ჩემი დასაღუპად განწირული სული, რომელმაც მარცხი განიცადა…”
____________________________________________________________________________________________________________
მარტის მამალი /ოთარ ჭილაძე
ღმერთს თავიდან ოცდაათი წლის სიცოცხლე დაუდგენია კაცისთვის. არა მარტო კაცისთვის, საერთოდ, ყველა სულიერისთვის - გეყოფათ და თავზეც გადაგივათო - მაგრამ, თუ იცით, ვის აურ-დაურევია ყველაფერი? ვისა და, ვირსა! არა, ბატონო, ოცდაათი წელი ძალიან ბევრია ჩემთვისო, ოცდაათ წელს რა გამაძლებინებს ვირადო, ვირობა თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათო. ძალიან მაგრად დამდგარა, ნამდვილად ვირული სიმტკიცე გამოუჩენია და გაუტანია კიდეც თავისი. ვირს ძაღლი და მაიმუნი აჰყოლია. ჯერ ძაღლი, მერე მაიმუნი. ძაღლს უთქვამს, ჩემმა მტერმა იყეფა და იღრინა ოცდაათი წელიო, მაინც არავინ დამიფასებს ამაგსო. მაიმუნს კიდევ - დამბლა მომივა ამდენი მანჭვა-გრეხითო. გაგიჟებულან ბედის მწერლები, თქე სულელებო, გაძლევენ, ხომ არ გართმევენო, მაგრამ აღარ მოუცვლიათ იმათ ფეხი, აღარ გადაუთქვამთ სიტყვა. ბედის მწერლებს დაუხურავთ დავთრები, ვერ ჩაუწერიათ ღმერთის დადგენილება, ღმერთს კი შესცოდებია თავისი შექმნილი ცხოველები და ათ-ათი წლის სიცოცხლეღა დაუტოვებია იმათთვის. მაშინ კაცსაც ამოუღია ხმა, ახლა ის გაცეცხლებულა, მეც წინააღმდეგი ვარ შენი გადაწყვეტილებისო, ოღონდ, ვირის, ძაღლისა და მაიმუნის მსგავსად, კი არ მებევრება შენი ნაწყალობევი სიცოცხლე, მეცოტავებაო; ოცდაათ წელიწადში ან რისი დანგრევა მოვასწრო, ან რისი აშენებაო; რა მოვიპოვო და რა შევიძინოო; სხვა თუ არაფერი, ბავშვები მაინც ხომ უნდა დავაყენო ფეხზეო. ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. მოკლედ, რაც ვირისთვის, ძაღლისთვის და მაიმუნისთვის დაუკლია, იმისთვის მიუმატებია და იმ დღიდან დაწყებულა იმის უბედურებაც. თავის კუთვნილ ოცდაათ წელს რომ მოათავებს, მერე ოცი წელი ვირულად შრომობს, თავჩაღუნული, მუხლჩაუხრელი, თავის დროზე ჭამაც აკლია და თავის დროზე ძილიც. მაგრამ თუ რამეს იძენს, იმ ოც წელიწადში იძენს, კაცური ჟინითა და ვირული შრომით. შემდეგი ოცი წელი, კაცური ჟინითა და ვირული ჯაფით მოპოვებულს, ძაღლივით დაჰყეფს და დარაჯობს - გალოკილ ძვალს ვერ მოპარავ. ღამით შუქს არ აქრობს, კეტმომარჯვებულს სძინავს, ოცჯერ მაინც ადგება თბილი ლოგინიდან და ოცჯერ მაინც დაათვალიერებს თავის კარ-მიდამოს, საკუჭნაოებს, სარდაფებს, ორმოებს, ქვევრებს, სადაც წინა ოცი წლის მონახვეჭი აქვს დაბინავებული და მარტო ადამიანური სიწუწკის გამო კი არ იქცევა ასე, ძაღლური, შეძენილი, მიმატებული ბუნებაცა სთხოვს - ეხალისება. ხოლო, თუ გაუწყრა ღმერთი და მაიმუნის ოცი წელიც იცხოვრა, ბოლოს აუცილებლად გამაიმუნდება თვითონაც. თუმცა, თვითონ გაბავშვებას ეძახის ამას. ჩემი მამამთილი მთლად ბავშვივითაა, ქააა. ესე იგი - ხელითაა შესანახიო. საჭმელს ზედ ისხამს, ქააა. შარვალს ვერ იკრავს, ძილში ეპარება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არც სულ სიცოცხლე ვარგა, არც სულ სიკვდილი. როდისმე ერთიც მოგბეზრდება და მეორეც. თანაც, ვინ იცის, ან თუ იცის, საიდან იცის, სიცოცხლე რომ სჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს - ან მკვდარი უნდა იყო, ან ცოცხალი. ანდა, როგორც ინდოელებს სჯერათ, რამდენჯერმე უნდა იბადებოდე .......
This post has been edited by Champagne_Supernova on 16 Feb 2012, 19:43
|