Nirvana11
Палата № 6

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7123
წევრი No.: 107440
რეგისტრ.: 24-December 09
|
#28080364 · 30 Oct 2011, 15:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოსტოევსკი ფროიდის თვალით, საინტერესოა წაიკითხეთ:
დოსტოევსკი და მამის მკვლელობა დოსტოევსკის არაერთგვაროვანი პიროვნება შესაძლებელია მრავალმხრივად იყოს განხილული: როგორც მწერალი, ნევროტიკი, მოაზროვნე-ეთიკოსი, ცოდვილი. ფროიდი ცდილობს მისი პიროვნების გარჩევას ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით. ფროიდი აღიარებს რომ როგორც მწერალი დოსტოევსკი იმსახურებს უილიამ შექსპირთად ერთად იყოს მოხსენიებული და რომ ამ შემთხვევაში ფსიქოანალიზის მეთოდი უძლურია რაიმე სახის განმარტებისათვის. თუმცა როგორც მორალისტი დოსტოევსკი ადვილად მოწყვლადია. მწერლის წარმოჩინებისას მაღალი ზნეობის მქონე ადამიანის სახით, რომელმაც უკვე განვლო და განიცადა ცოდვილობა მთელი მისი სიღრმისეული გამოვლინებებით, ფროიდი ხაზს უსვამს ერთ მოსაზრებას. მაღალი ზნეობის ადამიანად შესაძლებელია ჩაითვალოს ის, ვინც შინაგანად განიცდის გარკვეულ ცდუნებას, მაგრამ თავს არ აძლევს უფლებას ჩაიდინოს ეს საქციელი. ამ შემთხვევაში ფროიდის აზრით საკმაოდ ადვილია იმ ადამიანების მიმართ გამოითქვას საყვედური, ვინც დროგამოშვებით ცოდვებს იდენს, ხოლო შემდეგ მაღალზნეობრივ მიზნებს ისახავს. ვინაიდან ისინი მოსახერხებლად აწყობენ თავიანთ ცხოვრებას. ისინი არასოდეს არ ასრულებენ აბსოლუტური ზნეობრივობის სრულ პრიორიტეტს – სრულ განრიდებას. ამ შემთხვევაში ფროიდი ხაზს უსვამს რომ ზნეობრივი ცხოვრება პრაქტიკულად მთელი კაცობრიობის ინტერესებშია. მას მოყავს მაგალითი იმ ბარბაროსებისა, ვინც მკვლელობას იდენდა ხოლო შემდეგ ინანიებდა ამ საქციელს, თუმცა ეს მონანიება კიდევ უფრო მეტად სისხლიანი ცოდვების ჩადენისაკენ უხსნიდა მათ გზას. ფროიდი ასევე აღნიშნავს რომ სწორედ ასე იქცეოდა ივანე მრისხანეც – ეს ერთგვარი ხელშეკრულება სინდისთან, რაც სავსებით ტიპიურია რუსული ხასიათისათვის. რაც შეეხება დოსტოევსკის ზნეობრივი ბრძოლის საბოლოო შედეგს ის არ გამოირჩევა, საკმაოდ ხანგრძლივი შერკინების შემდგომ, რომელიც ძირითადად მიმართულია ინდივიდის სურვილებისა და სწრაფვების შერიგებაზე საზოგადოებასთან და მის მოთხოვნებთან, ის რეგრესს განიცდის და სულიერი და ფიზიკური ავტორიტეტებისადმი დამორჩილებას ექვემდებარება – ეთაყვანება ქრისტიანულ ღმერთსა და მამა-მეფეს, ის მიისწრაფვის რუსული მდაბიო ღირებულების მქონე ნაციონალიზმისაკენ. ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ ნაკლებად დიდი მოაზროვნეებიც ამგვარ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, თუმცა კი დოსტოევსკის ამისათვის გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდა. ფროიდი არასწორად მიიჩნევს დოსტოევსკი განიხილოს როგორც ცოდვილი და დანაშაულის ჩამდენი. ძალიან მარტივია დანაშაულის ჭეშმარიტი მოტივის გამოვლენა: ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენისათვის დამახასიათებელია ორი რამ – უსაზღვრო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ და ნგრევისადმი უძლიერესი მიდრეკილება, ასევე ორივე ამ მახასიათებლის გამაერთიანებელი არის ის, რომ ადამიანს არ გააჩნია სიყვარულის უნარი და ამავე დროს გარშემომყოფთა მხრიდან მისდამი ემოციურ- შეფასებითი დამოკიდებულებაც არ არსებობს. ამავე დროს ფროიდს უმალვე ახსენდება ის, რომ თვით დოსტოევსკისათვის სრულიად საპირისპიროა დამახასიათებელი – სიყვარულის უდიდესი მოთხოვნილება და სხვების სიყვარულის უნარი, რაც ვლინდებოდა მის უსაზღვრო სიკეთეში იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მართებული იქნებოდა საპირისპირო დამოკიდებულების გამოვლენა – ფროიდს მოყვანილი აქვს მაგალითად მისი დამოკიდებულება მეუღლისა და მისი საყვარლისადმი. ფროიდი წამოჭრის კითხვას, თუ რატომ შეიმჩნევა ტენდენცია დოსტოევსკის მიკუთვნებისა დანაშაულის ჩამდენთა კატეგორიისადმი? რაზეც ისმის შემდეგი სახის პასუხი: მისი პერსონაჟების არჩევანის გამო – ეგოცენტრული პიროვნებები, მკვლელები, მოძალადეები, რაც მეტყველებს მსგავსი მიდრეკილებების გამოხატულებაზე თვით მწერალშიც. ამ შემთხვევაში დასტურია რამოდენიმე რეალური ფაქტიც – მისი მიდრეკილება და სიყვარული აზარტული თამაშების მიმართ და ასევე არასრულწლოვანი გოგოს გახრწნაც (საკმარისია მისი “აღსარების” წაკითხვა). ფროიდის აზრით ეს შინაგანი წინააღმდეგობა გადაწყვეტილია შემდეგი სახით: დოსტოევსკის საკმაოდ ძლიერი მიდრეკილება ნგრევისადმი ძირითადად მომართული იყო საკუთარ თავზე (არა გარეთ არამედ შიგნით) და ჰპოვა თავისი გამოვლინება დანაშაულის შეგრძნებასა და მაზოჰიზმში. თუმცა ამ პიროვნებაში ასევე შეინიშნება სადისტური მიდრეკილებებიც, ფროიდი აღნიშნავს რომ ეს თვისება ვლინდებოდა მისი ახლობლების მიმართ და ასევე ხაზს უსვამს სადისტურ დამოკიდებულებას მკითხველისადმიც, თუმცა გარკვეულწილად დოსტოევსკი ასევე სადისტურია საკუთარი თავის მიმართაც, იგივე მაზოჰისტური, რაც მთლიანობაში მას ხატავს როგორც რბილ და მგრძნობიარე ადამიანს, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ნებისმიერს. ამგვარად, დოსტოევსკის რთულ პიროვნებაში სამი ფაქტორი იქნა გამოყოფილი – ორი ხარისხობრივი და ერთი რაოდენობრივი. მისი საკმაოდ მაღალი მიდრეკილება ფეთქებადი ვნებებისადმი და გადაულახავი სწრაფვა პერვერსიისადმი, რომელიც უნდა დასრულებულიყო სადო-მაზოჰიზმით ან რომელსაც უნდა ჩამოეყალიბა მასში დანაშაულის ჩამდენი და ბოლოს მისი შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება ანალიზს. ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი ძალების – პირველადი ლტოლვებისა და მათი საპირისპირო შეკავების არსებობით – დოსტოევსკი შესაძლებელია მივაკუთვნოთ “იმპულსური ხასიათების” კატეგორიას. მაგრამ ამგვარი მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ნევროზის შენიღბვას წარმოადგენს. ფროიდი იძლევა ახსნა-განმარტებას რომ ნევროზი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანი, რომ “მემ” ვერ მოახდინა დაპირისპირებაში მყოფი ძალების სინთეზი და ამ მცდელობისას დაკარგა თავისი მთლიანობა. დოსტოევსკი, (ასევე სხვებიც იზიარებდნენ ამ მოსაზრებას), საკუთარ თავს თვლიდა ეპილეპტიკოსად. ფროიდი ვარაუდობს, რომ ეს ე. წ. ეპილეპსია მხოლოდ და მხოლოდ მისი ნევროზის სიმპტომს წარმოადგენდა, რომელიც შესაძლებელია იყოს განსაზღვრული როგორც ისტერო-ეპილეპსია, სხვა სიტყვებით ისტერიის მძიმე ფორმა. ფროიდი აღწერს ამ შეტევების მახასიათებლებს, აღწერს უნებლიე კრუნჩხვებს, ხასიათის ცვლილებას, აგრესიულობის მატებას და ყველანაირი სახის სულიერი ქმედითუნარიანობის დაქვეითებას. ის ასევე განასხვავებს რამოდენიმე ვარიანტს ეპილეპტიკური შეტევისა: კრუნჩხვებს, ცნობიერების სრულ დაკარგვას წამიერად და ასევე თავბრუს ხვევებს. ეს ერთი შეხედვით ფიზიკური მდგომარეობები / გამოვლინებები განპირობებულია ფიზიკური მიზეზებით (რამდენად უცანაურიც არ უნდა იყოს ეს) და შესაძლებელია აღმოცენდეს კონკრეტული სულიერი განცდებიდან გამომდინარე (შიში) და შემდგომში შესაძლოა იყვნენ სრულ კავშირში სულიერ განცდებთან. უმრავლესობისათვის ამ ავადმყოფობის შემთხვევაში ინტელექტუალური დეგრადაცია არის დამახასიათებელი, მაგრამ ცნობილია ისეთი შემთხვევებიც როდესაც ის არ მომხდარა (ჰელმჰოლცი). ფროიდი აღნიშნავს, რომ ეპილეფსიით დაავადებულნი გარშემომყოფებზე უტვინო, განუვითარებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ხშირ შემთხვევაში ვლინდება იდიოტიზმის ფორმით და ტვინის სერიოზულ დეფექტებს განაპირობებს, თუმცა ეს არ არის აუცილებელი კომპონენტი. ასევე ფროიდი აღნიშნავს
რომ მსგავსი შეტევები ემართებათ ასევე სრულფასოვანი სულიერი განვითარების მქონე ადამიანებს, რომელთაც ახასიათებთ უკიდურესად უჩვეულო სულიერი მღელვარება და რომლის მართვაც მათ უძნელდებათ. ფროიდი თვლის რომ ეს ავადმყოფობა საჭიროებს ფუნქციონალურ გაცნობიერებას / წვდომას. პირველადი ლტოლვების განთავისუფლების მექანიზმი შესაძლებელია იყოს შემზადებული, როგორც ეს აისახება ტოქსიკური ან ქსოვილების დაავადების შემთხვევაში ტვინის ქმედითუნარიანობაზე (ხდება დაქვეითება). მსგავსი რამ ხდება სულიერი ბალანსის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაშიც, რაც ვლინდება სულიერი ენერგიის ფუნქციონირებაში კრიზისის პირობებში. აქედან გამომდინარე ფროიდს მიაჩნია, რომ გვეძლევა ეპილეფსიის წარმოქმნისათვის ხელსაყრელი ორი წინაპირობა და მათთვის საერთო მექანიზმიც, რომელიც პირველადი ლტოლვების გამოვლინების საფუძველში ძევს. ფროიდი აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი ემსგავსება სექსუალურ პროცესებს. ის ამბობს, რომ ანტიკური ხანის ექიმებს მიაჩნდათ სექსუალური აქტი მცირე ეპილეფსიად. ისინი თვლიდნენ რომ სექსუალური აქტი ასუსტებს ეპილეფსიას და ადამიანს აძლიერებს ავადმყოფობის ზემოქმედებასთან მიმართებაში. მთლიანობაში ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს “ეპილეპტიკურ რეაქციასთან” და ის რა თქმა უნდა უკავშირდება ნევროზებს, რომელთა არსი მდგომარეობს ზეწოლისა და გაღიზიანების მასების დათრგუნვაში, რომელთაც ფსიქიკურად ნევროზი ვერ გაუმკლავდებოდა. ამგვარად ეპილეფსიის შეტევა ისტერიის სიმპტომად გადაიქცევა. ხდება მისი ადაპტირება და სახეცვლილება ისტერიით, ისევე როგორც ეს ხდება სქესობრივი აქტის ნორმალური მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე ფროიდი დაასკვნის, რომ არსებობს ორგანულად განპირობებული და ბუნებრივად აღმოცენებული ეპილეფსიები. ხოლო ამ დასკვნის პრაქტიკული შედეგია ის, რომ პირველი სახის ეპილეფსიის მქონე პიროვნებას გააჩნია ტვინის დაავადება, ხოლო მეორე სახის მქონე – არის აშკარა ნევროტიკი. ფროიდის აზრით სწორი იქნებოდა გვევარაუდა, რომ დოსტოევსკი სწორედ მეორე ტიპის ეპილეპტიკოსებს მიეკუთვნება. თუმცა ამ შემთხვევაში ფროიდი დარწმუნებით ვერ საუბრობს, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი აღწერა დოსტოევსკის ეპილეპტიკური შეტევებისა და ის მხოლოდ გარკვეულ ფაქტებზე დაყრდნობით ახდენს ამგვარ დასკვნას. ის აღნიშნავს, რომ მას ქონდა შეტევები ბავშვობაში, მაგრამ მხოლოდ 18 წლის ასაკის შემდგომ – როდესაც მან ძლიერი დარტყმა გადაიტანა, მამის მკვლელობა – ამ შეტევებმა ეპილეპტიკური ხასიათი მიიღეს. ამ შემთხვევაში ასევე მოყვანილია ცნობები იმის შესახებ რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა ციმბირში კატორღაზე ყოფნისას, მაგრამ ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ ნევროტიკები ამგვარი რწმუნებისას მიდრეკილნი არიან ფალსიფიცირებისაკენ. ფროიდი თვლის რომ ციმბირში ყოფნისას დოსტოევსკის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. აშკარა არის კავშირი მამის მკვლელობასა და რომან “ძმები კარამაზოვებს” შორის. ბევრი აღნიშნავდა ამ კავშირს “თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმდინარეობის” ფარგლებში – ეს მიმდინარეობა კი ფსიქოანალიზს გულისხმობს. ამ შემთხვევას ფსიქოანალიზი განიხილავს როგორც უმძიმეს სულიერ ტრავმას, ხოლო დოსტოევსკის რეაქციას ამ ტრავმაზე – როგორც მისი ნევროზის პრიორიტეტული მნიშვნელობის მქონე საწყის წერტილს. ფროიდი აღნიშნავს რომ პირველი წლების განმავლობაში დოსტოევსკის ეპილეპტიკური შეტევები გამოიხატებოდა იმაში რომ მას ქონდა სიკვდილის შიშის გამოვლინება, რაც გამოიხატებოდა ლეთარგიული ძილის შეტევებში. ფროიდი ირწმუნება რომ მისთვის ცნობილია მსგავსი სიკვდილის შეტევების არსი. ამ შემთხვევაში ხდება გაიგივება გარდაცვლილთან – რეალურად უკვე გარდაცვლილ პიროვნებასთან ან ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანთან ვისი სიკვდილიც შეიძლება სურდეს ავადმყოფს. ამ დროს მეორე შემთხვევას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი შეტევები ამ შემთხვევაში სასჯელის სახის არის: ამ ადამიანისათვის სიკვდილი მსურდა, ეხლა კი მე თითონ ვარ გარდაცვლილი. ამ შემთხვევაში ბიჭისათვის ეს გარდაცვლილი არის უმეტესწილად მამა.
მამის მკვლელობა როგორც ცნობილია წარმოადგენს პირველი სახის დანაშაულს, როგორც კაცობრიობისათვის, ასევე ცალკეული ინდივიდისათვისაც. ყოველ შემთხვევაში ის დანაშაულის შეგრძნების ერთ-ერთი წყარო და მიზეზია. ფსიქოანალიტიკოსების თანახმად ბიჭის დამოკიდებულება მამის მიმართ არის ამბივალენტური. ფროიდი აღწერს მამისადმი არსებული გრძნობების ამბივალენტობას და ბოლოს დაასკვნის, რომ მამის მკვლელობის სურვილის არსებობა არაცნობიერში, განაპირობებს დანაშაულის შეგრძნების ჩამოყალიბებას. თუკი ბავშვს განვითარებული აქვს კონსტიტუციური ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ბისექსუალობას, ადგილი აქვს მომდევნო გართულებებს. ამ შემთხვევაში, კასტრაციის მუქარის შედეგად მამაკაცურობის შესაძლო დაკარგვის გაცნობიერებისას, მატულობს და მყარდება ქალურობისადმი მიდრეკილების ტენდენცია, მეტიც, აღმოცენდება ტენდენცია საკუთარი თავის დედის ადგილზე დაყენებისა და ამავე დროს მისი როლის გადაღებაც / შეთვისებაც როგორც მამის სიყვარულის ობიექტისა. ბავშვი აცნობიერებს რომ თუკი მას სურს იყოს მამის მხრიდან ნაყვარები როგორც ქალი, მან ამავე დროს უნდა მიიღოს კასტრაციაც. ამგვარად ხდება ორი საპირისპირო ლტოლვის განდევნა – მამისადმი სიყვარულისა და ამავე დროს მისდამი სიძულვილის. ფსიქოლოგიური სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ გარეგანი მუქარის (კასტრაციის) გამო ბავშვი უარს ამბობს მამისადმი სიძულვილზე. იმ ორი ნახსენები ფაქტორიდან, რომლებიც მამისადმი ბიჭის სიძულვილის განდევნას განაპირობებენ პირველია – უშუალო შიში კასტრაციისა. შესაძლებელია ითქვას რომ ეს ნორმალურია, ხოლო ნეგატიურ გაძლიერებას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ფაქტორი – ქალური განწყობის ჩამოყალიბება. ამგვარად, მკვეთრად გამოვლენილი ბისექსუალური მიდრეკილება წარმოადგენს ერთ-ერთ მიზეზს ან თუ გნებავთ დასტურს ნევროზის არსებობისა. სწორედ ეს მიდრეკილება არის შესამჩნევი დოსტოევსკის შემთხვევაში, ის (ფარული ჰომოსექსუალურობა) ასევე ვლინდება მის დამოკიდებულებაში მამაკაცებთან მეგობრობისადმი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის იყო ეს მისთვის მეტყველებს ამაზე. ფროიდი აღნიშნავს მის დამოკიდებულებას მეტოქეებისადმი სიყვარულში, მის სიღრმისეულ წვდომას გარკვეული ცხოვრებისეული სიტუაციებისა, რისი ახსნაც შესაძლებელია მხოლოდ ფარული ჰომოსექსუალურობით. ფროიდის აზრით ამის დასტურია მრავალრიცხოვანი მაგალითები მწერლის ნაწარმოებიდან. ფროიდი ამტიცებს რომ ფსიქოანალიზს გააჩნია გასაღები ნებისმიერი ნევროზისადმი და რომ ეს გასაღები მოიძებნება რუსული მწერლის ეპილეფსიის შემთხვევისათვისაც. ჩვენი ცნობიერება უარყოფს იმ მოვლენების მიღებას, რომლებიც არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების სფეროს მიეკუთვნებიან. ფროიდი ზემოთ ხსენებულს ასევე ამატებს იმას, რომ მამასთან გაიგივება ჩვენს “მეში” მუდმივ ადგილს იკავებს. ეს გაიგივება მშვიდად აღიქმება “მეს” მიერ, თუმცა მასში განსაკუთრებული ინსტანციის ადგილს იკავებს, რომელიც უპირისპირდება “მეს” დანარჩენ შემადგენლობას. ამ ინსტანციას ფროიდი უწოდებს “ზემეს” და როგორც მშობლის ზეგავლენის მქონეს მას ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებს მიაწერს. ფროიდს მოყავს მაგალითი იმისა, რომ თუკი მამა იყო მკაცრი, დაუნდობელი, გამოირჩეოდა ძალადობისადმი მიდრეკილებით, მაშინ ჩვენი “ზე-მე” სადისტური ხდება, ხოლო “მე” – მაზოჰისტური, შესაბამისად ქალურად-პასიური. ჩვენს “მეში” ჩნდება სასჯელისადმი დიდი მოთხოვნილება, “მე” ერთის მხრივ ნაწილობრივ მიანდობს საკუთარ თავს ბედისწერას, ხოლო მეორეს მხრივ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ღებულობს მისადმი “ზე-მეს” მხრიდან არსებული დაუნდობელი დამოკიდებულებით (შესაძლებელია ამას დანაშაულის შეგრძნება ვუწოდოთ). დოსტოევსკის დანაშაულის შეგრძნების განსაკუთრებული სიძლიერე, ისევე როგორც აშკარად მაზოჰისტური ცხოვრების წესიც, ფროიდის მიერ ახსნილია როგორც მკვეთრად გამოხატული ქალურობის კომპონენტი. ფროიდის აზრით ფაქტიურად დოსტოევსკის აღწერა შემდეგნაირად შეიძლება: აშკარად / მკვეთრად გამოხატული ბისექსუალურობის მიდრეკილების / წინარეგანწყობის მქონე პიროვნება, რომელსაც გააჩნია დაუნდობელი მამის მხრიდან თავს მოხვეული დამოკიდებულებისაგან თავის დაცვის უნარი.
ადრეული “სიკვდილის შეტევების” გამოვლინებები შესაძლებელია იყოს გააზრებული როგორც საკუთარი “მეს” გაიგივება მამასთან, ამ შემთხვევაში “მე” “ზე-მეს” მხრიდან სასჯელს ღებულობს. შესაძლებელია ითქვას რომ პიროვნებასა და მამა-ობიექტს შორის არსებული ურთიერთობა მისი შინაარსის სრული შენარჩუნებით “მესა” და “ზე-მეს” შორის არსებული ურთიერთობის სახეს იღებს. ფროიდს ამ შემთხვევაში თეატრალური შედარებაც კი მოყავს – ახალი დადგმა მცირე სცენაზე. ფროიდი აღნიშნავს რომ მამა ვერ იცვლება და წლების განმავლობაში მისი ხასიათი უარესობისაკენ ვითარდება კიდეც. ამ შემთხვევაში დოსტოევსკის სიძულვილიც მატულობს. ფროიდი თვლის რომ ადამიანი წარმოადგენს უაღრეს საშიშროებას თუკი ამგვარი განდევნილი სურვილები განხორციელებისაკენ ისწრაფვიან. ფანტაზია შესაძლოა რეალობად იქცეს, ამიტომაც ძლიერდება დაცვის ყველა საშუალებაც. დოსტოევსკის შეტევებიც ეპილეპტიკურ ხასიათს იძენენ. აღსანიშნავია ერთი რამ: შეტევის აპოთეოზში დოსტოევსკი უმაღლესი ნეტარების მომენტს განიცდიდა, რომელიც შესაძლოა ასახავდა იმ ტრიუმფისა და განთავისუფლების შეგრძნებას, რომელიც მან განიცადა მამის სიკვდილის ცნობის მიღებისას, რასაც უმალვე მოყვა კიდევ უფრო დაუნდობელი სულიერი სასჯელი. ფროიდი პარალელს ავლებს მსგავსი წუხილისა და ტრიუმფის მონაცვლეობას პირველყოფილი ოჯახების შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მშობელთა მკვლელობა ტოტემური ზეიმის ცერემონიის დროს. თუკი ის ფაქტი რომ ციმბირში (კატორღაზე) დოსტოევსკის არ ქონია შეტევები სინამდვილეს შეესაბამება ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მის შეტევებს სასჯელის სახე ქონდათ. (როდესაც ის განსხვავებული სახით იღებდა სასჯელს შეტევების საჭიროებას ის აღარ გრძნობდა). დაუნდობელი სასჯელის მოთხოვნილებამ დოსტოევსკის შესაძლებლობა მიანიჭა მრავალი მძიმე წელი უდრეკად გადაეტანა. მისი დადანაშაულება პოლიტიკურ ღალატში არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მაგრამ მან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ეს სასჯელი მამა-მეფისაგან (რომელიც ამ შემთხვევაში მისი მამის ჩანაცვლებას წარმოადგენდა). ეს გარემოება იძლევა ფსიქოლოგიურ გამართლებას იმ სასჯელის სისტემისა რომელსაც საზოგადოება ანიჭებს ინდივიდს. ფროიდი თვლის რომ მრავალი ბოროტმოქმედი ნატრულობს რომ ისინი დასაჯონ. ამას მოითხოვს მათი “ზე-მე”, ამგვარად ისინი თავისუფლდებიან საკუთარი თავის დასჯის სურვილისაგან / სინდისის ქენჯნისაგან. ამგვარი სიმძიმე გამოწვეული დამძიმებული სინდისით განაპირობებს დოსტოევსკის დამოკიდებულებას სხვა ორი სფეროს მიმართ – სახელმწიფოს ავტორიტეტისა და ღმერთისადმი რწმენის. პირველი სფეროს შემთხვევაში მწერალი სრულიად დაექვემდებარა მამა-მეფეს, რომელმაც მკვლელობის კომედია გაითამაშა მასთან. ამ შემთხვევაში მონანიებამ გაიმარჯვა. რელიგიური სფეროს შემთხვევაში კი სიცოცხლის ბოლომდე დოსტოევსკი ორჭოფობდა რწმენასა და ურწმუნოებას შორის. მისთვის საეჭვო იყო ის წინააღმდეგობები რომელიც შეიმჩნეოდა სამყაროს გამთლიანებული გაგების შემთხვევაში, რაც რწმენაში არის მოცემული. ფროიდი აღნიშნავს რომ შეუძლებელია უბრალო დამთხვევა იყოს ის ფაქტი რომ მსოფლიო ლიტერატურის სამი შედევრი – სოფოკლეს “მეფე ოიდიპოსი”, შეკსპირის “ჰამლეტი” და დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები” – ერთსა და იმავე თემას ეხებიან – მამის მკვლელობას. სამივე შემთხვევაში დანაშაულის მსგავსი მოტივი არის განვითარებული – სექსუალური მეტოქეობა ქალის გამო. ფროიდი ახდენს მცირე ანალიზს ამ სამი ნაწარმოებისა და “ჰამლეტის” შემთხვევაში აღნიშნავს, რომ დანაშაული არ არის ჩადენილი მთავარი გმირის მიერ, სწორედ ამიტომ ქალის გამო მეტოქეობის მოტივი არ არის დაფარული. სწორედ ასე არის წარმოჩინებული ჰამლეტის ოიდიპოსის კომპლექსიც, რომელიც წარმოჩინებულია ერთგვარი ანარეკლის სახით. მან იცის რომ მამამისი იყო მოკლული მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო არ ანხორციელებს სამაგიეროს მიზღვევის ქმედებებს. გაუბედავი ის ხდება საკუთარი დანაშაულის შეგრძნების გამო: როგორც არის დამახასიათებელი მსგავსი ნევროტული მოვლენებისათვის მის ცნობიერებაში ერთგვარი ცვლილება ხდება – დანაშაულის შეგრძნება გარდაისახება უძლურობის შეგრძნებაში. ჰამლეტი საკუთარ თავს არანაკლებ განიკითხავს ვიდრე სხვებს: “თუკი ყველას მოვექცევით საზღაურის მიხედვით, ვის ასცდება
სასჯელი?” ამ შემთხვევაში დოსტოევსკი ცოტათი უფრო წინ არის წასული თავის რომანში. აქაც მკვლელობა ჩადენილია სხვა პირის მიერ, მაგრამ ის არანაკლებ უკავშირდება მსხვერპლს, ვიდრე დიმიტრი, (რომელიც სექსუალური მეტოქე არის), ისიც მისი შვილია. დანაშაულს სჩადის სწორედ ის ძმა, რომელსაც დოსტოევსკი საკუთარ ავადმყოფობას მიაწერს – ეპილეფსიას, ამით ის თითქოს და ადასტურებს რომ მასში არსებული ნევროტიკი და ეპილეპტიკოსი სინამდვილეში მამის მკვლელია. ადვოკატის სიტყვაში კი ჩანს ფსიქოლოგიის დაცინვა. რომ ფსიქოლოგია იკვლევს არა იმას თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა არამედ იმას, ვინც ამ მკვლელობის ჩანაფიქრს ახდენდა და ვისაც განსაკუთრებულად უხაროდა შემდგომში მომხდარის გამო. აქედან გამომდინარე ყველა არის დამნაშავე თანაბრად, რელიეფურად გამოსახული ალიოშას ფიგურას ჩათვლით. თვალნათლივი და აშკარა არის მწერლის სიმპატია ბოროტმოქმედისადმი, რომელიც სცილდება ყოველგვარი თანაგრძნობის საზღვრებს. ბოროტმოქმედი მისთვის თითქმის მხსნელის ტოლფასია. მან თითქოს და ყველას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე. მან ჩაიდინა მკვლელობა და ეხლა უკვე საჭირო აღარ არის მკვლელობის ჩადენა, ვინაიდან მას ეს რომ არ გაეკეთებინა ვინმეს მაინც მოუწევდა ამის გაკეთება. ეს არ არის უბრალო თანაგრძნობა ეს უკვე ბოროტმოქმედთან / მკვლელთან გაიგივება არის, იგივე ნარცისიზმი რომელიც ცოტათი ჩამოშორებულია თავის ძირითად მიმართულებას. ფროიდი თვლის რომ ბოროტმოქმედისადმი სიმპატიის ფენომენი განპირობებულია სწორედ ამ გაიგივების გამო, ასევე სწორედ ეს იყო ინტერესის მიზეზიც და რომანის მასალის არჩევანიც ამის გამო არის განპირობებული. თავდაპირველად ის წერდა – ეგოისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე – ჩვეულებრივი ბოროტმოქმედის, შემდეგ პოლიტიკური და რელიგიური ბოროტმოქმედის და ბოლოს კი მამის მკვლელის შესახებ. ეს არის პირვანდელი ბოროტმოქმედი და ფროიდის აზრით ამ შემთხვევაში დოსტოევსკი პოეტურ აღიარებას ახდენს. ფროიდი ახდენს ანალიზს დოსტოევსკის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების შესახებაც. მიუხედავად თავისი გამართლებისა, რომ ის თამაშობდა მხოლოდ იმ მიზნით რომ მოეგო დიდი თანხა და შემდეგ მისცემოდა რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობა ვალის გამო ციხეში წასვლისაგან თავის დაღწევის მიზნით, ფროიდი თვლის რომ მწერალი სინამდვილეში აცნობიერებდა იმ ფაქტს რომ მხოლოდ თამაშის გამო თამაშობდა. ამის დასტურია მისი დაუდევარი საქციელის ყველა დეტალი, რომელიც განპირობებული იყო პირველადი ლტოლვებით. დოსტოევსკი ვერ წყნარდებოდა სანამ არ წააგებდა ყველაფერს. თამაში მისთვის სასჯელის საშუალებას წარმოადგენდა. მიუხედავად დაპირებებისა რომელსაც ის აძლევდა თავის ახალგაზრდა მეუღლეს ის ყოველთვის არღვევდა სიტყვას. როდესაც წაგების გამო იგი ოჯახს უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში აგდებდა, ეს გარემოება მას კიდევ ერთხელ აძლევდა პათოლოგიური დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მეუღლე მიეჩვია ამგვარ ორომტრიალს. ერთადერთი რაც გადარჩენას წარმოადგენდა ამ შემთხვევაში იყო – მწერლის შრომა, რომელსაც ეძლეოდა გასაქანი სწორედ მაშინ, როდესაც მთელი ქონება იყო გაქარწყლებული. თუმცა მისი მეუღლე ვერ ხვდებოდა თუ რა კავშირი იყო ამ ყველაფერს შორის. ფროიდი ამ კავშირს შემდეგნაირად განმარტავს: როდესაც მისი დანაშაულის შეგრძნება კმაყოფილდებოდა სასჯელით, რომელსაც ის თავად მიუსჯიდა საკუთარ თავს, მაშინვე გადაილახებოდა სამუშაოში არსებული სირთულეებიც და დოსტოევსკი თავს უფლებას ანიჭებდა წარმატებისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადაედგა. ფროიდი აღწერს სტეფან ცვაიგის რომანს “ოცდაოთხი საათი ქალის ცხოვრებიდან”. გავლებულია პარალელი იმასთან დაკავშირებით რომ ონანიზმის “ცოდვა” ჩანაცვლებულია თამაშისადმი მავნე ჩვევით, ამ შემთხვევაში ხაზგასმულია ხელების ვნებიანი მოძრაობა, რაც თავისთავად მეტყველებს ამ ჩანაცვლებაზე. ფროიდი თვლის რომ თამაშისადმი მიდრეკილება – გაიგივებულია და წარმოადგენს ონანიზმის მოთხოვნილების ექვივალენტს, ის თვლის რომ ბავშვების მიერ სასქესო ორგანოებზე წარმოებული მანიპულაციებიც თამაშის მსგავსია. ასევე ცვაიგის რომანში არსებული დედის გაიგივება მეძავთან სწორედ ამ ფანტაზიის შემადგენელი ნაწილი და შედეგია. ამ შემთხვევაში გარეგანი გაფორმება უბრალოდ ფარავს ამ მოთხრობის ფსიქოანალიტიკურ საზრისს.
ფროიდი აღნიშნავს რომ მას ჯერ კიდევ არ შეხვედრია არც ერთი ისეთი მძიმე ნევროზის შემთხვევა, როდესაც ადრეული პერიოდის აუტოეროტიული დაკმაყოფილება და მოწიფულობის პერიოდის დაკმაყოფილება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არ ყოფილიყო და არ შეესრულებინა გარკვეული სახის როლი, ამასთანავე მისი (ამ დაკმაყოფილების) დათრგუნვისა და მამისადმი შიშის შორის არსებული კავშირის შესახებ უკვე ცნობილია.
This post has been edited by Nirvana11 on 30 Oct 2011, 15:05
--------------------
მე ვარ ნაწილი მთელის იმ ნაწილისა...
|