1. რომ არა სამხრეთიდან მოულოდნელად მოვარდნილი თავსხმა წვიმა, ზუსტად ხუთ წუთში შემინული კარი ნახევრად გაიღებოდა და უსინათლო ისააკის თეთრი ჯოხი თამამად შემოხაზავდა ნახევარწრეს. ვიტრინის კუთხესთან კი სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ხვეულთმიანი გოგო ერთი თვალის შევლებით შეამოწმებდა საკუთარ ჩაცმულობას კაფეტერიის ჩამუქებულ მინაში და თვალს მიეფარებოდა.
2. ნიკოლასმა ხელი გაიწვდინა და რამოდენიმე ბოთლი აიღო. საერთოდ, როცა მას რაიმეს შესარჩევად აგზავნიან, იგი.. - ანდა რა საჭიროა მისი პროფესიული საიდუმლოს გამხელა. დღეს ის საუკეთესო სასმელს ეძებს; თავისი საქმე კარგად იცის, ტყუილად კი არ დაიქირავეს... იგი სასმელს ასხამს და ჭიქას ბოლომდე ცლის. „მოვა დრო და მეც მეყოლება მსახურები“ - ისე ემოციურად და თვითდაჯერებული ამბობს, რომ... უდავოდ, შერჩეული სასმელი საუკეთესოა.
3.. რატომ გგონიათ, რომ ცხოვრება რაღაც განსაკუთრებულს სწორედ თქვენ გიმზადებთ? რატომ გგონიათ, რომ თქვენი მომავლის სადავეები სულ ასე მაგრად გეჭირებათ და დღეს თუ არა ხვალ შეცვლით ყველაფერს ? მომიტევეთ იმედების გაცრუება მაგრამ "დღეს" გასტანს მთელი თქვენი ცხოვრება და "ხვალ" კი არასოდეს დადგება. თქვენი ყოფიერებაც ისეთივე უფერული იქნება როგორც თქვენი ხანშიშესული მეზობლის. თქვენი ბედნიერება თქვენი ვაჟის ან ქალიშვილის მიერ სკოლაში მიღებული კარგი ნიშანი იქნება. მებრალებით! რატომ სწირავთ თავს ამისთვის? რამეთუ მართლაც ყოვლისშემძლენი ხართ ამწუთას. თქვენ ხომ ბავშვობისას მეზღვაურობაზე და ოკეანეების დაპყრობაზე ოცნებობდით? თქვენ ხომ კოსმონავტობა გინდოდათ? თქვენ ხომ მოგზაურობას აპირებდით და მსოფლიოს თქვენი თვალით ნახვას? თქვენ ხომ თქვენი მეზობელი გოგონა გიყვარდათ ასე წრფელი გრძნობით და მის დანახვაზე გული საგულეს აღარ გქონდათ? მაშ რატომ თქვით ამ ყველაფერზე უარი? საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები თავად ხართ. ისე ხდება თქვენი მეტამორფოზა ოცნებების სამყაროდან მკრთალ ყოველდღიურობაში, რომ ამას უკვე ვეღარ ამჩნევთ და რადგან ვერ ამჩნევთ აღარც განიცდით.
4. ნიუ იორკში მაწანწალების ბომონდი საჯარო პარკებში სახლობს, ეს კარგად იცოდა ვალანსმა და, როცა მეცხრე ციდან პირდაპირ მიწაზე ჩამოაგდეს, სხვა რა გზა ჰქონდა, მედისონ სკვერს მიაშურა.
მოსწავლე გოგონასავით ქორფა და მორცხვი მაისი გაკვირტული ხეებიდან იმზირებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ სკვერის ახალმა სტუმარმა პალტო მჭიდროდ შემოიხვია, უკანასკნელ სიგარეტს მოუკიდა და ერთ-ერთ ძელსკამზე ჩამოჯდა. სამიოდე წუთი იმ ბოლო ას დოლარზე სწუხდა, რომელსაც ავტომობილით საბოლოოდ სეირნობისას გამოეთხოვა, საგზაო პოლიციამ წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მერე დარდი გულიდან გადაიყარა და იმედიანად მოისინჯა თითოეული ჯიბე, მაგრამ უშედეგოდ, ერთი პენიც კი აღარ დარჩენოდა.
5. დღე უცნაურად დაიწყო, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა საწოლიდანვე გამოჰყვა უცნაური თავისტკივილი... ფანჯარასთან მივიდა და სივრცეს ტკივილიანი თვალებით გახედა. ამომავალი მზე იღვრებოდა ოქროსფერი ნაკადულივით. თუმცა მას ჩამავალი მზის ცქერა უფრო უყვარდა, რაღაცნაირ სიმშვიდეს გვრიდა.
...გასული დღის დეტალებს იგონებდა. ,,კარგია, რომ ყველაფერი დასრულდა" გაიფიქრა. თუმცა რა იცოდა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყებოდა.
6. კაცი იმდენად აღელვებული იყო ლაპარაკი უჭირდა, აქოშინებული ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს და ვერაფრით გააგებინა მეეტლეს , რომელი მიმართულებით უნდოდა წასვლა. მეეტლე ერთხანს ყურადღებით უსმენდა, მაგრამ კაცი ისეთი შეშინებული ჩანდა კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა რამის თქმას, მერე ზანტად გაუტკაცუნა ცხენებს შოლტი და უცნაური მგზავრი მარტოდმარტო დატოვა ვიწრო, ტალახიან ქუჩაზე, რომელსაც ოდნავ ანათებდნენ მბჟუტავი ფარნები.
7. მისტერ ენდრიუ მშვიდად ათვალიერებდა გაზეთს, მერე რა თუ ეს ერთი თვის წინანდელი გაზეთი იყო - მისთვის ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მის ცოლს ამ დროს ღრმად ეძინა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მათ ქალიშვილს ღამე სახლში არ გაუთენებია. თუმცა მისტერ ენდრიუ მხოლოდ გარეგნულად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მის ფეხებთან მოკრუსუნე მშიერი კატა მას ძალიან უშლიდა ნერვებს. ბოლოს მისტერ ენდრიუ წამოდგა და გაბრაზებულმა მიარტყა ფეხი კატას, რასაც საშინელი ჩხავილი მოჰყვა. ამან უფრო მეტად გამოიყვანა წყობიდან მოხუცი: 'ხომ ხედავ შენთვის არავის სცალია, შენღა მაკლიხარ, ქალბატონი სახლში მთელი ღამეა არ მობრძანებულა"
აბა
შეესიეთ